x
პლუტარქე თემისტოკლეს შესახებ

imageცნობილი ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე საკმაოდ საინტერესო და ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის ბერძენი პოლიტიკური მოღვაწის თემისტოკლეს შესახებ თავის ნაშრომში: „პარალელური ბიოგრაფიები“. მისი ცნობები შეიცავს როგორც საკუთარ ნააზრევებს, ასევე სხვა ისტორიკოსთა თუ ფილოსოფოსთა ცნობებს.
პლუტარქე თემისტოკლეს შესახებ თხრობას მისი წარმომავლობიდან იწყებს და აცხადებს, რომ მას არ ჰქონია ისეთი ჩამომავლობა, მისი სახელის აღზევებისთვის ხელი რომ შეეწყო, მაგრამ ასევე დასძენს, რომ მის ამგვარ წარმომავლობას ხელი არ შეუშლია, გამოევლინა ორატორული ნიჭი და ლიდერის თვისებები, პირიქით, იგი თავიდანვე ყოველთვის ცდილობდა მოეშალა ის ბარიერი, რაც არსებობდა წარჩინებულებსა და უკანონოდ შობილებს შორის, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ წარჩინებული წარმომავლობის ახალგაზრდებს არწმუნებდა სავარჯიშოდ კინოსარგესში ევლოთ, სადაც უკანონოდ შობილნი იყრიდნენ თავს. სრულიად აშკარაა, რომ ამ ხერხით მოსპო ზღვარი მათ შორის.


თემისტოკლეს ბავშვობას თუ გადავავლებთ თვალს, პლუტარქე აღგვიწერს, რომ იგი გამოირჩეოდა ბუნებისგან მომადლებული ჭკუით, დიდ საქმეთა ხელმიმყოფლობით და საზოგადო მოღვაწეობისკენ ლტოლვით, რასაც ყველა ერთხმად აღიარებდა. სწორედ ამით განსხვავდებოდა იგი სხვა თანატოლებისგან. მას ხშირად ხედავდნენ განმარტოებულს, რომელიც სიტყვათა წარმოთქმით იყო გართული. ეს სიტყვები მისი ზოგიერთი ამხანაგის გასამტყუნებლად ან დასაცავად ყოფილა წარმოთქმული. პლუტარქე წერს, რომ სწორედ ამიტომ მისი მოძღვარი ხშირად ეუბნებოდა: „შენ, ყმაწვილო, პატარა კაცი როდი დადგები; ან დიდი სიკეთის მატარებელი იქნები მთლად ანდა ბოროტებისა!“. მოძღვრის წინასწარმეტყველება კი ფაქტია, რომ გამართლდა. თვითონ თემისტოკლეც გრძნობდა, რომ სხვა თანატოლთაგან გამოირჩეოდა და ამას თამამადაც აცხადებდა, რომ მართალია, ჩანგის აწყობა და ბარბითზე დაკვრა არ იცოდა, მაგრამ, თუ უმნიშვნელო და უსახელო ქალაქს ჩააბარებდნენ, მას სახელს გაუთქვამდა და აღაზევებდა. იგი ყოველთვის მხოლოდ საკუთარ ბუნებას ეყრდნობოდა, ამიტომ მისი დაუდეგარი ხასიათის გამო ზოგიერთმა შეთხზა გადმოცემა, თითქოს მამას საჯაროდ მოეკვეთოს თემისტოკლე, ხოლო დედას მისი უზნეობის გამო თავი მოეკლას, მაგრამ პლუტარქე ამ ყველაფერს მოგონილ ჭორებს უწოდებს. ერთი რამ კი ცხადია, რომ სახელმწიფო მოღვაწეობამ ადრიდანვე გაიტაცა დაუოკებელი სულის პატრონი, ხოლო სახელისათვის სწრაფვას მთლიანად დაემორჩილებინა. პლუტარქე გვიამბობს, რომ პირველობის მოპოვების მძაფრმა სურვილმა გაბედულად დააპირისპირა სახელმწიფოში ყველაზე გავლენიან თავკაცებს, განსაკუთრებით კი არისტიდეს, ლისიმაქეს ძეს, ვინც მუდამ მის საწინააღმდეგო პოზიციას ირჩევდა. პლუტარქე მათი დაპირისპირების პირველმიზეზებზეც გვესაუბრება და მოჰყავს ფილოსოფოს არისტონის ცნობა, თითქოს მიზეზი საყვარელი ქალი ყოფილიყო და შემდეგ ურთიერთქიშპობა საზოგადო მოღვაწეობაშიც გაეგრძელებინათ. პიროვნულად და ცხოვრების ნირითაც ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ. არისტიდეს გვიხასიათებენ ბუნებით წყნარ და ფაქიზი ზნეობის კაცს, რომელიც სახელმწიფო მოღვაწეობას არა სახელისთვის, არამედ სამართლიანობისთვის ეწეოდა, რაც თემისტოკლეს სახელის აღზევებაში უშლიდა ხელს. თემისტოკლე კი იმდენად ყოფილა შეპყრობილი პატივმოყვარეობითა და პირველობით, რომ ამბობდნენ თითქოს, როდესაც მარათონის ბრძოლის გმირის მილტიადეს სამხედრო წარმატებები ყველას პირზე ეკერა, ამ დროს თემისტოკლე მეტად ღრმა ფიქრებში გართულიყო, სმასა და გართობაზე ხელი აეღო, ხოლო ვინც ეკითხებოდა ცხოვრების ნირის შეცვლაზე, ყველას პასუხობდა, რომ მილტიადეს სამხედრო წარმატება არ ასვენებდა, მაგრამ თემისტოკლე წინასწარ ჭვრეტდა მომავალს და იცოდა, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ ჰქონდა, ამიტომ თვითონაც განუწყვეტლივ ემზადებოდა და ქალაქსაც ბეჯითად წვრთნიდა.

