x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ ავირჩიოთ ტრანსპორტში ყველაზე უსაფრთხო ადგილი - ეს უნდა ვიცოდეთ!

imageახალი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება ხვდება ავარიაში და, შედეგად იღუპება ადამიანები. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ ფიქრობს ტრანსპორტში ჩაჯდომისას უსაფრთხო ადგილის არჩევაზე. როგორც წესი, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას კომფორტს ვუთმობთ და ვცდილობთ დავჯდეთ ფანჯარასთან, ჩავჯდეთ მატარებლის მაინცდამაინც წინა ვაგონში და ა.შ. მაგრამ თუ თქვენთვის ავარიაში გადარჩენის შანსები მნიშვნელოვანია და კომფორტზე მაღლა საკუთარ სიცოცხლეს აყენებთ, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ როგორ უნდა აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში შედარებით უსაფრთხო ადგილები.
1. სამარშრუტო ტაქსი
image

სამარშრუტო ტაქსი ანუ ე.წ. "მარშუტკა" ქალაქში ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. თუმცა ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე სახიფათოც! შედარებით უსაფრთხო ადგილად ამ ტიპის ტრანსპორტში ითვლება ადგილი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოძრაობის საპირისპიროდ იჯდეთ. შეიძლება ამგვარად ჯდომა თქვენთვის არაკომფორტული ან შემაწუხებელიც იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი შანსი გაქვთ ავარიის შემთხვევაში ცოცხალი გადარჩეთ. ამის მიზეზი შემდეგია: - მკვეთრი დამუხრუჭებისას მგზავრები სავარძლებიდან წინ გადავარდებიან, თქვენ კი მხოლოდ საზურგეს მიაწვებით. უფრო უკეთესია, თუ ამგვარი ზურგშექცევით დასაჯდომი ადგილი მძღოლის უკან იქნება, რადგან მძღოლი ინსტიქნტურად შეეცდება საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას (ეს უკვე კვლევებით დამტკიცებულია) და საჭეს მართავს ისე, რომ მანქანა მისი მხრიდან ნაკლებად დაზიანდეს.

მეორე უსაფრთხო ადგილად ითვლება სალონის შუაში, ფანჯრებიდან მოშორებული ადგილები. ხოლო ყველაზე სახიფათო კი არის მძღოლის გვერდით და სულ უკანა სავარძლები. ამ შემთხვევში, სიკვდილის საფრთხეა წინ შეჯახებისას ან მაშინ, თუ უკნიდან დიდი სიჩქარით მომავალი ტრანსპორტი "დაგარტყამთ".

2. ავტობუსი
image

საქალაქთაშორისო ავტობუსიც საკმაოდ სახიფათო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. რისკი განსაკუთრებით მატულობს ზამთარში, როცა ტრასა მოყინულია და გვერდით თოვლის დიდი საფარია. თუმცა ავტობუსშიც შეიძლება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილების არჩევა.

პირველ რიგში, არასოდეს დაჯდეთ პირველ და ბოლო სამ რიგში - შეჯახების შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გადავარდეთ საქარე მინაში ან უკნიდან მიგაჭყლიტოთ. ამასთან, მოერიდეთ ფანჯარასთან ჯდომას - ავარიის დროს ჩამსხვრეულმა შუშამ შეიძლება სახე და ხელები დაგიზიანოთ ან უფრო უარესი, არტერია გადაგიჭრათ.

საუკეთესო ვარიანტია სალონის შუაში, მარჯვენა რიგში, ფანჯრისგან მოშორებით ადგილები აირჩიოთ. უსაფრთხოდ ითვლება ასევე გასასვლელთან ახლოს მდებარე ადგილები, რადგან ასე საშუალება გექნებათ ავარიის ადგილი სწრაფად დატოვოთ.

3. მატარებელი
image

მატარებელში უსაფრთხო ადგილის არჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა აქაც არის რამდენიმე ზოგადი წესი. შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ პირველი და ბოლო ვაგონით მგზავრობას, რაც უფრო ახლოს იქნებით მატარებლის შემადგენლობის ცენტრთან, მით უსაფრთხო იქნება თქვენი ადგილი. ასევე აირჩიეთ ვაგონის შუაგულისკენ მოთავსებული კუპე - მე-5 ან მე-6.

თუ დაძინება კუპეში ზედა საწოლზე გიწევთ, ეცადეთ აირჩიოთ მოძრაობის მიმართულებით განთავსებული, რადგან დამუხრუჭებისას გადმოვადნის ნაკლები შანსი გექნებათ.

4. თვითმფრინავი
image

ავიაკატასტროფების უმრავლესობა ხდება აფრენის ან დაშვების დროს და დაღუპვის მიზეზი უმეტესად არის ბორტზე გაჩენილი ცეცხლის კვამლით დახრჩობა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაასწრებთ სალონიდან.

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს დაკვეთით ჩატარებულმა სამეცნიერო ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ცოცხლად გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც ზის საავარიო გასასვლელთან ყველაზე ახლოს მდებარე ხუთ რიგში.

ფანჯარასთან ან გასასვლელთან დაჯდომას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს - პირველ რიგში გადარჩება მგზავრების საშუალოდ 58%, მეორე შემთხვევაში - 65 %.


5. მსუბუქი ავტომობილი
image

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსუბუქ ავტომობილში ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება უკანა სავარძლის შუა ნაწილი. 2006 წელს, ბუფალოს უნივერსიტეტის მიერ, 60 000 ფატალური შედეგით დასრულებული ავტოკატასტროფის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკანა შუა ადგილზე მჯდარ მგზავრებს გადარჩენის 86%-ით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე წინ მჯდომებს და 25%-ით მეტი, ვიდრე უკანა გვერდით ადგილებზე მჯდომებს.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს კანონზომიერება მოქმედებს მხოლოდ უსაფრთხოების ქამრის შეკვრის შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ქამარი შეკრული არ გაქვთ, უკანა შუა ადგილზე დაჯდომის შემთხვევაში საფრთხე 3-ჯერ იზრდება. ამასთან, ამ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენთ არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლისთვის, არამედ წინ მჯდომი ადამიანისთვისაც.





4
2523
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2523
  
2015, 16 ივლისი, 15:43
მადლობა :)
2015, 16 ივლისი, 15:30
გავაზიარე კარგი სტატია ნათუკა
2015, 16 ივლისი, 14:52
ყვითელ სამარშრუტოებში აღარ არის, მანამდე იყო ხოლმე ზურგშექცეული ადგილები მძღოლის უკან. ახლაც არის ზოგიერთ საქალაქთაშორისოში.
2015, 16 ივლისი, 13:36
სად ნახე "მარშრუტკაში" მოძრაობის საპირისპიროდ დადგმული სკამი ძაან მაინტერესებს
0 1 4