x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლელა კაკულია: პატრიარქი იცვლება! ჩემს მეგობარს აკურთხებენ პატრიარქად
image

ორიოდე თვის წინ, როდესაც მთელი ქვეყანა გახმაურებულმა „ციანიდის საქმემ“ მოიცვა, ჩვენ ქალბატონი ლელას იმ წინასწარმეტყველებების მცირე ნაწილი შევახსენეთ მკითხველებს, რომლებიც მას საპატრიარქოსა და პატრიარქის თაობაზე აქვს წარმოთქმული, ჩაწერილი და არაერთგზის გამოქვეყნებული.
მაგრამ მას შემდეგ, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა გუშინ, 23 ნოემბერს საკუთარი მოსაყდრე დაასახელა, ჩვენი ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდების ადმინისტრაციამ რამდენიმე წერილი მიიღო თხოვნით, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის აღნიშნული ჩანაწერები. ადმინისტრაცია ასრულებს მათ თხოვნას და დღეს ისევ გთავაზობთ წინასწარმეტყველებების ნაწილს.


კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ: ეს წინასწარმეტყველებები, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რომელთაც პერიოდულად გახსენებთ ხოლმე, წარსულში მრავალჯერ არის გამოქვეყნებული როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში, ისე მის წიგნებსა (ოთხი ქართულენოვანი, ერთი ინგლისურ და ერთიც რუსულენოვანი) და სხვა ბეჭდურ გამოცემებში. დაინტერესებულ პირებს ამ ყველაფრის გადამოწმება შეუძლიათ საიტზე lelakakulia.ge ატვირთულ გაზეთებში; ხოლო კიდევ უფრო „დაინეტერესებულებს“ შეუძლიათ მიბრძანდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თვალნათლივ, ფიზიკურად, ხელის შეხებით იხილონ ეს გაზეთები. თანაც ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან გადაამოწმონ, როდიდან ინახება ესა თუ ის ნომერი მათთან!!!
პატივისცემით, ადმინისტრაცია.

წინასწარმეტყველებანი პატრიარქთან დაკავშირებით:


1993 წელი, 6 აგვისტო, დილის 9 საათი, კოჯორი.
მოდის ქართული ეკლესიის განდიდებისა და სიწმიდის პერიოდი.
ჩვენი უწმიდესი აღზრდის „გიორგის“ (სახელი პირობითია, — რედ.) პატრიარქად საქართველოსი. ამას ღმერთი აგონებს. მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე აწერია. ძალზედ ხნოვანი გარდაიცვლება და ავა მისი სული ზეციურ საქართველოში განათლებული. თავისი აღზრდილით ძალიან კმაყოფილი იქნება და მოსვენებული. ამით იგი ააცდენს ქართულ ეკლესიას ურცხვ ვაჭრობასა და ავანტიურებს. დიდება უფალს! ამინ! ამინ! ამინ!!!

1996 წელი, 9 ოქტომბერი.
საპატრიარქოს კარზე ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. პატრიარქი იცვლება! იცვლება! იცვლება! მოდის ახალი პერიოდი.
ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. თუმცა გასაგებია, რასაც ვწინასწარმეტყველებ.
დიდი სიმძიმე ასცილდება ჩემს საქართველოს!

