x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სტუდენტთა დასაქმების პრობლემები. კვლევა სახელმწიფო უნივერსიტეტში

სტუდენტთა დასაქმების პრობლემებიდასაქმების საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობა და მისი თვითშენახვა.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით დასაქმებულად ითვლება, ყველა ვინც გამოკითხვის წინა 7 დღიან პერიოდში თუნდაც ერთი საათით მაინც იყო დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით. თუმცა რამდენად შესაბამისია შესრულებული სამუშაო ანაზღაურებასთან, როგორია დამსაქმებლისა და დასაქმებულთა ურთიერთობების ფორმები, ეს და მასთან დაკავშირებული კიდევ მრავალი პრობლემა მიეკუთვნება სწორედ დასაქმების სფეროს, რომელიც მუდამ საჭიროებს ცვლილებებსა და მოწესრიგებას.


საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების საკითხი იძენს ისეთი სოციალური ჯგუფისათვის, რომელსაც მიეკუთვნებიან სტუდენტები. სწორედ მათ დასაქმებას ეხება ქვემოთ მოცემული კვლევა.


კვლევა ჩატარებულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების - თამარ ბარამიძის, თეონა აკოფაშვილის, სალომე მშვიდობაძის, ანა ბეროშვილის, შორენა ქაფიანიძის და ანა ფაღავას მიერ 2015 წლის შემოდგომაზე.


ჩვენ მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევა, შეისწავლიდა სტუდენტთა დასაქმებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ვინაიდან აღნიშნული კვლევა პრობლემის სიღრმისეულ ანალიზზე იყო ფოკუსირებული, ხოლო დასაქმების პრობლემატიკა მეტად აქტუალურია, სწორედ ამიტომ კვლევის მეთოდად გამოვიყენეთ ფოკუს–ჯგუფი. მისი საშუალებით შესაძლებელი იყო მოგვეპოვებინა სიღრმისეული ინფორმაცია მოცემული საკითხის შესახებ და გაგვეგო რესპონდენტთა აზრი შესასწავლი საკითხის მიმართ. რაც შეეხება შერჩევით ერთობლიობას, ის ეფუძნებოდა კვლევის მიზანს - შეგვესწავლა ის პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან სტუდენტები დასაქმების პროცესში - და ამოცანებს, სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ არაალბათური შერჩევის მიზნობრივი ტიპი და შერჩევითი ერთობლიობის წევრებად მოვიაზრეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვადასხვა ფაკულტეტის მე–3 და მე–4 კურსის სტუდენტები.


კვლევის ფარგლებში ჩატარებული, 6 ფოკუს–ჯგუფიდან მიღებული მონაცემები მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და საინტერესოა. იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: დასაქმების პრობლემის მნიშვნელოვნებას, საკუთარი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს, დასაქმებული რესპონდენტების სამსახურეობრივ პირობებსა და სამუშაოს შეთავსებას სწავლასთან, აგრეთვე ნაცნობობით დასაქმების საკითხის განხილვას, სტაჟირების გავლის აუცილებლობას, ოჯახის, უნივერსიტეტისა და ბოლოს სახელმწიფოს როლს სტუდენტთა დასაქმებაში. მართალია განსხვავებული პასუხები შემოგვთავაზეს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, თუმცა თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ განურჩევლად მათი სპეციალობებისა, დასაქმება ერთხმად აღიარეს მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად და ისაუბრეს მის გამომწვევ მიზეზებზეც, კერძოდ დაასახელეს: არასაკმარისი რაოდენობის ადგილები, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონი და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, 2014 წელს ჩატარებული რაოდენობრივი კვლევა, სტუდენტთა დასაქმების პრობლემატიკაზე, რომელიც თსუ–ს ფარგლებში ჩატარდა მე–3 კურსის, სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტების მიერ (თეონა აკოფაშვილი, ნინო ბეზარაშვილი, ირინე ჭოხონელიძე), ანალოგიურ შედეგს იძლევა, კერძოდ, გამოკითხულ რესპონდენტთ 57% მიიჩნევდა, რომ დასაქმება საქართველოში მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა.


კვლევამ აჩვენა რომ სტუდენტები სპეციალობების გარკვეულ კლასიფიკაციას ახდენენ. ყოფენ მათ თეორიულ და პრაქტიკულ მეცნიერებებად და მიიჩნევენ, რომ პრაქტიკული სპეციალობების მქონე სტუდენტებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა საკუთარი პროფესიით დასაქმების. აქვე უნდა აღვნიშნოთ, თუ რომელ სპეციალობებებს თვლიან ისინი პრაქტიკულად, ესენია: სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.


ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ სტუდენტების დასაქმება სხვა პროფილით გამოწვეულია უმთავრესად მატერიალური პრობლემებით. ამავდროულად რესპონდენტები უჩივიან მათთვის ხელმისაწვდომი პოზიციების სამუშაო პირობებს და მიიჩნევენ, რომ დიდ სირთულეს წარმოადგენს სამსახურის შეთავსება სწავლასთან. არ არსებობს ნახევარგანაკვეთიანი სამსახურები შესაბამისი ანაზღაურებით, რომლებიც მათ სწავლის პროცესში ხელს შეუწყობდა.


