ფილოსოფია რა არის სიყვარულის უზენაესი არსი 2018, 29 სექტემბერი, 23:05 რა არის სიყვარულის უზენაესი არსი?- ამ საკითხზე ფილოსოფოსებს, ხელოვანებს, მეცნიერებს სხვადასხვა პასუხები აქვთ, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ეს არის შენი თავისა და ადგილის პოვნა სამყაროში, ეს სიმშვიდეა, ჰარმონია, შინაგანი სინათლე. ბაირონი წერდა: ლოცვისას ჩვენ ზეცას ვწვდებით, სიყვარულისას კი ცა თავად ჩამოდის მიწაზეო. გიყვარდეს ნიშნავს მოკლა სიკვდილი. თუმცა არსებობს საპირისპირო აზრიც, პლატონი სიყვარულს უწოდებს ტკბილმწარე (glukupikron) საზრდოს, რადგან ყველა, ვისაც უყვარს, კვდება. ორფეოსის მიხედვით, სიყვარული ნებაყოფლობითი სიკვდილია. რამდენადაც სიკვდილია, მწარეა, მაგრამ რამდენადაც ნებაყოფლობითი სიკვდილია - ტკბილია. კვდება ყველა, ვისაც უყვარს, რადგან მის გონებას ავიწყდება თავისი თავი და იგი ყოველთვის მიმართულია შეყვარებულისაკენ, ამიტომ ყველა, ვისაც უყვარს, კვდება თავისთვის და ცოცხლობს სხვაში. არსებობს სიყვარულის ორი სახე, ცალმხრივი და ურთიერთსიყვარული. სიყვარული ცალმხრივია, როდესაც სატრფოს არ უყვარს შეყვარებული. ამ დროს შეყვარებული საბოლოოდ მკვდარია, რადგან ის არ ცოცხლობს არც საკუთარ თავში და არც სხვაში. სად შეიძლება ის ცხოვრობდეს - ჰაერში? წყალში? მიწაზე? თუ ცხოველში? ფიჩინოს მიხედვით, ადამიანის სული არსად ცხოვრობს, გარდა ადამიანის სხეულისა, ამდენად არსად ცხოვრობს ის, ვისაც უყვარს სხვა. ასეთი მოტრფიალე ვერასოდეს აღდგება. რაც შეეხება ურთიერთსიყვარულს, მასში რაღაც აღმაფრთოვანებელი მართლაც არსებობს. ორი ადამიანი ცოცხლობს ერთმანეთში, ისინი რიგ-რიგობით გადაიქცევიან სხვად და ყოველთვის მზად არიან, დათმონ საკუთარი თავი სხვისთვის. ღვთისმეტყველი ანტონია პავსანიას სიტყვის კომენტარისას ამბობს, რომ მას ესმის, როგორ კარგავენ შეყვარებულები თავს, მაგრამ სხვას როგორ იღებენ, ეს არ ესმის. „როცა მე შენ მიყვარხარ, მე ვაცნობიერებ საკუთარ, შეყვარებულ თავს შენში, რომელიც ფიქრობს ჩემზე. მე, რომელმაც საკუთარი თავი დავკარგე, მას ვპოულობ შენში შენახულს, და იმავეს აკეთებ შენ ჩემში. თუ მე, საკუთართავდაკარგულს, შენი წყალობით, შემიძლია ავღდგე, გამოდის, რომ შენი წყალობით მე ვფლობ საკუთარ თავს და თუკი შენი წყალობით ვფლობ საკუთარ თავს, მაშინ, უპირველესად, მე შენ უფრო გფლობ, ვიდრე საკუთარ თავს, გამოდის, რომ მე შენთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე საკუთარ თავთან, გამოდის, რომ მე ჩემს თავს ვფლობ შენი საშუალებით.