x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორი კრიმინალური დეტექტივი

ბუმერანგი

image

სუსტი აღნაგობის მამაკაცი მოწმის ადგილზე იჯდა და თავისი ჰალსტუხის კიდეს ხელით წიწკნიდა. ის იყო რეინორის მდივანი და ორი ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელიც საოლქო პროკურორის სახლში იყო, მისი მკვლელობის საღამოს. მე გკითხეთ: — სიკვდილის დღეს, რეინორს არ უთქვამს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებითაც მას სახრჩობელაზე გაუშვებდა?
— პროტესტს ვაცხადებ! — წამოიძახა სემ ლობაკმა, დაცვის ადვოკატმა, და მისი ფუმფულა ლოყებიანი სახე ალისფრად დაიფერა.
— მიღებულია, — ჩაიჩურჩულა მოსამართლე მარტინმა, ისე რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.
ასე იყო მთელი პროცესის მანძილზე: ადვოკატი პროტესტებს აცხადებდა, ხოლო მოსამართლე მხარს უჭერდა. და ამ ყველაფერს ერქვა მართლმსაჯულება. სასამართლოს შენობის წინ მდგარი სასწორიანი ქალბატონი, ამის შემყურე, ალბათ, სიცილით ჩაბჟირდებოდა, ქვის რომ არ ყოფილიყო.
ფუმფულა ლოყებიანი ადვოკატი სკამზე დაჯდა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად. მე ეჭვი არ მეპარებოდა — სწორედ მან მოკლა ჩემი უფროსი, საოლქო პროკურორი რეინორი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემდი და რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი.
გარკვეული თვალსაზრისით, ფრენკ ჰაუზერის ცხოვრება სავსებით შემდგარი იყო. სხვისი ოფლითა და სისხლით, მან შექმნა საკმაოდ დიდი შემოსავლის მომტანი ბიზნესი: მის მფლობელობაში იყო ბორდელები, ღამის კლუბები, სათამაშო ავტომატები, ლატარიის მომწყობი კომპანიები, იყო წვრილი მეწარმეების «კრიშა» — მოკლედ, რასაც შემოსავალი მოჰქონდა, ყველაფერი მის ხელში იყო.
ის ძალიან მოქნილი და ცივი ადამიანი იყო. ამასთან, ძალიან საშიში, ისეთივე, როგორც ჩხრიალა გველი.
მას დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკოსებზეც. საკმარისი იყო რამე მოესურვებინა და მის დაკრულზე, მინიმუმ 2 პოლიტიკოსი მაინც იწყებდა ცეკვას. და ამ სიტუაციაში, სრულიად მოულოდნელად, ორი თვის წინ, «ქარმა მიმართულება შეიცვალა» და საოლქო პროკურატურაში, უფროსად, დენ რეინორი დანიშნეს. თვითონ დენი მოუსყიდავი კი იყო, მაგრამ უვნებელი, თუმცა განსაკუთრებული საქმეების გამომძიებელთან, ტომ ჰეგენთან წყვილში, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ფრენკ ჰაუზერის დანაშაულებრივ ბიზნესს.
ჰეგენი ნამდვილი პოლიციელი იყო თმის ღერიდან, ფეხის ტერფამდე. ის დაუღალავად აგროვებდა მტკიცებულებებს ჰაუზერის წინააღმდეგ და იმდენი მოაგროვა, რომ მასალებზე დაყრდნობით, «დიდი ბოსი», და მასთან ერთად, ხუთი-ექვსი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, შეეძლო სახრჩობელაზე გაეგზავნა.
ამიტომ, რეინორი უნდა მომკვდარიყო, ხოლო მტკიცებულებები სეიფიდან აორთქლებულიყო. და ჰეგენი... თუმცა, სად არის ჰეგენი? ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს ჰაუზერის კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან. სად არის ის? მდინარის ფსკერზე? გაქცეულია? ან იქნებ მოისყიდეს? ეს მე არ ვიცოდი. და რომ მცოდნოდა, არა მგონია, ეს ახლა, რამეში დამხმარებოდა. რადგან მკვლელობის საქმე უმაღლეს დონეზე იყო «შეკერილი». და ჰაუზერი, ამ საქმეშიც, მშრალი ამოვიდოდა წყლიდან.
