x
image
მანანა თურმანიძე
საშიშროებები და შესაძლებლობები
image

არ მინდოდა დღე არასასიამოვნო ამბით დამეწყო, მაგრამ ეს უსიამოვნო ფაქტი თურქეთში ქურდობისთვის ცემით მოკლულ ქართველზე გულზე რომ არ მოგხვდეს შეუძლებელია. გარდა ამისა, „ალია“–ს ამ დეზინფორმაციულ სტატიაზე კომენტარებს გადავავლე თვალი და გამაოცა ზოგიერთის დამოკიდებულებამ და ანალიზის უნარმა. ერთ–ერთი რენეგატი, გამოგონილი სახელით „მოაზროვნე“, ბრტყელ–ბრტყელ სიბრძნეებს აქტიურად არ იშურებდა კომენტარებად. საბოლოო ჯამში, რასაკვირველია ცრუ განგაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ ეს ახალგაზრდა ფანჯრიდან გადმოვარდნილა, ვიღაც ზნედაცემულმა კი სხვისი უბედურება პროვოკაციის მიზნით გამოიყენა. ეთიკის ნორმებს რომ თავი დავანებოთ, დეზინფორმაციის ავტორი მოაზროვნეს ნამდვილად არ ჰგავს, ისე როგორც პროვოკაციის ყველა ამყოლი და აჟიოტაჟის ამტეხი, რომელთაც თავისი სახელი ჰქვიათ, ყველა დროში იყვნენ და ისტორია შესაბამის ადგილს მიუჩენს, როგორც ყოველთვის!


ახლა მოდით დავფიქრდეთ, მართალიც რომ ყოფილიყო ეს ფაქტი, თურქეთში ქურდობა სასტიკად ისჯება, ამ დანაშაულზე ხელის მოჭრის ტრადიცია მგონი დღემდე ძალაში რჩება. შეფასებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, ამ ტრადიციის წყალობით თურქეთში ქურდობა მოისპო. გარდა ამისა, ახლახანს ქართულ პოლიციასაც შემოაკვდა, თან სრულიად უდანაშაულო ბიჭი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში წინააღმდეგობას უწევდა პატრულის თანამშრომლებს, ამის გამო ქართული პოლიციაც მტერია?!


სულ რაღაც 9 წლის წინ ჩრდილოელი მეზობელი გვბომბავდა, გვხოცავდა, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტმა ჯ.ბუშმა ტელევიზიით არ გააჟღერა მისი ოფიციალური განცხადება – თუ არ შეწყვეტს რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს ჩვენ ვერთვებით ამ ოპერაციებშიო, რის შემდეგაც რუსეთმა უკან დაიხია. ეს არ ახსოვთ, თუ ვერ იაზრებენ, რომ თუ არა დასავლეთის მხარდაჭერა, ჩვენ დღეს აღარ ვიარსებებდით! არ ესმით, თუ არ უნდათ ესმოდეთ, რომ რუსეთს საქართველო სჭირდება ქართველების გარეშე?! მათი ცნობილი პოსტულატია – „გრუზია ბეზ გრუზინ“, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია, თუ უკაცრავად და „ჩორნაჟოპიე“–ც ჩვენვე დავირქვით კავკასიელებმა?! მისი ამ სანუკვარი ოცნების ახდენას რუსეთი ყოველდღიურად მცდელობას არ აკლებს, დღენიადაგ ცდილობს ჩვენი სახელმწიფოს გახლეჩას, დაქუცმაცებას, დაკნინებას, განადგურებას და მიტაცებას. სულ რამოდენიმე თვის წინ, 8 აგვისტოს დივერსიების მთელი კასკადი წამოიწყო, მთაწმინდიდან მოყოლებული ნახევარი საქართველო გადაბუგა და ესენი დეზინფორმაციით არიან დაკავებული, გამოგონილი მტრების ხატებს მეგობრებში ეძებენ, იმ მეგობარ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, მტკიცედ მხარს გვიჭერენ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, გვეხმარებიან და ჭირში თუ ლხინში ერთგულად მხარში გვიდგანან. იქნებ ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ჩვენ ყველაზე დიდი ისტორიული დიასპორა სწორედ თურქეთში გვყავს, სადაც 1 მილიონზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ასეთივე (უფრო მცირერიცხოვანი) ისტორიული დიასპორა გვყავს ირანში. მათ არავისზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო, თუ მეტად არა! ეს ხალხი ცდილობს კავშირი აღადგინოს ისტორიულ სამშობლოსთან, ხშირად სტუმრობენ საქართველოს, ზოგს საქმის წამოწყებაც სურს. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ქართული ბიზნესების ძირითადი პარტნიორი თურქეთია, რამაც სული მოათქმევინა 90 –იანებგამოვლილ და მტრის იარაღით და წაქეზებით ჩვენგანვე, ჩვენი სიბრიყვით დანგრეულ საქართველოს. დაავიწყდათ ის დრო, როდესაც პურიც კი დეფიციტი იყო, არამცთუ სხვა პროდუქტები?! ვისაც ტვინი და შნო ჰქონდა თურქეთი ხსნად მოევლინა მაშინ და ააწყვეს ბიზნესები, რამაც საქართველოს ეკონომიკა მკვდრეთით აღადგინა. ზოგიერთს კი მხოლოდ თითის გაშვერა და წყლის ამღვრევა ეხერხება, ალბათ სუფთა წყალში ვერ იჭერს თევზს, მღვრიეში უკეთ გამოსდის.



