x
image
worldsport.ge
პორტუგალიელებმა თბილისში ვიზიტის მიზეზი ახსნეს

imageპორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ევრო-2016 შესარჩევ ციკლში სომხეთის ნაკრებთან 13 ივნისს ერევანში გასამართი მატჩისთვის თბილისში ემზადება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველად ივარჯიშა.
წვრთნამდე პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა დანიმ პრესკონფერენცია პორტუგალიელი ჟურნალისტებისთვის ჩაატარა, რომლებიც თბილისში თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩამოყვნენ.
პორტუგალიის ეროვნული გუნდის პრესსპიკერმა ონოფრე კოშტამ “მიხეილ მესხის” საკონფერენციო დარბაზში მყოფი ქართველი ჟურნალისტები წინასწარ გააფრთხილა, რომ პრესკონფერენციის პირველი ნაწილი პორტუგალიურად წარიმართებოდა და შემდეგ, ქართველებს კითხვების ინგლისურად დასმის საშუალება ექნებოდათ.
დანიმ ბევრი ისაუბრა და როგორც პორტუგალიელმა კოლეგამ მოკლედ გადაგვითარგმნა, სანკ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდმა შემდეგი თქვა:
“სეზონის ბოლო ოფიციალური მატჩი გვაქვს და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. სომხეთს ძლიერი გუნდი ჰყავს და განსაკუთრებით სახიფათოდ კონტრშეტევებზე თამაშობენ”.
ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ აირჩიეს პორტუგალიელებმა მოსამზადებლად თბილისი, ნაკრების პრესსპიკერმა უპასუხა, რომ სჯობდა ეს კითხვა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის დაესვა. თუმცა, პრესკონფერენციის დასრულების მერე დარბაზიდან გასული ონოფრე კოშტა დაბრუნდა და ქართველ ჟურნალისტს პორტუგალიელთა არჩევანის მიზეზები განუმარტა. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოში კარგია ამინდია, მოსამზადებლად კარგი ატმოსფეროა, თბილისი და ერევანი ერთ საათობრივ სარტყელში იმყოფებიან და ასევე, საქართველოს და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
პორტუგალიელთა ვარჯიში ღია საწყისი 15-20 წუთი იყო და ბუნებრივია, მედიის ყურადღება გუნდის კაპიტანმა და მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიიპყრო. უშუალოდ ვარჯიშზე რის ნახვის საშუალებაც მოგვეცა, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა – მოთელვა, “კვადრატები”, კარში დარტყმები.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1089
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1089
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0