ნაფიცი მსაჯულები რომ მოსყიდულები იყვნენ, ამას მოსმენის მეორე დღეს მივხვდი. გარდა ამისა, მოსამართლე მარტინი სწორედ ჰაუზერმა ჩასვა ამ სავარძელში და ის აუცილებლად მის მხარეს დაიჭერდა. ასეთ სიტუაციაში, ჰეგენის გარეშე, ვერაფერს გავაკეთებდი.
როგორ მინდოდა, რომ ყველას გასაგონად მიეცა ჩვენება, ვიდრე მას სასამართლოს აღმასრულებლები გაათრევდნენ მოწმის ლოჟიდან. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ჰაუზერის ჩამოხრჩობისთვის საკმარისი, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, ჰეგენსს ხალხი მოუსმენდა, მოუსმენდნენ გაზეთების წარმომადგენლები, და იქნებ, ყველას გაეგო, რა საქმეებს ატრიალებენ ჩვენს დიდებულ ქალაქში.
მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იმ საღამოს, როდესაც რეინორი მოკლეს, ჰეგენი მის სახლში იყო. ის სხვა ოთახში მუშაობდა და როდესაც სროლის ხმა გაიგო, შეამჩნია რომ, სახლს მანქანა შორდებოდა და ქუჩაში გაიქცა. ეს იყო ჰაუზერის მანქანა, ჰეგენმა ის იცნო.
მაგრამ ჰეგენი გაქრა.
50 ათასი? 100? ჰაუზერის საზომით, ეს თანხა — მეტისმეტად უმნიშვნელო იყო. მაგრამ სხვას თავბრუს დაახვევდა. მე ვიცი, რომ ამ საქმეში დიდი ფული ტრიალებდა. ვიცი, რადგან მეც შემომთავაზეს. დღემდე მახსოვს, ეს როგორი დიდი ცდუნებაა. მაგრამ მე რომ ამეღო ქრთამი რეინორის მკვლელისგან, მერე ჩემი სინდისისთვის რა პასუხი უნდა გამეცა?
იარაღი, რომლითაც რეინორი მოკლეს, მის კაბინეტში ფანჯრიდან შეაგდეს. სამხედრო ნიმუშის ავტომატური პისტოლეტები, მილიონობით იყო გამოშვებული და პატრონის მოძებნა, ფაქტიურად შეუძლებელი იყო. იარაღი ნივთმტკიცებულებების სიაში ირიცხებოდა. მე ის ავიღე და კაცს ვაჩვენე, რომელიც მოწმის სავარძელში იჯდა.
— როდესაც თქვენ სროლის ხმა გაიგეთ და კაბინეტში შეხვედით, ზუსტად რა ადგილზე იდო პისტოლეტი?
რეინორის მდივანმა ტუჩები მოილოკა და უაზრო გამომეტყველებით მიპასუხა:
— მისტერ რეინორის ჩამოკიდებულ ხელთან.
მე წამით გავქვავდი და გაყინული მზერით მივაშტერდი მოწმეს. დარბაზში ჩურჩულის ტალღამ გადაიარა. დიახ, მათ გამოუვიდათ. მათ მოწმის მოსყიდვაც შეძლეს. და ეხლა ყველაფერი ისე უნდოდა წარმოედგინათ, თითქოს მთავარმა პროკურორმა თავი მოიკლა. ჩემი საკუთარი მოწმის ასეთმა პასუხმა, ბრალდების მოწმემ, არანაირი შანსი აღარ დამიტოვა.
ის რაც მოხდა ერთი წამის შემდეგ, საერთოდ უპრეცენდენტო იყო. მე ელვის სისწრაფით მივედი გალეულ მოწმესთან და ერთი კარგი მუშტი ვუთავაზე პირდაპირ სახეში.
იქ ამბავი დატრიალდა! მოსამართლე მარტინი ჩაქუჩით აკაკუნებდა. დაცვის ადვოკატი წამოხტა და რაღაცას ღრიალებდა. ორი ბადრაგი მომვარდა და ჩემი მოწმისგან მოცილება უნდოდათ. ჰაუზერი მზაკვრულად იღიმოდა. მასთან მისვლა რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავახრჩობდი.
