ის, ადამიანებმა შექმნეს,
შექმნეს და მერე გაქრნენ...
.................................
ჩვენი კარავი მსუბუქად მიცურავს ყვითელ მდინარეზე, უფრო სწორად, ოქროსფერზე. კარავი ჰქვია, თუმც ნავი უფრო ეთქმის _ ელიფსის ფორმისაა, გამჭირვალე ფსკერი აქვს და კალთების გარშემო ღია სარტყელი, რომელიც კარვის გუმბათთან თოკებითაა მიმაგრებული. ეს უცნაური კარავი ჩემი ერთადერთი თავშესაფარია.
ვრცელი და ღრმაა მდინარე, ანათებს, ფერად-ფერადი თევზები დაცურავენ, ლამაზია, მაგრამ... მაგრამ ყვითელი მდინარე სულს მიფორიაქებს. ვეღარ ვძლებ, კარავიდან გამოვდივარ და დურბინდით შორეულ ნაპირებს ვუყურებ _ დაკიდული ქალაქები, შუშის ცათამბჯენები ყვითელ ღრუბლებში და დიდი, ოქროსფრად გამჭირვალე გული ცაში.
ოქროსფერი გული შვიდწამიანი ტაქტით ფეთქავს და ყოველ ტაქტზე სურათები იშლება: ანტიკური ქალაქების ხედები, უძველესი ხელნაწერები, ულამაზესი პეიზაჟები, გენიალური მხატვრების, კომპოზიტორების, პოეტების, მწერლების, რეჟისორების სახეები და მათი შედევრები... ამ გულში ყველაფერია, ყველაფერი ძვირფასი, რაც ადამიანს ჰქონდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, აღარაფერი არსებობს, აღარაფერი, მხოლოდ ციფრული რეტროსპექტივა დარჩა და ეს არის სამყარო, რომელშიც ახლა ვარ.
შედევრების ინსტალაცია ეგოს ნახელავია, ახალი სამყაროც ეგოს შექმილია და ამიტომაც, საკაცობრიო კულტურის მზრუნველთა საბჭომ მას უმაღლესი ჯილდო _ დიადი ეგოს ხარისხი მიანიჭა.
კარავში შვიდნი ვართ: მე, სუმბული, ცისაი, თავადი ალესანდრე, სულიკო თავის განუყრელი საფლავის ქვით, მაესტრო დორე და ის! ის ეგოა. ეგო ჩვენს შორის გამორჩეულია _ ოქროსფრად ბზინავს. რა აღარ გააკეთა, რომ ყვითელი ფერის ათასობით ტონი მიეღო, მიიღო კიდეც და ამ ფერებით შექმნა თავისი ახალი სამყარო. ახლა კი, ცდილობს ოქროსფერს ბრწყინვალება შესძინოს და გაანათოს. მას შემდეგ, რაც დიადის ხარისხი მიიღო, მიზნად დაისახა მანათობელი გახდეს. ჰო, ეგომ არ იცის, რომ მასთან ერთად ვართ კარავში, ვერ გვხედავს, რადგან დიდი ხანია დაგვივიწყა.
ჩვენ ბნელი ოკეანისაკენ მივცურავთ. იქ, ეგომ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი უნდა განხორციელოს _ ბნელი ოკეანე მანათობელ პეპლებად უნდა აქციოს და კოსმიური მეგა-შოუ მოაწყოს უმაღლესი ჯილდოს აღსანიშნავად. მე კი ჩვენი დაკარგული სამყაროს დასაბრუნებლად მივდივარ, მაგრამ ეგოს გარეშე მისი დაბრუნება ძნელი იქნება, იქნებ, შეუძლებელიც.
ეგო მართლაც დიადია. მან ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის, მაგრამ... არ გრძნობს, ვერ გრძნობს. უფრო სწორად, ემოციებს გონებით აღიქვამს და თვლის, რომ გრძნობების განცდა გონების განვითარებას ვნებს. ეგო ჩვენს თვალწინ იზრდებოდა; ცისაი წუხდა, თავადი ალექსანდრე ბრაზობდა, სულიკომ ზურგი აქცია, მე და სუმბული ვდარდობდით, დორე კი ამაყობდა მისით. თუმც, ბოლო დროს, ისიც საგონებელში ჩავარდა.
ბნელ ოკეანემდე შორი გზაა; ცისაი კარვის კალთაზეა ჩამომჯდარი და თავის განუყრელ ნახატებიან ფარდაგს ქსოვს. ქსოვს, ქსოვს და მერე წურავს. წურავს იმიტომ, რომ სულ ტირის და ფარდაგი სველდება. ყველას გვაინტერესებს რა ნახატებს ქარგავს ცისაი, მაგრამ არ გვაჩვენებს და საერთოდაც, ხელიდან არ უშვებს ფარდაგს.
