x
image
ბერდია
იუგოსლავიის კონფლიქტები

შეიძლებოდა თუ არა 1991-95 წლების ხორვატიისა და ბოსნიის კონფლიქტების თავიდან აცილება? თუ არა/ვერა რა ზომები შეიძლება მიეღო აშშ-ს და ევროპის imageგაერთიანებას/წევრ სახელმწიფოებს კონფლიქტის მინიმიზაციისთვის?
აბსტრაქტი

XX საუკუნის ბოლო და ცივი ომის დასასრული იმავდროულად ეთნიკური და სამოქალაქო ომების ინტენსიური საწყისია. მოცემულ დოკუმენტში განხილულია
ხორვატიისა და ბოსნიის კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტი. სტატიის მიზანი არა კონფლიქტების მიზეზის დადგენა, არამედ მისი პრევენციული ზომების სხვადასხვა ალტერნატივების შემოთავაზებაა. ასევე მოცემულია აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ხედვა ჰუმანიტარულ თუ სამხედრო ინტერვენციებთან დაკავშირებით, რომელიც უკეთესად ხსნის ჩარევასა თუ ჩაურევლობას კონფლიქტებში და კონკრეტულად ბოსნიის მაგალითზე. ანალიზი აგრეთვე შეეხება ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების რეაგირების ხარისხს კონფლიქტის პრევენციისთვის. მიუხედავა ირიბი კავშირისა, განხილულია ასევე რა როლი შეეძლო ეთამაშა ბროს ტიტოს ამ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.

ხორვატიისა და ბოსნიის კონფლიქტები

იუგოსლავიის კრიზისი სწორედ მაშინ იწყება, როცა ფედერაცია რამდენიმე რესპუბლიკად იშლება. 1991 წლის ივლის-სექტემბერში იუგოსლავიის ემადგენლობიდან ერთდროულად გავიდნენ სლოვენია, ხორვატია და მაკედონია. იუგოსლავიის არმიამ, რომელსაც სერბი ნაციონალისტები მეთაურობდნენ, ფედერაციიდან გასული რესპუბლიკების დასასჯელად საომარი მოქმედებები დაიწყეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოსნიელები იუგოსლავიის შემადგენლობიდან რეფერენდუმით გავიდნენ, მაგრამ სლობოდან მილოშევიჩს[1] არ უნდოდა ფედერაციის სუბიექტების გამოყოფა. მილოშევიჩი მართავდა იუგოსლავიის სახალხო არმიას და ძალისმიერი გზით ცდილობდა ფედერაციის შენარჩუნებას. 1995 წელს დასრულდა სამხედრო შეტაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინაში. იმავე წელს ხელი მოეწერა დეიტონის ხელშეკრულებას,
რომელიც ითვალისწინებდა ბოსნიაში მშვიდობის დამყარებას და სამხედრო ინტერვენციების აკრძალვას. ამ შეთანხმებამ საშუალება მისცა საერთაშრისო თანამეგობრობას, აქტიური მონიტორინგი გაეწია ბალკანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებისთვის.

აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ხედვა და როლი იუგოსლავიის კონფლიქტებშიimage


აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აღქმა და ხედვა კონფლიქტებზე მრავალ ასპექტს მოიცავს და იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მისი პოლიტიკური ქმედებები საჭიროა რამოდენიმე საკითხის წინ წამოწევა. სარა კრეპსის[2] თეორიის მიხედვით აშშ-ის მოქმედებას ინტერვენციასთან მიმართებაში ორი რამ განსაზღვრავს:
1) დროის ჰორიზონტი;
2) მოსალოდნელი ოპერატიული ვალდებულება
პირველ შემთხვევაში თუ ინტერვენციის განსახორციელებლად დრო დიდია და აშშ ს ინტერესებს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება, მაშინ აშშ - თვის მომგებიანია ინტერვენციის მულტილატელარულად გადაწყვეტა და იწყებს ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას. იმ შემთხვევაში როცა დრო მცირეა და აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს
საფრთხე ექმნება, მაშინ პოლიტიკური ისტებლიშმენტი ცდილობს იმოქმედოს სწრაფად
და შეძლებისდაგვარად ნაკლები დანახარჯით, აღარ შეუდგეს ინტერვენციის კოალიციასთან ერთად გადაწყვეტას და თავად იმოქმედოს დამოუკიდებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნები ნაკლებად უჭერენ მხარს სამხედრო ინტერვენციებს. ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით ისინი ფიქრობენ მოსალოდნენ ხარჯებსა და რისკებზე, რომელსაც ინტერვენციის განხორციელება გამოიწვევს. სამუელ ჰანტინგტონის აზრით სამხედრო მაღალჩინოსნები კონსერვატიული პოლიტიკური რეალიზმის პრინციპებით მოქმედებენ საგარეო პოლიტიკაში. ისინი ეროვნული უშიშროების ისეთ საკითხებს უთმობენ ყურადღებას როგორიც არის გეოსტრატეგიული ინტერესები, ტერიტორიების კონტროლი, საკუთარი მოკავშირეების დაცვა. მათთვის ჰუმანიტარული ინტერვენციები, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებების დაცვაა შესაძლებელია ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ვიეტნამის ომის მწარე გამოცდილების მერე სამხედრო მაღალჩინოსნები ცდილობენ მაქსიმალურად
შეამცირონ რისკი მსგავს სიტუაციაში მოხვედრისგან. მათთვის მნიშვნელოვანია ვიეტნამის ომის შემდეგ შექმნილი ვეინბერგერ - პაუელის დოქტრინა, რომლის თანახმად აშშ უცხო ქვეყნის კონფლიქტში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩარეულიყო, როცა მის ინტერესებს დაემუქრებოდა საფრთხე, ასევე ინტერვენცია კონგრესისა და აშშ ს მოსახლეობის მიერ უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი და იმავდროულად პოლიტიკოსებს უნდა ჰქონოდათ ეფექტური და მკაფიო სტრატეგია უკან გამოსასვლელად. გენერლების ან სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების თანხმობა ინტერვენციასთან დაკავშირებით მისაღებია, თუკი დარწმუნდებიან, რომ ინტერვენციის თანმხლები რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და მისიის მთელი ტვირთი აშშ–ს ძალებს არ დააწვებათ მხრებზე. აქედან გამომდინარე ინტერვენციის განხორციელების შემდეგ გარკვეული პერიოდის მერე მისიას სხვა ორგანიზაციას, თუნდაც გაეროს გადაბარებენ. ასევე სამხედროებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა ინტერვენციის საქმეში. შესაბამისად 2012 წელს პენტაგონის სტრატეგიულ დოკუმენტში და
2014 წლის თავდაცვის დოკუმენტის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ამერიკული მისია საერთაშორისო მისიად გარდაიქმნას. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, აშშ-ს ჩარევა ამ კონფლიქტებში ნატოს გარეშე რთულად წარმოსადგენია. სამხედრო ხარჯებით დაწყებული ადამიანური რესურსით დამთავრებული აშშ-ს ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად ძვირი დაუჯდებოდა. ამიტომ საჭირო იყო მომენტალური ოპერაციები კონფლიქტის მოსაგვარებლად და ოპერაციის ნატოს ან გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის გადაბარება.
ჩემი აზრით კონფლიქტში ჩარევის ძირითადი სამი მიზეზი არსებობს:
1) ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ აშშ ნატო-ს გეოპოლიტიკურ რუკაზე რეპრესიებსა და ეთნიკურ წმენდას ვერ დაუშვებდა;

2) შესაძლოა, აშშ–ს ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს არსებობასა და გაფართოებას მეტიმნიშვნელობის დაბრუნება სჭირდებოდა და მისი ამ კონფლიქტში ჩარევაც შესაძლოა ამ იდეას ემსახურებოდეს (შედეგად ნატო-მ იუგოსლავიის მსგავსი კონფლიქტებისთვის უნდა იარსებოს, ხოლო ომებმა ნატო-ს არსებობა უნდა უზრუნველყონ). თუ ამ ორ მიზეზს რეალურად მივიჩნევთ მაშინ გასაგებია თუ რატომ ჩაერია აშშ იუგოსლავიაში კონფლიქტის ცხელ დროს და თუ რატომ არ მიიღო მანამდე საჭირო ზომები პრევენციის მიზნით.