მე დაველოდე, ვიდრე მოსამართლე სიტყვას დაასრულებდა და ბოდიშის მოხდაზე უარი განვაცხადე. მე ვიდექი და აღარაფრის თქმას არ ვაპირებდი და საერთოდ, წასვლა მინდოდა, მაგრამ დარბაზის უკანა რიგებში ჩოჩქოლი ატყდა.
იქით გავიხედე, და საფეთქლებში საკუთარი გულის კაკუნის ხმა გავიგე. ცენტრალურ გასასვლელში მაღალი კაცი მოაბიჯებდა. მომეჩვენა, რომ ის ხის ფეხებზე იდგა, ხოლო მისი ხელები მჭიდროდ ეკვროდა გვერდებს. ტომ ჰეგენი...
ის მე არ მიყურებდა. ის საერთოდ არავის უყურებდა. მივიდა მოწმის სავარძელთან და ნელა დაჯდა. ძალიან დაღლილად, თითქმის გამოფიტულად გამოიყურებოდა. მე შევნიშნე ოფლის წვეთები მის შუბლზე და მთელს სახეზე.
დაცვის ადვოკატმა ხმამაღლა ამოისუნთქა. ჰაუზერს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა. ორივენი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ჰეგენი აფრიკაში გაეგზავნათ საკუთარი ანგარიშით, ის კი ადგა და აქ გამოცხადდა.
ძლიერი აღგზნების გამო, ჩემმა სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა ძარღვებში. როგორც იქნა, მე რამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა. მე რამდენიმე მოსამზადებელი კითხვა დავუსვი მოწმეს. ის გაურკვევლად და მოკლედ პასუხობდა. როგორც იქნა ხელში სამხედრო პისტოლეტი ავიღე და მოწმეს გავუწოდე.
— აი პირველი ნივთმტკიცება, — ვთქვი მე. — თქვენ იცანით ეს პისტოლეტი?
ჰეგენი ნელა ატრიალებდა პისტოლეტს ხელში. დარბაზში, ისეთი სიჩუმე იყო, რომ კედელზე ჩამოკიდული საათის ხმა ისმოდა. ჰეგენმა გადასწია ჩამკეტი და ჩაიხედა ცარიელ სავაზნეში, როგორც იქნა, მან ხელები მუხლებზე დაიწყო და თვალები ასწია.
— დიახ. ამ პისტოლეტით იყო მოკლული მისტერ რეინორი.
— თქვენ სად იყავით, როდესაც სროლის ხმა გაისმა?
მან თვალებში შემომხედა და თქვა:
— სწორედ იმ მომენტში, შევაღე მისტერ რეინორის კაბინეტის კარი.
ის იტყუებოდა! რადგან სროლის მომენტში, ის საკმაოდ შორს იმყოფებოდა კაბინეტიდან. მე კრუნჩხვიანივით ჩავისუნთქე ჰაერი, სემ ლობაკის პროტესტის მოლოდინში, მაგრამ ის დუმდა. მე მაშინ მივხვდი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ჰეგენს. მან გადაწყვიტა, რომ თუ ყველა მოწმე იტყუება და მაამებლურ ჩვენებას აძლევს დაცვის სასარგებლოდ, შეიძლებოდა ფაქტების გადაქაჩვა ბრალდების მხარეს. მაგრამ თუ ისიც გაიყიდა? უცბად რომ განაცხადოს, რომ დაინახა, როგორ მოიკლა თავი რეინორმა? მე, სუნთქვა შევიკავე და მას შემდეგი კითხვა დავუსვი:
— და რა დაინახეთ თქვენ იქ?
დაძაბულმა ლობაკომ და ჰაუზერმა წინ წამოიწიეს. მოსამართლე მარტინი ადგილზე გაიყინა. ჰეგენმა თვალი მაგიდას გადაატარა, რომელთანაც დაცვის ადვოკატი იჯდა და ჰაუზერს მიაშტერდა.
— მე ჰაუზერი დავინახე. ის ფანჯრის მიღმა იდგა და იარაღს რეინორს უმიზნებდა. აი ასე...
