x
მეტი
  • 11.10.2024
  • სტატია:137558
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511449
შემზარავი ფაქტები – ადამიანები, რომლებიც ცხოველებმა სასიკვდილოდ ვერ გაიმეტეს
«რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად მომწონს ძაღლები»


«წერილები», მარი დე რაბიუტე-შანტალი

(Marie de Rabutin-Chantal, marquise de Sévigné)



ეს სიტყვები XVII საუკუნეშია დაწერილი და ეტყობა, რომ დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო...


ქ. კაპინასის (ბრაზილია) მოსახლეობის ჩვეული ცხოვრება ერთ დღეს მაწანწალა ძაღლმა დაარღვია, რომელიც მოულოდნელად, ნაგვის ურნის უკნიდან გამოჩნდა. ძაღლი, სახელად ანჟელა, წლებია, იმ ქალაქში ცხოვრობს და ხალხი მისმა დანახვამ კი არა, შოკში იმან ჩააგდო, რაც მას პირით მოჰქონდა.


image


... მაწანწალა ძაღლს კბილებით ახალშობილი ბავშვი ეჭირა, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა გადაჭრილი.
ძაღლმა ჩვილი ახლომდებარე სახლთან მიიყვანა. დიასახლისმა, როდესაც ეს საშინელება დაინახა, ჯერ დაიბნა, მაგრამ გონზე მალე მოვიდა, ძალა მოიკრიბა და ბავშვი ხელში აიყვანა. წარმოუდგენელია, მაგრამ ის ცოცხალი იყო. ძაღლს ისე ფრთხილად ეჭირა გოგონა, რომ მას კანზე ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა.

ჩვილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადარჩენილი გოგონას ბიოლოგიური დედა მოეძებნა, მაგრამ მისი პოვნა ვერ შეძლო.

image

უჩვეულო ნაგაზის პატრონი, ქალაქ ბირმინგემში (ბრიტანეთი) მცხოვრები, 68 წლის როჯერ უილდეი ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს, როდესაც თავის ძაღლთან ერთად, სასეირნოდ გავიდა.
აი რას ჰყვება ის იმ დღის შესახებ: «დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მე და ჯეიდი, ჩვეულებისამებრ, სასეირნოდ გავედით. ძაღლი სულ ჩემს სიახლოვეს იყო, ვიდრე ბუჩქებს არ მივუახლოვდით. ის უეცრად მოსწყდა ადგილიდან და რამდენიმე წამში გაქრა ჩემი თვალთახედვიდან. რამდენჯერმე დავუძახე და რომ არ გამოჩნდა, მეც იქით წავედი, სადაც ძაღლი უკანასკნელად დავაფიქსირე. ბუჩქებს შორის გავიარე და დავინახე, რომ ჯეიდი რაღაც ჩანთის გვერდით იჯდა».

«ძაღლს კიდევ ერთხელ დავუძახე და რადგან ადგილიდან არ გაინძრა, იძულებული გავხდი, მე თვითონ მივსულიყავი მასთან და მენახა, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი ინტერესი.
როგორც კი ახლოს მივედი, ჩანთაში რაღაცამ მოძრაობა დაიწყო და ვიფიქრე, რომ შიგნით კნუტები იყვნენ. მაგრამ, უეცრად პატარა ხელები დავინახე და ბავშვის ტირილი გავიგონე».

როჯერმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა: «არ მინდოდა ხელი რამესთვის მეხლო, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ გამენადგურებინა. მაგრამ, ტელეფონით მითხრეს, რომ ბავშვის აყვანა შემეძლო».

შემთხვევის ადგილზე მაშინვე მაშველები მივიდნენ. ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის წინ იყო დაბადებული.

გოგონა აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ არა ჯეიდი! მადლობა ძაღლს, რომ ის უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ჩვილი სიკვდილისთვის გაიმეტა!

image

რაც ერთმა ფუმფულა არსებამ გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არა აქვს და არც პატრონი ჰყავს, კატას საკვები არასდროს მოჰკლებია. მეზობლები ხშირად აჭმევდნენ და სადარბაზოში თბილად აძინებდნენ. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, კატას, სახელად მაშას, არასდროს უცდია ვინმესთან მიკედლება ან იქნებ თავისუფლების მოყვარული იყო და ფანჯარაში ჯდომას და ეზოში ყურებას, ისევ გარეთ სიარული ერჩია. თუმცა, ვინ იცის? მაგრამ, რომ არა ის, ადამიანების მიერ სასიკვდილოდ განწირული ჩვილი ნამდვილად დაიღუპებოდა.

