მარინა ლაგვილავა-წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება..
სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ლაგვილავა გუშინ აღმაშენებლის ხეივანზე ავტოავარიის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება....
-დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის...
-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ...
-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს...
-პატარა გოგონას უმანკო, უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით...
-ჩვენ, სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი, ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა...
-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე, ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი, ცოცხალ-მკვდარნი, უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა...
- ცრემლი პატრულის თვალზე...
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა...
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება..."
შეგახსენებთ, გუშინ დილით აღმაშენებლის ხეივანზე ავტოავარიას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ხოლო გოგონას დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველთა განცხადებით დიდი სისწრაფით მიმავალი BMW გაურკვეველ მანევრებს ასრულებდა, ჯერ სხვა მანქანებს გაჰკრა გვერდი, შემდეგ დაბრზიალდა და ტროტუარზე ავარდა, სადაც დედა-შვილი გაჩერებაზე ტრანსპორტს ელოდებოდა.