ჰეგენმა პისტოლეტი ზევით ასწია და მიზანში ბრალდებული ამოიღო. ჰაუზერს ყბა ჩამოუვარდა და ადგილზე გაქვავდა. და პირველად ჩემს ცხოვერებაში ვნახე მეტყველების უნარდაკარგული ლობაკი. ჰეგენის მიერ მოწყობილ, ასეთ წარმოდგემას, არავინ ელოდა. ხოლო მისმა თვალებმა ანარეკლი დაკარგა, ისეთი გახდა, როგორც ფანჯრები მინის გარეშე, გასიებული ვენა ირიბად კვეთდა მის შუბლს, ხმა კი მკვეთრად, ზარივით გაისმა დარბაზში.
— ჰაუზერმა ჩახმახს გამოჰკრა... აი... ესე...
გაისმა სროლის ხმა, და მე დავინახე ჰაუზერის საფეთქელთან, წარბის ცოტა ზემოთ, ნახვრეტი, რომლიდანაც სისხლი გამოდიოდა. წამით მის სახეზე უნდობლობა აისახა, ხოლო შემდეგ, ის თავისი ადვოკატის მაგიდაზე, უსულოდ დაეცა.
გაისმა ქალი განწირული კივილი. მაყურებლები სკამების ქვეშ შეძვრნენ. შეშინებული ნაფიცი მსაჯულები, მათთვის განკუთვნილი, ლოჟის უკანა მხარეს შეიყუჟნენ. მოსამართლე, ზევით აწეული, დასარტყმელად გამზადებული ჩაქუჩით გაიყინა.
ჰეგენს პისტოლეტი გაუვარდა, და ის ხმაურით დაეცა იატაკზე. მოწმის ყვითელი, სანთლის სახე, უეცრად, გამარჯვებულის ღომილმა გაანათა — მან შეძლო პისტოლეტში ერთი ვაზნის შეუმჩნევლად ჩადება. მე ტომს ხელი იდაყვში წავავლე და ძლიერ მოვქაჩე.
— მას არ უნდოდა, რომ ჩვენება მიმეცა, — ყრუდ ჩაილუღლუღა მან.
— მაგრამ შენ მკვლელობა ჩაიდინე! — დავიყვირე მე. — და შენ არ დაგინახავს, როგორ ესროლა ჰაუზერმა პროკურორს.
— არა, — ისევ ჩაილუღლუღა ჰეგენმა და ხველა აუტყდა — არ მინახია. სამაგიეროდ, დღეს დილით ვნახე, როგორ კლავდა სხვა ადამიანს.
მე თვალები დავაჭყიტე.
— ვის?!
— მე... — ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა ჰეგენმა.
ის ოდნავ მობრუნდა, გვერდით გადაიხარა, მოწმის სავარძლიდან გადავარდა და გულაღმა დაეცა იატაკზე. მისი პიჯაკი გაიხსნა და თეთრ პერანგზე, მეწამურის ფერი, უფორმო ლაქები დავინახე.

ჰაროლდ მაზური

image

საათი გუგულით

image

თებერვლის მოღუშული ორშაბათი იყო. პირველი სატელეფონო ზარი, საღამოს 11 საათზე გაისმა.
– თქვენი ნომერი გაზეთით შევიტყვე, – გაუბედავად გაისმა ყურმილში ქალის სასიამოვნო, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. განცხადებაში ეწერა: «ცხელი ხაზი თვითმკვლელებისთვის. 24 საათი დღე-ღამეში, სრული ანონიმურობა გარანტირებულია, უფასოდ. 648-2444».
ოპერატორი ზარებს იღებდა და პოტენციურ თვითმკვლელებს იმ ხალხის სახლის ტელეფონებთან აკავშირებდა, ვინც იმ დღეს, თავისი სურვილით მუშაობდა.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ჰკითხა მარტა პრუეტმა.
– არც კი ვიცი... – ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, უპასუხა ქალმა. – საერთოდ, მე არ ვაპირებ თავის მოკვლას. საშინელ ხასიათზე ვარ და ვინმესთან საუბარი მომინდა.
– მერე და რატომ ხართ ასეთ ხასიათზე?
– ისე, უბრალოდ, საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს, – გაისმა ბუნდოვანი პასუხი. – იმედი მაქვს, ჩემი ტელეფონის ნომრის დადგენას არ შეეცდებით?
– რა თქმა უნდა, არა, – დაამშვიდა ის მარტამ. – ამას რომ ვაკეთებდეთ, აღარავინ დაგვირეკავდა. თუ გამეცნობით, თქვენი სახელიც საიდუმლოდ დარჩება. ჩემი ვალია – თქვენ დაგეხმაროთ. მე თქვენი ნებართვის გარეშე, თქვენს სიტუაციას არავისთან განვიხილავ.
– ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ... რა გქვიათ?
– მარტა.
– მე კი ჟანეტი ვარ.
– მიხარია თქვენი გაცნობა ჟანეტ. ახალგაზრდა გოგონას ხმა გაქვთ. გათხოვილი ხართ?
– 32 წლის ვარ. ათი წელია გათხოვილი ვარ, მაგრამ შვილები არა მყავს.
– თქვენი მეუღლე სახლშია?
– ჩემი ქმარი ორშაბათობით ბოულინგს თამაშობს და სახლში გვიან მოდის.
– თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
– მუშაობს, – დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა ჟანეტმა.
– თქვენი ცუდი განწყობის მიზეზი ის არის?
– არა. ფრედი – შესანიშნავი...
როგორც კი ჟანეტმა ქმარზე დაიწყო საუბარი, ყურმილში გუგულის საათის ხმა გაისმა, რომელიც პატრონს ამცნობდა, რომ 11 საათი გახდა.
– იცით, თქვენ ძალიან დამეხმარეთ, – უეცრად თქვა ჟანეტმა. – შეიძლება კიდევ დაგირეკოთ, თუ ცუდ ხასიათზე ვიქნები?
– შეგიძლიათ, მაგრამ შეიძლება სხვა ოპერატორთან მოხვდეთ. ჩვენ სხვადასხვა ცვლაში ვმუშაობთ.
– მ... – გაისმა ყურმილში იმედგაცრუებული ჟანეტის ხმა – თქვენ როდის მუშაობთ?
– ორშაბათს და ოთხშაბათს, საღამოს რვიდან – დილის რვამდე.
– შევეცდები, სხვა დღეებში დეპრესია არ დამემართოს, – იხუმრა ჟანეტმა. – მადლობა, რომ მომისმინეთ, მარტა. მადლობელი ვარ, თანადგომისთვის...
მეორედ ჟანეტმა ოთხშაბათს დარეკა, ღამის 12 საათზე. მარტას უკვე ეძინა და მისმა ზარმა გააღვიძა.
– მარტა ხართ? – გაუბედავად იკითხა ქალმა.
– დიახ, ჟანეტ.
– ხმით მიცანით, – გაიკვირვა ქალმა. – მეგონა იმდენი ადამიანი გირეკავთ, რომ ვერ დამიმახსოვრებდით.
– მე თქვენ მახსოვხართ. ისევ ცუდ ხასიათზე ხართ?
– საშინელზე. – ამოიკვნესა ჟანეტმა. – მე თქვენ მოგატყუეთ, მარტა. მე გამუდმებით თავის მოკვლაზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა გავაკეთო.
– გყაავთ მეგობარი, რომელსაც შეუძლია თქვენთან მოსვლა და დარჩენა?
– მე არ შემიძლია ვინმეს ვუამბო, ჩემი უსიამოვნებების შესახებ, – აკანკალებული ხმით წარმოსთქვა ჟანეტმა.
– რა უსიამოვნება გაქვთ? – ფრთხილად დაინტერესდა მარტა.
– ჩემი მთავარი უსიამოვნება ის არის, რომ მე ვგიჟდები. მე ძალიან მიყვარს ქმარი, მაგრამ პერიოდულად სურვილი მიჩნდება, რომ... ის მოვკლა, – სასოწარკვეთით თქვა ჟანეტმა. – კვირას საწოლიდან ავდექი და სამზარეულოში გავედი დანის ასაღებად. და დროზე რომ არ მოვსულიყავი აზრზე, ალბათ, ყელს გამოვჭრიდი. ისე შემეშინდა, რომ მეორე დღეს თქვენ დაგირეკეთ.
გამოცდილებით იცოდა მარტამ, რომ ისეთები, როგორც ჟანეტი იყო, მხოლოდ ექიმთან მისვლაზე უნდა დაეყოლიებინა. ამ სიტუაციაში, სხვას არაფერს ჰქონდა აზრი.
– თქვენმა ქმარმა იცის, რომ მისი მოკვლა გინდათ? – ჰკითხა მარტამ.
