x
image
worldsport.ge
გუჯა კახაძე: “47 + 5 მეთოდის ორდღიანი ვარიანტი წელიწადის შედეგს იძლევა”

ჯანმრთელობის ფასი არაფერია – შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა. ხშირად, მწირი ინფორმაციის გამო, სხვადასხვა ავადმყოფობებით დაავადებული ადამიანები რიგ ოპერაციებს იკეთებენ, ხარჯავენ უამრავ ფულს, მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, მაგრამ შედეგი ან არ აქვთ, ან მცირედი წინსვლით დაკმაყოფილება უწევთ.
“მსოფლიო სპორტს” თბილისელ არქიტექტორ გუჯა კახაძეზე ადრეც დაუწერია და გვინდა, მასზე თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ. ბ-ნ გუჯას აქვს ფეხბურთელებისთვის შემუშავებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების უნიკალური მეთოდიკა – “47+5“, რომელიც სპორტის ყველა სახეობაში წარმატებით გამოიყენება. მან ქართველი სპორტსმენებისა და მოზარდების ხასიათზე დაკვირვების შედეგად შეიმუშავა ვარჯიშების ახალი სისტემა – „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე“, რომელსაც მოკლე დროში ფიზიკური კონდიციების საგრძნობი მატება და ორგანიზმის მაქსიმალური გაჯანსაღება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი მეთოდიკა უკვე 10 წელია არსებობს, ბევრი სპეციალისტისთვის დღესაც „უღრან ტყედ“ რჩება. მისი მოსწავლეების აზრით კი, უმოკლეს დროში მიღებული შედეგები იმდენად დაუჯერებელია, რომ ვინმეს რომ გაუმხილონ, აბსურდულად მოეჩვენებათ და შესაძლოა, გიჟადაც კი ჩათვალონ. ამიტომაცაა, რომ გაჩუმებას ამჯობინებენ. არადა, ნაკრებისთვის შემუშავებული ორი 30-წუთიანი მსუბუქი ვარჯიშისგან შემდგარი კურსით, სპორტსმენი გარანტირებულად იღებს ისეთივე შედეგს, რისთვისაც ადრე ერთწლიანი მძიმე ფიზიკური დატვირთვით ვარჯიში სჭირდებოდა. ასევე დაუჯერებელი ჩანს, რომ საკმარისია, ბ–ნ გუჯას აჩვენო, როგორ ზიხარ, დადიხარ და დარბიხარ და შეუძლია ტრავმის ზუსტი დიაგნოსტირება, თუნდაც ის რამდენიმე წლის წინ იყოს მიღებული.
გუჯა კახაძის ვარჯიშების უკეთ შესაცნობად, უპრიანი იქნება, თავად მეთოდიკის ავტორს მოვუსმინოთ:
- სირბილის უამრავი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ყველა ენერგიის დიდი რაოდენობით ხარჯვას მოითხოვს. მეცნიერები მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს, რაც სირბილს გააადვილებს. საფეხბურთო კლუბ კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ ამისათვის დაქირავებული ჰყავთ მეცნიერთა ჯგუფი. მსგავსი რამ სხვა კლუბებშიც არის აპრობირებული. ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის სპორტის მესვეურებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ტრადიციული მიდგომა ფიზმომზადებაში მათთვის საკმარისი აღარაა და საჭიროა იყო რაღაც ახალი. მეც ამ გზას ვადგავარ. მეცნიერების უახლესი მიღწევების შესწავლის და ანალიზის შემდეგ, შევძელი სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც სირბილს ბევრად აადვილებს, სისწრაფისა და ამტანობის ბუნებრივ მატებას ნებისმიერი ასაკის ადამიანში იწვევს. ყველამ იცის რომ სისწრაფის მომატებას ტრადიციული მეთოდებით მხოლოდ ენერგიის დამატების ხარჯზე ვაღწევთ, რაც სპორტსმენის სწრაფ დაღლას იწვევს. ამიტომ, მოსწავლეს დაუჯერებლად მიაჩნია, როცა ვეუბნები, რომ 15 კილომეტრის ძუნძულით გარბენის შემდეგ არ დაიღლება და არც სუნთქვა აუჩქარდება, რა რაოდენობის ენერგიასაც ძუნძულის დროს ხარჯავს, მთელი ძალით გაქცევის დროსაც იგივე ენერგია დაეხარჯება. მექანიზმი მარტივია: ჩემი მეთოდის შესწავლის შემდეგ, ფეხბურთელს შეუძლია გრავიტაციის შემცირება და ორგანიზმში „რეზონანსის“ გამოწვევა, რაც ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს, სირბილს სასიამოვნოს ხდის. ტრავმებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ განკურნებას მიზეზის მოშორებით ვიწყებ. ვარჯიშების ეს სისტემა იმითაცაა გამორჩეული, რომ სპორტსმენს სწორად მოძრაობის შესწავლის შემდეგ დაზიანებული ადგილი ოდნავ წამოსტკივდება, რაც ნიშნავს, რომ განკურნება დაიწყო. დაზიანებული ადგილის ფუნქციის აღდგენა ავადმყოფის გაჯანსაღებას იწვევს.
