x
image
Lerato
საბედისწერო ქალები
image


საბედისწერო ქალი, რომლის სილამაზეს შეუძლია მამაკაცი იქამდე მიიყვანოს, რომ მის ირგვლივ ყველა კედელი დაანგრიოს. ეს არის თემა, რომელიც დღესაც პოპულარული და აქტუალურია. ათასობით წლის მანძილზე იდუმალი, მაცდური ქალის სახე ეძებს თავის გზას და უამრავ ადამიანს ატყვევებს თავისი ძლევამოსილებით.


არა აქვს მნიშვნელობა ქალღმერთია ის თუ ჩვეულებრივი მოკვდავი ქალი, მამაკაცები მის გამო იომებენ, მოკვდებიან, იმპერიებს დაანგრევენ, შემდეგ კი დაადანაშაულებენ მას ყოველივე ამაში და შესაძლოა კოცონზეც კი დაწვან. ზებუნებრივი ოსტატობა, რომლის მეშვეობითაც საბედისწერო ქალი ატყვევებს თავის მსხვერპლს, ზოგიერთ მამაკაცს აფიქრებინებს, რომ ის ნამდვილი დემონია, ზოგიერთისთვის კი – მთელი სამყარო.


ტროელი ელენე

image


ეს ლეგენდარული, ღვთაებრივი სილამაზის ქალბატონი ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, დაიბადა მას მერე, რაც ზევსი გედად გადაიქცა, ოლიმპოდან ჩამოვიდა და დედამისი აცდუნა, სპარტის მეფის მეუღლე ლედა. 10 წლის ასაკში მშვენიერი ელენე მოიტაცა თესევსმა, მაგრამ ძმები დაეხმარნენ და გამოიხსნეს. ტინდარევსმა, მისმა მიწიერმა მამამ, აიძულა ყველა მისი ხელის მთხოვნელი, ერთგულება შეეფიცათ იმ კაცისთვის, რომელიც მან თავისი ქალიშვილის მეუღლედ აირჩია. ეს იყო მენელაოსი. როდესაც პარისმა, ტროას მეფემ, მოიტაცა ელენე, ყველა მთავარმა ვინც ფიცში მიიღო მონაწილეობა, მენელაოსს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტროას წინააღმდეგ ომში გაჰყვა. ქალაქი 10 წლის მანძილზე ალყაში იყო. ბოლოს ელენე გაათავისუფლეს და მენელაოსს დაუბრუნეს.



სალომეა

image


მარკოზის სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეადას და მის ასულ სალომეას ვერაგობის გამო დასაჯეს სიკვდილით. მართალია, იესოს ნათლობის შემდეგ, გალილეის მმართველმა ჰეროდე ანტიპამ იოანე საპყრობილეში ჩასვა, ის პატივს სცემდა ნათლისმცემელს და ეშინოდა მისი. ჰეროდეადას კი სძულდა ის იმის გამო, რომ იოანემ ქალი უსჯულოებაში ამხილა და მისი ქორწინება უკანონოდ გამოაცხადა – ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი –ჰეროდეადა შეირთო. გალილეის მმართველი უარს ამბობდა რაიმე სახის ზიანი მიეყენებინა იოანესთვის, თუმცა, როდესაც მისივე დაბადების დღეზე სალომეამ სტუმრების წინ ცეკვა დაიწყო, ჰეროდე იმდენად მოიხიბლა, რომ ქალს ნებისმიერი სურვილის შესრულება აღუქვა. დედამ კი ქალიშვილს დაავალა იოანეს თავი მოეთხოვა, მეფემ სტუმრების წინ დადებულ პირობაზე უარი ვეღარ თქვა და ბრძანება გასცა ნათლისმცემლისთვის თავი მოეკვეთათ. ჯალათმა სისრულეში მოიყვანა ბრძანება და სალომეას სინით გადასცა ის, რაც მოითხოვა. ამ უკანასკნელმა კი ჰეროდეადას მიართვა სასურველი ძღვენი.