ჩვენ, როგორც ერს, თუ გაგვაჩნია ალღო და ანალიტიკური აზროვნების უნარი, უნდა გამოვიყენოთ ის, რათა გავიაზროთ რომელი მხრიდან უბერავს დღეს საშიშროებების ქარი და საიდან ქრის განვითარების შესაძლებლობების სიო, რომ უეცრად გრიგალში არ აღმოვჩნდეთ და არ წაგვლეკოს. როგორც დიდმა შოთა რუსთაველმა გვასწავლა „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა!“ ვაი–ვიშს საქმით დაკავება აჯობებს, შიშებიც ნაკლებად შეგვაწუხებს და ჩვენი საქმე, როგორც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, ასევე ქვეყანასაც წაადგება.


მინდა აქვე ვაღიარო, რუსეთი ზოგჯერ მეც მენატრება. თქვენი არ ვიცი და მე ერმიტაჟი, დიდი თეატრი და ნევსკი პროსპექტი მენატრება, თუმცა არა მაქვს სურვილი ჩავიდე დღევანდელ რუსეთში, არც იმის ილუზია მაქვს, რომ თავს კარგად ვიგრძნობ სახელმწიფოში, რომელიც ჩემი სამშობლოს განადგურებას ცდილობს, რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო უკანონოდ მიიტაცა, ხალხი უმოწყალოდ ჟლიტა, სახლებიდან გამოყარა ასიათასობით ქართველი, გაანადგურა და პირისაგან მიწისა აღგავა აფხაზები, ისევე, როგორც ინგილოები, დაღესტნელები და სხვა კავკასიური ეთნოსები. პატივს ვცემ რუს კლასიკოსებს და კულტურას, ვგიჟდები ჩაიკოვსკიზე, რახმანინოვზე, დოსტოევსკიზე, ტოლსტოიზე, ესენინზე, მაგრამ არა დღევანდელ ანტაგონისტ რუსეთზე, რომელიც ვერ იაზრებს, რომ იარაღის ჟღარუნის და იმპერიების დრო დასრულდა და რომ თანამედროვე ეპოქაში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული და არა ომზე. ვერაფრით ვერ გავგიჟდები იმ რუსეთზე, რომელიც ყოველდღე მოცოცავს და მცოცავ საშიშროებად გვექცა!


ყოველივე ამის შემდეგ საკუთარი თავის შეფასება თქვენთვისვე მომინდვია, ვინ მოაზროვნე ხართ და ვინ გამყიდველი, მოღალატე და კოლაბორაციონისტი, თქვენვე გადაწყვიტეთ და ჩამოყალიბდით საკუთარი „მე“–ს წინაშე! მე მხოლოდ შემიძლია ერთი გირჩიოთ, დაანებეთ მეგობრებო თავი უკან ყურებას, წინ იყურეთ, წინ, თორემ შესაძლოა კისერი წაიმტვრიოთ!

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0