x
image
ბერდია
გენდერული თანასწორობის სურათი დღევანდელ საქართველოში
გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წეს. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელად.

საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვოტირების სისტემას.

გენდერული კვოტა _ იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის. კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ, რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება. კვოტირების თეორია წარმომადგენლობით პრინციპს ემყარება. ამ არგუმენტაციის თანახმად, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმომადგენლობითობის თეორიასთან ერთად პოპულარულია რესურსების გამოყენების თეორიაც, რომლის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს.

ამ არგუმენტაციამ უკვე მრავალი წელია მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში: ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში ნებაყოფლობით დააწესეს კვოტირების სისტემები ქალებისათვის; უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კვოტირება დამკვიდრდა საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ლათინური ამერიკის 11 ქვეყანაში. 2002 წელს ნორვეგია უფრო შორს წავიდა, როდესაც 2008 წლისათვის კომპანიების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40%-იანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისათვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40 პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა. ამჟამად ანალოგიური კანონები მუშავდება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

მიუხედავად ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, იმ პლანეტაზე სადაც 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ნახევრზე მეტს ქალები წარმოადგენენ მიწის მესაკუთრე ქალთა რაოდენობა მხოლოდ 1%-ია. სქესის ნიშნის მიხედვით ჩაგვრის შედეგად აფრიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 6 ათას გოგონას უტარებენ გენიტალურ მუტილაციას (სასქესო ნაწილის ჩამოცლა ამა თუ იმ ზომის დისტალური ნაწილის ნეკროზის დროს); 90-იან წლებში კოსოვოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 30 ათასიდან 50 ათასამდე ქალი გააუპატიურეს. ზოგადი სურათის წარმოჩენისთვის ახლო აღმოსავლეთის საკითხის განხილვა მნიშნველოვანია, რადგან გენდერული სიჯანსაღით ყველაზე ღარიბი სწორედ ეს რეგიონია. მუსულმანურ სამყაროში არსებული სიტუაცია ქალების უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ყოფნას უსვამს ხაზს. ირანში ქალები სასტიკ დისკრიმინაციას განიცდიან და ბევრად დაუცველები არიან მამაკაცებთან შედარებით: მაგალითად მაშინ, როცა ქალს ღალატისთვის ქვების ჩაქოლვით სჯიან, კაცს შეუძლია ჰყავდეს ოთხი ოფიციალური ცოლი. გაყრის შემდეგ 7 წელზე ზევით ბავშვები მამასთან რჩებიან. ქალი ვერ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. ქალი ვერ ჩაიცვამს ისე როგორც მოესურვება: არსებობს ჩაცმულობის ნორმა – აუცილებელია თავსაბურავით სიარული და ტანის დაფარვა. აკრძალულია ასევე “მაკიაჟის” გაკეთება. ირანში გენდერული თანასწორობის არსებობაზე საუბარი ზედმეტია. ის დესტაბილიზაციის კერები, რომლებიც ასე მწვავედ ვითარდება დღემდე ტერორიზმის სახით, სწორედ ქალთა პასიურობასაც კი შეიძლება მივაწეროთ. თანამედროვე მეცნიერებაში მომწიფდა თეორია, რომლის თანახმადაც ექსტრემიზმისა და ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი მუსლიმურ ქვეყნებში არა ისლამური მოძღვრებაა, არამედ ქალთა ჩართულობის ნაკლებობა შრომით ბაზარსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ამიტომაც არის, რომ დღეს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გენერლები და წამყვანი საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების ხანგრძლივვადიანი გეგმების ფორმირებისას აქტიურად ლობირებენ ქალების განათლებაში და მათ გაძლიერებაში ინვესტიციებს. ქალების მონაწილეობა სახელმწიფოს მმართველობაში ამ ქვეყნებში მათ სტაბილურობის წინაპირობად ესახებათ.

