x
მეტი
  • 13.12.2024
  • სტატია:138767
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
დიდებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

imageძველი ქართული მწერლობა ვითარდებოდა არა მხოლოდ ქალაქებსა და სოფლებში, არამედ მონასტრებშიც. ბევრი მონასტერი საქართველოში, ისე როგორც თითქმის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში (ბიზანტიაში რუსეთში, სომხეთში და ა. შ.), კულტურის კერა იყო, იქ საკმაოდ იგრძნობოდა ეპოქის ლიტერატურული ცხოვრების მაჯისცემა მათი, როგორც მწიგნობრობის კერების, მნიშვნელობა უცილობელია. „მონასტრების როგორც დამწერლობისა და საკოლონიზაციო ბაზების დამნერგავთა, პროგრესული როლი“ ერთობ დიდი იყო. ქართულ მონასტრებში თავმოყრილნი იყვნენ მწერლები, მეცნიერები, კალიგრაფები, „ეტრატის შემქმნელნი“, წიგნების „მკაზმველნი“ და „მმოსველნი“. იქ გაჩაღებული იყო ორიგინალურ ნაწარმოებთა თხზვა, უცხო ენებიდან თარგმნა და რედაქტირება, ახალი ნუსხების დამზადება, ძველი ხელნაწერების გაცხოველება და ა.შ.

თუ თავდაპირველად მონასტრებში მხოლოდ სქოლასტიკური ძეგლები იწერებოდა, შემდეგ ხანაში იქ განვითარდა ღრმაშინაარსიანი სასულიერო-საეკლესიო მწერლობა, შეიქმნა მხატვრული თხზულებანი. ძველ საქართველოში ერთ-ერთი ასეთი სავანე და კულტურის მძლავრი კერა იყო გარეჯის უდაბნოს სამონასტრო ანსამბლი, რომელიც მდებარეობს კახეთში, საგარეჯოდან ოცდაათიოდე კილომეტრის დაშორებით. იქ, ხრიოკ, უწყლო და მოუსავლიან ტრამალებში ცხოვრობდნენ და კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – მწიგნობრები, ხუროთმოძღვრები, მხატვრები.

მართებულად წერდა ი, ჯავახიშვილი: „ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო. საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განსაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და ყოველგვარი მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადაურჩნენ, რომ ნათლად წარმოიდგინოს რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე".

გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კოლონიზაცია დაიწყო VI საუკუნის შუა წლებში, როდესაც საქართველოში დაბრუნდა სირიაში მოღვაწე ქართველთა ჯგუფი იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით. ჰაგიოგრაფთა ცნობით, იოანესთან ერთად ჩამოვიდა სირიული ასკეტიზმის მკაცრ ბერმონაზვნურ რეჟიმში აღზრდილი და გაწაფული მოღვაწე დავითი, რომელმაც გარეჯას მიაშურა – „აღირჩია სჯაი გარეგან უდაბნოსა შინა. ამისათვის ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯაი“ (გარეჯის მონასტრების აღმოცენებასა და განვითარების პირველ ეტაპზე საინტერესო ცნობებია შემონახული ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, რომლებშიც დავითის თავგადასავალია მოთხრობილი – "ცხორებაი და მოქალაქობაი წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაი“, X- ს; „ცხორებაი და მოქალაქობაი წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაი“ XII ს. და სხვ.).

დავითმა ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი მოწაფე (ლუკიანე) ჰყავდა, საფუძველი ჩაუყარა სავანეს, რომელსაც დავითის მონასტერი ან ლავრა (ე. ი. დიდი მონასტერი) ეწოდა. საცხოვრებელი პირობები იქ ძალზე მძიმე იყო, სიცხე, უწყლობა და ა. შ. ერთხანს დავითი და მისი მოწაფე თითქოს ირმის რძითა და მისი ნაწარმით საზრდოობდნენ (ეს ეპიზოდი ასახულია რამდენიმე მონასტრის – ლავრის, უდაბნოსა და ბერთუბნის მხატვრობაში). მაგრამ დავითი, როგორც აღვნიშნეთ, სირიის უდაბნოებში მძიმე პირობებში ცხოვრობდა, მეტისმეტად სასტიკ გარემოში მოღვაწეობდა და გარეჯის მრავალმთის ბუნება მისთვის განსაკუთრებული აღარ იყო. მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა მოღვაწეთა რიცხვი მალე გაიზარდა, ბერები შესამჩნევად მომრავლდნენ. ამას მოჰყვა სადგომთა რიცხვის ზრდაც. უკვე დავითის სიცოცხლეში დაარსდა სხვა მონასტრებიც.