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.
ეკლესიას ძალიან გაუჭირდება. მიდის შიდა ბრძოლები, ვხედავ. ვინც თითქოს ჭკუა ისწავლა, არ ერევა და ნეიტრალიტეტს იკავებს. მოდის ის ხალხი (ანუ მღვდლები), რომელთაც აქვთ წარსულის დანაშაული და რომელსაც მომავალში გაიმეორებენ.
ისევ ორ შავოსანს ვხედავ. ისინი მომართულნი არიან უარყოფითი ენერგიით... ყველა ღონეს იხმარენ ეკლესიაში ისევ განხეთქილების შესატანად. პატრიარქი უძლური იქნება, შეაჩეროს ეს მიმდინარეობა. ძალიან ბევრმა უარყოფითმა შავოსანმა მოიყარა თავი ეკლესიაში, ამიტომ ხალხს უარყოფა აქვს.
რატომღაც ყველაფერი მოდას დაემსგავსა. ეს სწორედ ისეთი პერიოდია, წარსულში სინაგოგაში რომ ვაჭრობდნენ და ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რას ჩადიოდნენ, სანამ არ გამოჩნდა იესო და არ დაამტვრია სავაჭრო დახლები. აი ასეთი „ქრისტე“ მოევლინება მალე მართლმადიდებელ ეკლესიებს, ვხედავ. რისხვა უფლისა ჩვენისა ბევრ სიბინძურესა და ვაჭრობას განდევნის და დაამსხვრევს. ამინ!
ძალიან მიჭირს ეკლესიაზე ასეთი ხილვის წინასწარმეტყველება, მაგრამ, რა ვქნა, არ შეიძლება, რომ არ გადმოვცე.
უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია?
პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.
უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას! ამინ! ამინ! ამინ!
მართალია, ძალიან რთული პერიოდები კი იქნება, მაგრამ სატანები დამარცხდებიან! ბევრი გამოააშკარავებს თავს, ბევრს ჩამოაცლის უფალი ნიღაბს და აი მაშინ გაიწმინდება ქართული ეკლესიები, ხალხიც წყნარდება და სულ სხვა ენერგიები დატრიალდება ტაძრებში.
პოლიტიკურ დაპირისპირებებში ეკლესიას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერი დაინგრევა ირგვლივ (ანუ პოლიტიკა), ეკლესიას კი გაბრწყინებულს და განდიდებულს ვხედავ.
პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის იქნება უთანხმოება მოხდება. რასაც პრეზიდენტი თხოვს, პატრიარქმა ის არ უნდა გააკეთოს! არც აჰყვება, ვხედავ. ამით გადაარჩენს საქართველოს მართლმადიდებლობას. ამინ! ასეთია ნება ღვთისა!

2001 წელი, 23 ივლისი.

დავით კვირკველიას ჩანაწერი უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ.

„დღეს ქალბატონი ლელა, მამა აკაკი და თქვენი მონა მორჩილი შევხვდით პატრიარქს. პატრიარქმა მისასალმებელ სიტყვაშივე უთხრა ქალბატონ ლელას:
– მე კარგად გიცნობთ. თქვენ უფალმა ხედვის დიდი უნარი მოგანიჭათ და ამ ხედვას უბრალოდ ნუ უყურებთ. ეს უდიდესი წყალობაა უფლისა და ის მარტო თქვენ კი არა, მთელ საქართველოს ეკუთვნის.
ჩემი რჩევა იქნება, პრესით მხოლოდ ის დაწერეთ, რაც ხალხისთვის აუცილებელი და სავალდებულოა... მე ძალიან მაინტერესებს საქართველოს მომავალი. თქვენს ერთ–ერთ სტატიაში წერთ, რომ მუსლიმები ომს დაიწყებენ (ამით პატრიარქმა ხაზი გაუსვა მის ინტერესს ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველების მიმართ).
ამის შემდეგ ქალბატონი ლელა ჩვეული ენერგიითა და ახალგაზრდული შემართებით შეუდგა წინასწარმეტყველებების კითხვას და პატრიარქის გულის სიღრმეში არსებული ოცნებების გაშიფრვას, მისი ცნობისწადილის დაკმაყოფილებას.
ქალბატონი ლელას მონოლოგი ორმოც წუთს გრძელდებოდა. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ქრისტესმიერი, მამაშვილური სიყვარულით შესცქეროდა დიდ წინასწარმეტყველს და ტკბებოდა მონასმენით საქართველოსა და ქართული ეკლესიის ბედნიერი მომავლის შესახებ.
დასასრულს მამა აკაკიმ პატრიარქს უთხრა:
– უწმიდესო, მე ქალბატონ ლელას საქართველოს უგვირგვინო დედოფალს ვუწოდებ.
მართალი ხარო, უპასუხა პატრიარქმა.

