x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
სოსო გოგაშვილი -" ყველაზე საშიშნი..მოქმედმა სისტემამ შექმნა ასეთებად.."
image
" ყველაზე საშიშნი - ცხოვრების მანძილზე კაცი ხშირად გადაეყრება ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს, რომელთაც ინდივიდუალური ხასიათი, შეხედულება, თუ გარეგნობა აქვთ, მაგრამ ეს ადამიანები, მიუხედავად მათი განმასხვავებელი ნიშნებისა, წარმომავლობისა, მრწამსისა, ორიენტაციისა, თუ ჯიშჯილაგისა, თავისი საქციელით და მიზნებით ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს.
ისინი საკუთარი უზრუნველი ყოფის შესანარჩუნებლად ირჩევენ ლიდერებს და კერპად ქცეულებს ლამისაა თუქსუსად დაუდგნენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები არიან გაუნათლებლები. აბსოლუტური უმრავლესობა არა, მაგრამ მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არის ნაკითხი და ერუდირებული. სწორედ ამიტომ არიან საშიშნი. სოციალურ ქსელში, ხშირად წააწყდებით მათ ფრთოსან გამონათქვამებს, “ანალიტიკურ ნაშრომებს”, თუ ტექსტებს.
მათი კერპი “სამიზნის” შესახებ შექმნილ დითირამბებს, ლექსებს, “ექსპერტულ” შეფასებებს, რომლითაც გავლენას ახდენენ საზოგადოების ნაწილზე. ისინი ქმნიან ამ პრინციპების მიმდევართა სექტანტურ დაჯგუფებებს. საჭირო დროს მყისიერად, ერთხმად შეესევიან განსხვავებული აზრის, თუ შეხედულების მქონე ადამიანებს, კერპის დაცვის მიზნით. გულმოდგინედ კორტნიან, ამკობენ ბინძურად და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ.
გადაჭამენ ყველაფერს ირგვლივ, რათა ჩამოიშორონ “კონკურენტები” და არ მოაკლდეთ სათქვლეფი:(
ამ ყველაფერს ისინი ადრე აკეთებდნენ ანონიმური წერილებით და სხვადასხვა წრეებში ჭორების გავრცელებით. დღეს უკვე მათი მოქმედების არეალი გაზრდილია სოციალური ქსელების საშუალებით, რასაც ისინი ეფექტურად იყენებენ.
გამოსარჩევია რამდენიმე სახეობა:
- უმაღლესი განათლების მქონე აკადემიური თუქსუს- მლიქვნელი.
- საშუალო დონის, ზოგადი განათლების მქონე თუქსუს-მლიქვნელი.
- გაუნათლებელი, დაბალი დონის, ოღონდ გამჭრიახი თუქსუს- მლიქვნელი.
მათ ყველას ამოძრავებს ერთი მიზანი: ჰყავდეთ კერპი და ჰქონდეთ მის მიერ ნაბოძები სალაფავი, რომელიც მთავარია კერპიდან კერპამდე არ დაკარგონ . მსგავსი ადამიანები ყველასთან ცდილობენ მიტმასვნას. თავისი ინიციატივით და ჩვეული “პროფესიონალიზმით” იწყებენ ქება-დიდებას. ვიღაცას სიამოვნებს, ახლოს უშვებს და ვეღარ იშორებს. ვიღაც არ იკარებს სათოფეზე. ვიღაც უნებლიედ შეცდება და გაუხსნის კარს, ხოლო შემდეგ, როდესაც ამოიცნობს მის მიზნებს და დააპირებს გარიყვას, მაშინ ჩაირთვება თუქსუსის თავის გადარჩენის ინსტიქტი. ძველი კერპის დამანგრეველი, ბინძური კამპანია და სხვა ახლად მოძებნილი კერპის მაამებელი სიბინძურის კორიანტელი.
ასე წლიდან წლამდე, დეკადიდან დეკადამდე გადის დრო, იქამდე სანამ ეს არაფრის შემქმნელი უნაყოფო სუბიექტები არ მიაღწევენ ბოლო წერტილს და არ გადავლენ სხვა სამყაროში ყველასგან დავიწყებულნი. ისინი არანაირ პოზიტიურ ცხოვრების კვალს არ ტოვებენ, გარდა თავისი მსხვერპლისა, გულგახეთქილი, თუ ტალახში ამოსვრილი, ღირსეული ადამიანების ცხოვრებაში დატოვებული იარებისა, რომელიც ბოლოს მაინც ქრება.
მლიქვნელთა უმეტესობა უნაყოფოა, ან, დამპალი ნაყოფის შემქმნელი, იშვიათია მათი პირმშო ღირსეულ ადამიანად გაიზარდოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იშვიათი გამონაკლისებიც არის.
ფრთხილად, მომავალო “კერპებო” ფრთხილად! სადმე, თუ გადააწყდით ამ მოსაზრებას, კარგად და ყურადღებით გადაიკითხეთ, გაითვალისწინეთ და თავს გაუფრთხილდით.
ასევე, ტკივილით და იმედგაცრუებით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რამ, რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა, ვერ დამაბრკოლა.
ჩემდა სამწუხაროდ, ჩემთვის იქამდე მედიიდან და საჯარო გამოსვლებიდან ნაცნობი, საზოგადოების გამორჩეული “ღირსეული”, “ სამაგალითო” ადამიანების უმრავლესობა( საბედნიეროდ არის მცირე გამონაკლისი)აღმოჩნდა, უღირსი, უმორალო და უკანასკნელი მდაბიური ცხოვრების წესით მცხოვრები არსება.
მათთვის არ არსებობს ის მორალური ღირებულებები, რაზედაც ყველას ყველგან მოუწოდებენ და ქადაგებენ. მათთვის არ არსებობს სამშობლო, რომლის გამო თავგანწირვისთვის სხვას მოუწოდებენ. მათთვის არ არსებობს ოჯახის სიწმინდე, ადამიანის უფლებები, სიყვარული და ღირსება. მათთვის არსებობს მხოლოდ ფული და საზოგადოებრივი მდგომარეობა, ვისგანაც არ უნდა იყოს ის უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაზე არიან კარგად დაგეშილები.
ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და კრიტიკული ამ ორი ფენომენის მიმართ, რადგან ამ კატეგორიას შეუძლია არა მარტო დაღუპოს ერთი რომელიმე პერსონა, არამედ, მათ შეუძლიათ ნეგატიური გავლენა მოახდინონ, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეც. ისინი ხომ ძალიან ახლოს არიან ქვეყნის მართვის სადავეებთან და ხშირად ახერხებენ კიდევაც დაიკავონ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობები.
ისინი მოქმედმა სისტემამ შექმნა ასეთებად, სისტემამ, რომელიც არის სახელმწიფოებრიობის და ფუნდამენტური ინსტიტუტების ყველაზე დიდი მტერი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში. " - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველიმოადგილე სოსო გოგაშვილი.
0
342
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0