x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
უჩა ნანუაშვილმა კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
image


სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ადამიანის უფლებებზე და კახეთის რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთა შეხვედრა გამართა. ნანუაშვილი ასევე ეწვია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ხორნაბუჯსა და ჭოეთს.



როგორც ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რეგიონში საერთო პრობლემას წარმოადგენს საკარმიდამო და სახნავ–სათესი მიწების რეგისტრაციის სირთულე, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, უმეტეს სოფლებში არ არის ამბულატორია, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და ისიც სასმლად უვარგისია. ასევე, მოსახლეობის თქმით, უმეტესობას სოციალურ დახმარება მოეხსნა, რისი მიზეზიც მათთვის გაურკვეველია.



სოფელ ჭოეთში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მაღაზია, მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, არ მიმდინარეობს გაზიფიკაციის პროცესი, ელექტროენერგია მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდება. სოფელ ხორნაბუჯში მოქმედი რუსულ-ქართული სკოლა კი რუსულ სექტორზე მოსწავლეთა სიმცირეს განიცდის, რის გამოც სკოლა დეფიციტურია, “ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.



ამას გარდა, მიმდინარე წლის სექტემბერში სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კახეთის ბოშათა ორგანიზაცია „რომა“–ს ხელმძღვანელ ვენერა მარტყოფლიშვილთან ერთად, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დედოფლისწყაროში, თელავსა და გაჩიანში ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.


ბოშათა თემის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, სიტუაციას ამწვავებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით არაინფორმირებულობა. სტერეოტიპული დამოკიდებულებების სიმყარე ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევის მიმართვას მოითხოვს.


გამოწვევას წარმოადგენს რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობა. თემში არაა მიღებული ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკა, საკმაოდ დაბალია ცნობიერების დონე კონტრაცეპციის მეთოდების შესახებ. აღნიშნული მიმართულებით მთავარ გამოწვევად ინფორმაციის არ ქონა და ჯანდაცვის არსებულ სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა, რაც თავის მხრივ, ორსულობის ექიმთან ვიზიტისა და კონსულტაციის გარეშე წარმართვას და ხშირად სახლში მშობიარობასაც განაპირობებს.


შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების, ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების სერვისებისა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ.

შეხვედრები ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი პროექტის “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“ ფარგლებში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს ბოშათა თემში.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0