თუმცა, ღვთის რისხვა სამივეს სიცოცხლეშივე დაატყდა თავს – ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე დაიწყო ცეკვა, მაგრამ ყინული ჩაუტყდა და მდინარეში ჩავარდა. ქალს თავი ზემოთ დარჩა, სწრაფმა დინებამ სალომეას ტანი მოსწყვიტა. სხეული ვეღარ იპოვეს, თავი კი დედას მიუტანეს. რაც შეეხება ჰეროდეს, არაბეთის მეფემ მის წინააღმდეგ გაილაშქრა თავისი ქალიშვილის მიტოვებისა და შეურაცხყოფისთვის. ჰეროდემ მარცხი განიცადა, რის გამოც იმპერატორმა თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად ჯერ გალიაში გადაასახლა, შემდეგ კი – ესპანეთში. ერთ ღამეს მიწა შუაზე გაიპო, ჰეროდე და ჰეროდეადა უფსკრულში ჩაცვივდნენ.


ქალღმერთი კალი

image


ინდუისტური ქალღმერთი, ღვთაება შივას მეუღლე (მისი სახელი თარგმანში "შავს" ნიშნავს) ვნებიანი, მაგრამ იმავდროულად სასტიკი და საშინელი. ყველასთვის ცნობილია, რომ მუდმივი არაფერია, ლეგენდის თანახმად ეს ქალღმერთ კალის გამო ხდება, რადგანაც ის ყველაფერს ანადგურებს. ადამიანის სისხლი მისი სამი თვალიდან მოედინება, მისი ენა კი ცდილობს საკუთარი მსხვერპლის სისხლს დაეწაფოს, გველები იკლაკნებიან მის კისერზე, მისი შავი სხეული ჯაჭვზე ჩამოკიდული ადამიანის თავის ქალებითაა მორთული.

ათივე ხელში იარაღი უკავია. მის საპატივსაცემოდ გამართული რელიგიური რიტუალის დროს ადამიანები მსხვერპლს წირავენ. ის ვერაგი მკვლელია, რომელიც ვედრებას ყურადღებას არ აქცევს. როდესაც მისი ქმარი შივა მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა, კალიმ თავი მოჰკვეთა მას და შემდეგ მის სხეულზე იცეკვა.


კლეოპატრა

image


ძალაუფლების მოყვარე კლეოპატრამ მამის სიკვდილის მერე ტახტი ვერ მიიღო, ამიტომ გადაწყვიტა ეს ცდუნების საშუალებით გაეკეთებინა. ძვ.წ.აღ-ით 48 წელს იულიუს ცეზარი ეგვიპტეში ჩავიდა, ერთი წლის თავზე კლეოპატრამ ვაჟი აჩუქა, შემდეგ კი რომში ჩააკითხა. თუმცა, ცეზარი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მალევე მოკლეს. კლეოპატრას შვილთან ერთად ეგვიპტეში დაბრუნება მოუხდა.
შემდეგ მან მარკუს ანტონიუსთან გააბა რომანი. კლეოპატრამ მასზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა რომზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სიყვარულთან ყოფილიყო. კლეოპატრამ მას სამი შვილი გაუჩინა. როდესაც ანტონიუსი დამარცხდა ავგუსტუსთან საზღვაო ბრძოლაში, ისინი ერთად გაიქცნენ.
მას შემდეგ რაც ანტონიუსმა მის ხელში სული დალია, კლეოპატრა ავგუსტუსის მოხიბვლას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა – შხამიან გველებს თავი დააკბენინა. ბევრმა არ იცის, რომ კლეოპატრა VII ფილოპატორი, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, პტოლემეების მაკედონური დინასტიიდან იყო. მითი ნილოსის დედოფლის სილამაზეზე, რომლითაც ის თავბრუს ახვევდა მამაკაცებს, დღემდე სადავოდ რჩება.