- ქართულ ფეხბურთში, ძირითადად, ფიზიკური კონდიციების, ტრავმების მიშუშებისა და გოლის გატანის პრობლემები გვაქვს...
- დროა მივხვდეთ, რომ კარში ზუსტად დარტყმა ჯანმრთელი და დასვენებული ფეხბურთელისთვის ბევრად უფრო ადვილია. საკმარისია ვისწავლოთ: ორგანიზმის გაჯანსაღება, სირბილით დასვენება, გონების, გრძნობების მართვა. ამის შემდეგ, გატანილი გოლების რაოდენობაც მაშინვე მოიმატებს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩემი ვარჯიშების მხოლოდ 10% ეთმობა მსუბუქ ფიზიკურ მომზადებას, დანარჩენი 90% კი, გონებრივ ვარჯიშებზე მოდის. ამიტომაც არის შედეგი ასეთი სწრაფი. მეთოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ ტრავმის მოშუშება და სპორტული ფორმის აღდგენა ერთდროულად მიმდინარეობს, რაც ტრავმირებული სპორტსმენის სარეაბილიტაციო პერიოდს საგრძნობლად ამცირებს.
- ვიცით, რომ ფეხბურთი ისედაც ტრავმული სპორტია. არასწორი სირბილი თუ იწვევს დამატებით ტრავმებს?
- არასწორი სირბილისგან ბევრად მეტ ტრავმებს იღებენ, ვიდრე დაჯახების ან ჩარტყმის შემთხვევაში. განსაკუთრებით გამოვყოფ მენისკს, რომელსაც ფეხბურთელები პროფესიულ ტრავმად თვლიან, უფრო ხშირად კი, არასწორი სირბილისგან ემართებათ. სირბილის დროს გრუნტზე ფეხის შეხებისას დარტყმითი ძალა წარმოიშვება. არასწორად სირბილისას ეს ძალა გაცილებით დიდია, ამიტომ ვიღებთ მიკროტრავმებს, რომელიც მოგვიანებით სერიოზულ ტრავმად ყალიბდება. ზიანდება როგორც სახსრები, ისე კუნთები და მყესები. მუხლის სახსარი არის ადამიანის სხეულის ყველაზე სუსტი სახსარი. ამიტომ ყველაზე ადვილად ზიანდება. მოგვიანებით, ამას მოსდევს ქუსლის, კოჭის სახსრისა და ხერხემლის სერიოზული ტრავმები. წელის კუნთები კი არის ადამიანის კუნთებს შორის ყველაზე სუსტი. განსაკუთრებით, არასწორი ჯდომა აზიანებს წელის კუნთებს. შემთხვევითი არ არის, რომ მოსწავლეს სწორად სიარულთან ერთად, სწორად ჯდომასაც ვასწავლი და ამის შემდეგ ვიწყებ სწორად სირბილის სწავლებას. სირბილით გამოწვეული ტრავმების მკურნალობა გაცილებით რთულია, რადგან ტრადიციულად, ექიმები მკურნალობენ შედეგს, მიზეზი კი რჩება და არასწორად სირბილი იგივე ტრავმას ხელმეორედ იწვევს.
- ნაწილობრივი განკურნება რა შემთხვევაში ხდება?
- როდესაც ანთებითი პროცესი მიდის, იქ ექიმის დახმარება აუცილებელია, ან დაავადება ქრონიკულია და 35 დღე არ არის საკმარისი სრული განკურნებისთვის. 35 დღეში, პაციენტი სრულად ითვისებს განკურნების მექანიზმს და შეუძლია ჩემგან დამოუკიდებლად გააგრძელოს ვარჯიში, სრულ განკურნებამდე.
- ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციაც საკმაოდ პრობლემატურია...
- ამ პრობლემასაც სწრაფად ვაგვარებ, მაგრამ ექიმები მხოლოდ გაკვირვებას გამოხატავენ და ურთიერთობაც აქ მთავრდება. თუმცა, გამოჩნდა რამდენიმე ექიმი, რომელთაც ამ მეთოდით თავიანთი ორგანიზმი გაიჯანსაღეს. მკურნალობასა და გაჯანსაღებას შორის კი დიდი განსხვავებაა. შედეგის მკურნალობა დროებით შვებას გვაძლევს, რადგან მიზეზი იგივე შედეგს გამოიწვევს და მკურნალობის გამეორება დაგვჭირდება. ჩემთან მიზეზის მოშორება ხდება, ამიტომ ორგანიზმი ჯანსაღდება, თანაც უჯრედის დონეზე. ინფორმაცია ამ სიახლის შესახებ მიეწოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ქართულ საფეხბურთო კლუბებს, მაგრამ დღემდე არავითარი ინტერესი არ დაუფიქსირებიათ.
