ჩანჩქერთან მდებარე 18 მეტრი სიმაღლის ხიდიდან მდინარეში დაქალის მიერ გადაგდებულმა გოგომ მძიმე დაზიანებები მიიღო
ვაშინგტონის შტატის პოლიცია დაინტერესდა ინტერნეტში ატვირთული ვიდეოთი, სადაც 16 წლის ჯორდან ხოლგერსონი, რომელიც მოულტონის ჩანჩქერთან 18 მეტრის სიმაღლეზე გადებულ ხიდზე დგას, გოგონა დიდხანს ვერ დაითანხმეს, გადამხტარიყო მდინარეში 18 მეტრის სიმაღლიდან.
მოულოდნელად, მეგობარმა გოგომ ხელი ჰკრა ჯორდანს და გოგონა დაუგეგმავი ჩავარდნის გამო მუცლით დაეცა წყალზე, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანება მიიღო.
ვიდეო ერთ-ერთმა მეგობარმა გოგომ გადაიღო, რომელიც ამგვარ დასასრულს ბუნებრივია, არ ელოდა, თუმცა მისი ატვირთვით აშკარა პრობლემები გაიჩინა.
ინციდენტი " TDN.com"-ის ცნობით, მოხდა 7 აგვისტოს, მდინარე ლიუისზე ვაშინგტონის შტატის კლარკის ოლქში. მოულტონის ჩანჩქერთან 18 მეტრის სიმაღლეზე გადებული ხიდი მუდმივად იზიდავს ექსტრემის მოყვარულ ადამიანებს, თუმცა 16 წლის გოგონას ნამდვილად არ გაუმართლა, როცა დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ დაქალმა ჰკრა ხელი და მდინარეში გადავარდა.
გოგონამ ძლივს შეძლო, დამოუკიდებლად ამოსულიყო მდინარიდან, ის საშინელი ტკივილებით მიიყვანეს უახლოეს კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა, რომ 16 წლის მოზარდს ხუთი ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, გახეთქილი ჰქონდა ელენთა და დაზიანებული ჰქონდა ფილტვები. სასწრაფოდ მოხდა ქირურგიული ჩარევა გოგონას გადასარჩენად.
ამჟამად გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მის სრულად გამოჯანმრთელებას ექიმების დასკვნით, რამდენიმე თვე დასჭირდება.
გოგონას დედამ საჩივარი შეიტანა პოლიციის დეპარტამენტში მომხდარ ფაქტზე და მოითხოვა გამოძიების დაწყება.
პოლიციამ საჩივრის და ვიდეოს საფუძველზე დაიწყო მოკვლევა.
შარშან აღნიშნული ხიდიდან მდინარეში გადახტომის შედეგად 47 წლის ტურისტმა ვანკუვერიდან მძიმე დაზიანებები მიიღო.