კახეთი ინციდენტი ქვემო ქედში, სოფლის რწმუნებულსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის 2018, 8 ოქტომბერი, 21:17 ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში. სოფლის რწმუნებულსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის დაპირისპირება გაზმომარაგების სისტემის მონტაჟის სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. როგორც სოფლის მაჟორიტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ავთანდილ ხარხელაური განმარტავს, ქვემო ქედელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა სოფელში არასწორად დაპროექტდა, რის გამოც წყალსადენი მილები დაზიანდა. სოფელ ქვემო ქედის მაჟორიტარი დეპუტატი მერის წარმომადგენელს ავთანდილ ხუმარაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულებს. „სოფლის მაცხოვრებლებთან ამ საკითხებს განვიხილავდით წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, რამაც სოფელში მერის წარმომადგენელი გააღიზიანა, “ - აღნიშნავს დეპუტატი. მისი თქმით, მერის რწმუნებულმა ავთანდილ ხუმარაშვილმა ის შეხვედრაზე ადგილობრივების წაქეზებაში დაადანაშაულა, სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა და ხელი ჰკრა. ოპოზიონერმა დეპუტატმა, რომელიც დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რაეაგირებისათვის პოლიციას უკვე მიმართა. მომხდარზე განმარტება გააკეთეს დედოფლისწყაროს მერიაშიც. სოფლის რწმუნებულის მხრიდან რამე სახის შეურაცხყოფის მიყენებას დედოფლისწყაროს მერი გამორიცხავს. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კონფლიქტის პროვოცირებაში დეპუტატი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინციდენტი ხალხელაურმა დაიწყო. ბრალდებების ადრესატი, სოფლის რწმუნებული ავთანდილ ხუმარაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში ადასტურებს, რომ შეიგინა, თუმცა არა ხარხელაურის მისამართით. ის ამტკიცებს, რომ არავის შეხებია და ინციდენტის ადგილას იმ დღეს არც წინასაარჩევნო შეხვედრა გამართულა, შესაბამისად კამპანიის წარმოებაში ხელს ვერავის შეუშლიდა. „გაზის გაყვანის დროს ხარვეზები ნამდვილად იყო, სადავ საქმე კეთდება, იქ რაღაცა ყოველთვის დაზიანდება. ბევრ ოჯახთან გაუშვა წყალმა, მაგრამ ვინც სახლში იყო და გაყვანის დროს მეთვალყურეობდა იქ არაფერი დაზიანებულა, მაგრამ ისეთ სახლებში, ვინც ადგილზე არ იყო, მილები დაზიანდა. მაგრამ ხარვეზები მალევე აღმოიფხვრა, თავად კომპანიამ საკუთარი სახსრებით იმავე წუთას გამოასწორა. მიჰყვნენ და რამდენიმე საათში აღადგინეს. იმდენად სწრაფად მიმდინარეობს გაზსადენი მაგისტრალის მშენებლობა, რომ მე ვფიქრომ 3 კვირაში დროზე ადრე დასრულდება კიდეც. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მალე დაასრულებენ, რის შემდეგაც უკვე „სოკარი“ გააგრძელებს მრიცხველების გაყვანას და კონკრეტული აბონენტების მაგისტრალზე დაერთების სამუშაოებს. მე, როგორც სოფლის რწმუნებული, ყოველდღიურად მივდივარ ამ სამუშაოებს ვაკვირდები, რომ რამე შეფერხება არ იყოს და ხელი შევუწყო. ასე ვიყავი მისული ამ ინციდენტის დროსაც. იქ აბსოლუტურად არავინ არ დაგვხვდა. მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც გეგმავდნენ წყალი ჩაერთოთ. ამაზე სხვებმა და მეც ვუთხარით, რომ მილები დაზიანებული იყო და არ გაეშვათ, რადგან ორმოები გაივსებოდა. მხოლოდ ეს ვთქვი, შეკეთებამდე მოეცადათ და შემდეგ ჩაერთოთ, რაზეც დამეთანხმნენ. ამ ადგილას არანაირი პარტიის წარმომადგენლები, ან ამომრჩევლები არ ყოფილან, საერთოდაც არავითარი შეხვედრა არ იყო. ამიტომ მეწყინა, რომ უკადრებელი და ძალიან ცრუ ბრალდებები წამოვიდა ჩემი მისამართით. დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს მაჟორიტარი ამ ადგილიდან და ამ დროს სახლიდან გამოვიდა და შემოგვიერთდა. მილების დაზიანება სხვა უბნებშიც იყო, მაგრამ ხარხელაური იქ არ მოსულა, მხოლოდ თავის უბანში გააპროტესტა. რადგან თავის სახლთან იყო, ამიტომ მოვიდა. უნდოდათ, ორმოებში წყალი რომ დაგუბდებოდა, ეს გადაეღოთ და შემდეგ ეთქვათ, რომ გაზიფიცირების საშვილიშვილო და მასშტაბური პროექტი ხარვეზებით მიდისო. შავი პიარის აგორებას ცდილობდნენ. ახლოსაც არ მივსულვარ, მითუმეტეს, ხელი რატომ უნდა მეკრა? საერთოდ არ შევხებივარ... მთელი ცხოვრება ზედმეტად თავშეკავებული ვარ, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა, იკადრა და ავღელდი. მაგრამ, ზოგადად შევიგინე, მას არ ვაგინებდი... საერთოდ ვთქვი, დაუნახავობა არ შეიძლება მეთქი და ამ დროს შევიგინე, ვინმეს მისამართით ეს არ ყოფილა. ვინც მიცნობს, იციან, რომ ძალიან მორწმუნე ვარ, სტიქაროსანი, მართლმადიდებლურად გავიზარდე, ამიტომ ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია. გულწრფელად გითხრათ, ვნანობ კი არა, ძალიან განვიცდი, რომ ასე მოხდა. ხელი რომ მეკრა თანამდებობიდანაც წავიდოდი და სოფელსაც დავტოვებდი. მაგრამ, ღმერთია მოწმე, ახლოს არ მივსულვარ... მომხდარიდან რამდენიმე საათში არხილოსკალოს პოლიციის ქვეგანყოფილებაში დამიბარეს და ჩვენება მივეცი. მას შემდეგ პოლიციას ჩემთან აღარ დაურეკია, მათ დავუსახელე მოწმეთა ვინაობაც. არ ვიცი ისინი ვის მხარეს დაიჭერენ, მაგრამ მათ დანამდვილებით დაინახეს, რომ არც ხელი მიკრია და არ შევხებივარ. მოგვიანებით თავადაც აღიარა, რომ ამომრჩეველთან შეხვედრა არ ყოფილა და არც ხელი მიკრავს. მაგრამ მთავარია, რომ მედიაში ასე გავრცელდა და ბრალი დამდო იმაში, რაც არ მომხდარა. არ ვიცი ასე რატომ მოიქცა, მანამდე ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, ჩემთან სახლშიც რამდენჯერმე ნამყოფია და არანაირი დაძაბულობა არ გვქონია, “ - აცხადებს ავთანდილ ხუმარაშვილი. 357 შეფასება არ არის
|