x
image
მანჩო 777
როგორ გავატაროთ შვებულება მინიმალური დანახარჯებით ანუ მოვიარე საქართველო
აბა რომელ თქვენგანს არ დაუწუწუნია, ფინანსები არ მყოფნის, თორემ ფული რომ მქონდეს, აქ რა გამაჩერებდა, საზღვარგარეთ წავიდოდი სამოგზაუროდ და დასასვენებლადო. დიახ, ასეა... ყველას გვგონია, რომ სადაც არ ვართ, იქ უკეთესია და ეს იმ დროს, როცა საქართველოში შეიძლება იმოგზაურო და დაისვენო ისე კარგად, რომ სულაც არ ინატრო ეგვიპტის მეფეთა ველზე ან პარიზის ელისეს მინდვრებზე გასეირნება, თან ეს სიამოვნება უმცირესი დანახარჯებით განახორციელოთ. ის, რომ საქართველოში უამრავი ულამაზესი ადგილია და მისი ბუნება ცნობილ და პოპულარულ საზღვარგარეთულ კურორტებს სულაც არ ჩამოუვარდება, ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა მოვინახულე ბევრი ისეთი ადგილი, სადაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ ან საერთოდაც პირველად ვიყავი. ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ამ მოგზაურობიდან. მაშ ასე, მოდით, ერთად მოვიაროთ საქართველო და დავტკბეთ მისი ულამაზესი და გასაოცარი ადგილების ხილვით.




image



წინა სტატიაში უკვე მოგიყევით, რა ხდება საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე, სად შეიძლება დაისვენოთ და გაერთოთ, რისი ნახვა და დათვალიერებაა შესაძლებელი შავიზღვისპირა რეგიონებში. ახლა კი მოდით, დასავლეთ საქართველოს მთიან ადგილებს ვესტუმროთ.




image



რადგან შვებულების დიდი ნაწილის გატარება ტყიბულის რაიონში მომიხდა, პირველი წერტილი ჩვენი მოგზაურობისა ცხრაჯვარი აღმოჩნდა. ადგილი, რომელსაც უმრავლესობა რაჭას მიაკუთვნებს, მაგრამ მდებარეობით ის ტყიბულთან ახლოსაა და თავზე გადმოჰყურებს მთელ ქალაქს, ხოლო ჰორიზონტზე სხვა დასახლებული პუნქტები და ნაქერალას უღელტეხილი მოჩანს. ეს არის ადგილი, სადაც ადიხარ 1400 მეტრზე და მოწმენდილ, მზიან ამინდში შეგიძლია დაინახო შავი ზღვა. ამ დროს ხვდები, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს აღმოსჩენი და ჩვენი პატარა საქართველო კიდევ უფრო მეტ უცნობ სანახაობას იტევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. აქ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაყვანილი გზა, მაგრამ ბუნებასთან საოცარი სიახლოვე, ცასთან ხელით შეხების შესაძლებლობა და უსუფთავესი ჰაერი ყველაფერს ანაცვლებს.



image



ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია. უამრავი ლეგენდა არსებობს სალოცავის შექმნის შესახებ, ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს: ოჯახიდან ცხრა ვაჟი ომში წასულა, მათი მამა ყოველდღე ლოცულობდა შვილების სახლში უვნებლად დაბრუნებისთვის. გადაუწყვიტავს, შესაწირი შეეწირა უფლისათვის და საკუთარი მხრებით ტყიბულის თავზე, ყველაზე მაღალი მთის წვერზე ცხრა ჯვარი აუტანია და პატარა სალოცავი მოუწყვია. ომის დასრულების შემდეგ ცხრავე ვაჟი მშვიდობით დაბრუნებულა შინ. მას შემდეგ სალოცავს მნახველი და მლოცველი არ მოჰკლებია.



image



ცხრაჯვარიდან შაორის წყალსაცავი სულ ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამიტომ იქედან წამოსულებმა დრო ვიხელთეთ და ოციოდე წუთით წყალსაცავიც მოვინახულეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში შაორის წყალსაცავის გარშემო ინფრასტრუქტურა შესამჩნევად მოწესრიგდა და ბანაობის მოყვარულთათვის პატარა პლაჟებიც კია მოწყობილი. ტბაში ბევრნაირი თევზია: კობრი, საზანი, კარჩხანა, ხრამული, თეთრი ამური, სქელშუბლა, კალმახი... სამწუხაროდ, ჩვენ ანკესები თან არ გვქონდა, რომ გვეთევზავა, თუმცა იქ მყოფმა გამოცდილმა მეთევზეებმა ჰგვითხრეს, რომ ჭერა არაა და ტყუილად ნუ დაგწყდებათ გულიო. თევზის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბუნების უმშვენიერესი ხედებით კი ნამდვილად დავტკბით.