ეს ამბავი ობნინსკში (რუსეთი) მოხდა. ზამთრის ერთ დღეს, სადარბაზოში ყველასთვის ნაცნობმა კატამ, უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. ის ისეთ ხმაზე კნაოდა, თითქოს დახმარებას ითხოვდა. სადარბაზოში იმ დროს მყოფმა ქალბატონმა კატის განწირული ხმა რომ გაიგო, იქით წავიდა, სადაც სავარაუდოდ კატა უნდა ყოფილიყო. ასე აღმოჩნდა ქალი სარდაფში. მან დაინახა, რომ კატა ყუთში იჯდა და ბავშვს ათბობდა.

რომ არა მზრუნველი კატა, ჩვილი იმ სიცივეში ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. საზრიანმა ცხოველმა პატარასთან ნამდვილი დედობრივი ინსტინქტი გამოამჟღავნა და ეს საოცარი სანახავი იყო!

ამბობენ, რომ როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანას პატარა საავადმყოფოში მიჰყავდა, კატა დიდხანს მიჰყვებოდა მანქანას და კნაოდა. შემდეგ კარგა ხანს გზას გაჰყურებდა, თითქოს ელოდა, რომ მანქანა უკან მოვიდოდა და ბავშვს მოიყვანდა.

კატამ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა! მან პატარა გადაარჩინა და თუ მანამდე, მხოლოდ ერთი სადარბაზოს მეურვეობის ქვეშ იყო, მას შემდეგ, უკვე მთელი ეზო ზრუნავდა მასზე.


image

პოლტავაში (უკრაინა) 20 წლის სტუდენტი გოგონა სახლიდან გავიდა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. მას მანქანა დაეჯახა და მძღოლმა, იმის ნაცვლად, რომ სავადმყოფოში წაეყვანა, ჩადენილი დანაშაულის დასაფარად და «ნივთმტკიცებულების» გასაქრობად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსხვერპლი ტყეში წაიყვანა და იქ დატოვა.
იმ პერიოდში, გოგონა ნათესავებთან ცხოვრობდა და როდესაც სახლში დროზე არ დაბრუნდა, ოჯახმა ნერვიულობა დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ გოგონა ტელეფონზეც არ პასუხობდა. ამიტომ, ნათესავებმა პოლიციას მიმართეს.
მაშინვე დაიწყო ძებნა, რომელიც სულ 6 საათს გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ პოლიციაში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა დარეკა. როგორც გაირკვა, მასთან გოგონა მივიდა თავის ტრავმით, ზედა სამოსის გარეშე (სავარაუდოდ, ქურთუკი მძღოლმა გახადა, რომ გაყინულიყო). მას მეხსიერება ჰქონდა დაკარგული და მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ტყეში იყო და სახეს ძაღლი ულოკავდა.

როგორს აღმოჩნდა, სასიკვდილოდ განწირული გოგონა უპატრონო ძაღლმა იპოვა და მანამდე დარჩა მასთან, ვიდრე ის გონზე არ მოვიდა. ძაღლი მის გვერდით დაწვა და ასე ათბობდა ზამთრის ცივ დღეს.

როგორც პოლიციის თანამშრომელმა, ოლეგ ბეხმა განაცხადა: «გოგონა სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ის ძაღლმა იპოვა».

ძაღლები – ძალიან ერთგული მეგობრები არიან და მათთვის ღალატი უცხოა. ისინი მზად არიან, უცნობ ადამიანებსაც აღმოუჩინონ დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ!

P. S. რაც შეეხება დამნაშავე მძღოლს, ის ვერ იპოვეს და დღემდე დაუსჯელი არის.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ

პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს

ლომის “ადამიანური" საქციელი

1
1163
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1163
  
2018, 29 ივნისი, 9:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1