პროზა შვილო, ეს შენი ძმაა, ვადიმაო! - მითხრა დედამ და ბავშვი გულზე მიიკრა 29 ნოემბერი, 18:20
მერი
ერთი კვირაა, რაც მამა სახლში არ მოსულა. დედამ თქვა - მივლინებაში წავიდა ბაქოშიო! - მაგრამ, მე ვიცი, რა მივლინებაშიცაა. ქალაქში დავინახე იმ თოჯინასთან ერთად. ისე, კარგი რამეა, მეც არ ვიტყოდი უარს. დედისთვის არ მითქვამს, ცოდოა, ინერვიულებს. *** ვაჟა წარმატებულ კაცად ითვლებოდა - ერთ-ერთი დიდი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ამას წინ უსწრებდა ბევრი სწავლა - ზოგი საქართველოში და ზოგიც უცხოეთში, ბევრი შრომა და ბევრიც შიმშილი. ჰყავდა ცოლი - მერი და 15 წლის ბიჭი - ირაკლი. სამსახურში, მის განკარგულებაში იყო: დიდი კაბინეტი, ალა - ახალგაზრდა, გრძელფეხება რუს-ქართველა მდივანი და გასაშლელი "დივანი". როგორც წარმატებულ ხალხთა უმრავლესობა, ვაჟაც, დაოჯახებას იმ გენერალივით ნანობდა, რომ იჩქარა და ცოლი ლეიტენანტობის დროს მოიყვანა. ბოლო დროს, რაღაც, გული არ უდგებოდა სახლში, სამსახურისკენ უწევდა. ჰო, რა, სახლში მისულს, წესისამებრ, მერისთვის მსუქან ლოყაზე უნდა ეკოცნა. ის, აღფრთოვანებული დაიწყებდა სუფრის გაშლას, მაგრამ რად გინდა, დააცდიდა ჭამას? - დედაჩემი ავად გამხდარა, უნდა ვნახოთო! - ირაკლის მასწავლებელმა დაგვიბარაო! - ბავშვი რეპეტიტორებთანაა მისაყვანიო! - ექიმთან უნდა წავიყვანო, ახველებსო! - და სხვას, უამრავს, ავტომატის ჯერივით მიაყრიდა, თითქოს, ოჯახში პრობლემების მეტი არაფერი არსებობდა. თან, შვილთან, ადრე თვალებში რომ შეჰყურებდა და მისი სიტყვა კანონი იყო, ბოლო დროს, ურთიერთობა დაეძაბა. რასაც მამა ეუბნებოდა, ის შობელძაღლი, ყველაფერს საწინააღმდეგოს აკეთებდა. ალა კი, ეფერებოდა, "შეფს" ეძახდა, ჭამის დროს მიუჯდებოდა, თავს მიადებდა, ბავშვივით ეტიტინებოდა, მართალია, რესტორანში - ოფიციანტის გაშლილ სუფრასთან, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარია, მის გვერდით ყოფნა მოსწონდა. *** მამაჩემმა კიდევ, გამიჭირა საქმე: - რამდენჯერაც დამინახავს, ჭკუას მარიგებს. რა მჭირს მაგის დასარიგებელი, ჭკუა რომ ჰქონდეს, თავისთვის გამოიყენებდა და იმ კახპას არ აეკიდებოდა. მაგას ჰგონია, ახალგაზრდა გოგო გამოიჭირა, არადა, იმას ჰყავს ყურებით დაჭერილი. *** - მე, ფეხმძიმედ ვარ და ვაჩენო! - ერთ დილით გამოუცხადა ალამ. ვაჟას არც სწყენია და არც გახარებია, უბრალოდ გაჩუმდა. ხვდებოდა, რომ ოჯახის დანგრევა გარდაუვალი იყო, ბავშვი კი, ამას დააჩქარებდა, მაგრამ - რაც იქნება, იყოსო! - ხელი ჩაიქნია. ალას, მუცელი და მოთხოვნები ერთნაირად გაეზარდა. ჯერ: - ჩაცმა მინდაო! - ბრენდები მოატარა. მერე, - მანქანა მინდაო! - "ტოიოტას" ცენტრიდან გამოაყვანინა. მერე: - ბინა მინდაო! - აყიდინა. ბოლოს - ცოლს გასცილდი და მე მომიყვანეო! ბევრჯერ სცადა, ეთქვა ცოლისთვის, მაგრამ თქმას რომ დააპირებდა, მუდმივად რაღაც უშლიდა ხელს - ერთხელ მეზობელი შემოვიდა; მეორედ მობილურზე დაურეკეს და მარეგულირებელში გაიქცა; მესამედ დაიწყო, მაგრამ მერე გადააკეთა და ცოლთან ჩახუტებით დაამთავრა. და საერთოდ, უმძიმდა თქმა, ერჩივნა, რომ მერის თვითონ დაეწყო ამ თემაზე საუბარი. ის კი, ალბათ, ვერაფერს ხვდებოდა, რადგან არაფერს ამბობდა. *** ეს დედაჩემი კიდევ, ვერაფერს ხვდება. გუშინ მამაჩემი ისეთი მთვრალი მოვიდა, ლოგინში ჩაცმული ჩაწვა. მე და დედას მოგვიწია ტანსაცმლის გახდა. შარვალს რომ ვხდიდით, დავინახე, ტრუსი უკუღმა ეცვა - ზომის იარლიყი გარედან ჰქონდა მოქცეული. ველოდი, დედაჩემი გადაირეოდა, მაგრამ ბედად, ვერ შეამჩნია, საბანი მიაფარა. ამასწინათ კიდევ, ყელზე პომადით ნაკოცნი ეტყობოდა. დედამ ეგეც ვერ შეამჩნია, პირსახოცი მისცა და აბაზანაში შეუშვა. *** ამასობაში, ალამ იმშობიარა, ბიჭი შეეძინათ - ვადიმა. ვაჟა გაიქცა იუსტიციის სახლში და ბავშვი თავის გვარზე დაწერა. მესამე დღეს ახალ ბინაში მიიყვანეს. საბოლოოდ გადაწყვიტა სახლიდან წამოსვლა და ალასთან ცხოვრება, მაგრამ მანამდე, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ჭიპლარის სისხლი წაიღო ავერსის კლინიკაში, მამობაზე დნმ-ის ანალიზის ჩასატარელად. სამ კვირაში პასუხი მიიღო - 99 პროცენტის ალბათობით, მამა შენ არ ხარო. - რომ ჩამოვალ, მერე გავარკვევო! - ვანში წავიდა ნათესავის გასვენებაში. ქელეხში დალია. ესიამოვნა, ცოტა ხასიათზე მოვიდა. უკანა გზაზე ბავშვობის მეგობარი დაემგზავრა - შადიმანი, ქუთაისამდე მოდიოდა. ფარცხანაყანევში რესტორანთან გააჩერეს. ორგანიზმი დათრობას სთხოვდა. დალიეს. თავისი ამბავი მოუყვა. შადიმანმა - ძმაო, გაგმართლებია, ოჯახს აღარ დაანგრევო! - არაფერი უთქვამს, დაეთანხმა. თითქოს უხაროდა კიდეც, ალამ რომ უღალატა. იქიდან მთვრალები წამოვიდნენ. თერჯოლის გადასახვევთან საჭესთან ჩაეძინა... *** დედა სულ ტირის, ალბათ მამაზე. რომ იცოდეს ღალატობდა, ასე ხომ არ ინერვიულებდა. დღეს შევეცადე მეთქვა, მაგრამ არ მომისმინა, ზურგი შემაქცია - გაკვეთილებს მიხედეო! - მომაძახა და საძინებელში შეიკეტა. *** ვაჟას გარდაცვალების შემდეგ, ალამ ბინა და მანქანა გაყიდა და ნაქირავებში გადავიდა. ერთი თვე იქ იცხოვრა, მერე, ბავშვი მეზობლის ქალს ჩააბარა - აუცილებელ საქმეზე მივდივარ, ორი საათით დაიტოვეო! - ტაქსი გააჩერა და - აეროპორტი! ჩქარა იარე, რეისზე მაგვიანდებაო!... *** ბოლო რამდენიმა დღეა, რაც დედა სახლიდან დილით გადის და გვიან ბრუნდება. დღეს, სკოლის მერე კლასელს ვესტუმრე, მაინც არავინ მეგულებოდა სახლში. გვიან მივედი. კარი ჩემი გასაღებით გავაღე. ჩემდა გასაკვირად, დედა სახლში დამხვდა, ჩვილი ბავშვით ხელში. - შვილო, ეს შენი ძმაა, ვადიმაო! - მითხრა დედამ და ბავშვი გულზე მიიკრა. არდაშელ თაქთირიძე 93 2-ს მოსწონს
|