იარაღი და ტექნიკა MAUSER C 96 - რელსის მხვრეტელი პისტოლეტი 2015, 5 სექტემბერი, 12:59 გერმანია, ხარისხის ნიშანი გერმანიამ დიდი როლი შეასრულა ევროპაში ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაში. იარაღის წარმოებაში ქვეყნის სავიზიტო ბარათებად იქცა ქალაქები: აუგსბურგი, ფრაიბურგი, ნიურნბერგი და ზული. XIV საუკუნეში მთელ ევროპაში მეომრები გერმანიაში დამზადებულ მუშკეტებს იყენებდნენ, რომლებსაც გორგოლაჭიანი მექანიზმი ჰქონდათ. გარდა ძლიერი კონსტრუქციისა, გერმანული ნაწარმი მაღალმხატვრული შესრულებითაც გამოირჩეოდა. ისინი დღესაც ინახება ევროპის სხვადასხვა ქალაქების საკოლექციო სტენდებზე. გერმანელი მეიარაღეები ორლულიანი, კომბინირებული და სამლულიანი თოფების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები არიან. გერმანია პირველი კუთხვილლულიანი თოფის სამშობლოდ მიიჩნევა. გერმანელმა მეიარაღე პაულ მაუზერმა შექმნა შაშხანის „ბოლტიანი“ ჩამკეტი და დამცემი მექანიზმი. მაუზერის ჩამკეტი და დამცემი მექანიზმი საბრძოლო და სანადირო შაშხანებში მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ძმები მაუზერები სიტყვა მაუზერი ასოცირდება ხარისხთან, საიმედოობასთან და შავქურთუკიან „ჩეკისტებთან“. უფროსი ძმა ვილჰელმ მაუზერი ობერნდორფის სამეფო საიარაღო ფაბრიკაში მუშაობდა. 1850 წელს იმავე ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა მისმა უმცროსმა ძმამაც, პაულ მაუზერმა. 1872 წელს ძმებმა დააარსეს ფაბრიკა „ძმები ვილჰელმ და პაულ მაუზერები“. 1874 წელს მაუზერებმა სამეფო ფაბრიკა იყიდეს და ახალი სახელწოდება მისცეს: „ძმები მაუზერები და კომპანია“ (GEBRUDER MAUSER & CO). 1884 წელს ფირმა სააქციო საზოგადოება „WAFFENFABRIK MAUSER A.G.“-ად გადაკეთდა. ლეგენდარული MAUSER 98 1898 წელს მაუზერებმა შექმნეს ლეგენდარული მოდელი MAUSER-98, ხუთვაზნიანი შაშხანა და კარაბინი, რომლითაც გერმანიის არმია შეიარაღდა. MAUSER 98 დღემდე მსოფლიოს უამრავი საბრძოლო და სანადირო კუთხვილი თოფების პროტოტიპია. სამხედრო MAUSER 98 სანიმუშოდ მიიჩნევა და მის მოდელებს ისეთი ამბიციური ფირმები აწარმოებენ, როგორებიც არიან: ჰოლანდ-ჰოლანდი, რიგბი, ვესტლი რიჩარდსი... მაუზერების სანადირო უმაღლესი გლუვლულიანი მოდელებია: ჰორიზონტალურლულიანი „ბრისტოლი“ და ბოკფლინტი „კონტესტი“. პისტოლეტი MAUSER C 96 მსოფლიოში ერთ-ერთი ძლევამოსილი იარაღისთვის შეიქმნა ახალი ვაზნა, რომელიც სხვადასხვაგვარი ვერსიით გამოდიოდა: ფოლადის გულაკით, ჯავშანსაწინააღმდეგო ცეცხლწამკიდი. MAUSER C 96 სროლის სიზუსტით გამოირჩევა, რასაც დასაგები კონდახი განაპირობებს. იარაღს აქვს მარეგულირებელი სამიზნე შკალით, 50-დან 1000 მეტრამდე სროლისთვის. პისტოლეტი MAUSER C 96 დღესაც ატარებს პოსტსაბჭოურ სახელს „რელსის მხვრეტელი“. ტექნიკური მახასიათებელი ვაზნა 7, 63 X 25 მმ მჭიდი 10 ც სიგანე 35 მმ ლულის სიგრძე 140 მმ ლულის სიგრძე 140 მმ იარაღის სიგრძე 296 მმ წონა 1100 გრ რესურსი 10 000 გასროლა სროლის სიშორე 1000 მ. მიზანში 200 მ. MAUSER C 96-ის დანიშნულება იარაღის მთავარი დანიშნულება საბრძოლო მოხმარებაა. რუსეთი მაუზერს, ძირითადად, სამხედრო დანიშნულებისამებრ იყენებდა. MAUSER C 96-ს აქტიურად იყენებდა ესპანეთის ჟანდარმერია. ესპანეთის გენერალი ფრანსისკო ფრანკო ყოველთვის მხოლოდ MAUSER C 96-ს ატარებდა. მაუზერი შეიარაღებაში ჰქონდა გერმანიასა და ფინეთს. მოგვიანებით იარაღი შეუცვლელი მეგზური გახდა ავღანელი მოჯაჰედებისა და ჩეჩენი მებრძოლებისთვის. ქართულ სინამდვილეში მაუზერი კიდევ დიდხანს მოგვაგონებს აბრაგ გოგიას შესანიშნავი კინოფილმიდან „ხარება და გოგია“. 1423 5-ს მოსწონს
|