x
კულტურის გავლენა ინდივიდუალიზმზე
imageიმ დროიდან, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებრივი ჯგუფები, ამასთან ერთად გაჩნდა კულტურა. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ჯგუფებს გააჩნდათ თავიანთი ნორმები, წესები, ღირებულებები. თანამედროვე განმარტება ამ ტერმინისა სწორედ
ასე ჟღერს. კულტურა განიხილება როგორც ერთიანი სისტემა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად
იყენებენ. ეს სისტემა მოიცავს საერთო ღირებულებებს, რწმენებს, ფასეულობებს, ნორმებს. ეს ტერმინი ხშირად მოიაზრება, როგორც ისეთი რამ, რაც გვაკავშირებს ჩვენი „ჯგუფის“ წევრებთან და ერთგვარად გვმიჯნავს სხვა ჯგუფისაგან და კულტურისაგან. ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალიზმის ზოგად განმარტებას, ეს არის მორალური, პოლიტიკური და სოციალური მსოფლმხედველობა,
რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ თავისუფლებას, პიროვნების პირველხარისხოვან მნიშვნელობას, პირად დამოუკიდებლობას და აღიარებს „საკუთარი თავის იმედად ყოფნის“ პრინციპს. ინდივიდუალიზმი უპირისპირებს საკუთარ თავს პიროვნების ჩახშობის იდეას, განსაკუთრებით თუ ეს ჩახშობა განხორციელებულია
საზოგადოების მხრიდან. ეს განმარტება არ არის ზუსტი, იმისა როგორც ხედავს თითოეული ინდივიდი ტერმინის განმარტებას.
ტერმინების ზოგადი მიმოხილვიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კულტურა ძალიან დიდ გავლენას ახდეს ინდივიდუალიზმზე, რადგან სწორედ
საერთო კულტურის მქონე საზოგადოებაში ხდება ერთი ინდივიდის გამოყოფა და მისი ინდივიდუალიზაცია. რთულია იმის თქმა, დადებით გავლენას ახდენს კულტურა ინდივიდის ჩამოყალიბებაზე თუ პირიქით, დადებითად მოქმედებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არსებობს კულტურები, რომლებიც პირდაპირ ორიენტირებულია ინდივიდუალიზაციაზე. ამის მაგალითს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების კულტურა, ასევე ევროპის მრავალი ქვეყნის კულტურა. ისინი ცდილობენ საზოგადოებისათვის შეიქმნას ყველა პირობა, რათა განვითარდნენ ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. კარგი მაგალითია,
ის ფაქტი, რომ ასეთ ქვეყნებში ბავშვებს თავიდანვე აჩვევენ დამოუკიდებლობას, ხშირად
ახალგაზრდები სრულწლოვნობის ასაკიდან მარტო გადადიან საცხოვრებლად, სწორედ აქედან იწყება მათი ინდივიდუალიზაცია. ისინი მთლიანად ორიენტირებულნი არიან თვითგანვითარებაზე, საკუთარი პიროვნების, ინდივიდის განვითარებაზე.
არსებობს ასევე მეორე მხარე, კულტურები, რომლებიც ორიერტირებულნი არიან საზოგადოების როგორც კოლექტივის განვითარებაზე. ამ კულტურების წარმომადგენლები ფიქრობენ რომ საზოგადოების განვითარება ვერ მოხდება, თუ საზოგადოების წევრები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ.ასეთი ტიპის კულტურული საზოგადოებები ძირითადად დამახასიათებელია აზიის კონტინენტისათვის. ამ კულტურებში ინდივიდუალიზმი შეიძლება საფრთხედაც კი აღიქმებოდეს საზოგადოებისათვის.


ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კულტურა რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდუალიზმს, ადამიანს განვითარების მეტ პირობებს და საშუალებებს უქმნის, თანამედროვე ეპოქაში კი, იმისათვის რომ თავი დაიმკვიდრო, აუცილებელია მუდმივი სწრაფვა „მე“-ს განვითარებაზე. ამ თემის
ძალიან ბევრი ასპექტი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება
მინდა გავამახვილო პიროვნების ინდივიდუალიზაციაზე ისეთ კულტურაში, რომელიც „მომხრეა“ ჯგუფური განვითარების.
კულტურა, რომელიც ჩვენს რეალობაში არსებობს, გვიწესებს ნორმებს და წესებს, რომელიც უნდა დავიცვათ, თუ გვინდა რომ ამ კულტურის ნაწილი ვიყოთ.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ ვემორჩილებით დაწესებულ ნორმებს, არის სურვილი ავიცილოთ „ჯარიმა“ და მივიღოთ „ჯილდო“. ჯარიმაში იგულისხმება ხალხისგან უარყოფითი ქცევა ჩვენს მიმართ ჩვენივე ჩადენილი საქციელის გამო, ხოლო ჯილდო ეს არის ხალხის მოწონება და დადებითი რეაქცია ჩვენი საქციელის გამო. ძალიან მტკივნეულია ჩვენს კულტურაში არსებული ნორმის დარღვევის გამო საზოგადოებისაგან უარყოფითი განწყობის ატანა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კი არის ის, რომ საზოგადოებრივ ნორმები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ეთიკურ პრინციპებს, რომელსაც ერთი კულტურის ადამიანები იზიარებენ.ნორმები სოციალური წესრიგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბავშვის სოციალიზაცია მოიცავს სწორედ ნორმების დაუფლებას. ეს ნორმები არეგულირებს ჩვენი და მომავალი თაობის ქცევას.