თემისტოკლეს დამსახურებად ითვლება საბრძოლო ხომალდების აგება ლავრიონის ვერცხლის საბადოთა შემოსავლით და ბერძენთა გაბატონება ზღვაზე. თემისტოკლემ ათენელები, რომლებიც მედგარი ჰოპლიტები იყვნენ, მეხომალდეებად და მეზღვაურებად აქცია. სტესიმბროტეს გადმოცემით, თემისტოკლემ თავისი გაიტანა და დაამარცხა მილტიადე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის პოლიტიკას.
პლუტარქე აცხადებს, რომ თემისტოკლეს შესახებ მრავალი რამ თქმულა, ზოგი ამბობდა, რომ ხელგაშლილობის გამო ყოველთვის თავგამოდებით ცდილობდა ფულის შოვნას, ძალიან უყვარდა მსხვერპლის შეწირვა და უცხოელთა დიდი პატივით მიღება, რაც დიდ თანხას მოითხოვდა. სხვები კი, პირიქით, მას აღწერდნენ, როგორც მეტისმეტად ხელმომჭირნესა და ძუნწს, რომელიც ძღვნად მორთმეულ საჭმელსაც კი ჰყიდდა. ერთი რამ კი ცხადი იყო, რომ პატივმოყვარეობით ყველას აღემატებოდა. ჯერ კიდევ სახელმოუხვეჭელი თემისტოკლე თამამად ეჯიბრებოდა კიმონს ლხინის მოწყობაში, რის გამოც გაყოყოჩებულ კაცად მიიჩნევდნენ, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილისთვის თემისტოკლე მაინც სასიამოვნო პიროვნებად რჩებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა მოქალაქეს სახელდებით მიმართავდა და სადავო საქმეებში მიუკერძოებელი მსაჯული ჩანდა. მაგალითად, როცა სტრატეგოსი იყო, სიმონიდე კეოსელმა რაღაც არაკანონიერი სთხოვა, ხოლო თემისტოკლემ უპასუხა: „როგორც შენ არ იქნები კარის პოეტი, ჰანგის დარღვევით რომ იმღერო, ისევე მე არ ვიქნები ხეირიანი მმართველი, ვინმეს ფულის მოსაგებად რომ უკანონობა ჩავიდინო“.
თემისტოკლეს ყველაზე დიდი დამსახურება ის იყო, რომ ბერძნებს შორის ბრძოლას ბოლო მოუღო. შინ მოდავე სახელმწიფოები დაარწმუნა, რომ უკუეგდოთ მტრობა და შერიგებულიყვნენ საზიარო მტრის გამო. თემისტოკლე ელადის ხსნის უმთავრეს მიზეზად მიაჩნდათ. ბერძენ-სპარსელთა ბრძოლის დროს მან როგორც კი ძალაუფლება მიიღო, მყისვე შეეცადა დაეყოლიებინა მოქალაქეები ტრიერებში ჩამსხდარიყვნენ, ქალაქი დაეტოვებინათ და ელადიდან მოშორებით შეხვედროდნენ ბარბაროსებს ზღვაში. მას მარტივად შეეძლო მასის დამორჩილება, ათენელებისადმი მიმართვაში თემისტოკლე ათენელი დიდ მოხერხებას ავლენს. იგი უცხადებს მათ, რომ თუ ომში კარგ ვაჟკაცებად გამოაჩენდნენ თავს, მომავალში ელინები მხოლოდ მათ დაემორჩილებოდნენ. ათენელებსაც სწორედ მან გაუთქვა სახელი იმით, რომ მტრებს ვაჟკაცობით, ხოლო მოკავშირებეს კეთილგონიერებით აჯობეს.