P.შ. პატრიარქთან საუბარში ქალბატონი ლელა ხაზს უსვამდა რუსეთთან ურთიერთობებს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს, მაგრამ ჩრდილოეთის მხრიდან ორი ანგელოზი იცავს ჩვენს ქვეყანასო, ბრძანა წინასწარმეტყველმა.
ამ ფრაზის გაგონებაზე პატრიარქს სახე აენთო, თვალები გაუბრწყინდა, სავარძლიდან წამოიმართა და წამოიძახა: „სრული ჭეშმარიტებაა! დღეს-დღეობით ჩრდილოეთის მხარეს ასაგებად იგეგმება მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის სახელობისა იქნება!“

* * *
„როცა ლელა კაკულია მოინდომებს ზიარებას, სადაც არ უნდა იყოს იგი, აზიარეთ!“ – ასეთი კურთხევაც მისცა უწმიდესმა ილია II-ემ ლელა კაკულიას“.

2002 წელი, 15 სექტემბერი.
მე და დავითმა გავიარეთ მხატვრებთან. მიყვარს სურათების თვალიერება. ეს ძალიან მამშვიდებს.
ვნახე პატარა ხატი: შუაში უფალი, გვერდზე ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ვიყიდე.
უცებ ძალიან მომინდა პატრიარქის ნახვა, თითქოს ვჭირდებოდი. წავედით. დავითი შევიდა საპატრიარქოში და უკან პატრიარქის დაცვასთან – შოთასათან ერთად გამოვიდა…
ჩავედით ბაღში.
პატრიარქს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. დამლოცა. წავიდეთ, ლელა, დავსხდეთო და თავისი საყვარელი ადგილისაკენ გამიძღვა.
უწმინდესმა ბევრი კითხვა დამისვა, ყველაფერზე ვუპასუხე… მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვუთხარი:
– უწმინდესო, ფილტვების, ბრონქების დიდ გაციებს ვხედავ. – და ზურგზე ხელი დავუსვი. მას სახე გაუნათდა, გამიღიმა და მომეფერა.
მოკლედ, დიდხანს ვისაუბრეთ. ვხედავდი, რომ ძალიან სიამოვნებდა უწმინდესს ჩემთან ლაპარაკი, უხაროდა. უპასუხო კითხვები არ დავუტოვე, დიდი ენერგიაც მივეცი და ფილტვების დაავადებაც გადავუკეტე. მერე დავემშვიდობე და წამოვედი.
გამოცილებისას შოთამ მითხრა, ქალბატონო ლელა, უწმინდესი ცუდად არის, ფილტვები, ბრონქები აქვს გაციებული. ექიმი იყო, გასინჯა, წამლები დაუნიშნა და მოგზაურობის ნება დართოვო.
შევხედე შოთას და გამეცინა. მივხვდი, რომ უფალმა მიმიყვანა პატრიარქთან, რათა ყველა სირთულე მომეხსნა მისთვის. თანაც, თვითონ უწმინდესმაც რომ არ გამომიშვა, სანამ არ მნახა…

2003 წელი, 2 მარტი, ღამის 12 საათი.
დღეს, საღამოს 7 საათზე წავედი საპატრიარქოში. უწმინდესი ილია II მელოდებოდა…
ორი საათი ვისაუბრეთ…
უწმინდესი მეფერებოდა, მიღიმოდა. იგი გამოცოცხლდა, როცა წინასწარმეტყველებები წავუკითხე. „საოცარია! საოცარია! საოცარია!“ – ამბობდა უწმინდესი.
ვანახე, 1996 წელს რომ მეწერა, პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის იქნება დიდი შეჯახება-მეთქი; მერე ისიც გავაცანი, რაც დღეს – 2003 წელს ხდება და რომ წავუკითხე, ბოლოს რაც მოხდება, შვებით ამოისუნთქა.
„მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოგისმენ, ჩემო ლელა!“ — მითხრა უწმინდესმა.
მე ვიცი, პატრიარქო, რომ გწამს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებისა, ხედვებისა და ყურსაც უგდებ მათ! ეს მღვდლებმაც იციან.

2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი.
საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდი. ვერცერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!

2004 წელი, 20 თებერვალი.
იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა...
უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან... მაგასაც ვნახავთ!

2004 წელი, 30 მარტი.
ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით: „ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემს ხალხს შეეხება, გავუსწორდები. ამინ!“

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.
ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ (ანუ მოწამლონ!), მაგრამ არაფერი გამოუვათ! მოკლედ, დიდი ქაოსია, არეულობა, მაფია ფრთებს შლის და იწყება დიდი დაპირისპირებები.

