x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები ზევსის ქანდაკებაზე
ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა-ე.ი. დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის, ერთი ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს.

ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა, ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. იგი ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა, თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების ნაწილები ახ.წ. 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა.

image

ზევსის ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 466-456 წლებში აშენდა. მის თითოეულ ბოლოს 6 სვეტი ამშვენებდა. კედლები მობათქაშებული კირქვისა ჰქონდა, სახურავი კი მარმარილოს ფილებისგან შედგებოდა.


უზენაეს ღმერთს ზეთისხილის გვირგვინი ამშვენებდა, რომელიც ოქროსგან იყო დამზადებული და ხაზს უსვამდა ოლიმპიელ ათლეტებთან ზევსის კავშირს. ოლლიმპიური თამაშების გამარჯვებულებსაც ზეთისხილის გვირგვინს ადგამდნენ თავზე.

მის ტახტს ასევე ამშვენებდა სილამაზის სამი ქალღმერთი, სამი და-აგლაია, თალია და ეფროსინე, ისინი ზევსისა და ქალღმერთ ევრინომეს შვილები იყვნენ; ადამიანებს სილამაზითა და მომხიბვლელობით აჯილდოებდნენ.

ზევსის მანტია ოქროს ფურცლებისგან იყო გამოჭედილი. ფიდიასის სახელოსნოში არქეოლოგებმა თიხის ყალიბები აღმოაჩინეს, რომელთა მეშვეობითაც ზევსის სამოსს შესაბამის ფორმას აძლევდნენ.

ზევსს ფეხზე ოქროს სანდლები ეცვა. მწერალ პავსანიასის თანახმად, სანდლების ქვეშ ამოტვიფრული იყო სიტყვები: "მე შემქმნა ფიდიას ათენელმა, ქარმიდესის ვაჟმა."

ქანდაკების ორივე ფეხთან ქვის ლომები ისხდნენ.

ლეგენდის თანახმად, ბრინჯაოს ურნა, რომელშიც ათლეტების მიერ მორთმეულ ძღვენს დებდნენ, იმ ადგილას იდგა, სადაც ზევსმა მეხი დასცა, რათა ფიდიასისთვის ეჩვენებინა, რომ ქანდაკება მოეწონა.

წმინდა ქანდაკებასთან მიახლოება მხოლოდ ტაძრის მსახურებს შეეძლოთ. უბრალო სტუმრები ზევსს შორიდან უყურებდნენ, თანაც მხოლოდ მცირე ხნით, როდესაც ტაძრის მსახური ფარდას გადასწევდა.

image

გადმოცემის თანახმად, ცოცხალის შთაბეჭდილებას განსაკუთრებით ზევსის თვალები ტოვებდა, რომელებიც ფერადი მინისგან იყო დამზადებული.

საპატიო სტუმრებს შეეძლოთ ახლოდან დაეთვალიერებინათ ქანდაკების თავი, რისთვისაც სპირალური კიბით უნდა ასულიყვნენ დერეფანში.

ზევსის კვერთხის წვერზე ოქროს ბრწყინვალე არწივი იჯდა. ეს ღმერთის ძალაუფლებაზე მეტყველებდა.

ზევსის მარჯვენა ხელზე მოთავსებული იყო ოქროსა და სპილოს ძვლის ნიკე, გამარჯვების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.

image


ასევე საინტერესო ცნობები:

• ქანდაკების აგებას ფიდიასმა რვა წელი მოანდომა.

• როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოითვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა, თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!

• ქანდაკებისათვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს, სინესტისა და ზაფხულის ხვატისაგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს.

• თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.

• ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გაიქცა.


0
782
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0