თემისტოკლეს მთავარი ძალა იყო მასაზე ზემოქმედება, მათზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა. მაშინ, როცა შეიტყვეს, რომ ლეონიდა სპარტელებით ბარბაროსთა წინააღმდეგ დამარცხდა და ქსერქსემ ხმელეთის გასასვლელები დაიკავა, სანაპიროს გასწვრივ ცურვის დროს ისეთ ადგილას, რომელიც იძულების დროს მტერს ნავმისადგომად და თავშესაფრად გამოადგებოდა, თემისტოკლე იქ მსხვილი ასოებით წარწერებს აკეთებდა ქვებზე. ამ წარწერებით იგი იონელებს მოუწოდებდა, თუ შესაძლებელი იყო გადმოსულიყვნენ ათენელების, თავიანთი მამების მხარეს, რომლებიც ყველაზე მეტად დებდნენ თავს მათი თავისუფლებისთვის, ან არადა ბრძოლის ჟამს ზიანი მაინც მიეყენებინათ ბარბაროსული მხედრობისთვის და არეულობა შეეტანათ მათ რიგებში. თემისტოკლე იმედოვნებდა, რომ ეს წარწერები ან გადმოიბირებდა იონელებს, ან ბარბაროსებს შეაშფოთებდა. იგი ნებისმიერი ხერხით ცდილობდა შეშინებული ათენელების გამხნევებას. ათენელები, რომლებიც უკვე მამათა საფლავებისა და ღმერთების ტაძრების მიტოვებას აპირებდნენ, თემისტოკლემ გადაარწმუნა ღვთაებრივი სასწაულებითა და მისნობით, რადგან ადამიანური განსჯით ხალხის გადმობირება უკვე შეუძლებელი იყო. მან სასწაულად მიიჩნია იმ დღეებში ათენას სალოცავიდან შეწირული გველის გაუჩინარება. ქურუმები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მათ სრულად ხელუხლებელი იხილეს ის სამსხვერპლო საკვები, რომელიც ამ გველისთვის ყოველდღიურად მიჰქონდათ. ამით ისინი საბაბს აძლევდნენ თემისტოკლეს, რომ ეთქვა, თითქოს ღმერთქალმა ქალაქი დატოვა და ჩვენს გზას ზღვისკენ გვიჩვენებსო, ხოლო, რაც შეეხება მისნობას, იგი თემისტოკლემ კვლავ ხალხის ასაყოლიებლად გამოიყენა, ამ მისნობას იმოწმებს ჰეროდოტე: „აქ ყველაფერს დაიმორჩილებენ, რასაც კი მოიცავს კეკროპის მთა და ღვთაებრივი კითერონის ჭალა, მაგრამ ყოვლისმხედველი ზევსი ღმერთქალ ათენას მისცემს ხის ზღუდეს, რომელიც გადაურჩება დანგრევას...“ თემისტოკლე აღნიშნავდა, რომ ღვთის მიერ ნახსენები ხის ზღუდე სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა ხომალდებს, ამის გამო სალამინსაც ღვთაებრივს უწოდებდა ღმერთი და არა საზარელს და ბედკრულს, ვინაიდან სწორედ იგი მოუტანდა ბერძნებს ბედნიერებას. ამ ამბავმა ყველაში იმედი გააჩინა, მთელი ქალაქი ზღვაში გადიოდა, ეს სანახაობა ზოგში სიბრალულს იწვევდა, ზოგში კი გაოცებას ასეთი გულადობის გამო. ათენელი ვაჟკაცები ახლობლებს სხვაგან გზავნიდნენ, თვითონ კი სალამინის კუნძულზე გადადიოდნენ ბარბაროსებთან საომრად. თემისტოკლე კარგად აფასებდა არსებულ ვითარებას, გრძნობდა, რომ თანამოქალაქეებს გული შესტკიოდათ და თვითონაც შიშობდა, რომ ოსტრაკისმოსის წესით გაძევებული არისტიდე ბარბაროს მეფეს არ მიმხრობოდა, ამიტომ დათმობაზე წავიდა და სამშობლოდან გაძევებულები უკან დააბრუნა იმ პირობით, რომ სხვა მოქალაქეებთან ერთად სიტყვითა და საქმით ელადის სიკეთეზე იზრუნებდნენ, მაგრამ ბერძენ-სპარსთა ბრძოლაში თემისტოკლეს დაპირისპირებულ მხარეს სუსტი ნებისყოფის საზღვაო ძალების მეთაური ევრიბიადე წარმოადგენდა, რომელიც არჩევდა ღუზის ახსნას და უკან გაცურვას, რასაც თემისტოკლე აღუდგა წინ. პლუტარქე გვიამბობს, რომ ევრიბიადემ თემისტოკლეს წინააღმდეგ ჯოხიც აღმართა, მაგრამ თემისტოკლემ მაინც მოახერხა ბრძოლის თავის ნებით წარმართვა, ევრიბიადე დააშინა, რომ თუ ბრძოლას არ გააგრძელებდა ათენელები მას მიატოვებდნენ, მაგრამ მაინც წუხდა, რომ ბერძნებს ხელიდან არ გაეშვათ ეს ადგილი და სხვადასხვა ქალაქში არ გაფანტულიყვნენ, ამიტომ საკმაოდ სარისკო საქმეს მოჰკიდა ხელი და მალულად დაუკავშირდა ბარბაროსთა მეფეს ქსერქსეს, რომელსაც აუწყა მის მხარეს გადასვლა და მოუწოდებდა დაუყოვნებლივ გადასულიყო საზღვაო შეტევაზე, რადგან თითქოსდა ელინებს უკვე გაქცევა სურდათ, რაც საკმაოდ მარტივად დაიჯერა ქსერქსემ და დაიწყო მოქმედება. ამ გეგმაში თემისტოკლესთან ერთად მონაწილეობდა ერთ დროს მოქიშპე არტემიდორე, რომელიც დაეხმარა ელინების დაკავებაში, რათა ბრძოლა სალამინის ვიწრო სრუტეში გამართულიყო. ქსერქსე იმდენად დარწმუნებული იყო ბრძოლის მოგებაში, რომ ერთ მაღალ ადგილას დაბრძანებულიყო, საიდანაც უყურებდა ბრძოლას და გარს შემოეკრიბა მრავალი მწერალი, რომელთაც დიდებულად უნდა აღეწერათ სპარსთა გამარჯვება, მაგრამ მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. სპარსთა საზღვაო ფლოტმა სრული მარცხი განიცადა, თემისტოკლემ კი გეგმა წარმატებით შეასრულა. მან მარჯვედ შეარჩია ბრძოლის დრო და ადგილი. ბარბაროსთა კიჩოაწეული და მაღალერდოიან ხომალდებს ქარიან ამინდში უჭირდათ მანევრირება სრუტეში, ხოლო აგორებული ტალღები ბერძენთა ბრტყელძირიან და დაბალ გემებს ვერაფერს ვნებდა, რამაც განაპირობა ბრძოლის ბედი. ამგვარად, როგორც ლირიკოსი პოეტი სიმონიდე კეოსელი ამბობს, ბერძნებმა „ზეაღმართეს ლამაზი და ხმადარხეული გამარჯვება“, რომელზე უფრო ბრწყინვალე საქმე არც ბარბაროსებს და არც ელინებს არ შეუსრულებიათ. სალამინის ბრძოლა, მართალია, ზღვაზე მეომართა საერთო მამაცობისა და თავგამოდების წყალობით იქნა მოგებული, მაგრამ სული და გული გამარჯვებას თემისტოკლემ ჩაუდგა. ჰეროდოტე გადმოგვცემს, რომ პირველობა შურის გამო უხალისოდ მაინც თემისტოკლეს მიანიჭეს ერთხმად. ლაკედემონელებმა, როცა იგი სპარტაში ჩაიყვანეს, სიმამაცის ჯილდო ევრიბიადეს მისცეს, ხოლო თემისტოკლეს სიბრძნის ჯილდოდ ზეთისხილის რტოსგან დაწნული გვირგვინი უბოძეს და ქალაქში საუკეთესო ეტლით დაასაჩუქრეს. გადმოგვცემენ, როცა მომდევნო ოლიმპიური თამაში გამართეს, დამსწრეთა ყურადღება მხოლოდ თემისტოკლესკენ იყო მიმართული. გახარებული თემისტოკლე კი აცხადებდა, რომ ელადისთვის გაწირული შრომის ნაყოფს იმკიდა.