“ რამდენადაც ცალმხრივი სიყვარულის შემთხვევაში შეყვარებული კვდება სხვაში, რომელიც მას არ აღიარებს, სამართლიანობა მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ყველა, ვისაც ვუყვარვართ, და თუ ვინმე არ შეიყვარებს მორტფიალეს, მაშინ ის უნდა დავადანაშაულოთ „მკვლელობაში“. „ნადიმის“ ფიჩინოსეულ კომენტარში სიყვარულის ფილოსოფიური ცნება მშვენიერების მეტაფიზიკასთანაა პირდაპირ კავშირში. მოტრფიალის სული ხდება სარკე, რომელშიც სატრფოს სახე ირეკლება. სულის საზრდო ჭეშმარიტებაა. მისი პოვნისათვის თვალებია საჭირო, მისი შეგრძნებისათვის-- ყურები. ის, რაც მოგვწონს, სასიამოვნოა, რაც სასიამოვნოა, ლამაზია. პოეტი კარლო მარსუპინი აგათონის მიერ წარმოთქმულ მშვენიერ სიტყვას სიყვარულის ღმერთის შესახებ კიდევ უფრო მშვენიერს და საინტერესოს ხდის. მარსუპინი ეროსის ბუნებას ასე ახასიათებს: ეროსი მუდამ ახალგაზრდაა, რადგან უმეტესად ახალგაზრდები ებმებიან სიყვარულის მახეში; ის სიმსუბუქითაც ხასიათდება, ამიტომაა, რომ სიყვარული ადვილად სამართავია; ეროსი ჰარმონიულია, რადგან ყოველთვის მშვენიერებას ესწრაფის. თომას ბენჩის მიხედვით, ადამიანებს თავიანთი მსგავსნი უყვარდებათ. მსგავსი არა სხეულებრივად, არამედ სულიერად. ამიტომ სიყვარული, ნიშნავს, რომ ვიღაც, მეორე გიყვარდეს მისი სულის თვისებების და არა მისი სხეულებრივი სილამაზის გამო. ამიტომ არის, რომ შეყვარებულ ადამიანს თავისი სატრფო იმაზე უფრო ლამაზი ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. შეყვარებული ადამიანი სილამაზისადმი მსწრაფველი ბუნებით გამოირჩევა. ადამიანი ესწრაფის სხეულებრივ სილამაზეს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც საქმე სიყვარულის დიად გრძნობას ეხება. ამიტომ სხეულებრივი სილამაზიდან ადამიანი მზერას სატრფოს სულისაკენ მიმართავს. სატრფოს სულის მშვენიერებით ტკბობა შეყვარებულ ადამიანში ენითაღუწერელ სიამოვნებას იწვევს. ”ამრიგად, ყველანაირი სიყვარული იწყება გარეგნული მხარით. მაგრამ მოაზროვნე ადამიანის სიყვარული გარეგნული მხარეებიდან გადადის გონებრივზე.” ბენჩის სიტყვაში სამგვარი ეროსული სიყვარულია დახასიათებული: მოაზროვნე ადამიანის სიყვარული, საქმიანი ადამიანის სიყვარული და ბოლოს, მგრძნობიარე ადამიანის სიყვარული. „პირველი სახე სიყვარულისა ღვთაებრიობით ხასიათდება“. ფიჩინოს მიხედვით, შეყვარებული ადამიანი საკუთარ თავს ყოველთვის თავის გარეთ (სხვაში) ეძებს, ის ყველაგან დაეძებს თავისი სულის ქურდს, რომ იქნებ ერთ დროს მოპარული სული დაიბრუნოს და სხვისი (შეყვარებულის) ტყვეობიდან გათავისუფლდეს. შეყვარებულ ადამიანს არ უნდა, რომ უყვარდეს, რადგან ეშინია სიკვდილის (სულის დაკარგვის), და არ უნდა, რომ არ უყვარდეს, რადგან იცის, რომ სიყვარულით ის უფრო უმაღლესს ემსახურება და ჭვრეტს, ვიდრე საკუთრივ, ეს ადამიანია. სწორედ ამიტომაა, რომ სიყვარული დრო და დრო კვდება და ცოცხლდება. 250 შეფასება არ არის
|