კარავში ერთადერთი სკამია, ეგოს სკამი. ეგო სულ ზეცაში იყურება, ფიქრობს, სკამზე საერთოდ არ ჯდება. ეგოს სკამზე თავადი ალექსანდრე ზის, კარვის გამჭირვალე ფსკერს დაშტერებია, ფერადი თევზების ყურებით იქცევს თავს და ცისაკენ არ იხედება, ამბობს _ მზარავსო. მაგრამ, ხანდახან, მაინც გააპარებს ხოლმე თვალს, წამოდგება, ცას ახედავს, იძაბება და ხმობას იწყებს. ცისაი, როგორც კი თვალს შეასწრებს, მივარდება, თავს დაბლა ახრევინებს, ცრემლებით დასველებულ ფარდაგს შეამოახვევს და სკამზე სვამს. მართალია, ეს იშვიათად ხდება, მაგრამ თავად ალექსანდრეს მაინც გაუხმა ტერფები და ფეხის გადადგმა უჭირს.
სულიკო ყველასაგან განზე დგას, განმარტოებულია, გამუდმებით რაღაცას უყვება საფლავის ქვას, ჩუმად ელაპარკება, ჩვენ რომ ვერ გავიგონოთ და, დრო და დრო, უცნაურ წარწერებს ტვიფრავს ზედ.
მაესტრო დორე! ოჰ, ეს დორე... მაესტრო თვითონ დაირქვა და მოითხოვა ჩვენც ასე მიგვემართა, მაგრამ ჩვენ მას კარგა ხანია აღარ ველაპარაკებით. დგას ახლა შუბლშეკრული კარვის კიჩოსთან და ეგოს უყურებს. მას შემდეგ, რაც ეგომაც ზურგი აქცია დორე კუშტი და უამური გახდა, თუმც ადრე ენამოსწრებული, მხიარული იყო და უზადოდაც იცვამდა. ახლა ნერვიული და ფეთქებადია, დაუდევრადაც აცვია, მაგრამ მისი წითელი კაშნე, მარჯნის ძაფით ნაქსოვი, მაინც არ კარგავს პეწს. ერთხელ, გამოგვიცხადა კიდეც _ ეს კაშნე ჩემი თილისმაა და ამ გაყვითლებულ სამყაროში კოლორიტს ვქნიო. ალბათ, ამიტომაც არასოდეს იხსნის ყელიდან.
მე და ჩემი იმედი, ჩემი ერთგული მეგობარი ფარფატელა სუმბული კი, სულ ერთად ვართ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ფიქრებით ვესაუბრებით ერთმანეთს.
* * *
ეგო ყვითელი მდინარიდან პეშვით წყალს იღებს, გუნდასავით ამრგვალებს, სფეროს ფორმას აძლევს და ჰაერში კიდებს.
`დაიწყო?!~ _ კბილებში გამოცრა მაესტრომ და ნერვიულად გაისწორა კაშნე _ `ტრიუკების დიდოსტატი, დიადი!~ _ ზიზღით ჩაილაპარაკა და ბოლთის ცემა გააგრძელა.
`მომეცი!~ _ მომვარდა მაესტრო და პასუხს არც დაელოდა ხელიდან გამომგლიჯა დურბინდი, ცაში დაკიდულ გულს ახედა, დურბინდი დაუშვა, შემომხედა, მიყურებს, ხმას არ იღებს, მერე კი მეუბნება _ `ახლა ნახავ რასაც გავაკეთებ?!~
მე პასუხს არ ვცემ. დორე მიყურებს, მიყურებს და შემდეგ საჩვენებელ თითს მაღლა სწევს.
`აი, ამიტომ გამოგვიყო აინშტაინმა ენა, იცოდა სადამდეც მივიდოდით!~ _ მითხრა და ისევ დურბინდი მოიმარჯვა, გულს ახედა _ `ისე, ეგ ფოტო როგორ დაამშვენებდა ამათ სამყაროს, არა?!~ _ მისთვის ჩვეული იქედნური ღიმილი გამოეხატა სახეზე _ `მაგრამ ამათ ხომ, ყველაფერთან ერთად, იუმორის გრძნობაც დაკარგეს~ _ დურბინდი დაუშვა და მომაჩერდა _ `გინდა, ისეთი ტრიუკი ვაჩვენო, ისეთი...~ _ გამომწვევად მეკითხება.
მე ხმას არ ვცემ.
`თქვი რამე?!~ _ არ მეშვება მაესტრო.