ყველასთვის ცნობილი იყო თემისტოკლეს მეტისმეტი პატივმოყვარეობა. ამას მისი გამონათქვამებიც გვიმტკიცებენ. ბრძოლის შემდეგ, როცა თემისტოკლემ ზღვის სანაპიროზე გამორიყული ოქროს სამაჯურები და ყელსაბამები დაინახა, თვითონ გულგრილად აუარა გვერდი, ხოლო მხლებელ მეგობარს კი მათზე მიუთითა და უთხრა: „აიღე შენთვის, შენც ხომ თემისტოკლე არა ხარ!“. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ათენელები პატივისცემითა და აღფრთოვანებით კი არ ეკიდებოდნენ, არამედ ისე ექცეოდნენ, ვითარცა ჭადარს, რომელსაც ავდარსა და საფრთხის დროს თავს აფარებენ, ხოლო დარში კი ჯიჯგნიან და ტოტებს უმტვრევენ. მიუხედავად ამისა, რომ ამას ამბობდა, მისი ყურადღება ყოველთვის ათენის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული. როცა საქმეებისგან გათავისუფლდა, თემისტოკლემ მაშინთვე დაიწყო ქალაქის აღდგენა და კედლებით გამაგრება. დიდი ყურადღება მიაპყრო ათენის ნავსადგურის - პირევსის მოწყობას. იგი ცდილობდა ათენი მთლიანად საზღვაო ქალაქად ექცია, რითაც უპირისპირდებოდა ათენის ძველ ბასილევსებს, რომლებსაც სურდათ ათენელები მიწის მუშაკებად ექციათ. გარდა ბასილევსებისა, თემისტოკლეს მოკავშირეებიც ვერ იტანდნენ, რადგან მათ კუნძულებზე მოგზაურობდა და ფულს ძალავდა. როდოსელი მგოსანი ტიმოკრეონტი ერთ-ერთ სიმღერაში მწარედ კიცხავდა თემისტოკლეს იმის გამო, რომ სამშობლოდან გაძევებულებს ქრთამის გამორთმევით უკან აბრუნებდა. იგი თემისტოკლეს უწოდებს ცრუს, უსამართლოსა და მოღალატეს, ბინძური ფულით მოსყიდულს, რომელმაც თავისი სტუმარი ტიმოკრენტი და მეგობარი ფულზე გაცვალა. თანამოქალაქეებიც უკვე შურის გამო სიამოვნებით ისმენდნენ ცილისწამებებს თემისტოკლეზე, ამიტომ იძულებული ხდებოდა სახალხო კრებებზე გამუდმებით გაემეორებინა ხალხისთვის შესრულებული საქმეები. არტემიდეს ტაძრის დაფუძნებით მოქალაქეთა დიდი ნაწილი გაანაწყენა. ამ ტაძარს სახელად არისტობულე - „საუკეთესო მრჩეველი“ დაარქვა იმის აღსანიშნავად, თითქოს თვითონ მისცა საუკეთესოზე საუკეთესო რჩევა ქალაქსა და ყველა ბერძენს. ათენელებმა კი საპასუხოდ ბოლოს და ბოლოს თემისტოკლე ოსტრაკისმოსის წესით სამშობლოდან გააძევეს, რათა დაემდაბლებინათ მისი ღირსება და პატივი. მოექცნენ ისე, როგორც ექცეოდნენ ყველას, ვის ძალასაც მიიჩნევდნენ მძიმე ტვირთად და დემოკრატიული თანასწორობისთვის შეუსაბამოდ, მაგრამ ოსტრაკისმოსი მისთვის დასჯა კი არ იყო, არამედ დაცხრომა, აღზევებულის დამდაბლება და დაკნინება. მარტივი მისახვედრია, რომ გაძევებული თემისტოკლე მთლიანად აიღებდა ხელს ათენის სასიკეთო საქმეებზე, შესაძლოა ათენელთა წინააღმდეგაც ემოქმედა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ათენიდან გაძევებული თემისტოკლე არგოსში ცხოვრობდა, როცა მისმა ახლო მეგობარმა პავსანიასმა მოუწოდა მონაწილეობა მიეღო შეთქმულებაში, ამასთან ერთად, სპარსთა მეფის წერილებს აჩვენებდა და აქეზებდა ელინების, როგორც წამხდარი და უმადური ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ თემისტოკლემ პავსანიას წინადადება სასტიკად უარყო და შეთქმულებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხოლო წამოწყებული ამბის შესახებ არავისთვის გაუმხელია. პლუტარქე აქ აღნიშნავს, რომ შესაძლოა, თემისტოკლეს ეგონა, პავსანია ან თვითონვე შეწყვეტდა ღალატს, ანდა სხვა გზით გამომჟღავნდებოდა ის, რაც უაზრო და უგუნური საქმის მატარებელი