ერთია დოდოს მონასტერი (დოდოს რქა, დოდორქა), რომელიც დავითის მოწაფემ დოდომ დაარსა, მეორე ნათლისმცემლის მონასტერი, რომელიც "შეიძლება დავითისავე მოწაფის ლუკიანეს დაარსებული იყოს. ნათქვამიდან უკვე ჩანს, რომ დავითის ლავრამ ადრევე დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის. ისტორიაში, დოდორქის საკმაოდ გრძელი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ლავრის პირდაპირ (იგი არსებითად პირველი სავანეა, რომელიც ლავრას გამოეყო და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა). ნათლისმცემლის მონასტერი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ლავრიდან. შემდეგ ხანაში ქართველი მოღვაწენი ჩანან გარეჯის მრავალმთის სხვა სავანეებშიც (უდაბნოში, ჩიჩხიტურში) განსაკუთრებით აღსანიშნავია XII საუკუნის მიწურულში აღმოცენებული ბერთუბანი, სადაც ჩამოყალიბდა დიდად განვითარებული მხატვრული სკოლა.
imageსაყოველთაოდ შეწყნარებული აზრით, უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერი დავითის ლავრა იყო. ერთი გვიანდელი ცნობით, ის იყო „მონასტერი ყოვლად სახელოვანი და პატივთა პირუელ მდგომარე ყოველთა მონასტერთა გარეჰსჯისათა. გარეჯა თანდათან იქცა მძლავრ სამონასტრო ცენტრად, ხოლო შემდეგ კულტურის კერადაც. მას უხვი შეწირულებით ეხმარებოდნენ სამეფო კარის წარმომადგენლები, დიდებულები, საეკლესიო მოღვაწენი. ამის შედეგად იგი აღმავლობის გზას დაადგა, მაგრამ გვიან ხანაში, –– საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური დასუსტებისა და ეკონომიკური დაუძლურების კვალდაკვალ გარეჯაც დასუსტდა და დაკნინდა, იქაური მონასტრები რამდენჯერმე დაარბიეს და აიკლეს მომხდურებმა (მონღოლებმა, სპარსელებმა, ლეკებმა).

ჟამთა სიავემ დააუძლურა გარეჯა, ძველი დიდება თანდათან დავიწყებას მიეცა. მალე იქ ცხოვრებაც კი თითქმის შეუძლებელი შეიქმნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეფე-დიდებულთა დახმარებითა და ადგილობრივ მოღვაწეთა ენერგიული საქმიანობის შედეგად იგი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე განაგრძობდა არსებობას როგორც საეკლესიო სენიორია.
ამჟამად გარეჯა დაცულია როგორც ქართული კულტურის დიდებული ძეგლი, რომელიც ნათლად გვაცნობს ძველ ქართველ ხუროთმოძღვართა და მხატვართა უკვდავ ქმნილებებს და ცხადყოფს ძველი ქართული კულტურის მაღალ დონეს, გარეჯის მრავალმთა მხოლოდ ქართველ მხატვართა, ხუროთმოძღვართა და მშენებელთა კერა არ ყოფილა. ის მძლავრი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. ლავრაში, დოდორქასა და ნათლისმცემელში მოღვაწეობდნენ ქართველი კალმის ოსტატები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სხეულის გვემითა და ლოცვით არ კმაყოფილდებოდნენ და მშობლიური კულტურის სარბიელზეც შრომობდნენ. ლიტერატურული ინტერესების გაღვიძება გარეჯელთა შორის ადრეული ხანიდან შეინიშნება, ცნობილია იქაური მწიგნობრები XII საუკუნისა: ონოფრე გარეჯელი, დემეტრე პირველი, და სხვ. სწორედ ონოფრე გარეჯელის ინიციატივით, მისი მოწოდებით, დავალებითა და შთაგონებითაა დაწერილი „დავითის ცხოვრების“ მეტაფრაზული რედაქცია – „ცხორებაი და მოქალაქობაი წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაი“, რომელიც დაწვრილებით გვაუწყებს დავითის თავგადასავალს, ამასთანავე, ზუსტად აღწერს და ახასიათებს გარეჯის ადგილმდებარეობასა და ბუნებას, კარგად იცნობს მრავალმთას, იქაურ კლიმატს, იქაურ გარემოს. მისი ავტორიც გარეჯელი მწიგნობარი უნდა იყოს.

