მუსიკა შუმანი, როგორც მუსიკის კრიტიკოსის ეტალონი 2018, 26 აგვისტო, 13:44 XIX ს-ის პირველი ნახევრის ევროპის მუსიკალური კულტურა უდიდეს ავტორიტეტთა სახითაა წარმოდგენილი. ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც ასპარეზიდან მიდიან ვებერი, ბეთჰოვენი, შუბერტი. თუმცა საბედნიეროდ, ვაკუუმი არ იქმნება- მათ კვალდაკვალ ჩნდებიან ახალი დიდებული სახელები-როსინი, მენდელსონი, შოპენი, ბერლიოზი, ლისტი, ვაგნერი, შუმანი. ეს არის რომანტიზმის ეპოქა. შემოქმედთა ჩანაფიქრის მთავარი გამომსახველი იარაღია რომანტიზმი. მათი მიზანია ადამიანის, მისი გრძნობების, განცდების გადმოცემა. რომანტიკოსების ლირიკა ხშირად გადაიზრდება ჰეროიკაში, რაც პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელია რობერტ შუმანი. შუმანი მთელი თავისი არსით იბრძოდა ფილისტერობის, ყალბი, უშინაარსო მუსიცირების წინააღმდეგ. „მე მაღელვებს ყველაფერი, რაც ამ ქვეყნად ხდება- პოლიტიკა, ლიტერატურა, ხალხი. ყველაფერ ამას ხელის გულზე განვსჯი. ყველაფერი ეს ითხოვს გათავისუფლებას, ასახვას მუსიკაში“. მას ამ მისიის შესასრულებლად მხოლოდ საკომპოზიციო ასპარეზი არ ეყო. შუმანი ქმნის კრიტიკოსის ეტალონს. „ის, ვინც მუსიკაზე წერს, უპირველესად დაინტერესებული მსმენელია, ფაქიზი აღქმის უნარითა და მდიდარი მხატვრული ფანტაზიით დაჯილდოებული, რომელსაც შესწევს ძალა თავადაც დაიმუხტოს და ეს ნაპერწკალი აუდიტორიასაც გადასდოს“ -შუმანი. „უმაღლეს ნორმად მიმაჩნია ის, რომელიც ისეთივე მაღალმხატვრულ შთაბეჭდილებას ახდენს, რასაც მისი ასახვის ობიექტი“- შუმანი. შუმანი მიუთითებდა: „ხელოვანი ასრულებს თავის მისიას, თუ ცხოვრებას ავანგარდში უდგას". "ბეთჰოვენი, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა ჩვენთვის, ადამიანური სიდიდის ნიმუშია“- შუმანი. ერთ-ერთ რეცენზიაში შუმანი, ციტირებს რა ბეთჰოვენს, როგორც მუსიკას, ასევე მუსიკალურ კრიტიკას, სრულიად ნათელ ამოცანას უსახავს: „მუსიკამ ადამიანის სულში ცეცხლი უნდა გააღვივოს“. შუმანი და მისი გაზეთი დიდ ადგილს უთმობენ მხატვრულ შემოქმედებას ეთიკას. აქცენტირებულია ისეთი პრინციპული საკითხები, როგორიცაა კომპოზიტორების პასუხისმგებლობა. ამ თემას ეძღვნება „ცხოვრებისეული წესები მუსიკისათვის“. შუმანის აზრით: „ხელოვნება იღუპება, როგორც კი ცხოვრებისეული დინების მიღმა აღმოჩნდება. თუმცა არსებობს სხვა საშიშროებაც, საჭის დაკარგვა, დინების მიყოლა“. შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში მისი უპირველესი მიზანი და ამოცანა გახდა მუსიკალური აზრი და ფორმა. თვით ისეთ ყველაზე უფრო იმპროვიზირებად ჟანრში, როგორიცაა ვარიაციები, შუმანმა შეძლო შინაარსობრივი მთლიანობის მიღწევა, მისი დრამატიზება და ყოვლისმომცველობა. ერთ-ერთ რეცენზიაში კომპოზიტორი ნახევრად ხუმრობით ამბობს: „საუკეთესო ფუგა იქნება ის, რომელსაც აუდიტორია შტრაუსის ვალსად აღიქვამს, სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელოვნების ფესვები ისეა შენიღბული, როგორც ყვავილის ძირი-ჩვენ კი მხოლოდ ყვავილს აღვიქვამთ“. გამორჩეულად უხრიდა ქედს იოჰან სებასტიან ბახს. მისი აღფრთოვანება შუმანს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ბახში შუმანი უპირველესად სიღრმისეულ შინაარსობრიობას აფასებდა. უაღრესად საინტერესო აფორიზმი მოყავს შუმანს ბახის შესახებ: „ბახი ნიადაგის ისეთ ღრმა შრეებში მუშაობდა, სადაც „ლამპარს ჩაქრობა“ არ ემუქრება...“ მან მილიონჯერ ბევრი იცოდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ!“ „პირადად მე, -წერდა შუმანი, -ამ მწვერვალის წინაშე აღსარებას ვამბობდი...“ სტატია „ახალი გზები“, შუმანმა 10 წლის ლიტერატურული დუმილის შემდეგ დაბეჭდა. მისი პუბლიცისტურ ასპარეზზე დაბრუნება იოჰანეს ბრამსმა განაპირობა. შუმანი აღწერს ბრამსის უზადო პიანიზმს, მის ნაწარმოებებს მელოდიურობას, სონატების სიმფონიურობას, ასევე მათ განსხვავებულობას „თითქოსდა ისინი სულ სხვადასხვა წყაროდან იკვებებოდნენ“. მან ბრამსს, ისევე როგორც მრავალ სხვას, ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველა. მასში შუმანი ხედავდა „შემოქმედს, რომელსაც ძალუძს მრავალი წინამორბედის მიზნებისა და ოცნებების განხორციელება, ახალი დროის სულის ასახვა“. შუმანი თითქოს ინტუიციით ელოდა კიდეც ბრამსის გამოჩენას და, რა თქმა უნდა, როდესაც იგი გაიცნო, ღირსეულად დააფასა! შუმანი მომავალ თაობას, შეიძლება ითქვას, მუსიკალურ ცნებებსაც კი უტოვებს. მისი „ცხოვრებისეული წესები მუსიკოსთათვის“, განკუთვნილია პიანისტებისთვის, კომპოზიტორებისთვის, ზოგადად შემოქმედთათვის: „ხშირად უკარი გამები მაგრამ ეს ჯერ ამას არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერს მიაღწევ. ზოგი სიბერემდეც კი უკრავს ტექნიკურ პასაჟებს, მაგრამ ეს იგივეა დღითიდღე უფრო იმეორებდე ანბანს“... „იმდენად უნდა განივითარო საკუთარი თავი, რომ მუსიკის კითხვა თვალებით შეძლო!“ შუმანის ეს მითითებები თითოეულმა მუსიკოსმა აღიარა, შუმანის რჩევების მართებულობა ხომ საუკუნეებმა დაამტკიცეს. შუმანის პირველი სიმფონიის ინსპირაციის წყარო იყო მეუღლე გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკის პედაგოგი კლარა შუმანი. https://www.youtube.com/watch?v=4x-82HBqTkA ავტორი: სოფიო მოდებაძე 437 შეფასება არ არის
|