x
image
worldsport.ge
ძალამიძემ სიტყვა შეასრულა

imageპოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში ბიალისტოკის “იაგიელონიამ”, რომელშიც ნიკა ძალამიძე გამოდის, სტუმრად კრაკოვის “ვისლას” 2:0 მოუგო. თამაშამდე ბიალისტოკელთა ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ კრაკოვში 3 ქულის აღებას გეგმავდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. ძალამიძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. “იაგიელონიამ” გოლები 53-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა. ბიალისტოკელებს 20 ქულა აქვთ და ტურის სხვა მატჩების ჩატარებამდე 16 გუნდში მე-2 ადგილზე არიან.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი ირიცხება, გასვლაზე თანაქალაქელ “ინფონეტს” 3:1 სძლია. ფორვარდმა ირაკლი ლოგუამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დუბლი შეასრულა. მან სრულად ითამაშა და მეტოქის კარი 64-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთებზე აიღო. ბეგლარიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და 74-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორა” 72 ქულით 10 გუნდში მეორეა და ვიდრე ტურის სხვა შეხვედრები შედგება, უახლოეს მდევარ “ლევადიას” ერთი ქულით ასწრებს.
უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში “დიორი”, რომლის ღირსებას გიორგი ქვილითაია იცავს, სტუმრად “პუშკაშთან” 1:2 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი “დიორის” რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა. დიორელებს 10 ქულა აქვთ და 16 გუნდში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.
უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში ლუცკის “ვოლინმა” შინ პოლტავის “ვორსკლასთან” 2:2 ითამაშა. ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელიც ტრავმირებულია, მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან და გიბრალტართან მატჩებში ვერ დაეხმარება. უკრაინის მოქალაქე ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი ლუცკელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. ტრავმირებული მცველი თემურ ფარცვანია სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0