– არა. მან იცის, რომ მე ის მიყვარს. როდესაც მე ნორმალურად ვგრძნობ თავს, მე თავის მოკვლა მინდა. და მირჩევნია მე მოვკვდე!
– ვინმეს სიკვდილი საჭირო არ არის, – მტკიცედ თქვა მარტამ. – დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგი დაგეხმარებათ. ბევრი კარგი ექიმი არის. თუ გინდათ, რამდენიმეს დაგისახელებთ და თქვენ ამოირჩიეთ, ვისთან მიხვალთ.
– ის არ ეტყვის ჩემს ქმარს?
– არა, რა თქმა უნდა, არა. ექიმის ეთიკა, ხომ გესმით. მას ალბერტ მანერსი ჰქვია, შესანიშნავი რეპუტაცია აქვს. სახელი დაიმახსოვრეთ? ხვალვე დაურეკეთ. დაურეკავთ?
– კარგი, მარტა. პირობას გაძლევთ. დიდი მადლობა, თქვენ ისევ ძალიან დამეხმარეთ...
მესამედ და ბოლოჯერ, ჟანეტმა ორშაბათს დარეკა, ცხრას წუთები აკლდა.
– მეტისმეტად გვიან არის... – არასტაბილური ხმით წარმოსთქვა მან. – ხვალამდე ვერ მოვიცადე. ძალიან გვიან არის...
– ჟანეტი ხართ? – ჰკითხა მარტამ, რადგან უცბად ვერ იცნო მისი ხმა.
– მე ვარ, მე. გამარჯობა მარტა!..
– რა მიიღეთ?
– ძალიან გვიან არის. ხვალამდე ვერ მოვიცადე...
– ხვალ რა ხდება, ჟანეტ?
– ექიმ მანერსთან მიღება. ასე უკეთესიც არის. მისი მოკვლა არ შემიძლია. მას გადაეცით, რომ მე ის მიყვარდა...
– თქვენი ქმარი როგორ ვიპოვო? – დაიყვირა მარტამ. – ბოულინგს სად თამაშობს?
– ელკს-მენ-ლიგში. იპოვეთ ის. ფრედი... ფრედ უოტერსი. უთხარით მას... უთხარით... – ჟანეტის ხმა შეწყდა, მაგრამ მარტამ ყურმილში ისევ გაიგო გუგულის ხმა და საათმა 9-ჯერ ჩამოჰკრა.
მარტამ ჟანეტის ქმარი მაშინვე ვერ იპოვა.
– გისმენ, ჟანეტ, – თქვა ფრედ უოტერსმა, – როდესაც ყურმილი აიღო. – რა მოხდა?
– არა, არა, ჟანეტი არა ვარ. მე ცხელ ხაზზე ვმუშაობ, თვითმკვლელების ცხელ ხაზზე – სასწრაფოდ უთხრა მარტამ. – 20 წუთის წინ, თქვენმა მეუღლემ დარეკა, მან რღაც აბაები მიიღო და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარება გაგზავნეთ სახლში.
შემდეგ მარტამ ფრედს საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და სთხოვა მისთვის დაერეკა და ცოლის მდგომარეობა შეეტყობინებინა. აღელვებულმა ფრედ უოტერსმა მას მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა.
– მის პრუეტი ხართ? – იკითხა უცნობი მამაკაცის ხმამ, რომელმაც 2 საათის შემდეგ დარეკა. – ლეიტენანტი აბელი ვარ, პოლიციიდან. ექიმმა უოტერსმა მითხრა თქვენს შესახებ. მას ეხლა არ შეუძლია საუბარი. რამდენადაც ვიცი, თქვენ უთხარით, რომ მისმა მეუღლემ აბები მიიღო.
– დიახ. ახლა როგორ გრძნობს თავს?
– სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
– რა საშინელებაა! ის ხომ მხოლოდ 32 წლის იყო. მე რომ გამომეჩინა მეტი ძალისხმევა, იქნებ ეს არ მომხდარიყო!..
– თავს ნუ იდანაშაულებთ, – დაამშვიდა ის ალბერტმა. – როდის შეძლებთ პოლიციაში მოსვლას?
– მე პენსიონერი ვარ და ნებისმიერ დროს შემიძლია მოსვლა.
– მაშინ, ხვალ, დღის 4 საათზე გელოდებით.