იყო, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. შეთქმულება გამოამჟღავნეს, ხოლო, როცა პავსანია სიკვდილით დასაჯეს, შეთქმულების თაობაზე აღმოაჩინეს მიწერ-მოწერა და ბარათები თემისტოკლესთან, რომლის საფუძველზეც თემისტოკლე საეჭვო კაცად მიიჩნიეს. რა თქმა უნდა, თემისტოკლეს წინააღმდეგ პირველად ისინი გამოვიდნენ, რომლებსაც შური ამოძრავებდათ, ხოლო თემისტოკლე ბრალდებებისგან წერილებით იცავდა თავს და თანამოქალაქეებს სწერდა, რომ მუდამ ეძებდა გამგებლობის უფლებას, მორჩილებაში ყოფნისთვის არ იყო დაბადებული და ამიტომ არასდროს ჰქონია სურვილი, რომ ელადასთან ერთად საკუთარი თავი ბარბაროსების ხელში ჩაეგდო. მიუხედავად ამისა, ხალხმა საგანგებო პირები გაგზავნა ბრძანებით, რომ შეეპყროთ თემისტოკლე და ბერძნებისთვის გასასამართლებლად ჩამოეყვანათ.თემისტოკლემ იგრძნო ეს ყველაფერი და კერკირაზე გადავიდა, რადგან თავის დროზე ამ ქალაქისთვის კეთილი საქმე ჰქონდა გაკეთებული. კერკირადან კი ეპირში გაიქცა. ათენელებისა და ლაკედემონელებისგან დევნილმა თავი საშიშ და ფუჭ იმედებს მისცა. სცადა რომ თავი შეეფარებინა მოლოსთა მეფე ადმეტესთან, რომელსაც თემისტოკლეს სამუდამო რისხვა ჰქონდა გულში ჩადებული, მაგრამ თემისტოკლეს კარგად შეეძლო ემოციებით მანიპულირება, დადგა მის წინაშე, როგორც მავედრებელი, აიყვანა ხელში მეფის პატარა ვაჟი და კერასთან ჩაიჩოქა. მოლორები ვედრების ამ სახეს ყველაზე დიდად თვლიდნენ, რომელზეც უარი არ ითქმოდა, მაგრამ სხვები გადმოგვცემენ, რომ ეს ყველაფერი თავად მეფის მოწყობილი იყო, რათა მდევართა წინაშე ისეთ წმინდა საქმედ წარმოეჩინა ის, რაც ვაჟკაცის გაცემას კრძალავდა. სტესიმბროტე ასევე გვიამბობს, რომ ათენიდან ჩუმად გადმოიყვანეს თემისტოკლეს ცოლ-შვილი, ხოლო ამის შემდეგ თემისტოკლე აზიაში ცდილობს შესვლას, მაგრამ ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები არსებობს სხვადასხვა ავტორის მიერ. ყველაფრის შემდეგ თემისტოკლე ეოლიის პატარა ქალაქ ეგეში გაქცეულიყო, სადაც არავინ იცნობდა, გარდა ნიკოგენე მასპინძლისა, რომელიც დიდძალი ქონების პატრონი იყო და ზემო აზიის დიდებულებთანაც ახლო ნაცნობობა ჰქონდა. სწორედ მასთან გაატარა ფარულად რამდენიმე დღე. პლუტარქე მისი აქ ყოფნის დროს გვიამბობს საინტერესო მომენტს სიზმრის შესახებ, რომელიც თითქოს თემისტოკლეს მომავალი ცხოვრების წინასწარმეტყველება იყო. თემისტოკლემ აქ ყოფნისას ნახა სიზმარი თითქოს მუცელზე გველი შემოეხვია და შემდეგ სახეზე ააცოცდა, შეეხო თუ არა სახეს მაშინთვე არწივად იქცა, რომელმაც შემოახვია ფრთები და ზეცაში აიტაცა, ბოლოს, სამაცნეო ოქროს კვერთი აღმოჩნდა, რომელზეც არწივმა თემისტოკლე ზედ დააყენა და შიშისა და შფოთვისგან გაათავისუფლა. სიზმარი მოასწავლებდა ახლო მომავალში თემისტოკეს უკვე მშვიდობიან ცხოვრებას. ამის შემდეგ კი ფარული გზით თემისტოკლე უკავშირდება ბარბაროსთა მეფეს. ცნობილია, რომ განსაკუთრებით სპარსთა ტომს ახასიათებს ქალის მიმართ სასტიკი ეჭვიანობა, ამიტომ საკუთარ ცოლებსა და ხარჭებს ჩარდახიანი ურმებით დაატარებდნენ, რათა არავის დაენახა. სწორედ ასეთი ურმით მიიყვანეს თემისტოკლე სპარსთა მეფესთან, მაგრამ რიგ პრობლემებს ვაწყდებით ბარბაროსთა მეფის იდენტობის დადგენასთან დაკავშირებით. თუკიდიდე და ქარონ ლამფასკელი გადმოგვცემენ, რომ ქსერქსე გარდაცვლილიყო და თემისტოკლეს მის ვაჟთან მოუხდა შეხვედრა, მაგრამ ეფოროსი, დინონი, კლიტარქე, ჰერაკლიდე და კიდევ სხვები