x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ თქვა იაკობ გოგებაშვილმა საყვარელ ქალზე უარი და რატომ სცადა თვითმკვლელობა
image

იაკობ გოგებაშვილი - ნებისმიერი ქართველისთვის ნაცნობი და მშობლიური ეს სახელი, პირველ რიგში, ქართულ ენასა და საგანმანათლებლო მოღვაწეობასთან ასოცირდება. იაკობის ღვაწლი მართლაც რომ ფასდაუდებელია ქართველებისა და ქართველობის წინაშე. თუმცა ამ სტატიის მთავარი მიზანი არც დედაენის ავტორის ბიოგრაფიის კიდევ ერთხელ გადამღერებაა და არც მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის ღვაწლის შეხსენება. ამჯერად ინტერესის საგანი იაკობის პირადი ცხოვრება იქნება.


გასაკვირია, ეს "კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით", რატომ იყო მუდამ "სევდით მომზირალი" და რატომ დარჩა მარტო, ოჯახისა და მემკვიდრის გარეშე.


იაკობის ბიოგრაფიიდან კარგად არის ცნობილი, რომ იგი ბავშვობიდანვე მართალია გამჭრიახი და სხარტი გონებით, მაგრამ სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. კიევში სასწავლებლად წასული კი იძულებული გახდა ორ წელიწადში ისევ სამშაობლოში დაბრუნებულიყო, რადგან უკვე ტუბერკულოზით იყო ავად. ტუბერკულოზს იმ დროს ვერ კურნავდნენ და იაკობიც სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ამ დაავადებით.



image


იმ დროს, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელობაში იყო, ყველაფერი ქართული იდევნებოდა და სკოლებში ქართულ ენაზე ლაპარაკიც იკრძალებოდა, იაკობ გოგებაშვილი ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად (1864 წ.), ხოლო ოთხი წლის შემდეგ მის ინსპექტორად დაინიშნა. რა გასაკვირია, რომ პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული მოღვაწე ვერ შეურიგდებოდა სკოლაში გამეფებულ ტერორს. გოგებაშვილმა პირველ რიგში მოსწავლეთა გაროზგვის მეთოდი გააუქმა და ამავდროულად ხელმძღვანელობას სწავლის პროცესის სრულიად გარდაქმნის პროექტი წარუდგინა. 1865 წლიდან დაიწყო მისი საგანმანათლებლო წიგნების გამოცება: "ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865), "ბუნების კარი" (1868), "დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში" (1872), ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი გახლდათ "დედა ენა" (1876), რომელსაც ქართველმა ხალხმა "ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდა და ავტორის სიცოცხლეშივე 33-ჯერ გამოიცა. ამ წიგნების წყალობით განათლებას ფართოდ გაეხსნა კარი, რამაც მეფის ხელისუფლების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მოაწყვეს სასწავლებლის რევიზია, რომელზეც იაკობი მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. იაკობს ცილი დასწამეს და მოხსენებაში დაწერეს, თითქოს გოგებაშვილი თავის ბინაში ააწყობდა ფარულ შეკრებებს, სადაც ბავშვებს "უარყოფითი მიმართულების წიგნებს" აკითხებდა და ანტირელიგიურ შეხედულებებს უნერგავდა. საბოლოო ჯამში, იაკობი 1874 წელს "საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად" გამოაცხადეს, სასწავლებლიდან გააძევეს და სახელმწიფო ბინაც ჩამოართვეს.


image

ამ ფაქტმა ძალიან დაასუსტა და სულიერი წონასწორობა დააკარგვინა ისედაც დაუძლურებულ, ავადმყოფ მწერალს. ნიკო ლომოური გადმოგვცემს, სანდრო ცხვედაძის მოგონებას, თუ როგორ დაუნახავს ერთ დღეს მტკვარში ტანსაცმლიანად შესული იაკობ გოგებაშვილი, მიშველებია და წყლიდან ამოუყვანია: "შუა დღე იქნებოდა მოტანებული, როცა მე რაღაც საქმისთვის ვერის სასაფლაოს გადასწვრივ დაღმართზე ჩავდიოდი ძირსაო. მარცხენა ნაპირიდან ვიღაც კაცი მოადგა მტკვარსა და ისე, გაუხდელი, შევიდა წყალშიო. შუა ადგილს წყალმა წააქცია და რამდენსამე წამს სრულიად დამალა, მერე კვალად გამოჩნდა. იწყო ბრძოლა ტალღებთან და ნაპირს დაუახლოვდაო. მაშინათვე მივეშველე მეც და, როდესაც სახეზე შევხედე, მეტის მწუხარებითა და გაოცებისაგან კინაღამ გული შემიწუხდაო: ეს იყო იაკობ გოგებაშვილიო. აქ ტანისამოსი გავუწურე, ჩემი მშრალი პალტო ჩავაცვი და წამოვიყვანე, მერე მე და ნიკომ მიხეილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და იქ დავაწვინეთ" (ნ. ლომოური, 1991, გვ. 331)...


