x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
იცოდით, ფილმ "ლამაზმანს" სევდიანი ფინალი რომ უნდა ჰქონოდა?

image


როდესაც ფილმს ვუყურებთ, ხშირად გვსურს დავინახოთ არა ის რეალობა, რაც ცხოვრებაში ისედაც გვყოფნის, არამედ ლამაზი სიყვარულის ისტორია ბედნიერი დასასრულით. ალბათ, ბევრი ისურვებდა ფილმის ფინალის ისეთად დატოვებას, როგორც ის ყველა ჩვენგანს თითქმის ზეპირად ახსოვს, თუმცა ამ ისტორიის პრობლემა არა მხოლოდ "სეროფივით" ტკბილი დასასრული იყო.


image


მშვენიერი, ღარიბი გოგონა, რომელიც ცხოვრებაში თავს მეძავობით ირჩენს, სიმპათიურ და გავლენიან ბიზნესმენს "ხსნის". ერთად გატარებული ღამის შემდეგ, ახალგაცნობილით მოხიბლული ედვარდი მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ერთი კვირით ქირაობს. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში ვივიენი არა მხოლოდ საქმიან და არასენტიმენტალურ მამაკაცს უყვარდება, არამედ მის მიმართ გრძნობები თავად გოგონასაც უჩნდება. ნაპერწკალი, ვნება, სიგიჟე და აი, უკვე ზღაპრული უფლისწული თავისი ერთადერთი სიყვარულის, ჟღალთმიანი ლამაზმანის დასახსნელად მიიჩქარის.


image


თუმცა ფილმი თავიდანვე სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სცენარისტმა, ჯონათან ლოუტონმა მოიფიქრა სევდიანი ისტორია ლამაზ ნარკომანზე, რომელიც ფულს პროსტიტუციით შოულობს. ისტორიის მორალი კი ასეთი უნდა ყოფილიყო: გოგონას პროფესია დამამცირებელია, მისი იმედი ბედნიერ მომავალზე ინგრევა. ბოლო ეპიზოდში მთავარი გმირი გოგონას ნომრიდან უხეშად აძევებს და შეთანხმებულ თანხასაც უგდებს. ვივიენი თავიდან დეპრესიაში ვარდება, თუმცა მცირე ხნით - ის მეგობართან მიდის, საიდანაც დაქალები ნაშოვნი ფულით დროის სატარებლად მიდიან.


image


მაგრამ როდესაც პროექტით სტუდია "Disney"-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა. დიდი თანხის სანაცვლოდ მათ სცენარი გამოისყიდეს და ის თავიდან ბოლომდე გადაწერეს. რეჟისორის ამპლუა გერი მარშალმა მოირგო, რომელიც ასევე გამოცდილი სცენარისტი და მსახიობი გახლდათ. მან ნარკომანიის თემა მოხსნა, ედვარდს სნობიზმის დონე შეუმცირა, გახადა რა ის ბევრად უფრო გაბედული და მგრძნობიარე, რის შედეგადაც მივიღეთ ყველასთვის საყვარელი კლასიკური მელოდრამა ბედნიერი დასასრულით. არავინ ელოდა, რომ ბანალური "ტკბილი" ისტორია ფილმის ბიუჯეტის თანხას 30-ზე მეტჯერ ამოიღებდა, მის შემქმნელებს კი თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს მოუტანდა.



ფილმის სამუშაო სახელწოდება იყო - "3000" ანუ ის თანხა რა თანხითაც ედვარდი ერთი კვირით ვივიენის მომსახურებას ყიდულობს, მაგრამ შეუძლებელი იყო ასეთი სახელწოდება ასოცირებული სასიყვარულო ისტორიის ბედნიერ დასასრულთან ყოფილიყო. დიდხანს არ უფიქრიათ: როი რობინსონის სიმღერა სახელწოდებით "Oh, Pretty Woman"-ი, რომელიც ფილმში შევიდა მის სახელწოდებადაც იქცა.



image


მაგრამ ქალის მთავარი როლის შემსრულებელთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები იყო. სტუდიას ვივიენ უორდის როლში უკვე ცნობილი მსახიობის ხილვა სურდა: კარენ ალენი ("ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობანის მაძიებელნი") ან მეგ რაიანი ("როცა ჰარი შეხვდა სალის..."), მაგრამ ალენი იმ დროს უკვე თითქმის 40 წლის იყო, ხოლო რაიანმა და კიდევ ერთმა მსახიობმა შეთავაზებულ როლზე უარი განაცხადეს, ვინაიდან ფილმოგრაფიის მეძავის როლით გაფუჭება არ სურდათ. სიაში მოხვდნენ ასევე ვაინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი, თუმცა რეჟისორმა ორივე მათგანი დაიწუნა, რადგან ვიზუალურად ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი მსახიობი უარის მიზეზად გრაფიკთან შეუთავსებლობას ასახელებდა, ზოგს სცენარის "ტონი" არ მოსწონდა, ზოგიც კი "ლამაზმანის" ისტორიას ქალებისთვის ზედმეტად დამამცირებლად მიიჩნევდა.