გვიმტკიცებენ, რომ თემისტოკლე სწორედ ქსერქსეს შეხვდა. პლუტარქე თავის ვარაუდსაც გადმოგვცემს და ამბობს, რომ ყველაზე შეთანხმებულად დროის მონაცემებს თუკიდიდე გვაწვდის, მაგრამ მათშიც არის შეუსაბამობა. ერთი რამ კი ცხადი იყო, რომ თემისტოკლე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სანამ ბარბაროსთან მეფეს შეხვდებოდა ათასისთავმა არტაბანემ მოსთხოვა, რომ მოქცეულიყო სპარსთა ადათ-წესების მიხედვით და პირქვე დამხობილიყო ყოვლის მხსნელი ღმერთის წინაშე და სწორედ ამის შემდეგ ნახავდა მეფეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შუამავალი მაცნეს შემწეობით დაამყარებდა კონტაქტს. როცა თემისტოკლეს ეს მოუსმენია, უთქვამს, რომ მათი მეფის ძლიერების განსადიდებლად მოსულიყო აქ და ცხადია, მათ კანონებს დაემორჩილებოდა და პირობას დებდა, რომ ამიერიდან გაზრდიდა მიწაზე გართხმით მათი მეფის თაყვანისმცემელთა რიცხვს. ასე აღგვიწერს მათ დიალოგს ფანია. ამის შემდეგ თემისტოკლე თარჯიმნით მეფის წინაშე წარსდგა, აცნობა თავისი ვინაობა და მიუგო, რომ შინაურმა თავდახსნილობამ საშუალება მისცა, ამიერიდან მისთვის გაეწია სამსახური და მხოლოდ მას შეეძლო გადაერჩინა ვედრებად მისული კაცი, რომელიც ელინთა მტრად გადაქცეულიყო. ამ სიტყვებს თემისტოკლემ ღვთაებრივი ძალის მისანიჭებელი სიზმრის ამბავიც დაუმატა. საკვირველი არაა, რომ თემისტოკლეს გონიერი მსჯელობა სპარსთა მეფეზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. მეფეც იმდენად ყოფილა ამ ამბით გახარებული, რომ ღმერთებს მსხვერპლიც შესწირა და სიხარულისგან რამდენჯერმე წამოუძახია: "თემისტოკლე ათენელი ჩემს ხელშიაო!", ხოლო მეორე დღეს დიდებულებთან ერთად შეხვდა თემისტოკლეს, რომელსაც 200 ტალანტი უბოძა, რადგანაც თავისი ფეხით იყო მისული, ხოლო შემდეგ კი უბრძანა, რომ გულახდილად მოეთხრო, რაც ბერძენთა საქმეების შესახებ იცოდა. თემისტოკლემ კი მიუგო, რომ ადამიანის სიტყვა ჭრელ-ჭრელ ხალიჩებს ჰგავდა, თუ მათ გაშლიდნენ, თავ თავიანთ მოხაზულობას აჩვენებდნენ, თუ დაახვევდნენ, ხსენებული მოხაზულობები დაიფარებოდა და დამახინჯდებოდა, ამიტომ ყველაფრის სათქმელად დრო სჭირდებოდა, რომ კარგად დაელაგებინა მოსაყოლი. თემისტოკლემ ერთი წლის განმავლობაში ისწავლა სპარსული ენა და მეფესთან უშუალოდ დაიწყო საუბარი. ამ ჟესტით გამოხატა მისდამი და მისი კულტურისადმი დიდი პატივისცემა. მართლაც, მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თემისტოკლეს, რაც დიდებულთა გაღიზიანებას და მტრულ დამოკიდებულებას იწვევდა. ამ ყველაფერის შემდეგ ათენელ თემისტოკლეს ბარბაროსთა მეფის გვერდით ვხედავთ, მის სამსახურში მყოფს. მან მოახერხა მეფის დაახლოებული პირი გამხდარიყო. იგი თავისუფლად ერეოდა სასახლის შინაურ საქმეებში და თვით მეფის დედასთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამბობდნენ, როცა თემისტოკლე აღზევებული იყო, ბევრი ცდილობდა მისი ადგილის დაკავებას. ერთ დღეს ბრწყინვალე სუფრასთან შემომსხდარი შვილებისთვის უთქვამს: "შვილნო ჩემნო, ჩვენ უთუოდ დავიღუპებოდით, რომ არ დავღუპულიყავითო!". უმრავლესობა ამბობდა, რომ მეფემ თემისტოკლეს სამი ქალაქი უბოძა: პურის, ღვინისა და სანოვაგის. ასეთი აღზევების გამო მისი მოკვლაც უცდია ერთ სპარსს, სახელად ეპიქსიეს, მაგრამ ღვთაებრივი სიზმრის წყალობით გადარჩენილა, ხოლო გადარჩენის ნიშნად დინდიმენეს ტაძარი აუგია და ქურუმად საკუთარი ასული დაუყენებია.