image



შემდეგი წერტილი ჩვენს გეგმაში კურორტი საირმე გახლდათ. მოგეხსენებათ, საირმე სამკურნალო მჟავე წყლებითაა განთქმული. ბაღდათის რაიონში მდებარე კოპწია სოფელი საირმე ბაღდათიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. საოცრად მიყვარს ქუთაისი- ბაღდათის გზა. აბსოლუტურად სწორი, ტყეში მიმავალი ულამაზესი გზატკეცილი და მის გასწვრივ იდეალურად სუფთა, მოვლილი ტყისპირა ბილიკები მართლა სასიამოვნო სანახავია. აშკარად ეტყობა, რომ ამ რაიონს პატრონი ჰყავს. ბაღდათს რომ გასულ საუკუნეში მაიაკოვსკი ერქვა, ეს ალბათ ყველა თქვენგანისთვის კარგადაა ცნობილი. ეს იმიტომ, რომ დიდი პოეტი სწორედ აქ დაიბადა. შორიდან დავინახეთ ვლადიმერ მაიაკოვსკის ქანდაკება და მისი სახლ-მუზეუმი, თუმცა სიმართლე გითხრათ, მის დასათვალიერებლად დრო აღარ დავკარგეთ.



image


კურორტი საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ზეკარის უღელტეხილის გადავლის შემდეგ თვალწინ გადაგვეშალა პატარა, მაგრამ საოცრად ლამაზი, ახალაშენებული სასტუმროებით, კოტეჯებით, კოპწია ბაღებით და სკვერებით დამშვენებული კურორტი.



image


ორიოდე სიტყვა ამ კურორტის დაარსების შესახებ: პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.



image


ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს. დღეს ამ ადგილს რატომღაც უდაბნო ჰქვია (უდაბნო კი არა, იქაურობა მწვანეშია ჩაფლული და გასაოცრად ლამაზი ბუნებაა) და იქ ბალნეოლოგიური სანატორიუმი მდებარეობს, სადაც ბუნებრივი ცხელი წყლის სამკურნალო მასაჟებს და სხვა პროცედურებს ატარებენ.



image



დღეს საირმე მსოფლიოში ცნობილია თავისი უნიკალური წყლებით. საოცარია ის, რომ ერთმანეთისაგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით აქ ოთხი სხვადასხვა სახის სამკურნალო წყალი ამოდის და შესაბამისად 4 ბიუვეტია მოწყობილი. დამსვენებლებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ აავსონ ჭურჭელი სასწაულმოქმედი წყლით და სახლშიც წამოიღონ.



image


საოცარია ის, რომ საირმეში ძალიან მალე ღამდება, უფრო სწორად, ძალიან ადრე ჩადის მზე, თუმცა ეს არცაა გასაკვირი: მაღალი, წიწვოვანი ხშირი ტყეებით დაბურული მთები მზეს ადრიანად მალავენ და მთების სიღრმეში ჩამალულ ვაკემდე არ უშვებენ. ალბათ მშვენიერი საცხავი იქნება ბუნება აქ ზამთარში, როცა მარადმწვანე მთები თოვლით დაიფარება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიდთოვლობისას საირმეში ამოსვლა საკმაოდ რთული იქნება გზის სირთულის გამო. ჰო, მართლა გზაზე გამახსენდა, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს საირმე-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და სულ მალე ეს ორი კურორტი უახლოესი გზატკეცილით დაუკავშირდება ერთმანეთს.



image


საირმედან წამოსულებმა გზად პატარა რესტორან ''წყალთაშუაში'' შევიარეთ, სადაც მთის მდინარეში დაჭერილი უგემრიელესი კალმახით გაგვიმასპინძლდნენ.


image


რადგან ჩვენი საწყისი პუნქტი დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა, შესაბამისად ახლომდებარე ადგილების მონახულება უფრო მარტივი იყო, ამიტომ შემდეგი დანიშნულების ადგილი გახლდათ მარტვილის და ოკაცეს კანიონები.



image


მარტვილის კანიონი სამეგრელოში, ქუთაისიდან 45 კილომეტრის დაშორებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში მდებარეობს. კანიონამდე მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია და ტურისტებისათვის იოლად მისასვლელი. მარტვილის კანიონი კანიონისებურად გაჭრილი ხეობაა, რომლის სიგრძე სულ 2400 მეტრია. ყველაზე საინტერესო სანახავი იყო 12-15 მეტრამდე სიმაღლის ულამაზესი ჩანჩერები, რომლებზეც გადასახედი ხიდებია მოწყობილი. აქ თვალი, გონება და სული მართლაც რომ ისვენებს. სიგრილე, ჩანჩქერების ხმაური და მომწვანო კამკამა წყალში მოსრიალე კალმახები მართლაც საოცრად ასვენებს თვალებს, სულს და სხეულს.