image


აი, ასე შეჩერდნენ 21 წლის ჯულია რობერტსზე, რომლის ფილმოგრაფიაც იმ დროისთვის საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, "ლამაზმანი" კი მისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავებში მოხვერის ერთგვარ იღბლიან ბილეთად იქცა. მუდამ მომღიმარი და მომხიბვლელი რობერტსი გადასაღებ მოედანზე საკმაოდ ღელავდა. ახალბედა მსახიობისთვის მისი გმირის, ვივიენის თამაში იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ზედმეტი ნერვიულობით მან ჭინჭრის ციებაც კი დაიმართა.


image


რიჩარდ გირი როლზე მაშინვე მიიწვიეს. ამერიკელი მსახიობი ძირითადად, სერიოზულ როლებს იყო მიჩვეული, ამიტომ სცენარით თავიდანვე დიდად არ დაინტერესდა, მაშინ მარშალმა ყურადღება კრისტოფერ რივიზე შეაჩერა, თუმცა მანაც უარი განაცხადა, ვინაიდან სცენარი არაპერსპექტიულად ჩათვალა. კასტინგში ასევე მონაწილეობდნენ - ჯონ ტრავოლტა, დენიელ დეი-ლუისი, დენზელ ვაშინგტონი. ალ პაჩინოსთან რამდენიმე რეპეტიციაც კი ჩატარდა, მაგრამ საბოლოოდ, მანაც უარი განაცხადა, შემდეგ რეჟისორი ჯულია რობერტსთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც იმ მომენტში გირი იმყოფებოდა. ერთად მათ მისი დარწმუნება საბოლოოდ მოახერხეს.


image


მოგვიანებით რიჩარდმა აღიარა, რომ იმ მომენტში მას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და იძულებული იყო როლზე დათანხმებულიყო. მას ფილმის წარმატების არ სჯეროდა, ხოლო საკუთარ პერსონაჟს ზედმეტად მარტივად მიიჩნევდა. თავიდან გირი გადასაღებ მოედანზე აქტიურობას ცდილობდა, თუმცა მას რეჟისორი შემდეგი სიტყვებით აკავებდა: "რიჩარდ, დამშვიდდი! ნუთუ ვერ ხედავ, აქ ვინ უნდა იყოს ყველაზე კაშკაშა?"



ვივიენი თანდათან თავშეკავებული და დახვეწილი უნდა გამხდარიყო, რაზეც მისი ახალი ჩაცმულობებიც მიუთითებდა. მისი განახლებული გარდერობიდან ყველაზე თვალისმომჭრელ შენაძენად ოპერის კაბა იქცა, რომელსაც ედვარდმა წარმოუდგენლად ლამაზი ყელსაბამი შეურჩია. ფილმის კოსტიუმების მხატვარი პრემია BAFTA-ზე იქნა წარდგენილი: სწორედ მან მოიფიქრა წითელი კაბა, რომელიც ცხოვრებისეულ ცვლილებებს განასახიერებდა. მკვეთრი, სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული. მერლინ ვენსი (კოსტიუმების დიზაინერი) დაჟინებით მოითხოვდა კაბის წითელ ფერს, თუმცა კინოსტუდიას მის ნაცვლად ლაკონური შავის ხილვა სურდა, მაგრამ ვენსმა განაცხადა, რომ ჰოლივუდის ოქროს ხანაში ცვლილებებს სწორედ წითელი ფერი განასახიერებდა: "ანგელოზი წითელში" ავა გარდნერის მონაწილეობით, "სიკვდილი მას უხდება" გოლდი ჰოუნით მთავარ როლში, "პატარძალი წითელში" ჯოან კროუფორდის მონაწილეობითა და "მხიარული სახე" ოდრი ჰეპბერნით მთავარ როლში, უკვე ყველაფერს ამბობდა.


image


მსახიობს, სათანადო წითელი ფერის საპოვნელად წითური თმის გამო არაერთი ფერის ტესტისა თუ სინჯის გავლა მოუწია, ახლა ხომ უკვე სრულიად შეუძლებელია ვივიენის ოპერაში, შავი კაბით წარმოდგენა.




0
581
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
581