x
image
ნინო ბაისონაშვილი
საბჭოთა სინამდვილე კაპასა და სტაინბეკის ობიექტივში
“ რუსული დღიურები“ ნობელის პრემიის ლაურეატის, ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, ერთ-ერთი საინტერესო ნაწარმოებია. სტაინბეკმა და ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, რობერტ კაპამ, “ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს. პოსტ -მეორე მსოფლიო ომის სსრ-ს ყოფაზე წიგნი გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის მკითხველს. კაპასა და სტაინბეკის მოგზაურობას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია. მათ უბრალო საბჭოელი ხალხის ყოფის ასახვა სურდათ თავიანთ ობიექტივში . მწერალი თავადაც გაოცებულია, რომ საბჭოთა მხარემ მათ ამის საშუალება მისცა.

“ იყო რაღაც-რაღაცები რუსეთის შესახებ, რაზეც აქ არავინ წერდა და, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. როგორ ეცვათ იქ? სადილად რას ჭაამდნენ? წვეულებებს თუ მართავდნენ და რითი უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს?“ - ამ კითხვებზე პასუხის საპოვნელად ისინი 1947 წელს მოსკოვს ეწვივნენ. ორთვიანი მოგზაურობის დროს მათ უკრაინა და საქართველოც მოინახულეს, რომლებიც ასევე საინტერესოდ ასახეს თავიანთ ნამუშევრებში.

image

მიუხედავად იმისა, რომ სტაინბეკი კარგად ასხვავებს რუსებს, ქართველებსა და უკრაინელებს და მათ ზოგჯერ ერთმანეთს ადარებს კიდეც, ხშირად, საბჭოთა ხალხს მაინც რუს ხალხად მოიხსენიებს.


“ვიცით, რომ ეს დღიური არც მემარცხენეებს მოუბრუნებს გულს და არც მემარჯვენეებს. პირველნი იტყვიან, რომ ანტირუსულია, მეორენი- პრორუსულიაო. სინამდვილეში კი ზერელე დაკვირვებებია ან კი როგორი გინდთ, რომ იყოს?დასკვნებს ჩვენ ვერ გამოვიტანთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ რუსები სხვა ხალხებს გვანან. იქაც ურევია ცუდი, უმეტესობა კი კარგია“ - ასე სრულდება ნაწარმოები.


მართლაც ძნელია გამოარკვიო მწერლის პოზიცია, თუმცაღა, ვფიქრობ, ის ცდილობს, რომ რეალისტურად ასახოს ის, რაც იხილა. თუ რიგ სკითხებში მწვავედ აკრიტიკებს საბჭოთა ბიუროკრატიას, გართულებულ პროცედურებს, ცუდ ორგანიზციას, ერთი პიროვნების ძალაუფლებას, მეორე მხრივ, აღფრთოვანებას არ მალავს ნაციონალური სამზარეულოთი, უბრალო ხალხის შრომისმოყვარეობითა და გულკეთილობით, კულტურით, სილამაზით, განსაკუთრებით კი საქართველოს შესახებ:

“სადაც არ უნდა ვყოფილიყავით- იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი ყველგან წინ გვხვდებოდა ეს მაგიური სიტყვა – საქართველო. ადამიანები, რომელნიც იქ არასოდეს ყოფილან და ალბათ ვერასოდეს ვეღარც წავლენ, საქართველოზე ლაპარაკობდნენ დიდი გრძნობითა და აღტაცებით. ისინი ქართველებზე ლაპარაკობდნენ როგორც ზეადამიანებზე, კარგ მსმელებზე, დიდ მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, სანიმუშო მშრომელებსა და საყვარლებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი იხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე მართლა ვრწმუნდებოდით იმაში, რომ რუსების უმრავლესობას სჯეროდა, რომ თუ ისინი კარგად და წესიერად იცხოვრებდნენ, სიკვდილის მერე სამოთხეში კი არა საქართველოში მოხვდებოდნენ“

