x
image
George Chubini
ლესია უკრაინკას მუზეუმის ამბავი და ყველასგან მივიწყებული პერსონა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ზინდისში, ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძის სახლში 1952 წლიდან განთავსებულია ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის - ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის) მუზეუმი.
ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენს საკუთრივ ნიკოლოზ აბაზაძის პერსონა, რომლის შესახებაც ამჟამად მხოლოდ ბიოგრაფიული მონაცემები მოგვეპოვება და არ ვიცით სად ინახება მისი ნაშრომები.
ნიკოლოზ აბაზაძე 1863 წლის 14 აგვისტოს, სურამში, სოფ. ზინდისში (ამჟამად დაბა სურამის ერთ-ერთი უბანი) დაიბადა თავად ლევან აბაზაძისა და მაგდანა ზაალის ასული ყიფიანის ოჯახში. მაგდანა ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის ნათესავი ყოფილა. ნიკოლოზ აბაზაძის დას - ნინა აბაზაძეს ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელი დაუმთავრებია (ეს გამოშვება ამ სასწავლებლისთვის პირველი იყო), მეორე დას - მარიამს კავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ხოლო ძმას - ალექსანდრე აბაზაძეს ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ თბილისის რეალურ სასწავლებელში უსწავლია.
თავად ნიკოლოზ აბაზაძემ 1884 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და მომდევნო წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1890 წელს დაამთავრა. ამ პერიოდში იგი ხდება ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოების წევრი, აქვე მას 1889 წელს მოუმზადებია მოხსენება “ქართული საოჯახო თემი", რომელიც დაბეჭდილა რუსულ და გერმანულ გამოცემებში, ხოლო მოგვიანებით მისი ნაშრომი ბროკჰაუზისა და ეფრონის დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონის სტატიებში “ქართველისა" და “საქართველოს" განსასაზღვრად გამოუყენებიათ.
მას აგრეთვე მოუმზადებია ნაშრომი “ხანულობა". 1889 წელს ნიკოლოზ აბაზაძე აირჩიეს მოსკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. იგი საქართველოს ტერიტორიაზე აგროვებდა სახალხო თქმულებებს, ლეგენდებს, ლექსებს, ზღაპრებს.
საქართველოში ნიკოლოზ აბაზაძემ თბილისის საოლქო სასამართლოში, შემდეგ სურამის საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და ეთნოგრაფიულთან ერთად იურიდიულ საქმიანობასაც მიჰყვებოდა.
ნიკოლოზ აბაზაძის მეუღლე იყო ნანა მუატი, წარმოშობით გერმანელი. ნანა მუატის მამა იყო გენრიხ მუატი, რომელიც სურამის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ნიკოლოზ აბაზაძის ოჯახი ჯერ გაკულაკებული, ხოლო შემდეგ კულაკობიდან განთავისუფლებულია. ამავე მოვლენებიდან მალე, 1931 წელს იგი გარდაიცვალა, ხოლო ადგილობრივთა ცნობით აბაზაძეებს მათი მამულები გლეხებისთვის მიუყიდიათ, თუმცა, ცხადია, მიწების გაყიდვა იმ დროს მეტად გასაკვირი ფაქტია. 1952 წელს კი სახლი მთავრობის ხელშია გადასული, სადაც გიორგი ლეონიძის თაოსნობით ლესია უკრაინკას მუზეუმი გაიხსნა.
აბაზაძეების სახლის წინ პატარა ეკლესია და საძვალეც ყოფილა, თუმცა მისი დანგრევის მიზეზები და დრო უცნობია, ამჟამად კი ამ ადგილას თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული ლესია უკრაინკას ბიუსტია აღმართული.
სასახლე ამჟამად მეტად დაზიანებულია, თუმცა იქ განთავსებული მუზეუმი მაინც ფუნქციონირებს და შედის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფ ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებაში, კიდევ ორ მუზეუმთან ერთად. ვფიქრობ, აუცილებელია საკუთრივ ნიკოლოზ აბაზაძის პიროვნებაზე, მისი შემოქმედების ძიებაზა კვლევა გაგრძელდეს, მოხდეს მისი სახლის რესტავრაცია და არსებულ მუზეუმთან ერთად მცირე სივრცე დაეთმოს ნიკოლოზ აბაზაძის მემორიალურ კუთხეს.


2017 წლის სექტემბერში, გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვს მუზეუმთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი კახა სამხარაძე.
მხარეებმა მუზეუმის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ადგილზეც შეისწავლეს და რეაბილიტიტაციისთვის ოპტიმალური სამოქმედო გეგმებიც დასახეს.

იმედი ვიქონიოთ ნგრევის პირას მყოფი მუზეუმი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფუნქციას და ნიკოლოზ აბაზაძის სახელიც მეტი ქართველისთვის გახდება ცნობილი.

imageimageimage


0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0