x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
გამოსასყიდს ითხოვენ, ბევრი არ არის, მაგრამ - მაინც ასაგროვებელია
image

დღეს 36 წლის გოგო მოიტაცეს.
გამოსასყიდს ითხოვენ, ბევრი არ არის, მაგრამ - მაინც ასაგროვებელია.
საკუთარი ეზოდან მოიტაცეს, სავარაუდოდ, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. გამტაცებელი რამდენიმე იქნებოდა, სავარაუდოდ.
8 წლის შვილი ჰყავს სახლში.
გამოსასყიდს ააგროვებენ, არ დავეხმარებით, ისე ააგროვებენ, არც სახელმწიფო მივა და გადაუხდის, არც საპატრიარქო მიირბენს, არც რომელიმე ბიზნესმენი გამოჩნდება თვალსაწიერზე.
გადაიხდიან გამოსასყიდს და ამ გოგოს კი დააბრუნებენ სახლში, მაგრამ რა მოუვა ამ ორ დღეში მას და მის შვილს, მის ქმარს და ძმას რა მოუვა ამ ორ დღეში.
გამოძიება არ დაიწყება ამ საქმეზე - არც ერთ გატაცებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ არ გამიგია მე აქამდე და...
არის ასეთი სოფელი ხურვალეთი, 51 სოფელია კიდევ მისი მსგავსი, საზღვრის განაპირას - სადაც მიდიან და ადამიანებს საკუთარი ეზოდან იტაცებენ.
არის ასეთი სოფელი კოდა, 51 სოფელია კიდევ მისი მსგავსი, საზღვრის განაპირას - სადაც არ ჩავა ახლა მთავრობა და არ გადაიხდის არც იმ 80 ლარს, გამოსასყიდის სახით, რომ უნდა გაუგზავნონ რუსებს, არც კომპენსაციას მისცემს, იმის სანაცვლოდ, რომ საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გვიცავს და არც იარაღს გვირიგებს, ვერ გვიცავს და არც იმას გვეუბნება - ფიწალი აიღეთ ხელში, ნაჯახი აიღეთ, უროთი იარეთ და თავი ისე დაიცავითო.
52 სოფელია საზღვრის განაპირას, 52 დანგრეული, უგზო, უწყლო, ალაგ-ალაგ სკოლებით სოფელი, უიმედო, უპატრონო, დაუცველი 52 სოფელი.


დღეს, ერთ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელმაც გაბედა და ფეისბუქზე დაწერა, რომ აფხაზეთი ჩვენია, ვინმე ასლან ცვიჟბამ, რომელიც დრანდის ციხეში ზის და 20 წელი აქვს მისჯილი მკვლელობისთვის - დაურეკა და დაემუქრა, დაემუქრა და აგინა.


დღეს ფოტოები ვნახე, როგორ ვანდალურად არის დარბეული შინდისში ჩვენი გმირების მემორიალი.



წინა პოსტი რომ დავდე, სადაც ვწერდი, რომ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციაზე საუბრობენ - ურეკავენ და ემუქრებიან, ზოგმა იქვე დამიკომენტარეთ და ზოგმა დამირეკა და ისე მითხრა - შენ ნუ წერ - აცადე სახელმწიფოს, გამოიძიებსო.


რას გამოიძიებს, ხალხნო, ვინ გამოიძიებს, ვის ძმარავს ჩვენთვის.
რა მუქარა, ხალხნო, გვიტაცებენ, სახლებიდან გავყავართ, შვილებს გვწყვეტენ და ფულს გვძალავენ.


წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობს ის 8 წლის გოგო, რომლის დედაც ბოსტანში გავიდა და არ დაბრუნებულა.


წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობს, იმ ქალის ძმა, ქმარი და მამა - რომელთა შვილი, ცოლი, და - ბოსტანში გავიდა და როცა დააგვიანდა და მოიკითხეს - რუსული ჩექმების ნაკვალევი დახვდათ მხოლოდ.


და წარმოდგენა არ შემიძლია, განა არ მინდა, არ შემიძლია იმის წარმოდგენა - რას გრძნობს გატაცებული ქალი, რუს დუჟმორეულ, მთვრალ ჯარისკაცებში მოხვედრილი ქალი.


მერე ერთი იტყვის, რუსი ოკუპანტი არააო, მეორე - დაამატებს, ორი მშობლიური ენა მაქვს, რუსული და ქართული, მაგრამ რუსული კულტურის ადამიანი ვარო და ჩვენ ამ ორ შორის არჩევანს გავაკეთებთ.
ჩვენ, უთავმოყვარეო ერი, ჩვენ, ვისაც დღეს ქალი, დედა აგვაცალეს საკუთარი ეზოდან...image

0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0