მე ვდუმვარ. უკვე დიდი ხანია დორეს არ ველაპარაკები. მას შემდეგ, რაც ეგო გზას ააცდინა, სუმბულის სიცოცხლე დავიფიცე, რომ ხმას არასოდეს გავცემდი.
`ააა, ჩემთან ლაპარაკი არ გინდა, ჰმ, როგორ დამავიწყდა!~_ ცინიკურად მეუბნება მაესტრო _ `კარგი, მაშინ იმას გავესაუბრები! ისედაც ვაპირებდი~.
დორე რწევა-რწევით, სიარულის მანერა აქვს ასეთი, წავიდა ეგოსაკენ და ზურგს უკან დაუდგა.
თავადმა ალექსანდრემ თვალი გააყოლა დორეს. ცისაიმ ქსოვას თავი ანება, ისიც დორეს მისჩერებია. სულიკო ისევ საფლავის ქვას ეჩურჩულება. მე და სუმბული კი ფიქრებით ვესაუბრებით ერთმანეთს და ორივეს, რაღაც ავს გვეუბნება გული.
დორე ხელისგულებს შლის, გამჭირვალე ოქროსფერი სფერო ნახევარ წრეს აკეთებს, ეგოს მარცხნიდან უვლის და დორეს ხელებში გრაციოზულად თავსდება. ეგო სფეროს მოძრაობის ტრაექტორიის მიხედვით ტრიალდება და... მის წინ, მომღიმარი მაესტრო დგას სფეროთი ხელში.
`გამარჯობა! ~ _ ამაყად ეუბნება დორე.
`მაესტრო!~ _ ეგოს ხმაში იოტისოდენა გაოცებაც კი არ გამოსჭვივის.
დორემ სფერო ისევ წყლად აქცია და ოქროსფერი წვეთების ნაკადი კარვის გამჭირვალე ფსკერზე რაკ-რაკით წამოვიდა.
`ესეც ასე!~ _ თქვა და სველი ხელები ქოჩორში შეიცურა. თმა ოქროსფრად ბზინვარე გაუხდა _ `მოგწონს?~ _ დამცინავად ეუბნება ეგოს.
ეგომ მაესტროს ქოჩორს მსუბუქად გადაუსვა ხელი, ბზინვარება აკრიფა, უამრავ ციცქნა ვარსკვლავად აქცია და ზეცაში გაფანტა.
დორე ჩვენსკენ აპარებს თვალს, შთაბეჭდილების მოხდენა არ გამოუვიდა, გაცეცხლებული ჩანს, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.
ცაში გაფანტული ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან. როდესაც ყველა ვარსკვლავი ჩაქრა ეგო დორეს მიუბრუნდა.
`შენ კარგად გახსოვს და არც მე დამვიწყებია, რომ ჩვენი გზები დიდი ხანია გაიყარა. რატომ გამოცხადდი?!~ _ ეკითხება დიადი.
`ჩვენი საუბრები მომენატრა, შენთან კამათი...~ _ ისევ დამცინავად ეუბნება მაესტრო _ `ვიფიქრე, ვჭირდები-მეთქი და მეძებს...~
~არ მჭირდები!~ _ მოკლედ პასუხობს დიადი და ისევ ზურგს აქცევს, ოქროსფერ გულს უყურებს ცაში _`შენ გჭირდები და ამიტომაც ხარ აქ~.
დორეს სიბრაზისაგან ალმური მოედო _ `გამოიხედე, ხედავ მათ?~ _ ხელით ჩვენსკენ აჩვენებს.
ეგო შემობრუნდა, გვიყურებს... მე გული შემეკუმშა, ძველი დრო გამახსენდა, დრო როდესაც ვმეგობრობდით, როდესაც ეგო ლექსებს წერდა და პირველად მე მიკითხავდა. სევდა მომაწვა და სუმბულს ძლიერად ჩავჭიდე ხელი. ცისაის თვალები აუწყლიანდა, ეგოს შესციცინებს. თავადმა ალექსანდრემ ზურგი შეაგვაქცია და თავისთვის ჩაილაპარაკა: `რისი დამნახავია, ეგო~. სულიკოს კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის არ სცალია.
ეგო გვიყურებს, მაგრამ... მისი მზერა სადღაც შორს, სივრცეში იკარგება.
`არა, შენს გარდა ვერავის ვხედავ, ~ _ თქვა ეგომ და ისევ ზეცას ახედა.
`ვერ ხედავ... ჰმ, დაივიწყე, აღარ გჭირდებით, ძალიან კარგი, ასეც ვიცოდი. მე ხომ მხედავ! და ხომ იცი, რომ ყველა შენი წარმატება და დიადი ეგოს ხარისხი ჩემი დამსახურებაა?!~ _ თავდაჯერებულობა დაუბრუნდა დორეს _`რას იტყვი?!~
`არაფერს~ _ ეგო ისევ ცას უყურებს, შემდეგ დაკიდულ გულზე გადაქვს მზერა.