– კარგით, ლეიტენანტო შეხვედრამდე...
მარტა ზუსტად დანიშნულ დროს მივიდა პოლიციის განყოფილებაში. ლეიტენანტმა მას ფრედ უოტერსი გააცნო. ის მაღალი, ლამაზი მამაკაცი იყო, მუქი შავი თმით და ლამაზი, თეთრი კბილებით. ფრედმა მას უთხრა, რომ იცოდა ცოლის დეპრესიის შესახებ, მაგრამ არ ეგონა, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა.
მარტამ ყველაფერი თქვა, რაც იცოდა ჟანეტის შესახებ და ჩვენებას ხელი მოაწერა. ლეიტენანტმა ექიმ მანერსთანაც დარეკა და გაიგო რომ ჟანეტი მართლაც იყო მიღებაზე ჩაწერილი.
რადგან მისის უოტერსმა თავი მოიკლა, საქმე მალევე დახურეს...
მის პრუეტი წელიწადში 2-ჯერ, რეგულარულად კბილის ექიმთან დადიოდა, კბილების შესამოწმებლად. მისი დანტისტი ფლორიდაშ წავიდა და მარტას გაახსენდ რომ ფრედ უოტერსი ექიმი იყო. მან დარეკა მის კლინიკაში და მიღებაზე ჩაეწერა. ის ხუთის ნახევარზე დაიბარეს. როდესაც კლინიკაში მივიდა, აღმოჩნდა რომ ექიმი ისევ წინა პაციენტით იყო დაკავებული. მისაღებში ჟურნალი აიღო და იქვე ჩამოჯდა.
– მე შეიძლება იქამდე წავიდე, ვიდრე ექიმი თქვენს მიღებას შეძლებს, – გააფრთხილა ის ექთანმა – ექვსაათიან ავტობუსს უნდა მივუსწრო. მე ანკეტას მოგცემთ და თქვენ თვითონ გადაეცით ექიმს.
10 წუთის შემდეგ, მარტას კითხვა გუგულის ხმამ შეაწყვეტინა. ზევით აიხედა და საათი დაინახა, რომლიდანაც ჩიტმა თავი კიდევ ერთხელ გამოყო. მას მაშინვე ჟანეტთან საუბრები გაახსენდა.
– მის, შემთხვევით, ხომ არ იცით, დოქტორ უოტერს თუ აქვს სახლში ასეთი საათი? – ჰკითხა მან ექთანს.
– არ ვიცი, – უპასუხა გოგონამ. – აქ ორი კვირაა რაც ვმუშაობ, მაგრამ ეს საათი მალე გამაგიჟებს. კარგი იქნებოდა, ქორწილის შემდეგ, ეს საათი, ექიმს სახლში რომ წაეღო.
– ხო, მაგრამ ის ხომ 10 წლის წინ დაქორწინდა, – გაიკვირვა მარტამ.
– არა, მე ბოლო ქორწილზე ვამბობ, – გაიღიმა გოგონამ. – ის სამი კვირის წინ დაქორწინდა ჯოანზე. ის ქორწინებამდე აქ მუშაობდა, მის ადგილზე ახლა მე ვარ.
მარტამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი. უოტერსმ ცოლის სიკვდილის შემდეგ, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ მოიყვანა ახალი ცოლი. მას მაშინვე შეეცვალა დამოკიდებულება ექიმის მიმართ.
– ეს საათი ჯოანს ეკიდა სახლში, – აღარ გაჩერდა ექთანი. – როდესაც ის უოტერსთან გადავიდა, თავისი ნივთების დიდი ნაწილი გაყიდა, ხოლო ეს საათი და კიდევ რაღაც-რაღაცეები აქ მოიტანა.
დაბნეული მარტა საათს მიაშტერდა. თუ სამივეჯერ ზარი ექთნის სახლიდან იყო, მაშინ გამოდის, რომ ის ჟანეტს კი არა, ჯოანს ელაპარაკებოდა, რომელიც ორი თვის შემდეგ, ახალი მის უოტერსი გახდა!
– რუბი, მისტერ კერსი მომავალ კვირას ჩაწერეთ, – უთხრა ფრედმა ექთანს, – და შეგიძლიათ წახვიდეთ. ყველაფერს მე დავკეტავ.
და აქ მან მარტა დაინახა. მის სახეზე თითქოს შიშის აჩრდილმა გადაირბინა.