დემეტრე პირველი, დავით აღმაშენებლის ვაჟი იამბიკოებს თხზავდა. იგი ერთხანს გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბერად შემდგარი მეფეყოფილი, ვფიქრობთ, მონასტერშიც განაგრძობდა კულტურულ საქმიანობას.
გარეჯა, – როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, განსაკუთრებით დაწინაურდა XVII საუკუნის მიწურულიდან. შესამჩნევ წარმატებას მიაღწია მან XVIII საუკუნეში როდესაც იქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები (სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გრიგოლ ვახვახიშვილი, ანტონ პირველი, რომანოზ ერისთავი, ტიმოთე გაბაშვილი, ამბროსი მიქაძე და სხვანი). მათ გარს ეხვია მრავალრიცხოვანი არმია ლიტერატურული ფრონტის მუშაკებისა (ონოფრე მაჭუტაძე, გაბრიელ საგინაშვილი, გაბრიელ მცირე, გერონტი სოლოღაშვილი და ა.შ.). გარეჯელი მწიგნობრები თხზავდნენ ძეგლებს, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, ამზადებდნენ ახალ ნუსხებს და ეწეოდნენ წერილობითი ძეგლების პოპულარიზაციას, ადგენდნენ ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკურ თხზულებათა კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა კერებს და ა.შ.

ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ თითოეულ მოღვაწეზე, მაგრამ ზოგიერთზე რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვით. ონოფრე მაჭუტაძე, – გარეჯის წინამძღვარი 1690 წლიდან. ენერგიული და შრომისმოყვარე მუშაკი იყო. იგი თავგამოდებით იღვწოდა გარეჯის მონასტრების კეთილმოწყობისა ღა იქაურ ბინადართა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის დღენიადაგ ზრუნავდა მამულების გაფართოებასა და ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლებაზე. მას დამსახურებისამებრ შეარქვეს გარეჯის „მეორედ აღმაშენებელი“. ო. მაჭუტაძის თავდადებული მუშაობით გაპარტახებული ლავრა აღმავლობის გზას დაადგა, დაიწყო სხვა მონასტრების (ნათლისმცემლისა და დოდორქის) გამოცოცხლებაც, მომრავლდა ბერმონაზვნობა.
ო. მაჭუტაძე სათანადო ყურადღებას უთმობდა მწიგნობრულ–საგანმანათლებლო მუშაობას, მან არა მარტო სამონასტრო მეურნეობა მოაღონიერა, არამედ ხელი შეუწყო ლიტერატურული საქმიანობის გაშლა-გაფართოებას. სწორედ მისი წინამძღვრობის პერიოდში მომრავლდნენ გარეჯის მონასტრებში მწერლები და მქადაგებლები, კალიგრაფები ღა ბიბლიოფილები.
imageარსებითად იმ პერიოდში იქცა გარეჯა ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად. ო. მაჭუტაძემ წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ისტორიაში, ქართველი მოღვაწეების დამსახურების წარმოჩენაში, ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ცდა ჰაგიოგრაფიული კრებულის შედგენისა. სწორედ მისი დაკვეთით გადაწერა შიო გარეჯელმა (1699 წ.) ქართველ მოღვაწეთა „ცხოვრებათა“ წიგნების შემცველი კრებული. როგორც ჩანს, კურსი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებულების შედგენისაკენ აღებულ იქნა XVII საუკუნეში და ამ საქმის სათავეებთან ო. მაჭუტაძე იდგა. ო. მაჭუტაძის ხელშეწყობითა და დახმარებით ამრავლებდნენ ხელნაწერებს ბ. ბარათაშვილი-ორბელიშვილი, გ. საგინაშვილი და სხვა მწიგნობრები. ცალკე აღსანიშნავია ის დიდი დამსახურება რომელიც ო. მაჭუტაძეს მიუძღვის გარეჯელთა წიგნადი ფონდის გაზრდაში, გაფართოებასა და დაცვაში.