`მზრუნველთა საბჭომ დიადის ხარისხი მოგანიჭა, ~ _ ხმას უწევს მაესტრო და საჩვენებელ თითს მაღლა, დაკიდული გულისკენ სწევს _ `ეს ჩემი დამსახურებაა! ჩემი დიდი წვლილის გამო მიიღე დიადის ხარისხი.~
`შორიდან უვლი დორე, მოკლედ თქვი რას ითხოვ?!~ _ სხვათაშორის ეკითხება ეგო და ცას უმზერს.
`ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ! არ გთხოვ, მოვითხოვ!~ _ მაესტრო დაიძაბა და შევამჩნიე როგორ აუთამაშდა არტერია წითელი კაშნეს ქვეშ.
`შენი ადგილი ჩემ სამყაროში არ არის, დორე!~ _ უშფოთველად პასუხობს ეგო და გულს თვალს არ აშორებს, მომეჩვენა, რომ თითქოს რაღაცას ითვლის.
დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. გულის ცემის ხმა სულ უფრო მკაფიო გახდა და აჩქარდა.
`მე შენ სამყაროს დავანგრევ!~ _ დორეს ღრიალმა გულის ცემის ხმა გადაფარა, საჩვენებელ თითს ისევ მაღლა სწევს _ `გესმის?! ეს შენი გულის ხმაა, ეშინია შენ გულს!~
ჩვენ ყველანი ზემოთ ვიხედებით. დიდი, ოქროსფრად გამჭირვალე გული ისე სწრაფად ფეთქავს, რომ შედევრები მოძრავ მათემატიკურ განტოლებებად გადაიქცნენ... …
ეგო გულს უყურებს და უკვე აშკარად ვამჩნევ, რომ რაღაცას ითვლის. ჩვენ ვღელავთ, ის _ არა.
`პროგრამამ გაჭედა?!~_ ჩაილაპარაკა ეგომ _ `ეს, არ უნდა მოხდეს, შეუძლებელია, სინგულარობის ფორმულა უზადოა!~_ თავისთვის ამბობს.
`ჰმ, ~ _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა მაესტრომ _ `უზადო არაფერი არსებობს! მე ყველგან და ყველაფერში შემიძლია ნაკლის აღმოჩენა და სუსტი მხარეების პროვოცირებაც, ეს ჩემი სამუშაო!~ _ ეუბნება და თავმომწონედ იხედება ჩვენსკენ.
`შენ ვერ შეაჩერებ ამ პროცესს და ვერც ჩემი პროვოცირება გამოგივა, ~ _ მშვიდად პასუხობს ეგო და ჯიუტად აგრძელებს რაღაცის თვლას.
გული კი უკვე ისე სწრაფად ფეთქავს, რომ მათემატიკური განტოლებები მოძრავი სტრიქონის ჯაჭვს დაემსგავსა და რაღაც საზიზღარ ხმას გამოსცემს.
`ხედავ?! _ მაესტროს გამარჯვებული იერი აქვს _ `ხედავ, რა ძალიან ცოტა დრო გრჩება, ძალიან ცოტა, გადაწყვიტე!~ _ ეუბნება ეგოს და ნელი ნაბიჯით, რწევა-რწევით მოდის ჩვენსკენ _ `მე ნუ მეჯიბრები დიადო!~ _ ზურგს უკან, დამცინავად მიაძახა ეგოს.
`შენ ვერც კი წარმოიდგენ რა შეიძლება მოხდეს, აი ეს, უკვე თამაში არ არის, ეს კატასტროფაა, დაფიქრდი!~ _ ეგოს სწრაფად ეცვლება ფერი, ოქროსფერი ყვითელში გადადის, ხუნდება, იცრიცება მაგრამ, მაინც ჯიუტად ითვლის რაღაცას და არ ნებდება დორეს.
`ფიქრი შენი საქმეა, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ, შვიდი წამი დაგრჩა~ _ ამბობს მაესტრო და იზმორება _ `ან შენთან ვარ, ან _ კატასროფა! აირჩიე?~ _ დორემ სულიკოს ხელი გაკრა და საფლავის ქვაზე ჩამოჯდა, ცაში დაკიდულ გულს ახედა.
გული საცაა გასკდება, საზიზღარი ხმა სულ უფრო ძლიერი და ამაზრზენია... სუმბული დაეცა, ვცდილობ მოვასულიერო, მაგრამ კიდევ ერთი წამიც და მეც გონებას ვკარგავ...
გაგრძელება იქნება...