ქალი და მამაკაცი „დედა, გამიჩინე ძამიკო!“ - თუ ოჯახი შემატებას მოელის 2014, 31 ოქტომბერი, 21:29 ოთხი წლის ბავშვი უკვე იმის გაცნობიერებას იწყებს, რომ უფროსებს თავიანთი ცხოვრება აქვთ: მამას უკვე აღარ სურს მასთან მანქანებით თამაში, დედა სახლის მოწესრიგებით და სამეურნეო საქმეებითაა დაკავებული, აღარც ბებია აღფრთოვანდება მთელ ოთახში გაფანტული კენჭების კოლექციის დანახვაზე. უფროსები სულ უფრო ხშირად ამბობენ: - შენ უკვე დიდი ხარ. რამე სასარგებლო გააკეთე.
სასწრაფოდ გვესაჭიროება ამხანაგი ყოველი ბავშვის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა იწყებს მარტოობის შეგრძნებას და უძლიერდება სათამაშოდ ამხანაგის მოძებნის მოთხოვნილება. დაახლოებით ამ დროს იწყებს იგი მშობლების მიმართ დაიკოს ან ძამიკოს „შეძენის“ თხოვნას. ვინაიდან პატარების ფანტაზიები უკიდეგანოა, როგორც კი მშობლები ოჯახის შევსებას დაპირდებიან, ის იწყებს დაგეგმარებას: რა თამაშების ეთამაშება დას ან ძმას, როგორ წავლენ ისინი სოფელში ერთად და ა.შ. მაგრამ, როგორც კი სამშობიაროდან მოყვანილ მტირალა ნამცეცას ნახავს, რომელიც ვერ დადის, არ საუბრობს და არც კი იღიმის, ბავშვი სასტიკად მოტყუებულად იგრძნობს თავს. ამხანაგის ნაცვლად „ვიღაც“ წიკვინა მუხლუხო მოუყვანეს! იმედგაცრუებული მოლოდინი მშობლების მთავარი ვალი და ამოცანაა მომავალი ახალშობილის ნამდვილი ხატოვნება შექმნან. თუ უფროსმა ბავშვმა უკვე იცის, როგორ გამოიყურება ჩვილი, მასთან შეხვედრა იმედგაცრუებას არ მოუტანს. აუცილებლად ჩართეთ ბავშვი სასიხარულო მოლოდინის პროცესში. ერთად წაბრძანდით ახალშობილის „სამზითვო“ ტანსაცმლის ან სათამაშოების საყიდლად და ანგარიში გაუწიეთ მის რჩევებს. საბავშვო ოთახში ინტერიერის შეცვლას ნუ გაუკეთებთ მხოლოდ ახალშობილის ადგილის დაკავების მოტივაციას. არამედ მოიფიქრეთ ისეთი საბაბი, რატომ იქნება ეს ხელსაყრელი უფროსისთვისაც. აუხსენით, რომ ყველაზე პატარა ადამიანი ძალზე უსუსური და ნაზი არსებაა, რომელიც ბევრ ყურადღებას მოითხოვს, ხშირად ტირის და საფენებსაც სვრის, მოუყევით უფროსს ბავშვს, რომ ისიც ასეთი მოწრიპული იყო. თუ არ დაიჯერებს, მისი ჩვილობის ფოტოებით დაუდასტურეთ. ეჭვიანობა საშიში დაავადებაა თოთო ბავშვს ყურადღების ლომის წილი მიაქვს და ამ დროს უფროსი სერიოზულად იწყებს პატარას როლის თამაშს: ისიც მოითხოვს საწოვარას და ბოთლს, ზეწრებში გაეხვევა, ენას უჩლიფავს. გამორიცხული არ არის ახალშობილის მიმართ აგრესიის მომენტებიც გაუჩნდეს. ზოგიერთი ბავშვები კი ხშირად „ავადმყოფობენ“, ოღონდ კი ცოტა ხნით მაინც დაიბრუნონ დედის ყურადღება. ეს ყველაფერი დახმარების ძახილია. ე.ი. უფროსი ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს და იტანჯება. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ურთიერთობის ადრინდელი რიტუალები. ძილის წინ კითხვა ან მთელი ოჯახით გასეირნება „უფროსი“ თქვენთან ჩაიკარით, ერთი-ერთზე დარჩით მასთან და გული გაუხსენით მის განცდებს – და მისი ყველა შიში და ორჭოფობის მომენტი გაქარწყლდება. მაგრამ მისგან მუდმივ ძიძას ნუ ჩამოაყალიბებთ – უფროს ბავშვებს თავიანთი ცხოვრება და საკუთარი ინტერესები აქვთ. 38 2-ს მოსწონს
|