კავკასიაში ერთ-ერთ რეფორმატულ ქვეყანად სწორედ საქართველო მოიაზრება და გენდერული თანასწორობის მიმართ გატარებული პოლიტიკა (კანონის დონეზე) უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია, რადგან გარემო, კავკასიური მენტალობიდან გამომდინარე პატრიარქალურია. პოლიტიკის ხორცშესხმასა და ქმედითუნარიანობას სამოქალაქო შემეცნებითი დონის ამაღლება სჭირდება.

საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ეკონომიკურ ზეწოლას; საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი.

ქალები თითქმის საზარალო მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისითაც: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი), აღმასრულებელ ხელისუფლებასა (18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი) და კერძო სექტორში. მართალია, პროცენტულად ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით (მაგ. საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და 298 ქალი). კულტურულად კონსერვატულ საქართველოში შრომით ბაზარზე წარმატებული ქალების ნაკლებობას მავანნი ქალებისვე არჩევნით ხსნიან. ამ მოსაზრების მომხრენი მიიჩნევენ, რომ ქალებისათვის ბევრად სასურველია მოირგონ ნაკლებად აქტიური, თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული პროფესიული როლები იმისათვის, რომ ოჯახსა და შვილების აღზრდას მეტი დრო დაუთმონ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებული ეროვნული კვლევის თანახმად, ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი საქართველოში აღიარებს, რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალთა 34 პროცენტი კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს. ქალთა 50 პროცენტი ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება.კვლევა ქმრის ან პარტნიორის მიერ ქალის კონტროლის სხვა ფორმებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ქალთა 11 პროცენტს, მაგალითად, ქმრის ნებართვა სჭირდება ექიმთან წასასვლელად, ქალთა 29 პროცენტს კი, იმის გამო, რომ ქმარი უკრძალავს, საკუთარ მშობლებთან ურთიერთობა არა აქვს. მემიმაჩნია, რომჩვენთან ძალადობახდებაიმიტომ, რომძალადობის მიმართ არის მაღალიმიმღებლობადა გაცხადებულიპროტესტი ჯერ არცინდივიდუალურად დაარცკოლექტიურდონეზეარარის. ანულოიალურებივართძალადობისმიმართ. არამარტოოჯახური, არამედზოგადადძალადობებისმიმართ. გონებიდან უნდა აღმოიფხვრასას ეთიტოლერანტობა ძალადობის მიმართ, - მიიჩნევს ექსპერტი გენდერის საკითხებში ნანა ბერეკაშვილი, რომლის აზრითაც, გენდერული თანასწორობის სწავლება, უფრო კი ძალადობის წინააღმდეგ გარკვეული სტრატეგიების გამოყენება სასკოლო და უფრო ადრეული ასაკიდანაც კი უნდა იწყებოდეს.

მართალია, პირველად ჩატარდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული კვლევა და, მართალია, საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკური მაჩვენებლები დაიდო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამას წინ უძღოდა სიტუაცია, რომელიც საქართველოში არსებობდა 2006 წელსაც კი, როდესაც კანონის მიღებაც კი საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგი იყო, - აღნიშნავს ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი. ზოგადად, ექსპერტები შენიშნავენ, რომ ქალები, როგორც წესი, გახსნილად ვერ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. შესაბამისად, რეალობა, გარკვეული მიმართულებით კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი ან თუნდაც რამდენიმე კვლევის სტატისტიკა ცხადყოფს.

კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ 2006 წლიდან მოქმედებს. კანონი სახელმწიფო რეგულირების ქვეშ აქცევს ოჯახში ძალადობის ფაქტებს და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს აწესებს. 2010 წელს მიღებულ იქნა ასევე კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მოქმედებს კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგაც, თუმცა ერთია საკანონმდებლო ბაზა, მეორე კი - რეალობა. საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მდგომარეობა არის შედარებით მისაღები ამიერკავკასიის ფარგლებში და არა მარტო ამიერკავკასიისა, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება პერიოდი. რაც შეეხება თავშესაფრების არსებობას, დამცავი და შემაკავებელი ორდერების არსებობას, ინფორმირებულობას, ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ძალიან ბევრია ცნობიერებასთან დაკავშირებით შესაცვლელი”, - ამბობს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი.
საქართველოში გენდერული თანასწორობა, საკითხის რელატიურობიდან გამომდინარე (სკანდინავიის ქვეყნებთან შედარებით) შეიძლება დრამატულად მოგვეჩვენოს, მაგრამ პრობლემის აღქმა შიდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რეალურად აღიქმება და არა ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. Sida (შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო) UNDP (გაეროს განვითარების პროგრამა) დონორების დახმარებით, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა პროექტი გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში გენდერული პოლიტიკის განვითარებას. ის ხელს უწყობს პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას, რეგიონალურ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. პროექტი აგრეთვე მხარს უჭერს ქალთა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მათ დაწინაურებას.

პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
ü მთავრობაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივი სტრუქტურების ჩამოყალიბება;
ü სახელმწიფო გენდერული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შექმნა;
ü ეროვნული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ქვეყანაში ქალთა დაწინაურებისა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად;
ü პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა და პარტიებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
ü საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში;
ü სამხრეთ კავკასიაში მთავრობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა.

XXI საუკუნეს ინფორმაციულ ხანასაც კი უწოდებენ, სწორედ მედიამ უნდა შეასრულოს ერთგვარი watchdog- ის როლი სახელმწიფოში, ამიტომ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პრობლემის გადასაწყვეტად. კარგი იქნებოდა პერმანენტულად, რომ შუქდებოდეს სიუჟეტები გენდერულ დარღვევებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხშირად უნდა აჩვენოს ფილმები ან სხვა ვიდეო კოლაჟები თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ, რათა სამოქალაქო სექტორის შეგნების პროგრესირებას შეუწყოს ხელი ამ კუთხით. გაეროს განვითარების ფონდმა (UNDP); შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (Sida) ერთად ორგანიზება გაუწია “პროექტს გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში.“ დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები გენდერის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის; ”მოხარული ვართ, რომ საქართველოს მედია დაინტერესდა გენდერული თანასწორობის თემით, რომელიც ჰუმანური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, ” - თქვა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ მატილდა დიმოვსკმა კლუბ TWO SIDE-ში, სადაც მან კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. მსგავსი ფინანსური წახალისებები დიდი სტიმულია, რათა საზოგადოება უფორ მეტად გააქტიურდეს ამ პრობლემის ირგვლივ.

საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, დიპლომატია და მოლაპარაკების დახვეწილი მეთოდები ერთ-ერთი პრიორიტეტული ცნებებია. სწორედ ამიტომ 2008 წლის 17 ოქტომმბერს გორში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ქალთა როლი მშვიდობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესებში”. ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი სახელმწიფო ორგანოს როლი, მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების, ნდობის აღდგენის და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა მშვიდობის ყველა ინიციატივაში კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტის მიზნით. მრგვალი მაგიდის ძირითად კონცეფციად განისაზღვრა, რომ სამშვიდობო ღონისძიებებსა და პოსტ-კონფლიქტური საზოგადოებების რეკონსტრუქციის პროცესებში საკრებულოს წევრ ქალთა მონაწილეობის როლი გააქტიურდეს.