თემისტოკლე აზიაში ყოფნისას ხშირად მოგზაურობდა. თავისუფალ დროს, როცა სარდეში ჩავიდოდა, ტაძრებსა და აურაცხელ შესაწირავებს ათვალიერებდა. ღმერთთა დედის ტაძარში მას ნანახი ჰქონდა ბრინჯაოს ქანდაკება ე.წ "წყლის მზიდავი გოგონა". როცა თემისტოკლე ათენში წყლის ზედამხედველი იყო, შეიპყრო ორი მიმტაცებელი, რომელთაც საზოგადო წყალი თავიანთკენ გადაეგდოთ, ხოლო სასჯელად აღებული თანხით სწორედ ხსენებული ქანდაკება გააკეთა და ღმერთებს შესწირა. შესაძლოა ასეთი მოქმედებით სურდა ათენელებისთვის ეჩვენებინა, თუ რა პატივი და ძალა ჰქონდა სამეფო კარზე. იგი ლიდიის სატრაპსაც დაუკავშირდა, რომ გაეგზავნა ქალწულის ქანდაკება ათენში, რის გამოც ბარბაროსი გაწყრა და თემისტოკლეს დაემუქრა, რომ მეფეს ამის თაობაზე წერილს მიწერდა, მაგრამ იქაური ხარჭების მოქრთამით თემისტოკლემ შეძლო სატრაპის მოლბობა. თეოპომპე გვიამბობს, რომ ამის შემდეგ თემისტოკლე ფრთხილად იქცეოდა და სულ მაგნეზიაში იმყოფებოდა. იგი სპარსი დიდებულების მსგავს პატივში ცხოვრობდა, ცხოვრებას უშიშრად ატარებდა, საბერძნეთისთვის აღარც ეცალა, რადგან ზემო აზიის საქმეებით იყო გართული, მანამ სანამ ათენელთა დახმარებით ეგვიპტე არ განუდგა სპარსთა მეფეს. ათენელთა ასეთმა ჩართულობამ და ბერძნული ტრიერების აქტიურმა მოძრაობამ თემისტოკლეს ყურადღებაც მიიპყრო. იგი იძულებული გახდა შეეჩერებინა ბერძენთა ძლიერება.მასთან მაგნეზიაში მაცნეები ჩამოდიოდნენ და მეფის ბრძანებას აუწყებდნენ, რომ დადებული პირობა შეესრულებინა და საბერძნეთის საქმეებისთვის მოეკიდა ხელი, მაგრამ თემისტოკლე თანამოქალაქეების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. ვერც ახლანდელი პატივი და ძალა ვერ აიძულებდა სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრებულიყო. პლუტარქე მეორე ვარაუდსაც გვაწვდის, რომ, შესაძლოა, ფიქრობდა, ამ საქმეში სპარსთა გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაშინ, როცა ელადას დიდებული სარდლები ჰყავდა, მათ შორის იყო კიმონი, რომელსაც დიდი სამსახური ჰქონდა გაწეული საბერძნეთისთვის. პლუტარქე წერს, რომ თემისტოკლემ თავისი საქმიანობით მოპოვებული წარმატებების, პატივისა და სახელის დასაცავად საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მან ღმერთებს მსხვერპლი შესწირა, მეგობრებს თავი მოუყარა, ყოველ მათგანს ხელი ჩამოართვა და ყველაზე მეტად გავრცელებული გადმოცემის თანახმად, ხარის სისხლი დალია, რომელიც მომაკვდინებელ შხამად მიაჩნდათ. ზოგიერთები კი ამბობდნენ, რომ სწრაფად მოქმედი შხამი დალია. ათენელი თემისტოკლეს სიცოცხლე მაგნეზიაში დასრულდა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ იცოცხლა 65 წელი, რომელთაგან დიდი ნაწილი სახელმწიფო საქმიანობასა და ჯარის წინამძღოლობაში გაატარა. გადმოცემულია, რომ, როდესაც მეფემ მისი სიკვდილის მიზეზი გაიგო, კიდევ უფრო მეტი მოწიწება ჰქონდა ვაჟკაცისადმი და მის მეგობრებსა და შინაურებს მუდამ კეთილმოწყალედ ეკიდებოდა. თუკიდიდე გვეუბნება, რომ თემისტოკლეს დიდებული აკლდამა მაგნეზიელებს მოედანზე ჰქონდათ მოწყობილი, ხოლო რაც შეეხება თემისტოკლეს ნეშტს, პლუტარქე აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს ანდოკიდეს, რომელიც "მეგობრებთან საუბრებში" ამბობს, თითქოს ათენელებს გვამის ნაშთები მოეპარათ და მიმოეფანტოთ. ამ ტყუილით, შესაძლოა, ანდოკიდეს სურდა, რომ ოლიგარქიის მომხრეები აემხედრებინა ხალხზე.



დიოდორე პერიეგეტე თავის თხზულებაში "სამარხავთათვის" სავარაუდოდ ამბობს, რომ პირევსის ნავსადგომთან, ალკიმოსის პირდაპირ მდებარე კონცხს აქვს იდაყვივით მოხრილი შვერილი, სადაც ზღვა მშვიდია და წყნარი, შიგნითა ნაწილში არის ვრცელი მოედანი, სადაც დგას ბომონის მსგავსი თემისტოკლეს აკლდამა. დიოდორე ფიქრობს, რომ მის გადმოცემას ადასტურებს კომიკოსი პლატონიც ამ ლექსში:
"შენი სამარე მდებარეობს ლამაზ მიწაზე;
იგი ყოველმხრივ მოგზაურებს მიესალმება;
ხედავს ხომალდებს ზღვაში გასულთ თუ მომავალთა;
უჭვრეტს, როდესაც ერთმანეთში დავას იწყებენ."

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი მექერიშვილი
ლალი მექერიშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0