image


გსურთ იხილოთ ბუნების პირველყოფილი სილამაზე და ამავე დროს გამოცადოთ მძაფრი შეგრძნებებით და ექსტრემით გამოწვეული ადრენალინის სიჭარბე? - მაშინ ეწვიეთ ოკაცეს კანიონს.



image


ოკაცეს კანიონთან მისასვლელად მარტვილიდან უკან დავბრუნდით და ხონის გზით შევუყევით აღმართს. კანიონი მდინარე ოკაცეს ხეობაში, სოფელ ზედა გორდის და კინჩხის მიდამოებში მდებარეობს. კანიონამდე მისასვლელად საკმაოდ ციცაბო აღმართების ავლა მოგვიწია, თუმცა მოასფალტებული გზა და თვალწარმტაცი ხედები საერთოდ დაგავავიწყებთ გზის სირთულე. გზატკეცილი მაღალ მთებშია გაჭრილი და ყოველი მოსახვევის შემდეგ თვალწინ საოცრად ლამაზი ბუნება იშლება.



image


კანიონის შესასვლელთან სასტუმრო და საკონტროლო გამშვები პუნქტია, სადაც ბილეთების აღებაა შესაძლებელი. ოკაცეს კანიონი - ბუნების ეს საოცრება 1943 წელს გეომორფოლოგმა გიორგი დევდარიანმა აღმოაჩინა. შემდგომში ამ ორი უნიკალური ძეგლის მეცნიერულ ღირებულებათა შესასწავლად და თავისი ადგილის მისაჩენად, 1982 წელს გორდს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის მეცნიერები ეწვივნენ, თუმცა ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა. ოკაცეს კანიონი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა ტურისტებისათვის ხელმისაწვდომი.



image


ბუნებამ ეს ხეობა დაახლოებით 400 ათასი წლის წინ შექმნა, ხოლო კანიონიდან 50 მეტრის მოშორებით აღმოჩენილი ტბიური ნალექი მილიონი წლითაა დათარიღებული. კანიონის სიმაღლე ზოგ ადგილას ას მეტრს აღწევს, სიგანე კი 3-4 მეტრია. ხეობის ნაპირები ზოგ ადგილას ისე უახლოვდება ერთმანეთს, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლაა შესაძლებელი, თუმცა ეს საკმაოდ სახიფათო ყოფილა და საკმაოდ ბევრი ადამიანი დაღუპულა ამ გადასვლის დროს, სწორედ ამიტომ დაურქმევიათ მისთვუს "ოკაცე" ანუ "კაცებისთვის განკუთვნილი", რადგან ქალი მის გადალახვას ვერ შეძლებდა. ამჟამად ასეთი სახიფათო ტრიუკების გაკეთება აქ აკრძალულია. მეთვალყურეები ლამის ყოველ ათ მეტრში დგანან და ყურადღებით აკვირდებიან, რომ ტურისტებმა უსაფრთხოების ნორმები დაიცვან.


image


კანიონამდე მისვლა საკონტროლო პუნქტიდან ორი გზითაა შესაძლებელი: ტყეში მიმავალი ბილიკით და სამანქანო გზით. ბილიკზე ქვაფენილია დაგებული და საკმაოდ იოლი სასიარულოა, თუმცა მისი სიგრძე არც ისე ცოტაა -2200 მეტრი.



image


ადგილობრივები თავიანთი მანქანებით დგანან ბილიკის დასაწყისში და მომსახურეობას გარკვეული გასამრჯელოს ფასად გთავაზობენ. ჩვენ რადგან "ჯიპით" ვიყავით, მანქანით წასვლა ვარჩიეთ, თუმცა მალე ვინანეთ. " გზა" საკმაოდ საშიში და რთულად გასავლელი აღმოჩნდა, დაკიდებულ კლდეებზე მოგვიხდა გადავლა ("გზას ვამბობ, თორე რა გზაა, ვიწრო ბილიკი კლდეზედა"-ვაჟა გამახსენდა ამ გზის შემყურეს). იმედია ტურიზმის დეპარტამენტი გაითვალისწინებს ამ ადგილების მიმართ ტურისტების დიდ დაინტერესებას, მათ სიმრავლეს და მომავალში ამ გზას მოაწესრიგებს. ასეა თუ ისე, მშვიდობით მივაღწიეთ კანიონის შესასვლელთან.



