ფილოსოფია სიკვდილის მოლოდინში შექმნილი შედევრი - ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეში“ 2018, 29 აგვისტო, 13:01 ანიციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეთიუსი, უფრო ხშირად ცნობილი, როგორც ბოეთიუსი, კულტურის ისტორიაში „უკანასკნელი რომაელის“ და „შუა საუკუნეების დიდი მასწავლებლის სახელით“ არის ცნობილი. მის მემკვიდრეობაში კარგად ჩანს ტრადიციის შენარჩუნების სურვილიც და სიახლის საჭიროების გაცნობიერებაც. დიდების მწვერვალზე მყოფ ბოეთიუსს მეფე თეოდორიხმა სიკვდილი მიუსაჯა, როგორც შეთქმულებაში ეჭვმიტანილს. ბოეთიუსმა საკანში სიკვდილის მოლოდინში შექმნა შედევრი. ამ ნაშრომს ეწოდება „ფილოსოფიის ნუგეში“. სწორედ ფილოსოფია გამოეცხადა სასოწარკვეთილ ტყვეს, რომელიც ლექსავს თავისი უბედურების ისტორიას და დარწმუნებულია, რომ ყველგან უსამართლობაა გაბატონებული. ბოეთიუსმა შუა საუკუნეების დასაწყისში წამოაყენა დებულება, რომელიც თავსატეხი გახდა მომდევნო პერიოდის თეოლოგებისთვის: „ავტორიტეტებზე დამყარება უძლურების ნიშანია“. ამით ბოეთიუსს ავტორიტეტების უარყოფა კი არ სურდა, არამედ მათ გაგებას მოითხოვდა, ბრმა ნდობას უარყოფდა. ფილოსოფია არწმუნებს ბოეთიუსს, რომ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად თითქოსდა ყოველივეს იმორჩილებენ, სინამდვილეში უბედურნი არიან. მათ ბედნიერებად მიაჩნიათ თავი იმის ფლობით, რაც ნამდვილ ღირებულებას არ წარმოადგენს. გრძნობად სინამდვილეში მოქმედი შემთხვევითობა თითქოს სავსებით ქაოტურად და ბრმად მოქმედებს: წამოატივტივებს ბოროტ ადამიანს, თითქოსდა ხელს უწყობს მას, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, შემთხვევითობაც ღვთის ხელით წარიმართება და ყოველივე, რაც სავსებით გაუგებარი და გაუმართლებელი გვგონია ბოლოს სიკეთეს ემსახურება. ბოეთიუსს სურს დაარწმუნოს მკითხველი, რომ ბოროტი ადამიანი ამქვეყნადაც უბედურია. ეს ფსიქოლოგიურად საინტერესო ფაქტია, რომელიც ხშირად გვხვდება შუა საუკუნეებში. ბოროტი ადამიანის ამქვეყნიური დასჯის სურვილი მიუთითებს იმაზე, რომ რაგინდ მორწმუნე არ უნდა იყოს ადამიანი, მისთვის არაა საკმარისი მხოლოდ იმქვეყნიური სასჯელი თუ ჯილდო. ადამიანი, როგორც არსება, რომელსაც გონება და თავისუფლება გააჩნია ღვთის მსგავსია სწორედ ამ უნარების წყალობით. ამქვეყნად იგი სწორ გზას ირჩევს ფილოსოფიის მეშვეობით. ფილოსოფიას შეუძლია ადამიანის წარმართვა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ. ავტორი: სოფიო მოდებაძე 129 შეფასება არ არის
|