თუმცა, ძირითადი რეგულაციები მხოლოდ წერილობით დონეზეა განპირობებული. 2003 წელს საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა, მიუხედავად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კომიტეტის 29-ე, 34-ე და 35-ე რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს სპეციალური დროებითი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის კვოტირების დაწესებას. საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებულ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ლობირების შედეგად კვოტირების სისტემაც იყო მოაზრებული, მაგრამ ამ ინიციატივამ საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ჩადგეს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ასეთი ინიციატივები ჯერ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ პოლიტიკურ კურთხევას მოიპოვებს. სანამ ქალებისათვის კვოტირების შემოღებაზე საქართველოში აქტიური დებატების ნიადაგი მომწიფდება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ე.წ. “აზრის შემქმნელებისა” და “გადაწყვეტილების მიმღებების” მიერ პრობლემისა და მისი თანამდევი შედეგების გაცნობიერება სრული მასშტაბით. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა რაც ქვეყნისთვის იქნება საკეთილდღეო. მსოფლიოს უდიდეს და აქამდე აუთვისებელ ეკონომიკურ რესურსს ქალები წარმოადგენენ. ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ოქროს ან ნავთობის საბადოებია, არამედ ქალები, რომლებსაც არასოდეს ჰქონდათ შესაძლებლობა თავი დაემკვიდრებინათ შრომით ბაზარზე და ამით წვლილი შეეტანათ საკუთარი ოჯახების შემოსავლის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეალურად, ეს ქალები პლანეტის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და სამომავლოდ გლობალური სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად მოიაზრებიან. ჯანსაღი გენდერული კლიმატის შესაქმნელად კიდევ მეტი რეფორმაა საჭირო. ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა მოხდეს, არის მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა თანასწორობის მიმართ. დამოკიდებულების შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიზანდასახული ქმედებები. ნაყოფიერი იქნება თუ გადმოვიღებთ ნორვეგისეულ საარჩევნო სისტემას, სადაც ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო ბიულეტენში არამარტო გადახაზოს გვარები, არამდედ ჩაუმატოს ახალი კანდიდატის გვარი. თუნდაც, რომ შეიქმნას ქალთა ეროვნული საბჭო, რომელიც ძირითადად ქალთა პოპულარიზაციაზე გააკეთებეს აქცენტს. ამ ყველაფრის პირდაპირ გადმოღება ნაწილობრივ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ის თუ რამდენად სწორად აღიქვამს ამას მოსახლეობა და რამდენად არის მოთხოვნა თვითონ ხალხში გენდერული თანასწორობისა.
გენდერული თანასწორობის ცნების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების გამო და თანასწორობის იდეისადმი წინააღმდეგობის შემცირების მიზნით, შესაძლოა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ტერმინი ”გენდერული სამართლიანობა”, რაც ფაქტიურად ნიშნავს გენდერულ თანასწორობას სოციალური სამართლიანობისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულადი წახალისებით ან კომუნალური გადასახადების მოხსნით, დაეკისროთ ყოველ წლიური გენდერული სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება, რათა განისაზღვროს ქალისა და კაცის მდგომარეობა ყველა სფეროში და ამის მიხედვით ხელისუფლების მხრიდან შემუშავდეს კონკრეტული პოლიტიკა სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. ერთ-ერთი აუცილებელი საკითხი პრობლემის შესამცირებლად არის გენდერული სამართლიანობის უზრუნველყოფა განათლების სისტემაში. იმის გათვალისწინებით, რომ გენდერული შეხედულებების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში ხდება ოჯახსა და სკოლაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გენდერული სამართლიანობის უზრუნველყოფას სკოლაში. ამისათვის სკოლის მასწავლებლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება გენდერული მგრძნობიარობის გაზრდისთვის. სახელმძღვანელოები უნდა იქნეს გადასინჯული, რათა მათში გაპარული არ იყოს გენდერულ უთანასწორობაზე მიმანიშნებელი მასალა. სწავლებისას ხაზი უნდა გაესვას მშობლის როლის მნიშვნელობას, განსხვავებული აზრის ღირებულებას და მის პატივისცემას, გენდერულ განსხვავებებს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება რთულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ნაბიჯები იდგმება, რაც უკვე პროგრესიის მანიშნებელია. მთავარი მიზანი, რომ სამოქალაქო შეგნება შეიცვალოს გენდერულ საკითხთან მიმართებაში, დროში გაწელილი პროცესია და შედეგის ნაუცბადევი მიღება ნაკლებ სავარაუდოა.

გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&pr_id=17
http://www.dailymail.co.uk/news/worldnews/article-1291166/Iranian-mother-faces-death-stoning-convicted-adultery.html

http://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&pr_id=17
http://www.ucss.ge/publication/019%20Genderi%20da%20Politika.pdf
http://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&info_id=343http://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&info_id=292
წიგნი
: “გენდერი და საზოგადოება _ საქართველო
0
16152
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
16152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0