საზოგადოება "სამი მამა გყავს და სამივე შენს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე ფიქრობს" 2015, 24 დეკემბერი, 16:29 როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "და აი ფინალიც. გადავხედე ამ წლების პოსტებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თვეების მანძილზე კეთილი რჩევების მეტი არაფერი შემომითავაზებია. მესმის, შუშის ოლიმპოს გადაფიჩინებული ხაზეინი გთრგუნავდა, გსრესდა ყოველწუთიერად საკუთარი გადაგლესილი ტვინის გაუგონარი ზმანებების აღსრულების მოთხოვნით. ფიზიკურად გფიტავდა და განადგურებდა, გაბრმავებდა და გაყრუებდა. მაგრამ გაუსაძლის გათანგულობაში უნდა გაგეგონა ერთადერთი გულშემატკივრის, შენი ყოფით გულდამძიმებული კეთილი მეზობლის გამუდმებული შეგონება: შვილო, ჰაკიმ, შეიცადე; შვილო, ჰაკიმ, გაიაზრე; შვილო, ჰაკიმ, დაფიქრდი... უნდა ჩაჭიდებოდი ამ ერთადერთ მაშველ რგოლს... ჩემს პასუხისმგებლობას ჩემი არჩევანი განაპირობებსო, დღეს თქვი - არასდროს გიმართლებდა არჩევანში: სამი მამა გყავს - ბიოლოგიური, შეძენილი (სიმამრი) და უძღები (დიახ, უძღები მარტო შვილი კი არა, მამაც არსებობს, რაშიც დარწმუნდი) და სამივე მხოლოდ შენს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე ფიქრობს. გაფრთხილებდი - შუა ჯირითში დაგანარცხებს - არ მომისმინე. ახლა? ერთ რჩევასაც მოგცემ და დავიშალოთ: შვილო, ჰაკიმ, იყუჩე, დაისვენე, ცხვირი ნორმალური ადამიანის დონეზე გაასწორე, ნურც ჩამოუშვებ, ნურც აიპრიხავ. დაივიწყე ათეულობით გამოჩენილი ხელის ჩამორთმევა. წადი საფრანგეთში, თავიდან, ოფიციანტობიდან დაიწყე, ფულიან ხალხს ერიდე, სიმამრს დაუმტკიცე, რომ კაცი ხარ, მამას აჩვენე, რომ დამოუკიდებელი ხარ და გადაწყვეტილებები მერე მიიღე. მაშინ აღარ მოგიხდება ასე ნანატრ ტერასაზე მხოლოდ სამი წუთით დგომა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზის ვერახსნა და ბოლო საპრემიერო გამოსვლის მხოლოდ საყვარელ ნუნუკაზე გადატარება. მშვიდობით, შვილო, ჰაკიმ. საკუთარ თავს ებარებოდე...", - წერს თარგამაძე. 426 7-ს მოსწონს 1-ს არა
|