x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რევოლუცია სტომატოლოგიაში: დღეს უკვე შესაძლებელია კბილის ნებისმიერ ასაკში ამოყვანა

უკვე რამდენიმე წელია, რაც მასობრივი ინფორმაციის წყაროებში, პერიოდულად, ჩნდება ინფორმაცია, რომ უკვე შესაძლებელია, ამოღებული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანა. ეს კი, რა თქმა უნდა, გულგრილს ვერ დატოვებს ადამიანებს, რომლებისთვისაც კბილის (კბილების) არქონა დიდ პრობლემად იქცა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სამეცნიერო ცენტრებში და ლაბორატორიებში, უამრავი მეცნიერი მუშაობს აღნიშნულ პრობლემაზე და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს.


image


ასე, მაგალითად, კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა, პროფ. ჯერემი მაოს ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს მეთოდოლოგია, რომლიც დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი, სრულფასოვანი კბილის ამოყვანის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით, სამეცნიერო სტატია ჟურნალ Journal of Dental Research-ში იყო გამოქვეყნებული.

პროფესორი მაოს მეთოდით, პაციენტის ყბაში ბიოშეთავსებადი პოლიმერებისგან, კაპროლაკტონის და ჰიდროქსიაპატიტისგან დამზადებული კბილის ფორმის კარკასის ინპლანტირება ხდება.

კბილის ამოყვანის სრული ციკლი ასეთია: კბილის კარკასი ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად, 3D მოდელირებით იქმნება და მისი ამობეჭვდაც სამგანზომილებიან პრინტერზე ხდება. კარკასის სტრუქტურა ფოროვანია და მასში სპეციფიკური ნივთიერების, უჯრედების სტიმულატორის (stromal-derived factor-1, SDF1) და ძვლოვანი მორფოგენული ცილების (bone morphogenetic protein-7, BMP7) მოთავსების შემდეგ, ამოღებული კბილის ადგილზე ხდება ინპლანტირება. კარკასში მოთავსებული ნივთიერების ზეგავლენით, ღეროვანი უჯრედების მიგრირება ხდება კარკასის შიგნით და საშუალოდ, 9 კვირის შემდეგ, კბილის ჩამოყალიბება და პაროდონტის იოგების აღდგენა ხდება. რაც შეეხება კარკასს, ის დროთა განმავლობაში გაიწოვება და მის ადგილს ჩვეულებრივი კბილი იკავებს.

მეთოდის ტესტირება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირთხებზე მიმდინარეობს. მაგრამ, უკვე ჩანს, რომ მას კარგი პერსპექტივა აქვს და რომ უახლოეს მომავალში, მის გამოყენებას სტომატოლოგებიც შეძლებენ.

image

იაპონიაში შემუშავებული კბილის ამოყვანის მეთოდი რადიკალურად განსხვავდება ამერიკული მეთოდისგან. მათ სრულფასოვანი კბილი სინჯარაში გაზარდეს და მისი ინპლანტირება თაგვის ყბაში მოახდინეს. კბილის გასაზრდელად, მათ თაგვის მეზენქიმალური ღეროვანი და ეპითელური უჯრედები გამოიყენეს. აღნიშნული უჯრედები კოლაგენურ კარკასში მოათავსეს და ქსოვილის ზრდის ტექნოლოგიის გამოყენებით, 1, 3 მმ-იანი კბილი გაზარდეს, რომელსაც კბილისთვის დამახასიათებელი ყველა ორგანო ჰქონდა: მტკიცე ემალი, პულპა, დენტინი, სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები. ეს კბილი 2 თვის თაგვს გადაუნერგეს, ამოღებული კბილის ადგილზე. ინპლანტირებული კბილი ადვილად შეხორცდა და ფუნქციონალურად, სხვა კბილებისგან არ განსხვავდებოდა.

როგორც იაპონელი მეცნიერები ამბობენ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში. ისინი კბილის ამოყვანის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ და არა მარტო კალოგენების საფუძველზე, არამედ ცოცხალ უჯრედებზეც ატარებენ ექსპერიმენტებს. მათი მიზანი, ტექნოლოგიის შექმნაა, რომელიც ორგანიზმის რამდენიმე უჯრედიდან, სრულფასოვანი ორგანოს ამოყვანის საშუალებას მისცემთ.

image

პოლტავის (უკრაინა) ქსოვილების ტრანსპლანტაციის ცენტრში, მეცნიერ-გენეტიკოსმა ალ. ბარანოვიჩმა ღეროვანი უჯრედების განგამოყენებით, კბილის გაზრდის ტექნოლოგია შეიმუშავა. ამ ტექნოლოგიამ უკვე გაიარა ტესტირება მოხალისეებზე და საკმაოდ დამაიმედებელი შედეგიც აჩვენა.

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების წყაროდ ბავშვის სარძევე კბილი გამოიყენეს. მათ კბილიდან გამოყვეს ნივთიერება, რომლის ზემოქმედებით, ღრძილის უჯრედები ოდონტობლასტებად — კბილების ჩანასახოვან უჯრედებად გარდაიქმნება და უკვე შემდეგ, სპეციალური მეთოდის გამოყენებით, ამ უჯრედებიდან კბილისთვის დამახასიათებელი სრულფასოვანი ქსოვილების — დენტინის, პულპას, ემალის და ნერვული ბოჭკოების ჩამოყალიბება ხდება.

უკრაინელმა მეცნიერები კბილის ამოსვლის საკუთარი ტექნოლოგიის დაპატენტება სცადეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტექნოლოგიაზე პატენტი უკვე გაცემული იყო და მისი მფლობელი ამერიკული სტომატოლოგიური კორპორაცია «Adeсkron»-ი არის.

image

დაკარგული კბილის ადგილზე, ბუნებრივი გზით, კბილის ამოყვანაზე რუსი მეცნიერებიც მუშაობენ. მოსკოვის რამდენიმე სტომატოლოგიური ცენტრი, მსურველებს უკვე დღეს სთავაზობს ბუნებრივი კბილების ამოყვანას. ერთ-ერთი ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტექნოლოგია რომელსაც ისინი იყენებენ, რუსი მეცნიერების მიერ არის შემუშავებული და 3 წლიანი პრაქტიკის მანძილზე, უარყოფითი შედეგი არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ყველას, ვინც კბილის ამოყვანის სურვილს გამოთქვამს, ცენტრის ხელმძღვანელობა აფრთხილებს და ხელს აწერინებს შესაბამის საბუთზე, რომ მეთოდი ექსპერიმენტალურია და წარუმატებლობის შემთხვევაში, კლინიკა პასუხისმგებლობას არ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეებისგან მხოლოდ ტექნოლოგიური მომსახურების საფასურს იღებენ, კბილის ამოყვანა მაინც ძვირი ჯდება – ერთი კბილი, დაახლოებით, 3 000 ევრო ღირს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ტექნოლოგიით, ინექციის შედეგად, ადამიანს სარძევე კბილი ამოსდის, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მოსძვრება და რა მოხდება შემდეგ, ჯერ არ იციან. სამაგიეროდ, კონტრაქტში დაფიქსირებულია, რომ კბილის მოცვლის შემდეგ, მის ადგილზე, ახალი კბილი თუ არა ამოვა, ოპერაციას 50% ფასდაკლებით გაუკეთებენ.



image


კვლევის მასშტაბურობა და მისი ტემპები, მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ დაახლოებით, 2030 წლისთვის, კბილის ამოყვანის მეთოდი მასობრივად გავრცელდება და ის თანდათანობით ჩაანაცვლებს პროთეზებს და ინპლანტანტებს.

0
1539
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0