3) არსებობს ნაკლოვანებები რაც დემოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს, ესაა კონსულტაცების ჩვევა და დიდი ბიუროკრატიული მანქანა, რაც დროში გაწელილი პროცესია და სწრაფ პოლიტიკურ ქმედებას აფერხებს. ასევე, ის დამახასიათებელი ღირებულებები, რომელიც სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასა და აღიარებას ეხება. აქედან, გამომდინარე კონფლიქტის დაწყებამდე პრევენციული ზომების
მიღება, შესაძლოა იუგოსლავიის სუვერენიტეტის დარღვევად ყოფილიყო მიჩნეული და აშშ–ს მთავრობამ საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას მოვლენების განვითარების ლოდინი არჩია.

თუ ამ ყოველივეს გავითვალისწინებთ, გასაგებია ალბათ აშშ–ს შეგნებული ჩარევა დროის იმ მონაკვეთში, რომელიც იუგოსლავიაში სამხედრო თუ ჰუმანიტარულ ინტერვენციას გულისხმობდა.

ევროკავშირის[3] ან მისი წევრი ქვეყნების პოზიცია

ევროკავშირის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ რეგიონული გაერთიანების როლი ამ კონფლიქტის პრევენციისთვის მინიმალურია. სანამ საკვლევ კითხვაზე გადავალ, თუ რისი გაკეთება შეეძლო ევროკავშირს? მანამდე საინტერესოა რა მოლოდინი, აღქმა არსებობს, როცა ევროკავშირის მიმართ ასეთ კითხვას ვსვამთ. ევროკავშირი ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც შედარებით რბილი ძალის მატარებელი ეკონომიკური კავშირი და არა ხისტი პოლიტიკური აქტორი. ვინაიდან, ამ ორგანიზაციას არ ჰყავს თავისი ჯარი და ძირითად მოქმედებას ნატოს ქოლგის ქვეშ ასრულებს. ერთ–ერთი ბერკეტი, რომელიც ამ ორგანიზაციას გააჩნია არის ეკონომიკური სანქციები ან ამ სანქციებით მუქარა, რომელიც შედარებით გვიანდელი მეთოდია და იუგოსლავიის კონფლიქტებში მისი გამოყენება არც პრაქტიკული იქნებოდა და არც იმდენად მომგებიანი, რომ კონფლიქტის პრევენციაზე გავლენა ჰქონოდა. გარდა, ამისა როდესაც ევროკავშირის როლზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა ცენტრალიზებულ ინსტიტუტს, არამედ მასში გაწევრიანებულ იმ ძირითად ქვეყნებს[4], რომელთაც შესწევდათ ძალა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად, ამიტომ პირდაპირ ამ ქვეყნების როლზე ვისაუბრებ.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნაწილობრივ გერმანია ეს არის ის ქვეყნები რომლიდანაც იყო მოლოდინი რომ ამ კონფლიქტის მოგვარების ტვირთს გაინაწილებდნენ. თუ რატომ არ იმოქმედეს ერთიანი ძალებით ამ ქვყნებმა იუგოსლავიის კონფლიქტების დროს, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ჩემი აზრით, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იმდენად იყვნენ ეს ქვეყნები აშშ–ს საფარქვეშ, იმდენად გარიყა ისინი ბიპოლარულმა სისტემამ საერთაშორისო პოლიტიკური ველიდან, რომ საგარეო დამოუკიდებელ აქტიურ ქმედებას მოწყდნენ. ამ კონფლიქტში "უყურადღებობა", ნაწილობრივ აიხსნება იმით რომ ეს ქვეყნები ცივი ომისგან ვერ ფხიზლდებოდნენ.
გერმანია ახალი გაერთიანებული იყო, მთელი მისი რესურსი მიმართული იყო შიდა პოლიტიკაზე და ეკონომიკურად ჩამორჩენილ დასავლეთ გერმანიის გაძლიერებაზე. მთელი ცივი ომის პერიოდის განმავლობაში და დღემდე გერმანია ყველაზე ნაკლებად
ცდილობს დაუჭიროს მხარი სამხედრო ინტერვენციას, რაც იმის მანიშნებელია, რომ II მსოფლიო ომის შემდგომ გერმანია ცდილობს აღიდგინოს რეპუტაცია. სწორედ ამიტომ აღვნიშნე „ნაწილობრივი“ გერმანიის როლი.

აღნიშნული ფაქტები, რომ არა, რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო ამ კონფლიქტის თავიდან არიდება. ერთობლივი, დროული დიპლომატიური ნოტა და შემდგომ სამხედრო მობილიზება იუგოსლავიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვილი მანიშნებელი
იქნებოდა მილოშევიჩისთვის, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი აღარ დაუშვებს ომს ევროპის ტერიტორიაზე. მსგავსი ქმედებებით შესაძლებელი დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა კონფლიქტის თავიდან არიდება ან სისხლიანი რეპრესიების მინიმუმამდე დაყვანა.