XVII საუკუნის მიწურულს გარეჯაში დამკვიდრდა სულხან საბა ორბელიანი. 1698 წლის 18 მარტს სულხანი ბერად შედგა და საბად იწოდა. მრავალტანჯულმა მამულიშვილმა და ღვაწლმოსილმა მწერალმა გარეჯას მიაშურა და ნათლისმცემლის მონასტერში დაიდო ბინა. გულადმა მეამბოხემ და მამაცმა მებრძოლმა პოლიტიკური სარბიელიდან სასულიერო-საეკლესიო ასპარეზზე გადაინაცვლა და ბნელ სენაკებში დაისადგურა. სულხან-საბა ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა სამონასტრო ცხოვრებაში, დღენიადაგ სავანის გაძლიერებასა და განმტკიცებას ცდილობდა, მაგრამ მას არ აკმაყოფილებდა ღამისთევა და ლოცვა, მისი შემოქმედებითი უნარი ვერ ჩაკლა გარეჯის ხრიოკმა უდაბნომ. ნათლისმცემლის მონასტერში დაწერა მან ქადაგებათა კრებული „სწავლანი, რომელშიც ნათლად ჩანს ავტორის მგზნებარე პატრიოტიზმი და მხურვალე მამულიშვილური გრძნობა.

უდაბნოში გახიზნული მწერალი კვლავ მწვავედ განიცდიდა სამშობლოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ძნელბედობას, მას გულს უკლავღა ზოგიერთი ქართველის მიერ მამაპაპეული სარწმუნოების დაგმობა და ანგარებისა და პატივმოყვარეობის გამო მაჰმადიანობის მიღება. კარგად ესმოდა, რომ ძველი სარწმუნოების დაგმობა და დამპყრობელთადმი მიკერძოება გამოიწვევდა ქართველთა გადაგვარებასა და ეროვნულ კატასტროფას. თავისი ქადაგებების კრებულით სულხან-საბა ორბელიანი დაუღლელად იბრძოდა ერთიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზმისათვის ქართველთა ეროვნული გრძნობის გაღვივებისა და ამაღლებისათვის, შელახული ღირსების აღდგენისათვის.

XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის პირველ მეოთხედმი გარეჯაში მოღვაწეობდა მწერალი ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილი, რომელმაც იქ დაწერა რამდენიმე ჰაგიოგრაფიული თხზულება და ღირსეულად წარმოაჩინა სახელოვან წინაპართა ღვაწლი და დამსახურება ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ცნობილია მისი რამდენიმე "ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები: „შესხმაი წმიდათა მოწამეთა ბიძინასი შალვასი და ელიზბარისი და უწყებაი წამებისა მათისაი, „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა მოწამისა და მეფისს ლუარსაბისი, „შესხმაი და წამებაი წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი“ და სხვ.

ამ ძეგლებში ბ.ბარათაშვილ-ორბელიშვილმა სამშობლოს წარსულის ღრმა ცოდნით, დიდი, სითბოთი და სიყვარულით გაღმოსცა სახელოვან მოღვაწეთა თავგადასავალი, რითაც არა მხოლოდ საეკლესიო-სარწმუნოებრივი, არამედ პატრიოტული გრძნობებიც გაუღვივა მკითხველებს. ნათლისმცემლის მონასტერში ცხოვრების პერიოდშივე დაწერა მან პოლემიკური თხზულება „გრდემლი“, რომელიც კათოლიკეთა წინააღმდეგაა მიმართული. ბ. ბარათაშვილი-ორბელიშვილი ნაყოფიერი კალიგრაფიც იყო; ნათლისმცემელში მან არაერთი ხელნაწერი დაამზადა, ამასთანავე, სხვებსაც გადააწერინა წიგნები. სახელდობრ, იოსებ არაგვის ერისთავის შვილს (1713 წ.), იობ წინამძღვარს, გ. საგინაშვილს (1719 წ.).