ბევრი ამ ფაქტს თვითმკვლელობის მცდელობად აღიქვამს, მაგრამ უმეტესობა ამ ვერსიას ეწინააღმდეგება, რადგან დაუჯერებლად მიაჩნიათ ისეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისგან, როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო, მსგავსი საქციელის ჩადენა. მოგვიანებით ამ შემთხვევის შესახებ ხუმრობაც კი გავრცელდა :"ერთხელ იაკობმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ფეხი მტკვარში ჩაყო და უკანვე ამოვიდა - ფილტვები გამიცივდებაო ".


ასეა თუ ისე, საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ უბინაოდ დარჩენილი მოღვაწე ჯერ მეგობარმა, ნიკო ცხვედაძემ (ზემოაღნიშნული სანდრო ცხვედაძის ძმამ) შეიფარა, შემდეგ კი ვერაზე პატარა ოთახი იქირავა და იქ გადასახლდა. ყველა ოფიციალური საბუთი და ატესტატი დაწვა და დაიფიცა, სახელმწიფო სამსახურში აღარასოდეს დაბრუნებულიყო და დარჩენილი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობისთვის მიეძღვნა. ასეც მოიქცა.


image


ძალიან სამწუხაროა, როცა ისეთი მოღვაწე, როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო, პირადი ბედნიერების განცდის გარეშე მიდის ამ ქვეყნიდან...

არადა თურმე უყვარდა, თანაც ძალიან...


უყვარდა იოსებ მამაცაშვილის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებლის ქალიშვილი - დარია. გადმოცემის თანახმად, ქალიც იმავე გრძნობით პასუხობდა და მახლობლებიც ურჩევდნენ დაქორწინებას. მაგრამ ბედნიერებაზე მწერალმა თავად თქვა უარი საკუთარი დაავადების გამო - შიშობდა, რომ ტუბერკულოზი გენეტიკურად შვილებზე გადავიდოდა. "მეც მინდოდა ვყოფილიყავი ცოლ-შვილით ბედნიერი კაცი, მაგრამ რომ დავფიქრდი, თუ რა მოვალეობას ვკიდებდი ხელს და როგორ დიდ ბოროტმოქმედებას ჩავიდენდი... ცოლის შერთვით, უკან დავიხიე. ის არ იყო საკმარისი, რომ მე ავადმყოფი, ფილტვებშეშინებული ადამიანი ვიყავი, რომ სხვა ავადმყოფი ხალხი არ გამეჩინა ქვეყანაზე", - უთქვამს იაკობს.


image

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითად იაკობისგან ქალიშვილი - ელენე იაკობის ასული გოგებაშვილი - შეძინა მის მოახლეს. შვილის დაბადების შემდეგ ქალი იაკობის სახლიდან წასულა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მწერალი ყოფილი მოახლის ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდა და გათხოვების შემდეგ ელენეს მზითვიც კი უყიდა. იაკობის ნაჩუქარი ნივთები ელენეს სახლში დიდხანს ინახებოდა.


1912 წლის 1 ივნისის საღამოს მოულოდნელად იაკობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. საღამოს მან ახლობლებს თავისი ანდერძი წააკითხა, უნდოდა შეემოწმებინა, ხომ არავინ გამორჩა ან "საზოგადოებას რაიმე ხომ არ დააკლო". "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო" - ასეთი ყოფილა დიდი იაკობის უკანასკნელი სიტყვები...


image

დიდუბის პანთეონში დაკრძალული მწერლის ნეშტი 1940 წელს მთაწმინდაზე გადაასვენეს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image

2. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპშიimage

3.საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage

4. რომელი ქართველია გამოსახული სალვადორ დალის ნახატზე - უცნობი პორტრეტის ისტორიაimage

5. რატომ დაბლოკეს ოსტაპ ბენდერის სიმღერა "12 სკამში" და რისი შეეშინდათ "ზემდგომებს"?image


6. რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!image


7. რატომ მოიკლა თავი სტალინის ცოლმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოაimage

1
2074
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2074
  
2017, 6 ოქტომბერი, 13:15
დიდი პიროვნება და ერის მოამაგე იყო გოგებაშვილი და დასანანია რომ უძეოდ და უშთამომავლოდ გადაეგო. საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და ტყუილად თქვა უარი დაოჯახებაზე.
0 1 1