საქართველო " პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგები ეხმარებიან„ 2018, 11 სექტემბერი, 13:51
(რეზონანსი) პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგები ეხმარებიან. ერთ-ერთი მათგანია ვიტალი შკლიაროვი, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ავრცელებს ფოტოებს ვაშაძის საარჩევნო შეხვედრებიდან და ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ მის გუნდთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.
პროდასავლური იმიჯს ამოფარებული გრიგოლ ვაშაძის პიარ-დამხმარეებზე საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი გულბაათ რცხილაძე გამოცემა "მედიაპრესთან" ინტერვიუში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ნაციონალების" რუსულ კავშირებზე არაერთი ფაქტი არსებობს და ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ის, რაც ხდება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პირდაპირ საფრთხის შემცველია საქართველოსათვის. გარე ძალებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირ ჩაერიონ საარჩევნო პროცესში. საქართველოს „სტრატეგიულ პარტნიორად" მიჩნეული ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი გულდასმით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთის მხრიდან ამერიკულ არჩევნებზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტებს, ამ ფაქტებში მონაწილე პირებს, გამოყენებულ მეთოდებსა და ხერხებს. ალბათ უპრიანია, ამერიკელებს იმაში მივბაძოთ, რაც მისაბაძია - ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ ამერიკული გამოცდილება საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით. ამ სუვერენიტეტს კი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში რუსი ე. წ. პოლიტტექნოლოგების მონაწილეობა უქმნის საფრთხეს. დღესდღეობით ამერიკაში ან, გნებავთ, ევროპაში, წარმოუდგენელია, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დასახმარებლად უხმოს რუს პროპაგანდისტებს, ე. წ. „პიარშიკებს" თუ „პოლიტტექნოლოგებს„. შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ ამაში რაიმე ცუდი არავის დაენახა, მაგრამ ახლა უკვე სხვა დროა. „ნაციონალური მოძრაობა„ თავის „პროდასავლურობას" იფიცება და წყევლა-კრულვას უგზავნის რუსეთს, ამ დროს კი... რუსეთიდან უხმობს ამ პროპაგანდისტ-პოლიტტექნოლოგებს! საუბარი მაქვს ორ პირზე - მაქსიმ კაცსა და ვიტალი შკლიაროვზე. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა დახმარება აღმოუჩინონ „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, ბალერინა ნინა ანანიაშვილის ქმარს, საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც რუსული პასპორტი დიდი „ჭიდაობის" მერე ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, მაქსიმ კაცი, იუწყება სოციალურ ქსელში „ვ კონტაქტე", საკუთარ გვერდზე. იგი წერს: „აქ ვიტალი შკლიაროვი მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე და კონსულტაციების გასაწევად მე დამიძახა. ვიტალისთან საინტერესოა მუშაობა, თავის დროზე სპეციალურად გავემგზავრე მასთან ერთად სიეტლში, რათა მესწავლა, როგორ მუშაობს ბერნი სანდერსის კამპანია. მოსკოვსა და მთლიანად რუსეთში ამჟამად არ წარმოებს საარჩევნო კამპანია, საქართველოში კი დიდი ხანია, მინდოდა წასვლა, ამიტომ დავთანხმდი. ამჟამად თბილისში ვარ, ოქტომბრამდე ხშირად ვიქნები აქ. თუკი საქართველოში მკითხველები მყავს, მომწერეთ „ტელეგრამზე" მოხარული ვიქნები, შეგხვდეთ და ვისაუბროთ". 33 წლის მაქსიმ კაცის მიერ ნახსნები 42 წლის ვიტალი შკლიაროვი, დიდი ხანია, მართლაც მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში. იგი მეორეხარისხოვან ამერიკელი პოლიტიკოსების ერთ ნაწილთან მართლაც თანამშრომლობდა. ასე შეიქმნა რუსული სპეცსამსახურების ლეგენდა „პროდასავლურ" შკლიაროვზე. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რამდენი აგენტის ჩანერგვა მოახერხა რუსეთმა ამერიკაში. შკლიაროვიც მოხერხებულად იყენებს ამ ნიღაბს და მშობლიურმა სპეცსამსახურებმა მას ახლა საქართველოსკენ უხმეს. 