ბროს ტიტო და იუგოსლავიის კონფლიქტის პრევენციული ზომებიimage


ამ კონფლიქტის პრევენციულ თემაზე მსჯელობისას, საინტერესოა თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა თავდაპირველად ჯერ კიდევ ბროს ტიტოს დროს. აღნიშნული საკითხი ძირითად საკვლევ თემას არ წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ირიბი კავშირი შემდგომში განვითარებულ კონფლიქტებთან მაინც არსებობს და ამ მხრივ საინტერესოა
ამ საკითხის წინ წამოწევა.
ურთიერთდამოკიდებულების თეორია საერთაშორის ურთიერთობების სამეცნიერო წრეებში ერთ–ერთი წამყვანი დისციპლინაა. თეორია გულისხმობს, რომ ინსტიტუციონალური და ბიუროკრატიული დამოკიდებულება უფრო სტაბილურს
ხდის ორგანიზაციას[5]. თუ ამ თეორიას პრაქტიკაში მოვარგებთ ქვეყნებს და იუგოსლავიის მაგალითზე ვიმსჯელებთ, შესაძლებელი იქნებოდა ომების თავიდან აცილება. ვინაიდან ბროს ტიტო, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა იუგოსლავიაში, მის დროს მსგავსი რეფორმების გატარებას არ ექნებოდა რაიმე
წინაღობა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეთნიკური კონფლიქტის ნაპერწაკლი მაშინაც იგრძნობოდა. ისეთი ბერკეტების შექმნა, როგორიცაა ასეთი მრავალფეროვანი საზოგადოების ერთმანეთთან მეტი კულტურული კავშირი, ეკონომიკური დამოკიდებულება თუ საზოგადოების ერთმანეთთან სხვადასხვა გზით ინტეგრაცია იქნებოდა იმის საწყისი, რომ სამომავლოდ თუნდაც ბროს ტიტოს გარდაცვალების
მერე ეს ქვეყნები სავარაუდოდ შეინარჩუნებდნენ ერთმანეთთან კეთილმოსურნე ურთერთობას.

დასკვნა

საბოლოოდ კონფლიქტის დროული პრევენცია ვერ მოხერხდა ზემოთხსენებული მიზეზების გამო. აშშ–ს მისი პოლიტიკური ხედვების, ნატოს გაძლიერების ან დროში გაწელილი კონსულტაციების გამო და ევროპის ქვეყნების მთვლემარე პოლიტიკური
ქმედებების შედეგად კონფლიქტმა სისხლიანი რეპრესიებისა და სამოქალაქო ომების სახე მიიღო. თუმცა, ამ კონფლიქტების ყველაზე საუკეთესო პრევენციული ზომები რაც შეიძლებოდა, რომ გატარებულიყო მაინც ბროს ტიტოს მმართველობის დროინდელ იუგოსლავიაში უნდა ვეძებოთ.

ბიბლიოგრაფია:

Foreign Policy in Focus/The War on Yugoslavia, 10 Years Later/Stephen Zunes - professor of politics at the University of San Francisco.

http://fpif.org/the_war_on_yugoslavia_10_years_later/


Security Studies/Soldiers, Civilian, and Multilateral Humanitarian Intervention/Stefano Recchia

http://dx.doi.org/10.1080/09636412.2015.1036626


[1] სერბეთის პრეზიდენტი 1989-1997 წლებში და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1997-2000 წლებში.

[2] ასოცირებული
პროფესორი კორნელის უნივერსიტეტში, საერთაშორისო უსაფრთხოების დარგში

[3] იგულისხმება ევროპული გაერთიანება. თვითონ ტერმინი ევროკავშირი გვიანდელი პერიოდის სახელია, მაგრამ უკეთ გასაგებად მსჯელობისას ევროკავშირს ვიყენებ


[4] იგულისხმება დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია

[5] მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ურთიერთოდამოკიდებულების თანახმად ევროკავშირმა შეინარჩუნა სტაბილურობა და შეამცირა ომების რისკი მის წევრ ქვეყნებს შორის








1
802
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
802
  
2016, 26 იანვარი, 15:20
საინტერესო ხედვაა
0 1 1