საინტერესო იყო კვლევის შედეგები ნაცნობობის საკითხთან დაკავშირებით. რესპონდენტები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ნაცნობობით, კმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამსახურეობრივი პირობებით და/ან ანაზღურებით, ისინი მეტად აღნიშნავდნენ რომ სწავლისა და დასაქმების შეთავსება შეეძლოთ. თუმცა დაუსაქმებელი რესპონდენტები უარყოფითად აფასებდნენ „ნეპოტიზმის“ არსებობას, მათი აზრით ვაკანსიების უმრავლესობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან შესაბამისი ადგილები წინასწარ უკვე დაკავებულია სტრუქტურაში მომუშავე ადამიანების ახლობლების მიერ, ამდენად ნაცნობობის ფაქტი მათი აზრით ხელს უშლის სტუდენტებს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.


რაც შეეხება სტაჟირების პრობლემას, რესპონდენტები მიიჩნევდნენ, რომ სასურველია სტაჟირების გავლა, რათა შეძლოს სტუდენტმა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება და გამოცდილების მიღება, თუმცა როგორც კვლევამ ცხადყო, საქართველოში სტაჟირება მოხალისეობრივ სახეს ატარებს რადგან მიუხედავად იმისა რომ წესით მას დასაქმება თან უნდა სდევდეს ხოლმე, ეს ასე არ ხდება. გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა სტაჟირებასთნ მიმართებაში, შესაძლოა ოფიციალურად ითვლებოდეს რომ სტუდენტი საკუთარი პროფესიით გადის სტაჟირებას, მაგრამ სინამდვილეში ასრულებს იმ საქმეს, რაც სხვას „დაეზარა“. ფაქტობრივად სტაჟიორს ორგანიზაცია იყენებს და არც კი უტოვებს იმის მოლოდინს რომ შემდეგ სამსახურში დატოვებს. რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ უნივერსიტეტის ხელშეწყობით განხორციელებული სტაჟირების პროგრამა არ ითვალისწინებდა რეკომენდაციას რომელიც მიიღო სემინარიდან „მომავლის კომპეტენციები“. მოცემული სემინარი 2009 წელს ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა ბოლონიისა და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებისათვის, რისი მიზანიც იყო უნივერსიტეტების მიერ სტუდენტისთვის თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციების და ცოდნის მიწოდების უზრუნველყოფა. მოცემულ სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს წარმომადგენლებიც. ამ ექსპერტების მიერ უმაღლესი სასწავლებლების მიმართ შემუშავებულ რეკომენდაციებში წერია რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ სად განთავსდებიან სტუდენტები სტაჟირებაზე/პრაქტიკაზე და რა პირობებში იქნებიან ისინი ამ პერიოდში. თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ სტუდენტები ან ვერ იღებდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ან ზედმეტს შრომობდნენ.


კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ აგრეთვე სახელმწიფოსა და უნივერისტეტის როლი სტუდენტთა დასაქმებაში და გვაინტერესებდა თუ რას ფიქრობდნენ კვლევის მონაწილეები ამ მხრივ, და როგორც კვლევამ ცხადყო უნივერსიტეტი არ უწყობს ხელს მათ მომავალ პროფესიულ განვითარებას, მათ დასაქმებას. კვლევაში მონაწილე სტუდენტთა უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია თსუ–ს კარიერული ცენტრის შესახებ, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს სტუდენტთა ინფორმირებულობას სხვადასხვა ვაკანსიებთან დაკავშრებით. რესპონდენტების აზრით სახელმწიფო და უნივერსიტეტი აქტიურ ნაბიჯებს უნდა დგამდნენ, რათ შეუწყონ ხელი მათ სამომავლო დასაქმებას და ეს არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ ფორმალური და ზედაპირული ინიციატივებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის მხოლოდ რამდენიმე წევრმა აღნიშნა, რომ მართალია სახელმწიფოს უფრო აქტიურად უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ სტუდენტებს შეექმნათ შესაბამისი გარემო დასაქმებისათვის, თუმცა ასევე მნიშნელოვანია რომ სტუდენტებიც მოითხოვდნენ სახელმწიფოსგან ამ ნაიჯების გადადგმასა და განხორციელებას, ანუ აუცილებელია არა მხოლოდ სახელმწიფოს არამედ სტუდენტების გააქტიურებაც.


როგორც ჩანს ყოველ განხილულ საკითხს თან ახლავს პრობლემები, რომლებიც კვლევის პროცესში დაასახელეს და დაახასიათეს სტუდენტებმა, რაც მიუთითებს დასაქმების სფეროს გაუმართავობაზე და მასში არსებულ პრობლემებზე. ამავდროულად თუ გავითვალისწინებთ


ზემოთ ნახსენები კვლევიდანაც, რომელიც ჩვენ მიერ შესასწავლ საკითხზე არის ჩატარებული 2014 წელს რაოდენობრივი მეთოდით, ანალოგიური დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. ის პრობლემები რომლებიც დაასახელეს რესპონდეტებმა ფოკუს-ჯგუფებში ერთი წლის წინაც მწვავედ იდგა, შესაბამისად დღემდე არაფერი შეცვლილა.


სტატია მომზადებულია თამარ ბარამიძის და თეონა აკოფაშვილის მიერ.

0
811
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ბარამიძე
თამარ ბარამიძე
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0