image


მინდა ავღნიშნო ტურისტების სიმრავლე. განსაკუთრებით ბევრი იყვნენ რუსები, არაბები და ირანელები. სულ მიკვირდა, როცა ჰიჯაბებში ჩაცმულ გაფუთნულ ქალებს ვუცქერდი, როგორ ახერხებდნენ მოუხერხებული, არასპორტული ტანსაცმლით ასეთ მთიან და სახიფათო ადგილებში სიარულს. როგორც ჩანს, მობეზრებული აქვთ თავიანთი ქვეყნების უდაბნოები და სწორი ადგილები და მთიანი, გრილი და მწვანით დაფარული სანახებისაკენ მიუწევთ გული.



image



კანიონზე რამდენიმე წლის წინ დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციებისაგან აგებული ხიდები, რომლებიც კლდეებშია ჩამაგრებული. ხიდზე გავლა იოლი საქმე როდია: უფსკრულში გადაკიდებული კონსტრუქცია ქანაობს და შიშის ჟრუანტელს გგვრის. თვალუწვდენელ სიღრმეში გადახედვაც კი დიდი გამბედაობის ტოლფასია. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ სიმაღლის მიმართ პანიკური შიშის გამო 15-იოდე მეტრის გავლის შემდეგ უკან დავბრუნდი და ვერ ვიხილე ის სილამაზე, რომელიც კანიონის შუა ადგილებშია. თუმცა იმ ფოტოებშიც კი, რაც ხიდის დასაწყისში გადავიღე, მკაფიოდ ჩანს ამ მიდამოების გასაოცარი სილამაზე და ხიბლი.


imageimage



ოკაცეს კანიონიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია კინჩხის ცნობილი ჩანჩქერი, რომელიც საქართველოში სიმაღლით მეორეა ლაგოდეხის ჩანჩქერის შემდეგ.




image



ჩანჩქერთან მიახლოება 30 მეტრზეა შესაძლებელი. მიმდინარეობს სათვალთვალო ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებულია, თუმცა დამთვალიერებლებისათვის ჯერჯერობით დაკეტილია. მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, რეინჯერებმა ხიდზე არ შეგვიშვეს და საცალფეხო ბილიკით მოგვიხდა ჩანჩქერთან მიახლოება. ულამაზესი, სამ კასკადად ჩამომდინარე წყალი და მშვენიერი ბუნება სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით.



image



ჩანქერი დაბლობში ჩქარ, ანკარა, ყინულივით ცივ მდინარეს ქმნის. ძალიან გამბედავებმა მასში ბანაობაც მოინდომეს, თუმცა გაყინულ წყალში დიდხანს ვერ გაძლეს და მალევე ამოხტნენ ზევით. წყლის ტემპერატუირა 8-10 გრადუსი იქნებოდა, მაშინ როცა საკმაოდ ცხელოდა და ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევდა.


image


მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი მარტვილი-ოკაცეს კანიონებიდან. ეს ადგილები ჯერჯერობით კარგად არაა შესწავლილი და მოვლილი. ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგება და გაპიარება კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესამჩნევად ასწევს მაღლა.



image



ძალიან გამიგრძელდა მოთხრობა... თუმცა კიდევ ბევრი რამეა მოსაყოლი: ლაშქრობა ხვამლის მთაზე, რომელიც საკრალურ ადგილად ითვლება და მასთან უამრავი საიდუმლოებაა დაკავშირებული,



image



გოგნის კარუგდებელის - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მონახულება,



image



ტყეში სოკოს საკრეფად წასვლა და ნიყვებით გადაწითლებული მინდვრებით თვალის დატკბობა..



image



რომელი ერთი ჩამოვთვალო. ასე რომ, სანამ უცხოეთში სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ საქართველოშიც ბლომადაა ისეთი მშვენიერი, ულამაზესი ადგილი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს. ვისწავლოთ ჩვენი საკუთარის დაფასება და მოვლა, გვიყვარდეს საქართველო, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ მისი ბუნება!


ჩემი პატარა მონათხრობი კი მინდა ერთი ლექსით დავასრულო:

"მოვიარე საქართველო, მინდვრებს ვჭვრეტდი ყანებიანს,

აქ ღიღილო იცინოდა, იქ ყაყაჩოს ხალებია.

რა ყოფილა საქართველო, ლამაზ ბაღნარს ჰგვანებია!''



3
235
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
235
  
2018, 23 აგვისტო, 23:24
მანჩოოო
2018, 22 აგვისტო, 19:56
დიდი მადლობა
2018, 22 აგვისტო, 14:12
ბრავო მანჩო! მაგარია!
0 1 3