x
image
George Chubini
ვინ იყო პირველი ქართველი მომღერალი ქალი?

image. XIX საუკუნე ის ეპოქაა, როცა ქართველ ერში ნიჭისა და გემოვნების საოცარი ამოფრქვევა მოხდა. ალბათ გარკვეულწილად ეს იმ იმპერიულმა უღელმაც განაპირობა და დატყვევებული ქართველები თავისუფლების მაძიებელ სულებად იქცნენ და ინტელექტის, კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების წიაღში იპოვეს საკუთარი თავისუფლება.
სწორედ XIX საუკუნის II ნახევარში გამოჩნდა ერთი მეტად საინტერესო ფიგურა. ესაა პირველი ქართველი მომღერალი ქალი მარიამ ძნელაძე.
გაზეთ “ივერიის" 1891 წლის 25 სექტემბრის ნომერი იუწყება, რომ ტფილისში იმხანად იმყოფება მომღერალი ქალი, რომელმაც 1891 წელს მოსკოვის კონსერვატორია დაამთავრა და შესაბამისი მუსიკალური განათლებაც მიიღო. გაზეთი აღნიშნავს, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მოისურვა და შეისწავლა ისეთი სასიამოვნო და მშვენიერი ხელოვნება, როგორიც სამუსიკო ხელოვნებაა. მარიამ ძნელაძეს ამ დროს უკვე რამდენიმე კონცერტი ჰქონია გამართული. აქვე აღნიშნულია, რომ მარიამ ძნელაძე “ევროპულის ხმების" ანუ ევროპული სიმღერების გარდა ქართულადაც მღერის.
“სულითა და გულით ვისურვებთ ყოველ-გვარს წარმატებას ამ ახალგაზრდა მოღვაწე ქალისათვის იმ სარბიელზე, რომელზედაც ჩვენ ქალებ შორის იგი პიონერივით პირველი გამოდის სამოღვაწეოდ"- აღნიშნულია “ივერიაში".
მარიამ ძნელაძე იმდროინდელ საქართველოში არაერთ კონცერტს ატარებდა სურამში, ქუთაისში, ბათუმში, სიღნაღსა და თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში კოტე ყიფიანთან და სხვა მსახიობებთან, სიმღერებს ასრულებდა ბალანჩივაძესთან, ფილემონ ქორიძესთან და სხვა იმდროინდელ მომღერლებთან ერთად.
მარიამ ძნელაძეს უძღვნიდნენ სიმღერებს, ლექსებს, საღამოებს.
მწერალ დიმიტრი მაჩხანელის (იგივე დიმიტრი ნადირაძის) მიერ მისდამი მიძღვნილი სიმღერა გამოქვეყნებულია ასევე გაზეთ “ივერიაში".
“აჟღერდი, ჩანგო, მიამბე:
ქარ-ბუქის ზუზუნ-ზრიალი;
ველის ყვავილთა ბიბინი,
ტყეთა და ბუჩქთა შრიალი;
ღრუბელთა არეულობა,
ცის ჭექა-ქუხილ-გრიალი;
ქარიშხლის მძლავრი შხაპუნი,
ღვართქაფის დენა-ღრიალი...
დასძახე, ტურფავ, მომხიბლე,
მატირე გრძნობა ტიალი,
ამივსე გული შხამ-გესლით,
მარჩობდეს ცრემლთა თქრიალი:
მეყო წამება მტერთაგან,
ბედის უკუღმა ტრიალი...
ამოდი, ხმალო, საომრად,
ტყვიავ დაიწყე ბზრიალი!.."
მარიამ ძნელაძე გარდაიცვალა 1909 წლის 14 მაისს, როგორც ჩანს საკმაოდ ახალგაზრდა. მისი ფოტო გამოქვეყნებულია გაზეთ “დროების" სურათებიან დამატებაში.


მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ

0
192
8-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0