2006 წელი, 21 მარტი.
პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად!!! ამას ვერავინ შეჩერებს. დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა...

2006 წელი, 11 მაისი.
მომავალში ჩემი მეგობარი მოდის პრეზიდენტად და ასევე ჩემს მეგობარს აკურთხებენ პატრიარქად!

2006 წელი, 29 ნოემბერი.
ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს.
რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება.

2006 წელი, 9 დეკემბერი.
ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად!

2007 წელი, 26 აპრილი.
შავი ღრუბელი იკვრება საპატრიარქოს თავზე. ფრთხილად! მთავრობა არ დაუთმობს პატრიარქს. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა აქაც გატარდეს რეფორმები. პატრიარქი დასუსტდა. და მერე, როცა ვერაფერს მოიფიქრებენ, გამოსავალს იმაში იპოვიან, რომ, როგორც ყოველთვის, იტყვიან, პატრიარქი რუსეთთანაა კონტაქტში და რუსულ პოლიტიკას ატარებსო. ერთია, დაჭერას არ აკადრებენ, თორემ ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდებიან.

2007 წელი, 20 ივლისი.
ასრულდება ყოველი ნაწინასწარმეტყველები საპატრიარქოზე, რაც პატრიარქთანაც, ილია II-სთანაც მითქვამს. დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მიპოვნიან! ასე ნებავს უფალს! წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება. ასეა, ადამიანებო, ყური უნდა გვიგდოთ, მაგრამ...

2007 წელი, 17 დეკემბერი.

შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.
მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს!

2008 წელი, 24 იანვარი.
მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!

2008 წელი, 21 დეკემბერი, თბილისი.
ვხედავ, საპატრიარქოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ეს მოხდება ღიად. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ეტყობა დროა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს!!!


ძალიან დიდი სირთულეები აქვს პატრიარქს გადასატანი. მღვდელმთავრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუკი აქამდე ყოველივე დაფარული იყო, ახლა არაფერი დაიმალება და აღსდგება შავი ბერი პატრიარქის წინააღმდეგ; გაიყოფიან ორად და დაიწყება ბრძოლები. ამას ყველა იხილავს…
ვხედავ ბერების, შავი ბერების აჯანყებას. ვიმეორებ: ბევრი რამ ხდება ხილული. საზოგადოების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი აღარ ენდობა საპატრიარქოს...
ყველაფერი ასრულდება, ყველაფერი ითქმება. ასეთია ნება უფლისა. ამინ!

2009 წელი, 30 ნოემბერი, თბილისი.
ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას!

2009 წელი. 20 დეკემბერი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ბევრჯერ მისაუბრია საქართველოს მომავალზე პატრიარქთან, მრავალჯერ წამიკითხავს მისთვის ჩემი წინასწარმეტყველებები. და აბა სხვამ ვინ, თუ არა პატრიარქმა, იცის, რომ დღეს ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. ეს ისტორიაა, ბატონებო, რომელიც მომავალ საუკუნეებში აღინიშნება და ითქმება ყოველივე.
მე ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე საპატრიარქოსა და მის ბინადრებზეც, რაც ასევე ასი პროცენტით ასრულდება. დიახ, კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს. და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.

2011 წელი, 11 აგვისტო, ურეკი.
ვხედავ, საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება.
პატრიარქი მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც არავინ ელის. აი აქ გაიცრება ყველა კოსმიურ საცერში. ეს ძალიან მკაცრი და სამართლიანი ნაბიჯებია, რაც ხალხს რწმენას დაუბრუნებს და რაც მტრებს ნამდვილად არ გაახარებს — დაიწყება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სიძლიერე!

2017 წელი, 20 თებერვალი, თბილისი.
ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი: ახალგაზრდა, განათლებული. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული, კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს!
მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა. ამინ!
მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება.

1
2283
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2283
  
2017, 4 დეკემბერი, 15:15
ვის ჯერავს ამ ზღაპრების?
0 1 1