“ეს ქართველები მართლაც სხვანაირები არიან გარეგნობით. ისინი არიან უფრო მუქი, და ბოშებს წააგვანან, ქათქათა თეთრი კბილებით, გრძელი ლამაზად გამოყვანილი ცხვირით, და შავი ხუჭუჭა თმით. თითქმის ყველა კაცი ულვაშიანია, და უფრო ლამაზები არიან ვიდრე ქალები. ისინი არიან გამხდრები და ძლიერები და აქვთ შავი, ბრწყინვალე თვალები. ეს არის ცეცხლოვანი, ამაყი, მგზნებარე და მხიარული ერი. რუსეთის სხვა ერები მათით ძლიერ აღტაცებულნი არიან“-პრინციში, ესაა რეალობა, რომელიც მათ აჩვენეს და მათ, შეძლებისდაგვარად, ობიექტურად გადმოსცეს. ბუნებრივია, მათ კიდევ ბევრი რამ არ უნახავთ. შიშს, ტერორს და გაჭირვებას ამერიკელ ჟურნალისტებს სტალინის საბჭოთა კავშირში არავინ აჩვენებდა.

image

მართალია, მათი მოგზაურობის მიზანი არ ყოფილა პოლიტიკური ხასიათის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ქვეყნებზე საუბრისას, პოლიტიკის თავიდან სრულად აცილება ყოვლად შეუძლებელია, სტაინბეკი მასზე მაინც საუბრობს და პარალელს ავლებს ამერიკასთან. თუკი ამერიკაში ერთი კაცის ძალაუფლება ყველაზე მეტად აშინებთ, საბჭოთა რეალობაში დედამიწა ერთი კაცის გარშემო ბრუნავს. ისაა მხსნელი, მამაც და მარჩენალიც, ხალხი მის ხატზე ლოცულობს და გულწრფელად სჯერა, რომ “დიდ მამას“ არაფერი ეშლება.

მწერლის თვალს არც ლენინის მუზეუმად ქცეული მავზოლეუმი გამორჩენია, საბჭოთა ხალხს ორი კუმირი ჰყავდა, ცოცხალი და გარაცვლილი-ლენინი და სტალინი. ეს კი ამერიკელ მწერალს, ბუნებრივია, ერთობ ეუცნაურებოდა.

კიდევ ერთი საინტერესო შედარება, რომელსაც მწერალი “რკინის ფარდით“ გაყოფილ ორ სამყაროს შორის ახდენს, მწერლობის როლია. თუ ამერიკაში ლიტერატურის ძირითადი დანიშნულება საზოგადოების სამსახური იყო, საბჭოთა მწერლობა ხელისუფლებას ედგა მსახურად.

“საბჭოთა მწერლის საქმეა მათი სისტემის ქება-დიდება, წაქეზება, მაშინ, როცა ამერიკასა და ინგლისში, კარგი მწერალი საზოგადოების დარაჯი ძაღლია“-მისი აზრით, არაფერში ისე არ განსხვავდება ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისგან, როგორც შემოქმედბის და მისი დანიშნულების საკითხში.

სტაინბეკს არც უკრაინელების სილამაზე გამორჩენია, არც ქართველების მუსიკალობა და პოეზიის სიყვარული. ის ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია ამერიკელი და საბჭოთა ხალხისა.


მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეალობა არც ისე სრულყოფილადაა გადმოცემული ნაწრმოებში, ეს კი შეუძლებელიც იყო, ამ მოგზაურობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ესაა იმ პერიოდში შექმნილი იშვიათ წიგნათაგანი, რომლის მიზანი არ ყოფილა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხის დემონიზება ისევე, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა პრესა ამერიკელების შესახებ. მწერალი ხედავს, რომ უბრალო ხალხს ომი კი არ სურს, არამედ- მშვიდი ცხოვრება და ომის ხსენებაც კი აფრთხოფთ. ცრუ პროპაგანდამ კი შეძლო მათი დარწმუნება, რომ ამერიკის მთავრობას და ხალხს საბჭოთა კავშირთან ომის წარმოება აქვს გადაწყვეტილი.

“რუსული დღიურების“ წაკითხვის შემდეგ, მკითხველი რწმუნდება, რამდენად აუცილებელია კულტურული ურთიერთობები და რამდენად საშიშია ცალმხრივი ისტორიები, რამდენად დიდი ბოროტებაა ხალხს შორის წყალგამყოფის გავლება, მიმოსვლის, კომუნიკაციის აკრძალვა და მათი საინფორმაციო ვაკუუმში გამომწყდევა.

image






0
379
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0