3 აგვისტოს მან ინტერვიუც მისცა რუსულ-ებრაულ ტელეარხ „RTVI"-ს, სადაც დაიქადნა, რომ იგი „ბეჭებზე დადებს ივანიშვილის ფენომენს". სამწუხაროდ, რუსეთში არიან გავლენიანი ძალები, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ და, საქართველოსგან მტრის ხატის შესაქმნელად, ისევ სააკაშვილზე დებენ ფსონს. ამ ძალების გამოაშკარავებას მომავალში შევეცდები, მაგრამ ახლა ამ ორ „პოლიტტექნოლოგს" დავუბრუნდეთ, ვინაიდან სწორედ მათგან მომდინარეობს საფრთხე მომავალ არჩევნებზე. მაქსიმ კაცს სოციალურ ქსელ „V KONTAKTE", -ში მისი შეტყობინების ქვეშ, კომენტარს უწერს ანონიმი მომხმარებელი, ილარიონ კრეცის (Illarion Krets) ფსევდონიმით. ეს ანონიმი არ ჩანს მოუმზადებელი, შემთხვევითი პირი, არამედ ისიც „პოლიტტექნოლოგთა" კატეგორიას განეკუთვნება. აი რას წერს იგი: „თბილისში შესაძლებელია ვითარების გვარიანად არევა მრავალი ადგილობრივი მცხოვრებისთვის დამახასიათებელი დოგმატიზმის, სიბნელისა და ნაციონალიზმის გამო. იქნებ მაქსიმ კაცმა მაინც აღიქვას, თუ რას წარმოადგენს საქართველო, თორემ ბევრი პუტინისტი და ანტიპუტინისტი, გნებავთ რუსეთში, გნებავთ ამერიკასა ან უკრაინაში, ვერ უგებენ საქართველოს, ვერ აღიქვამენ მას". ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ ნაწერების ფოტოასლს, ე.წ. სკრინშოტს, რათა უხეში ორიგინალი შეადაროთ ჩემს უფრო კორექტულ თარგმანს. დიახ, „ბევრი სრაჩი", შეიძლება მოაწყონ „ბნელებით" დასახლებულ თბილისში გამოცდილმა პოლიტტექნოლოგებმა, როგორებიც არიან ვ. შკლიაროვი და მაქსიმ კაცი. ვვარაუდობ, რომ „ნაციონალები" ისტერიკას ატეხენ და შკლიაროვის ყალბ „დასავლურ ბეგრაუნდთან" ერთად იმასაც წამოიკივლებენ, რომ შკლიაროვი და კაცი რუსეთში ქსენია სობჩაკის საარჩევნო გუნდშიც მუშაობდნენ და „ლიბერალებს" ეხმარებოდნენ. ეს ნამდვილად ასეა, ოღონდ: ვინ არის თავად ქსენია სობჩაკი? ნუთუ მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს ლამაზმანი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ატრიალებდა დოლარების „პაჩკებს", ამავე ადმინისტრაციის მდუმარე თანხმობის გარეშე აწარმოებდა აგრესიულ საარჩევნო კამპანიას? ბოლოსდაბოლოს, რუსეთში ყველა პოლიტოლოგმა იცის, თუ რა ფუნქცია დაეკისრა ამ ქალბატონს - ოპოზიციური, პირველ რიგში, კომუნისტების კანდიდატის დისკრედიტაცია, აბუჩად აგდება, სკანდალების მოწყობა. საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს „ნაციონალების" მიერ აგრერიგ შერისხულ მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უნდა დახმარებოდა, რომელსაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ მისი გარემოცვის ერთი ნაწილის მოთხოვნით მას მაინც „დაეხმარნენ". ყოველ შემთხვევაში, ისიც ფაქტია, რომ ვლ. პუტინი ქსენია სობჩაკის ნათლიაა და სობჩაკების ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, რომ თუკი პუტინი „ოკუპანტია", მაშინ სობჩაკის მიმართ, თავისი გარემოცვიანად, რომელსაც განეკუთვნება ზემოთ ნახსენები ორი რუსი „პოლიტტექნოლოგი", სულ მცირე, ფრთხილი დამოკიდებულება გვქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ხალხს ჩვენს საშინაო არჩევნებზე არაფერი ესაქმება. ახლა რატომ არავინ ლაპარაკობს „ოკუპაციის კანონზე", „საბჭოთა სიმბოლიკის" აკრძალვაზე და მისთანებზე?! რაო, წითელი დროშა გამოიტანეს კომუნისტებმა და ესაა ჩვენი ქვეყნის საფრთხე თუ იქნებ, პრეზიდენტის არჩევნებს რომ „ოკუპანტი ქვეყნის" მოქალაქეები და სპეცსამსახურებთან დაახლოებული ავანტიურისტები გვიგეგმავენ, ამაზე გვეზრუნა?! იქნებ იმაზე გვეფიქრა, რომ ვიღაც ცინიკოსი და უპრინციპო უცხოელები არ უნდა ხლართავდნენ ინტრიგებს ბიძინა ივანიშვილის „ბეჭებზე დასადებად"?! იქნებ გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოებისადმი გამოწვევა და არა ის, როდესაც მე და ჩემი თანამოაზრეები რუს ერთან მეგობრობის აუცილებლობას ვასაბუთებთ?! მათ, ვისაც საქართველო გვიყვარს, ამავე დროს კი პატივს ვცემთ ერთმორწმუნე რუს ხალხს და გვინდა, რომ საქართველო და რუსეთი მეგობრები იყვნენ, ერთად წყვეტდნენ კავკასიაში ბევრ პრობლემას, როგორც ეს ისტორიულად იყო, «პრორუსულების» იარლიყი სწორედ ასეთმა გაყიდულმა „ნაციონალებმა" მოგვაკერეს, რომლებიც პირდაპირ იმართებიან უცხოეთიდან, მათ შორის, რუსეთიდანაც - საერთაშორისო ტროცკისტული ყაიდის მაფიის მიერ. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მაინც გააკეთებს სწორ დასკვნებს."- აცხადებს გულბათ რცხილაძე ანალიტიკურ გამოცემა "მედიაპრესთან" ინტერვიუში. ბექა ვარდოსანიძის Facebook პოსტი 289 4-ს მოსწონს
|