საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წარმატებას, რომელმაც მსოფლიო თასის “ალაფის” ფინალში კანადა 49:24 დაამარცხა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გამოეხმაურა.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “რომ გითხრათ, ვამაყობ და ბედნიერი ვარ, იგივეა, რომ არაფერი ვთქვა... ძალიან ვამაყობ! უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო უწინარესად მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება და კარგ, ძალიან ძლიერ გუნდთან უპირობოდ გაიმარჯვეს და რაც მთავარია ითამაშეს ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და თანამედროვე რაგბი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უკვე ვდგავართ იმ გზაზე, როდესაც ვთამაშობთ თანამედროვე, სრულყოფილ რაგბის და ძალიან ვუახლოვდებით მსოფლიო წამყვან სარაგბო ქვეყნებს ამ თვალსაზრისით.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს სამწვრთნელო შტაბს! ძალიან მეამაყებიან ეს ბიჭები და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მივეცით მათ ამ წლების განმავლობაში შანსი და მათმა უდიდესმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი - ვულოცავ ილია მაისურაძეს, ზურა ამონაშვილს, ლადო კილასონიას, გაგა გურეშიძეს, ირაკლი ჭყონიას და გიორგი ნადარეიშვილს; სამედიცინო სტაფს - ვახტანგ წიკლაურს, ირაკლი შაორშიძეს და ლიამ რობისნონს; გუნდის ვიდეო ანალიტიკოსს დავით რამიშვილს და გუნდის მენეჯერებს ოთარ იაშვილსა და ირაკლი ხუნდაძეს. ასევე ვულოცავ რაგბის კავშირის დელეგაციას, რომელიც იქ იმყოფება; ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ყველა თაობის მორაგბეს, რომელთა ოცნებამაც შეისხა ფრთები და დღეს ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც ბედნიერს ხდის ყველა ქართველ მორაგბეს. ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს! ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ უდიდეს მხარდაჭერას და როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს დღეს ვუპასუხე - მათი სიხარული და ბედნიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის!
ვულოცავ ჩემს ქვეყანას, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ცხოვრებაში არც თუ ბევრი სიხარული გვაქვს და ამ ბიჭებმა, ამ საოცარმა გუნდმა, მწვრთნელებიანად, რაგბის კავშირის თანამშრომლებიანად, რომლებსაც აგრეთვე ცალკე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის, ასეთი სიხარული აჩუქეს საქართველოს. როდესაც ხედავ, გრძნობ და გესმის, რომ მთელი საქართველო ბედნიერია - ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად?... ალბათ არაფერი.
აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის საქართველოს მთავრობას, სპოსნორებს და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. მადლობას ვუხდი მთელ ქართულ მედიას, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდში დგას - ყველა ჟურნალისტს ვინც გაზეთებში, ვებ-გვერდებსა თუ ბლოგებში წერს; ტელე-ჟურნალისტებს, წამყვანებსა და პროდიუსერებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებში, სპორტულ თუ სხვა თოქ-შოუებში მუდამ აშუქებენ ჩვენს წარმატებებს - ეს მათი გამარჯვებაცაა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო - რბილად რომ ვთქვა, მე და ქართული რაგბის ქომაგებს გაგვიკვირდა, რომ ასეთი დონის ტურნირი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადმოსცა.
ჩვენ დღეს ისტორიის ერთი დიდი ფურცელი გადავშალეთ. ელიტაში ვართ! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკვე უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. რამდენიმე დღე გავიხაროთ, ამის ღირსები ნამდვილად არიან ბიჭები, მწვრთნელებიც და ჩვენ ყველა, მაგრამ ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს. უნდა დავიწყოთ თავიდან შრომა, რადგან მოპოვებულს შენარჩუნება უნდა. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ, სადაც სრულიად სხვა სტანდარტებია. იქ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება. დიდი დღეა ქართული რაგბისთვის! დიდი დღეა ჩვენი სამშობლოსათვის და ვულოცავ ყველას, სულით და გულით! ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ.
ბოლოს ერთსაც გეტყვით - რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა, რომელმაც უბრალოდ კი არ მომილოცა მოგება, არამედ იყო აღფრთოვანებული ქართველი მორაგბეების თამაშით და თამაშის ხარისხით. ასევე მითხრა, რომ მის გვერდით იჯდა შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ლეგენდა ჯონ ჯეფრი, რომელიც ასევე ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას. მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების შეფასება ძალიან ძვირად ფასობს. ძალიან კარგად ვიცით რა სიძნელეების გადალახვა გვიწევს არა მარტო ჩვენთან, არამედ გარეთაც. ის რაც ვიღაცისთვის ადვილია, ჩვენთვის ათმაგად ძნელია. როდესაც ისინი ვინც მსოფლიო რაგბში პოლიტიკას ქმნიან, ხედავენ ამას, აფასებენ და რაც იშვიათად ხდება, აღფრთოვანებულნიც არიან და ამას არ მალავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.
www.worldsport.ge