x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137609
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
უფიცის გალერეა - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი 11 დეკემბერს გამოვა

მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო სივრცე, კაცობრიობის ისტორიაზე დიდ ინფორმაციას გვაწვდის. დღეს მოქმედ უდიდეს მუზეუმთა ისტორია XV-XVI საუკუნიდან იღებს სათავეს. მათი ფორმირება მეტწილად XIX ს-ში დასრულდა და მასებისთვის შესაძლებელი გახდა მონარქთა კოლექციებისა და ხელოვნების საუცხოო ნიმუშების დათვალიერება.



image




"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" იტალიური გამომცემლობა "სკალასა" და
ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ფილიპ დავერიოს ერთობლივი პროექტია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ქართულად თარგმნა და წიგნების სერიის სახით შესთავაზა მკითხველს.
მკითხველს უკვე ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა პარიზის ლუვრის მუზეუმის შესახებ გამოცემულ პირველ ტომს. 11 დეკემბერს "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს შეუძლია გაზეთთან ერთად შეიძინოს პროექტ "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი, რომელიც ფლორენციის მუზეუმს - უფიცის გალერეას გაგაცნობთ.


პროექტის მნიშვნელობასა და უფიცის მუზეუმზე ცნობილი ინტერიერის დიზაინერი გუგა კოტე­ტიშვილი გვესაუბრება:

- უფიცის მუზეუმის შენობა ულამაზესი და საოცარია. მისი მშენებლობა 1560 წელს დაიწყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო მედიჩის დაკვეთით, რომელიც იმხანად მართავდა ფლორენციას.
შენობის არქიტექტორი იყო ვაზარი. 1580 წელს გაიხსნა იმ დროისათვის ევროპაში ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კულტურული სივრცე - მუზეუმი. მის 45 დარბაზში ხელოვნების 100 ათასი ნამუშევარია გამოფენილი. მათ შორისაა ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, ჯოტოს განსაცვიფრებელი ტილოები... უფიცის მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ-ნახევარი დამთვალიერებელი სტუმრობს. შეუძლებელია ერთხელ მაინც აღმოჩნდე ამ სივრცეში და სტენდალის სინდრომი (ასევე ფლორენციის სინდრომი - ფსიქოსომატური აშლილობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლითაც, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება ან ადგილას, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი - ავტ.), არ შეგეყაროს.

უფიცის მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახო, ცხადია, იმ მუზეუმებთან ერთად, რომლითაც ამაყობს მსოფლიო ხელოვნება: პრადო, ლუვრი, მეტროპოლიტენი, დრეზდენის მუზეუმი, ერმიტაჟი და ასე შემდეგ...

დიდი მადლობა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომელმაც გადაწყვიტა, გამოსცეს მუზეუმებზე წიგნი და ადამიანებს უფრო ახლოს მიუტანოს ის ნამუშევრები, რითაც კაცობრიობა ამაყობს და აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულია.

თაკო ჟურული, წიგნის რედაქტორი:
წიგნების ეს სერია ძალიან საინტერესოა იმით, რომ თავისი კოლექციებით ყველაზე მნიშვნელოვან და მდიდარ თორმეტ მუზეუმზე გვიამბობს, ხოლო მეშვიდე წიგნი გაგაცნობთ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს.
ყველა ეს მუზეუმი გამორჩეულია თავისი ისტორიით და მასში დაცული კოლექციებით. წიგნში აღწერილი იქნება, თუ როგორ იყვნენ ჩართული თითოეული მუზეუმის შექმნაში სახელმწიფო და სხვადასხვა მეცენატი. ყველას ესმოდა, თუ რარიგ ავითარებს და აძლიერებს კულტურა ქვეყანას. არა მხოლოდ ლუვრისა და უფიცის მაგალითზე, შემდეგ გამოცემებშიც თვალნათლივ გამოჩნდება, თუ რამხელა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჰქონდათ იმ კოლექციონერებს, რომელთა წყალობითაც ხალხისთვის არაერთი მუზეუმი გაიხსნა. კერძო კოლექციები უდევს საფუძვლად დიდ მუზეუმებს.

რაც შეეხება უფიცის მუზეუმს, ის პირდაპირ კავშირშია მედიჩების გვართან. მათ საოცარ ჟინსა და ლტოლვასთან, რომ ხელოვნების შედევრები პირად კოლექციაში ჰქონოდათ. როგორც მათი გვარის ისტორია ვითარდებოდა, თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდებით, ისევე იცვლებოდა მედიჩების მფლობელობაში არსებული შედევრების ბედიც. დროდადრო ისინი სხვა, უფრო გავლენიანი მფლობელის ხელში აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ იბრუნებდნენ. ხელისუფალთა ცვლილება უარყოფითად აისახებოდა ხოლმე გალერეაზე, მაგრამ მედიჩები თაობიდან თაობამდე ცდილობდნენ ამ ექსპონატების შენარჩუნებას. ხან ანდერძით დაუტოვებდნენ შთამომავლებს, ხან მზითევად გადასცემდნენ. ასე გაუძლო მედიჩების კოლექციამ დროს. ეს ნივთები წარმოადგენდნენ უფიცის პირველ სამუზეუმო ბირთვს, რომლის დათვალიერების საშუალებაც სწავლულთა საზოგადოებას, ინტელექტუალურ ელიტას - და არა ყველას - პირველად 1591 წელს მისცეს.
უფიცის გალერეამ დღევანდელი სახე იტალიის გაერთიანებისა და კოლექციების რეორგანიზაციების შედეგად მიიღო.
თავდაპირველად, ეს იყო უნივერსალური მუზეუმი იარაღით, სამეცნიერო, ასტრონომიული ხელსაწყოებით, ძვირფასი ქვებითა და ქანდაკებებით. კარდინალ ლეოპოლდო მედიჩის ღვაწლი ფასდაუდებელია უფიცის გალერეის შექმნაში. ამ და მუზეუმთან დაკავშირებულ კიდეც მრავალ ისტორიას წაიკითხავთ ჩვენს გამოცემაში.

როგორც იცით, წიგნი სამ ნაწილად იყოფა - მუზეუმის ისტორია, მუზეუმში განთავსებული შედევრების და სათითაოდ თითოეული შედევრის ძალიან საინტერესო ისტორიები და ხელოვანთა ბიოგრაფიები.
მოკლედ, იმოგზაურეთ ჩვენი წიგნის საშუალებით არაჩვეულებრივ სამყაროში - უფიცის გალერეაში, სანამ მისი საკუთარი თვალით ხილვის საშუალება მოგეცემათ.

ეკა სალაღაია

1
82
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
82
  
2017, 13 დეკემბერი, 4:50
დაწერო ისტორია უფუციზე და არ ახსენო , სანდრო ბოტიჩელი.წარმოუდგენელია.
პატივისცემით ზ.ბ
0 1 1