სამსონი და დალილა

image


სამსონი მითიური გმირი და ებრაელთა ლიდერი იყო. მას შემდეგ რაც ღვთისაგან ზებუნებრივი ძალა მიიღო, ანგელოზმა მისი მშობლები გააფრთხილა, რომ არასოდეს შეეჭრათ მისთვის თმა და არც გაეპარსათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ ძალას დაკარგავდა. სამსონმა რამდენიმეჯერ გამარჯვება მოიპოვა ებრაელთა მტრებზე ფილისტინელებზე, მან ლომიც კი მოკლა შიშველი ხელებით. ისე ჩანდა, რომ დაუმარცხებელი იყო. თუმცა, მისდა საუბედუროდ ქალი შეუყვარდა, რომელსაც სახელად დალილა ერქვა.
ფილისტინელების მეფის ბრძანებით, დალილამ მას თმა შეაჭრა სანამ ეძინა, ამით სამსონმა თავისი ღვთიური ძალა დაკარგა. მისმა მტრებმა სამსონს თვალები დასთხარეს და ამის შემდეგ კი იძულებული იყო როგორც მონას ისე ემუშავა. უცნობია, თუ რა ბედი ეწია მისი ცხოვრების "სიყვარულს, " თუმცა დღემდე სახელი "დალილა" სახიფათო მაცდურ ქალს ნიშნავს.

მედეა და იასონი

image


კოლხეთის მეფის აიეტის უმცროსი ქალიშვილი და მზის ღმერთის ჰელიოსის შვილიშვილი. მას არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა და ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა. ისინი ერთად გაიქცნენ საბერძნეთში. მედეამ ორი ვაჟი გაუჩინა იასონს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უღალატა და მიატოვა, გადაწყვიტა რა კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეერთო ცოლად. მედეამ სასტიკად იძია შური მათზე. მან თავისი შვილების ხელით იასონის საცოლეს კრეუსას მოწამლული მოსასხამი და გვირგვინი გაუგზავნა, რის შედეგადაც მეფე და მისი ქალიშვილი დაიხოცნენ. განრისხებულმა კორინთელებმა მედეას ჰერას ტაძარში შვილები მოუკლეს. ამის მერე გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა. არსებობს კიდევ სხვა ვერსიაც, თითქოს კოლხმა ქალმა თავად დახოცა მოღალატე ქმრისგან შეძენილი შვილები, თუმცა, ეს ნაკლებად სარწმუნოა.
მედეას სახელს ანტიკურ სამყაროში ბევრ რამეს უკავშირებდნენ. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა და მის სახელზე ტაძრებს აგებდნენ. ისტორიული წყაროების თანახმად, მედეა მკურნალობის საოცარი უნარით იყო დაჯილდოვებული. მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. და უფრო მეტიც, ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, გრძნეული ქალი ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, მოხუცებს კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.


9
981
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
981
  
2016, 29 ივნისი, 10:51
საინტერესოა!
2016, 28 ივნისი, 13:12
უღრმესი მადლობა, გაიხარეთ
2016, 28 ივნისი, 11:43
როგორც ყოველთვის საინტერესო და კითხვადია
2016, 24 ივნისი, 22:38
დიდი მადლობა შეფასებისთვის
2016, 23 ივნისი, 21:54
სტატია არაჩვეულებრივია ისე კლეოპატრას თავის ქალის მოდული დაამზადეს და აღმოჩნდა რომ არც ისე ლამაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხოტბას ასხამდა, თუმცა დანამდვილებით მაინც არავინ იცის...
2016, 21 ივნისი, 7:35
დიდი მადლობა, ხატი
2016, 20 ივნისი, 19:36
ძალიან მაგარია ლელ :*
2016, 20 ივნისი, 13:59
დიდი მადლობა, ნათია ნამდვილად შეიძლება, კარგი იქნება თუ გააგრძელებ :)
2016, 20 ივნისი, 12:27
ბრავო, ძალიან კარგი სტატიაა, გაგრძელებაც შეიძლება...
0 1 9