x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124172
  • ვიდეო:355539
  • სურათი:496877
პუტინის კატასტროფა: სურს რუსეთს ატომური ომი?
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ხშირად აკეთებს მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ატომურ ბომბს გამოიყენებს. NATO და ამერიკის შეერთებული შტატებიც მის მუქარებს სულ უფრო სერიოზულად აღიქვამენ. ბრიუსელსა და ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებით და როგორი შეიძლება იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პასუხი მსგავს გამოწვევაზე.


ბირთვული ომის მუქარით პუტინმა გააკეთა ის, რაც არავის ჩაუდენია მთელი ცივი ომის მანძილზე. იმ პერიოდში როგორც საბჭოთა კავშირს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდათ ბირთვული არსენალი, მაგრამ შანტაჟის მიზნით ბირთვული იარაღი არცერთ ზესახელმწიფოს არასოდეს გამოუყენებია. მაშინ ეს თემა ტაბუირებული იყო. პუტინმა კი ეს ტაბუ დაარღვია. მე-20 საუკუნის მიწურულამდე ყველასათვის ნათელი იყო, რომ ბირთვულ ომს შეუძლებელია გამარჯვებული ჰყავდეს. როგორც საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1985 წელს ჟენევაში ერთობლივ კომუნიკეში ჩაწერეს, “ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ შეიძლება მისი წარმოება.” ამ კომუნიკეზე აქამდე ხელი 5 ბირთვულ სახელმწიფოს ჰქონდა მოწერილი: ამერიკას, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და რა თქმა უნდა - რუსეთს. დღეს კი ეს რეალობა შეიცვალა.


დიქტატორი


დღეს, როცა რუსეთის არმია უკრაინაში დამარცხებას დამარცხებაზე განიცდის, პუტინი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. მან ჩაატარა რეფერენდუმი მის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკრაინას ეკუთვნის და ეს ტერიტორიები ამავე საერთაშორისო სამართლის დარღვევით რუსეთს მიუერთა. ახლა ეს მიწები პუტინის გაგებით რუსეთის ტერიტორიაა, ხოლო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კონსტიტუციაში წერია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანას უფლება აქვს, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. სავარაუდოდ სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენების ლეგიტიმაციას ემსახურებოდა ასე ჰაიჰარად როგორც დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე სხვა დაპყრობილ ქალაქებში ეგრეთ წოდებული “რეფერენდუმების” ჩატარება.



თავის მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილეს რუსი დიქტატორი, რომ ბირთვული ომის შედეგები მისთვის კატასტროფული იქნებოდა. ვაშიგტონიდან მიმავალი სიგნალები სრულიად ნათელია და ისინი არ შეიცავს პუტინისთვის შეთავაზებულ არანაირ კომპრომისს; დასავლეთი არ აპირებს რუსეთთან არანაირი დათმობის გაკეთებას და უკრაინის გაწირვას, რადგან ყველას ესმის, რომ ეს გამოსავალი არ არის. ზუსტად ისევე, როგორც ტერორისტებთან არ შეიძლება რაიმე კომპრომისის დაშვება, რათა ამ კომპრომისმა პრეცედენტის ძალა არ შეიძინოს, ისევე არ შეიძლება კომპრომისის გაკეთება რუსი დიქტატორისთვის, რომელიც დასავლეთს ბირთვული ომით აშანტაჟებს.


საბედნიეროდ დასავლეთში უკვე ყველას კარგად ესმის, რომ პუტინთან მხოლოდ უკომპრომისო და ძალაზე დაფუძნებული პოლიტიკა ჭრის. ყველა კარგად ხვდება, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. დასავლეთი მზად არის პუტინთან “ნერვების ომის” მოსაგებად. აი თავად პუტინი რამდენად არის საამისოდ მზად, ამას მომავალი გვიჩვენებს.

2
432
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
432
  
6 ოქტომბერი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 ოქტომბერი, 3:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2