სხვა როდის და რატომ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო? ცნობები ისტორიიდან 2018, 8 აპრილი, 19:59 1810 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის მთავრად დაინიშნა გიორგი( საფარ-ბეგ) შერვაშიძე. თუმცა მასზე უფრო მეტი პოპულარული იყო მისი მაჰმადიანი ძმა ჰასან-ბეგი. 1821 წელს გარდაიცვალა გიორგი შერვაშიძე, რის გამოც რუსებმა სამთავროს მართვა-გამგეობა მთავრის ქვრივს დედოფალ თამარს ჩააბარეს. ჰასან-ბეგს სურდა ხელში ჩაეგდო აფხაზეთის მთავრის ტახტი, მაგრამ როდესაც სოხუმისკენ დაიძრა, იგი რუსებმა შეიპყრეს. 1821 წელს დიმიტრი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ მალევე ის მოწამლეს, რის გამოც 1823 წელს აფხაზეთის მთავრად დიმიტრის უმცროსი ძმა მიხეილი დაამტკიცეს, რუსეთის მცდელობით, თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა სამურზაყანოზე, სადაც 1840 წელს რუსული მმართველობა იქნა შემოღებული. 1854 წელს მიხეილ შერვაშიძეს დაევალა მონაწილეობა მიეღო აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარების ევაკუაციაში, ამ დავალების წარმატებით შესრულებისათვის მას გენერალ-ადიუტანტის წოდება ებოძა და თეთრი არწივის ორდენი გადაეცა. მიხეილ შერვაშიძე ვერ ეგუებოდა იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება გულგრილად უყურებდა აფხაზეთში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. ის ცდილობდა წინ აღდგომოდა თურქთა მოქმედებას და მუსტაფა-ფაშას განუცხადა, რომ მისი სურვილი იყო რუსეთისა და ოსმალეთის ომში ნეიტრალური დარჩენილიყო. კავკასიის მეფისნაცვალმა ნიკოლოზ მურავიოვმა მიხეილ შერვაშიძეს "ნეიტრალიტეტი" სახელმწიფო ღალატად ჩათვალა, რაც ხელსაყრელი მიზეზი იყო აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისათვის. აფხაზეთის მთავარმა 1863 წელს თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მისი შვილი, მთავრის ტახტის მემკვიდრე გიორგი თბილისიდან სოხუმში დაებრუნებინათ, რათა მისთვის გადაებარებინა სამთავროს მართვა-გამგრობა, ამით მიხეილ შერვაშიძე მთავრის ხელისუფლების არსებობის გახანგრძლივებას ვარაუდობდა. თხოვნის მიუხედავად გიორგი შერვაშიძე რუსებმა სოხუმში არ დააბრუნეს. 1864 წელს მიხეილ შერვასიძემ რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვა, რომ მისთვის უფლება მიეცათ სიკვდილამდე ემართა აფხაზეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში საზღაურად ერთ მილიონ მანეთს, აფხაზეთში მამულების შენარჩუნებას და სამშობლოში ცხორების უფლებას მოითხოვდა, რუსეთის ხელისუფლებისთვის ეს თხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით აფხაზეთის სამთავრო სოხუმის ოკრუგში გააერთიანეს და ქუთაისის გუბერნიას დაუქვემდებარეს. 216 2-ს მოსწონს
|