– გამარჯობათ! – მიესალმა ის. – არ ვიცოდი რომ თქვენ იყავით, თორემ არ გალოდინებდით, მის პრუეტ. შემობრძანდით.
მარტა ადგა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფეხები გახევებული ჰქონდა. ძლივს მივიდა ადგილამდე და სავარძელში ჩაჯდა. ექიმმა ყელზე ხელსახოცი გაუკეთა და მან მორჩილად გააღო პირი. მომდევნო 15 წუთის მანძილზე, ექიმი მას კბილებიდან ქვებს აცილებდა და ამ დროს, ღია კარებში, ახალგაზრდა ქერა ქალი გამოჩნდა, ასე, 25 წლის იქნებოდა.
– მაპატიე, ძვირფასო, – მოიბოდიშა ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ. მარტა მას ვერ ხედავდა. – მეგონა უკვე გათავისუფლდი.
– თქვენ, ალბათ, ჯოანა ხართ, – თავი მოაბრუნა მარტამ. მან იცოდა რომ უნდა გაჩუმებულიყო, მაგრამ ვერ მოითმინა. – მე – მარტა ვარ. გახსოვართ ჯოან?
გაფითრებულმა ქერა ქალმა დაკვირვებით შაეთვალიერა მარტა, წარბები შეკრა და თავი გააქნია.
– ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? – იკითხა მან.
– მხოლოდ ტელეფონით, – უპასუხა მარტამ. – ნამდვილად იდეალური მკვლელობა იყო! ჩემი მეშვეობით, ჟანეტი გიჟად აქციეთ, რომელიც თითქოს თავის მოკვლაზე ოცნებობდა. არა და ის, ალბათ, სავსებით ნორმალური იყო. როგორ მოწამლეთ ის ექიმო? – მარტამ მზერა ექიმზე გადაიტანა. – ყავაში ძილის წამალი ჩაუყარეთ?
– რა თქმა უნდა, პაციენტის სიკვდილი, ანესთეზიის დოზის გადამეტებით, რეპუტაციას გაგიფუჭებს, ძვირდასო – თქვა ქერამ, – მაგრამ უკეთესია, ვიდრე განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის მოხდა.
– მე მივდივარ, – თქვა მოჩვენებითი სიმტკიცით მარტამ და ადგომას შეეცადა.
– არჩევანი არა გაქვს, ძვირფასო. ყველა იფიქრებს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.
ექიმი მარტას მხრებში სწვდა და ისევ სავარძელში ჩასვა. მას არ გასჭირვებია მოხუცი ქალის დამორჩილება.
– გაუკეთე გაზის ნიღაბი, – უთხრა ექიმმა ცოლს.
მარტა მათ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ჯოანმა ცალი ხელი ნიკაპზე მოხვია, ხოლო მეორეთი, ნიღაბი გაუკეთა. მარტა უკვე დანებებას აპირებდა, როდესაც მისაღები ოთახიდან რუბის ხმა გაისმა.
– ავტობუსის ბილეთი დამრჩა, ექიმო. დაბრუნება მომიხდა... – პაუზის შემდეგ, ის ოთახში შევიდა: – აქ რა ხდე...
მოულოდნელობისგან ექიმმა ხელი გაუშვა მარტას, შეშინებულმა ჯოანმაც შეასუსტა ზეწოლა. მარტამ დრო იხელთა, თავი დაიძვრინა და ჯაოანს ხელში ეცა და უკბინა. ტკივილისგან ქერას ნიღაბი გაუვარდა. მარტამ ორივე ფეხით, რაც ძალი და ღონი ჰქონდა, მუცელში დაარტყა ექიმს და ის ხელსაწყოების მაგიდას მიენარცხა.
მარტა კაბინეტიდან გამოვარდა და გაოგნებულ რუბის წინ ჩაუქროლა. საბედნიეროდ, მას მანქანა პირდაპირ კლინიკის კარებთან ჰქონდა გაჩერებული. ის უკვე ადგილიდან დაიძრა, როდესაც შენობიდან ექიმი და მისი ცოლი გამოცვივდნენ.
მარტა პრუეტმა მათ დაუსიგნალა და პოლიციის განყოფილებისკე აიღო გეზი.

რ. დემინგი

0
164
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0