გაბრიელ საგინაშვილს მრავალი ხელნაწერი დაუმზადებია. საყურადღებოა ჰაგიოგრაფიული კრებული (1713 წ.), რომელშიც ბევრი მოღვაწის თავგადასავალია მოთხრობილი. ეს კრებული საფუძვლად დაედო შემდგომ ხანაში გადაწერილ ნუსხებს. საგულისხმოა, რომ გ. საგინაშვილი მუშაობდა საკმაოდ რთულ პირობებში – ლეკთა მოთარეშე რაზმებს თავდასხმის შიშის ქვეშ. ერთ მინაწერში იგი კიდეც აღნიშნავდა: „ავად წერისათვის ნუ დამწყევლით. ვეშურებოდი. ლეკისაგან გვეშინოდა. ამ წიგნს რომ ვწერდი, მოუხდა ლეკის ჯარი დავით გარეჯასი. რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მშობლიური მწერლობის სიყვარული, რომ ესოდენ ძნელ პირობებშიც კი განეგრძოთ მუშაობა ქართველ მწიგნობრებს.
ბ. ბარათაშვილ-ორბელიშვილის მოწაფე და მისი ლიტერატურული წრის, მისი „კრებულის“ წარმომადგენელია იოსებ არაგვის ერისთავის შვილი, კალიგრაფი, რომელმაც საინტერესო ცნობები შემოგვინახა ოსმალობისა და ყიზილბაშობის, აგრეთვე ლეკთა თარეშის შედეგად გარეჯელთა საცხოვრებელი პირობების გაუარესების, მოწესეთა კრებულის დაშლისა და დაქსაქსვის შესახებ. მისი ანდერძი (1713 წ.) ძვირფასი მასალაა ძნელბედობის ხანის ქართველ მწიგნობართა კულტურულ-შემოქმედებითი მუშაობის პირობების გასაცნობად და გასათვალისწინებლად.

XVIII საუკუნის დამდეგს დოდორქის მონასტერში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გრიგოლ ვახვახიშვილი-დოდორქელი. მისი მემკვიდრეობიდან განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს „წამებაი ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაი“, რომელიც ქართველი დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის საკმაოდ სრული აღწერილობაა და კარგად გვაცნობს ავტორის პატრიოტულ განწყობილებას. თავდაპირველად XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ხოლო შემდეგ შუა წლებში ნათლისმცემელში მოღვაწეობდნენ ორიგინალურ– შემოქმედებით მუშაობას ეწეოდნენ, ახალ ნუსხებს ამზადებდნენ მწერლები რომანოზ ერისთავი და ტიმოთე გაბაშვილი, იმავე საუკუნის შუა წლებში ნათლისმცემელში ცხოვრებისას ანტონ პირველმა გარეჯელ მოწამეთა სადიდებლად შეთხზა საგალობლები, საუკუნის მიწურულში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა გააჩაღეს იქ გაბრიელ მცირემ (რომელმაც შემოგვინახა „მემუარული თხრობანი“ – „ღმრთივსულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარულთა ფრიად სარგებელნი“, ) და გერონტი სოლოღაშვილმა.

სხვადასხვა დროს გარეჯაში ყოფილან სხეა მწერლებიც: იონა გედევანიშვილი, იონა ხელაშვილი, გიორგი ავალიშვილი. კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობა და ხელნაწერთა გამრავლება გარეჯის მონასტრებში XIX საუკუნის მიწურულამდე გრძელდებოდა. გარეჯელ მწიგნობართა რაოდენობა, რასაკვირველია, დასახელებული პირებით არ ამოიწურება. ჩვენამდე მოღწეული მასალებიდან ცხადი ხდება, რომ გარეჯის მონასტრებში დასადგურებული ქართველი მოღვაწეებიდან ბევრი ზრუნავდა ძველი ნუსხების დაცვა-გამრავლებაზე. სხვადასხვა დროს იქ ხელნაწერები დაუმზადებიათ ნიკოლოზ ჯორჯაძეს, დიმიტრი ალექსიძეს, დავით რექტორს, ნიკოლოზ ვაჩნაძეს, დავით ჯანდიერს, იოსტოს ანდრონიკაშვილს და ა. შ.
გარეჯის მონასტრებში ძველი ქართული ხელნაწერების უმდიდრესი კოლექცია იყო დაცული. იქიდან მოღწეული ბევრი ხელნაწერი ახლა ჩვენი სიძველეთსაცავების მშვენებაა და ნათლად წარმოაჩენს იმ დიდ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე ეწეოდნენ გარეჯელი მწიგნობრები.

წყარო: ლევან მენაბდე – ძველი ქართული კულტურის კერები
0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0