x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122786
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495059
ჟანრული მრავალფეროვნება ბარბარე შერმაზანაშვილის მუსიკალურ სამყაროში

image

მუსიკისადმი მისწრაფება უხსოვარი დროიდან ახასიათებს ადამიანს. პირველ ხანებში იგი იმდენად განცვიფრებული იყო მუსიკის ზეგავლენის ძალით, რომ ამ ხელოვნების გაჩენას ღმერთებს მიაწერდა. სწორედ ამ ღვთიურ ხელოვნებას დაუკავშირა თავისი ცხოვრება პროფესიით გუნდის დირიჟორმა, მუსიკოსმა ბარბარე შერმაზანაშვილმა.

image

მუსიკისადმი და არა მხოლოდ მუსიკის, არამედ თეატრისადმი ბარბარეს სიყვარულის და შემოქმედებითი მისწრაფების ისტორია ბავშვობიდან იწყება:

"ვმღეროდი ოპერის ბავშვთა გუნდში, მონაწილეობას ვიღებდი სპექტაკლებში, შემდეგ თეატრალურ სტუდია “თეატრონში" შევედი, მოგვიანებით მცირე ხნით ვიარე თეატრალურ სტუდია “არტ პლაზაში", სადაც დავდგით ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსი"- შევასრულე დეიდა ნინას როლი. თსუ-ში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი თსუ-ს თეატრი "სხვენის" სპექტაკლებში მათ შორის "თოვლის დედოფალი", სადაც თოვლის დედოფლის როლს ვასრულებდი"- აღნიშნავს ბარბარე შერმაზანაშვილი.

image

16 წლის ასაკში დაინტერესდა გიტარით და სხვადასხვა სიმღერებს სწავლობდა. თსუ-ში გამართულ ლედ ზეპელინის საღამოზე "Stairway to heaven" შეასრულა.

მოგვიანებით დაიწყო ევა კესიდის რეპერტუარის შესწავლა.

ამრიგად, ბარბარეს მუსიკალურ სამყაროში შთამბეჭდავი ჟანრული მრავალფეროვნებაა. სწავლობდა ფორტეპიანოს, დირიჟორობას, საოპერო ვოკალს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით და ახლა მაგისტრანტია.

image

უკრავს გიტარაზე, ასრულებს როკ-მუსიკას, საკუთარი ბენდიც ჰყავს, წერს მუსიკას და ჯაზ-კონცერტებზეც მღეროდა, ახლა დრამის დაკვრას სწავლობს.

"თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ და ვასრულებ მთავარია მომწონდეს და გემოვნებიანი იყოს სხვადასხვა ხასიათის მუსიკას სხვადასხვა რამის თქმა უნდა, მაგალითად დაწერილი მაქვს მუსიკა, რომელიც ისე ჟღერს, როგორც იავნანა კიდევ ერთი სიმღერა ალტერნატიული როკის ჟანრში მაქვს დაწერილი, რომლის გაკეთებას ბენდში ვაპირებ"- ამბობს ბარბარე შერმაზანაშვილი.


image

ახალგაზრდა მუსიკოსი ხაზს უსვამს გემოვნებას, რაც მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ გემოვნებას ახასიათებს პროდუქტიული, კრეაციული მომენტები, ის ხელოვნების ცენტრალური საწყისი, წმინდა ესთეტიკური, გრძნობადი და ამავე დროს ინტელექტუალური, განსჯითი ბუნებისაა.

მუსიკის მოსმენის, შესრულების ან შექმნის დროს გემოვნება დისკურსის გზით წარმართავს შემოქმედებით პროცესს: აანალიზებს, შლის და ადარებს. რაც უფრო მეტ ასეთ სამუშაოს ასრულებს ადამიანი, მით უფრო იხვეწება მისი გემოვნება და ფართოვდება დიაპაზონი.

image

ბარბარე შერმაზანაშვილი იმ იშვიათ მუსიკოსთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც ბუნებამ ყველა უნარი მისცა. მასში თანაბრად განვითარებულია სმენა, მუსიკალობა თუ ფორმის შეგრძნება. მუსიკა მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი და შინაგანი ცხოვრების მესაიდუმლეა.

ეზიარო მუსიკის სამყაროს ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ადამიანური სიხარულია.

https://www.youtube.com/watch?v=CP7CLZgTtQw






0
54
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0