საბუნებისმეტყველო როგორ შეცვალეს მგლებმა მდინარეები? 2018, 15 აგვისტო, 22:16 მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეცნიერული კვლევა იყო ფართოდ გავრცელებული ტროფული კასკადების აღმოჩენა. ტროფული კასკადი არის ეკოლოგიური პროცესი, რომელიც იწყება კვებითი ჯაჭვის თავში და სიძირკვლისკენ მიემართება. ამის კლასიკური მაგალითი არის რაც მოხდა იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მგლები იქ ახლიდან დაასახლეს 1995 წელს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მგლები სხვადასხვა სახეობის ცხოველს ხოცავენ, მაგრამ ნაკლებად ვაცნობიერებთ, რომ ისინი უამვრავი სხვა სახეობის ახალ სიცოცხლეს წარმოქმნიან. სანამ ამ ადგილებში, იელოუსთოუნში მგლები გამოჩნდებოდნენ - ისინი 70 წელი არ ჩანდნენ - ირმების რიცხვი, ვინაიდან მათზე არავინ ნადირობდა, ძალიან გაიზარდა, ადამიანთა მხრიდან მათი პოპულაციის ხელოვნურად შემცირების მიუხედავად. მათ მოახერხეს მთელი ეროვნული პარკის მცენარეებისგან მთლიანად მოსუფთავება. გაანადგურეს მწვანე საფარი. მათ გადაჭამეს იქაურობა, მაგრამ როგორც კი იქ მგლები ჩასახლდნენ, მიუხედავად მათი მცირე რიცხვისა, მათ ყველაზე საოცარი ეფექტი მოახდინეს ეკოსისტემაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა მათ გარკვეული რაოდენობის ირემი დაცოხეს, მაგრამ ეს სულაც არ იყო მთავარი. ბევრად უფრო შესამჩნევი რაც იყო - მგლებმა რადიკალურად შეცვალეს ირმების ქცევა. ირმებმა დაიწყეს გარკვეულ ადგილებზე გამოჩენისგან თავის შეკავება - ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დაჭერა ყველაზე ადვილად შეიძლებოდა. უპირველესად კი ხეობებს ერიდებოდნენ და უცებ ამ ადგლებმა გარდაქმნა დაიწყო. მოხდა მცენარეულობის რეგენერაცია, კვლავ აღდგენა. ხეების სიმაღლე სულ რაღაც 6 წელიწადში გახუთმაგდა. მოშიშვლებული ხეობების მხარეები სწრაფად იქცა ვერხვის, ტირიფის და სამგვერდა ალვის ხის ტყეებად. მოხდა თუ არა ეს, ფრინველებმა შემოსვლა დაიწყეს. მგალობელი ჩიტებისა და მიმომფრენი ფრინველების საოცარი ზრდა დაიწყო. თახვების რაოდენობამ დაიწყო მატება, რადგან მათ ხეების ქერქის ჭამა უყვართ. თახვები კი, ცნობილია, რომ მგლების მსგავსად ეკოსისტემის ნამდვილი ინჟინრები არიან... ისინი სხვა სახეობის ცოცხალი არსებებისთვის ნიშებს (საარსებო გარემოებებს) ქმნიან. მდინარეში მათ მიერ აშენებულმა ბუნაგებმა უზრუნველჰყო საცხოვრებელი წავებისთვის, ონდრატრებისთვის, იხვებისთვის, თევზებისთვის, ქვეწარმავლებისთვის (რეპტილიებისთვის), ამფიბიებისთვის (წყალხმელეთა ცხოველებისთვის). მგლებმა კოიოტებიც დახოცეს და ამის შედეგად, კურდღლებისა და თაგვების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რამაც გაამრავლა მეტი ქორი, მეტი სინდიოფალა, მეტი მელა, მეტი მაჩვი. ყვავებმა, ყონებმა და თეთრთავა არწივებმა კი მგლების მიერ დატოვებული ლეშის ჭამა დაიწყეს. ასევე დათვებიც შეექცეოდნენ მას და ამიტომ მათი პოპულაციაც გაიზარდა იელოუსთოუნში, რადგან ბევრა დმეტი კენკრა მოდიოდა, კენკრის განახლებულ ბუჩქებზე. დათვებმა თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარეს მგლების გავლენა ეკოსისტემაზე ირმების პატარა შვლების დახოცვით. და ეს ყველაფერი როდია, სწორედ აი ააქ იწყება ყველაზე საინტერესო - მგლებმა მდინარეების ქცევა შეცვალეს. მდინარეებმა ნაკლებად დაკლაკვნა დაიწყო, ბევრად ნაკლები ეროზია იყო. არხები შევიწროვდა, მოიმატა წყალუხვობამ, უფრო მეტი აუზი წარმოიქმნა, უფრო მეტმა ნაკადულმა ამოხეთქა. ეს ყველაფერი დიდებული იყო ველური ბუნების ბინადრებისთვის და ეკოსისტემის კიდევ უფრო აყვავებისა და გამრავალფეროვნებისთვის. მდინარეები მგლების საპასუხოდ სრულიად შეიცვალა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ტყეები ხელახალი წარმოქმნისას არეგულირებდა სანაპიროებს, ამიტომ ისინი უკვე იშვიათად ინგრეოდა, ამიტომ მდინარეები ბევრად უფრო მოწესრიგდა. ასევე, ზოგიერთი ტერიტორიიდან ირმების განდევნით და ხეობებზე მცენარეული საფარის ხელახალი წარმოქმნით, ნიადაგის ეროზია ძალიან შემცირდა. მცენარეებით დაფარული მიწები კი ბევრად უფრო მეტ წვიმის წყალს იწოვდა და აქცევდა მიწისქვეშა წყლებად, რაც მდინარეების წყალუხვობის მომატების და ახალი ნაკადულების გაჩენის მიზეზი ხდებოდა. საოცარია, მაგრამ მგლების სულ მცირე რაოდენობამ იელოუსთოუნის არამარტო ეკოსისტემა გარდაქმნა, მიწის უზარმაზარი ნაწილი, არამედ შეცვალა მისი ფიზიკური გეოგრაფია! შეუცნობელია გზანი ბუნებისანი. სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე წყარო: ქართული სამეცნიერო ფეისბუქგვერდი "Pale Blue Dot" 850 2-ს მოსწონს
|