ადამიანის სოციალურობა ნიშნავს, რომ ადამიანი სხვისგან ზეგავლენის მიმღებია. სოციალური ზეგავლენის სახეა კონფორმიზმი. ლათინურად „conformis“ ერთგვარს, მსგავს, შეთანხმებულს ნიშნავს. კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს. ადამიანი არაპრინციპულად
მიყვება ნებისმიერ, ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს.


როგორც უკვე აღვნიშნე, კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული ნორმები.
ნორმები ეს არის საზოგადოების მოლოდინები, თუ როგორი უნდა იყოს ქცევა კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში. ნორმა შეიძლება გულისხმობდეს ისეთ ქცევას, რომელიც უნდა შესრულდეს. მაგალითად „გიყვარდეს მოყვასი შენი“. ასევე ნორმა გულისხმობს აკრძალვებს.მაგალითად „არა კაც ჰკლა“. ნორმების სახეებია ტრადიციები, ზნე ჩვეულებები, კანონები. საზოგადოებრივ მოლოდინებს ახლავს შეფასებები: ჩვენ მოველით, რომ ადამიანი დაიცავს ნორმას.ასევე თუ ნორმას არ დაიცავს, ნეგატიურად ვრეაგირებთ. მათ მიმართ, ვინც ნორმებს არღვევს, გამოიყენება ჯარიმები, ისეთი სახის როგორიცაა: მასხარად აგდება, დაცინვა, გაკიცხვა, უგულებელყოფა, გარიყვა,
მუქარა, ჯარიმა, დაპატიმრება.

მეცნიერებმა ჯონ დოიჩმა და ჰაროლდ ჯერარდმა კონფორმიზმის ორი ტიპი გამოყვეს: ნორმატიულიდა ინფორმაციული. კონფორმულობას იწვევს ინდივიდის მისწრაფება,
მოწონებული იყოს ჯგუფის მიერ. კონფორმულობის ამ ტიპს ნორმატიული კონფორმულობა ჰქვია და ის სოციალური კონფორმულობის დომინანტური
ფორმა. როდესაც ჩვენ გვინდა ჯგუფის წინაშე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, ვერბალურად ვეთახმებით ჯგუფის აზრს, თუმცა შეიძლება რეალურად არ ვიზიარებდეთ მას. თუნდაც, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, წუთით შევჩერდებით და დავფიქრდებით: რას იტყოდნენ ამაზე ჩემი მშობლები ან ჩემი მეგობრები? ეს ნორმატიული კონფორმულობის გამოვლინებაა. ხშირად უცნობ ან ორაზროვან სიტუაციაში
არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, რა არის სწორი. რათა ვუპასუხოთ ასეთ კითხვებს, მოვიპოვოთ ინფორმაცია, მივმართავთ ხალხს. საკუთარ ქცევას ვცვლით ისე, რომ სხვის ქცევას შევუსაბამოთ. საინტერესოა, ხდება ასეთ სიტუაციებში
ინდივიდუალიზმის განვითარება? რა თქმა უნდა, არა. ხალხის აზრსა და აქტივობებს ვიყენებთ როგორც სახელმძღვანელოს საკუთარი აზრისა და მოქმედებისათვის. კონფორმულობის ეს მეორე წყარო ცნობილია როგორც ინფორმაციული სოციალური გავლენა. ამავე დროს ის წარმოადგენს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს.

ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ადამიანები გამოირჩევიან საოცარი სურვილით დაემორჩილონ ძალაუფლებით აღჭურვილ პირებს, მაშინაც კი, როდესაც ამ პირთა მოთხოვნები ამორალური ან არაეთიკურია.
ამერიკელი ფსიქოლოგის, სტენლი მილგრემის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ემორჩილება ავტორიტარულ წნეხს, გააგრძელოს სხვა ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ქცევა. აქვე აღსანიშნავია „ბენდვაგონის ეფექტი“.
ბენდვაგონის ეფექტის დროს ადამიანები ისე იქცევიან და ფიქრობენ, როგორც იქცევა და ფიქრობს უმრავლესობა. ამ ეფექტს სხვაგვარად ბრბოს ინსტინქტსაც უწოდებენ. ბენდვაგონის ეფექტი გვაქვს სახეზე პოლიტიკაში, როცა მაგალითად, არჩევნების დროს არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებთ, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს, ჩვენი აზრით, უმრავლესობა.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ არის რთული წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ხდება კოლექტიური საზოგადოების კულტურაში ადამიანის ინდივიდუალიზაცია, რამდენად რთულია ეს პროცესი და რამდენი ბარიერის გადალახვა შეიძლება მოუწიოს პიროვნებას, განსხვავებით ინდივიდუალური განვითარების მომხრე კულტურებისაგან.

ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღების დროს, ნებისმიერ ახალ სიტუაციაში
სანამ სხვებს ავტომატურად დავეთანხებით, უნდა გავიაზროთ რაციონალურია თუ არა მათი ქცევა და ეთანხმება თუ არა ჩვენს პრინციპებს. თითოეული ინდივიდის ინდივიდუალიზაცია საწინდარია საზოგადოების პროგრესისა და ამას მოწმობს
ირლანდიელი დრამატურგის, ჯორჯ ბერნარდ შოუს სიტყვები: „პროგრესი შეუძლებელია ცვლილებების გარეშე და მათ, ვისაც საკუთარი აზრების შეცვლა არ
შეუძლია, არც არაფრის შეცვლა შეუძლია.“




0
1124
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
1124