ფილოსოფია მარტოობის ფენომენი თანამედროვე სამყაროში 2018, 31 ივლისი, 19:53 ყოველი ჩვენთაგანი მარტოდმარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის, ასე რომ მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე. მთელი სიცოცხლის მანძილზე მონდომებით ვცდილობთ გავუნაწილოთ გულის საუნჯე ადამიანებს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ საუნჯის მიღება და ამიტომ ყოველთვის მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან;
გვერდზე მიჰყვები ამხანაგს, მაგრამ ეული ხარ; საუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისა არა გესმით რა.
ჩვენ თითქოს ყარიბები ვართ და თითქმის ვერ ვახერხებთ ამ უცხო ქვეყნის ენაზე საუბარს;
უამრავი ლამაზი და ბრძნული აზრი გვიტრიალებს თავში, მაგრამ ვერ გამოვთქვამთ და იძულებული ვართ “მოკლე სასაუბრო წიგნიდან“ ამოკითხული წინადადებებით დავკმაყოფილდეთ - წერს მოემი.
ამრიგად, მარტოობა შინაგანი, ღირებულებითი კონტაქტის დაკარგვაა სხვა ადამიანებთან, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სრული მოშლა მათ შორის.
სწორედ ასეთ ადამიანს გულისხმობდა ლ. შესტოვი, როდესაც წერდა:
„მომავლის დრამაში, სრულიად სხვა ვითარება გვექნება: გმირს ექნება წარსული, მაგრამ მოკლებული იქნება აწმყოს, მას არ ეყოლება ოჯახი, მეგობრები, არ ექნება საქმე, ის იქნება მარტო და ილაპარაკებს მხოლოდ თავის თავთან ან წარმოსახულ პერსონაჟებთან, იგი იცხოვრებს ადამიანებისგან შორს, რის გამოც სცენა წარმოგვიდგება უკაცრიელ კუნძულად ან ოთახად დიდ, მრავალრიცხოვან ქალაქში, სადაც მილიონ ობივატელთა შორის შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც უდაბურ კუნძულზე. ასეთ გმირს მოჭრილი აქვს გზა უკან, საზოგადოებრივი იდეალებისა და ადამიანებისკენ“.
ტრაგიკული პათოსით არის გამსჭვალული მე-20 საუკუნის ეგზისტენციალური აზროვნებაც, რომელიც ს. კირკეგორის, თ. დოსტოევსკისა და ფ. ნიცშეს იდეებით იკვებება. ნ. ბერდიაევი, ლ. შესტოვი, ა. კამიუ, ჟ. პ. სარტრი ერთსულოვანი არიან ადამიანის, როგორც ღრმად ტრაგიკული არსების დახასიათებაში.
ამ ტრაგედიის მიზეზები, მათი აზრით, საზოგადოდ ყოფიერების, კერძოდ კი, ადამიანის ყოფიერების სტრუქტურაში, მისი ონტოლოგიური სტატუსის თავისებურებაში უნდა ვეძიოთ.
ასე, მაგალითად, ნ. ბერდიაევს ადამიანის ტრაგიკულობის ძირითად წყაროდ მიაჩნია წინააღმდეგობა პიროვნების, „მე“-ს უნივერსალურ მისწრაფებასა და ამ მისწრაფების შემზღუდავ, უცხო ადამიანისადმი მტრულად განწყობილ გარემოს შორის.
ამ წინააღმდეგობის დაძლევა, ადამიანის ცხოვრების აზრის და ამასთანავე ისტორიის საზრისის სრულყოფილი განხორციელება შეუძლებელი ჩანს ჩვენი გარემომცველი ობიექტივირებული სამყაროს ფარგლებში.
ფრ. ნიცშე ზარატუსტრას პირით წინასწარმეტყველებდა ევროპელი ადამიანის უკიდურეს დაწვრილმანებას, მისი მთლიანობის დაშლასა და დეგრადაციას:
„მე ვიხილე ყველაფერს მოკლებული ადამიანები, მაგრამ ამავე დროს მოჭარბებულად მდიდარნი... მე ვხედავ ადამიანს ნაკუწებად დანაწევრებულს და გაფანტულს, ვითარცა ბრძოლის ველზე - წერდა ნიცშე.
თანამედროვე სამყაროში ადამიანს არ რჩება ადგილი, სადაც შეუძლია შეაფაროს თავი, როგორც მოხეტიალეს არ აქვს მყარი სამყოფელი, ამიტომ მარტოობის ფენომენი თანამედროვე ადამიანის განუყრელი თანამგზავრი, მისი ცხოვრების რელიეფური გამოხატულებაა. ავტორი: სოფიო მოდებაძე 110 შეფასება არ არის
|