- ვინც დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს, გაუძნელდება დაიჯეროს, რომ დატვირთვის გარეშე მაქსიმალურ შედეგს მიიღებს, თანაც უმოკლეს დროში...
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პერიოდულად გვთავაზობს ახალ, მრავალწლიან პროგრამებს, უცხო ქვეყნიდან უკვე მერამდენედ ჩამოჰყავთ ფიზმომზადების მწვრთნელები. ჩვენი ლეგიონერები? 90 წუთს მაღალ ტემპში ვერც ისინი უძლებენ. რიგითმა გულშემატკივარმაც კი იცის, რომ ფიზიკური კონდიციების საერთაშორისო ნორმებამდე მიყვანის გარეშე, სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს. დროა დავივიწყოთ მიდგომა, რომელიც ნაკრებში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების შესაძლებლობას უარყოფს, გახურების და გაწელვების ტრადიციულ სისტემებს იყენებს და მხოლოდ კლუბში ფიზიკურად კარგად მომზადებულ ფეხბურთელს იწვევს. 47 + 5 მეთოდის ორდღიანი ვარიანტი 1 წლის შედეგს გარანტირებულად იძლევა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ყოველი თამაშის წინ ფიზიკური შესაძლებლობების ასეთი მატება, უმოკლეს დროში ევროსტანდარტების შესაბამის ფიზიკურ ფორმაში ჩააყენებს და მათთვის სირბილი სიამოვნებად გადაიქცევა.
- თქვენი მეთოდით სირბილის სწავლებას შორ მანძილზეც ახერხებთ...
- ფიზიკური კონდიციებით საერთაშორისო სტანდარტებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, ამის გარეშე კი, სერიოზული შედეგების მიღწევა არ ხდება. ვერც ენერგიის აღდგენას ვახერხებთ ისე სწრაფად, როგორც ეს ევროპულ გრანდებს შეუძლიათ. ყველამ ვიცით, რომ უცხოური საფეხბურთო კლუბები სერიოზული შედეგის მისაღწევად მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს. ყოველი ახალი მეთოდის შემუშავება კი, ბევრ დროსა და მილიონებს მოითხოვს. სამწუხაროდ, ქართველებს ამის ფუფუნება ჯერ არ გვაქვს. სამაგიეროდ, გვაქვს „რეზონანსის“ პრინციპზე შექმნილი ფიზმომზადების სისტემა, რაც სწრაფი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ჩემი მეთოდი ყოველდღიურად იხვეწება. უკვე 4 წელია ქართველ ემიგრანტებს გაჯანსაღებაში ვეხმარები და ჩვენს ლეგიონერებს ვარჯიშების სრულ კურსს Skype-ის დახმარებით ვუტარებ.
- როგორია ვარჯიში Skype-ს საშუალებით? რამდენად ეფექტური და მოსახერხებელია?
- Skype-ით ვარჯიშის შემდეგ ისეთივე შედეგი გვაქვს, როგორიც საწვრთნელ მოედანზე. ვფიქრობ, მთავარიც ესაა. ფსიქილოგიური კუთხით, Skype-ით ვარჯიში ძალიან დამღლელია, რადგან მეტი მუშაობა მიწევს. მოსწავლეს ვაძლევ დავალებებს და როდესაც ვებკამერის საშუალებით ვხედავ, რომ სწორად აკეთებს, გარეთ გასვლისა და 30 წუთის განმავლობაში დამოუკიდებლად ვარჯიშის უფლებას ვაძლევ.

უახლოეს მომავალში, “მსოფლიო სპორტი” გუჯა კახაძის მოსწავლეების შესახებ გიამბობთ. შემოგთავაზებთ იმ ადამიანთა კომენტარებს, რომლებმაც სხვადასხვა პრობლემების გამო ბ-ნ გუჯას მიაკითხეს. მათ შორის არიან პარკინსონით დაავადებულები, იმპლანტებიანები და მრავალგზის ნაოპერაციები ადამიანები, რომელთაც კახაძესთან ვარჯიში უკვე დაწყებული აქვთ და მნიშვნელოვან წინსვლასაც მიაღწიეს.

ირაკლი ჯაფარიძე
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო



image


წყარო: www.worldsport.ge

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0