ქალი და მამაკაცი ფსიქოლოგის საჭირო პასუხები, ყოველდღიურ კითხვებზე 2014, 1 ოქტომბერი, 21:14 ჩემი უცნაური უფროსი - სამსახურით უკმაყოფილო არ ვარ, კარგ ფირმაში ვმუშაობ. მაგრამ ჩემმა უფროსმა, რომელიც ქალია, რატომღაც თვალში ამომიღო. რანაირად არ ვეცადე მისი გულის მოგებას. კომპლიმენტებით დაწყებული და ძვირფასი საჩუქრებით (რომლებიც არსებითად ცხადია ქრთამია) დამთავრებული. მაგრამ მასზე არაფერი არ მოქმედებს. ჩვენი სამსახური გარიგებებზე და თვითდაფინანსებაზეა აგებული, ამიტომ ანაზღაურებაც შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული. შეკვეთებს კი სწორედ უფროსი ანაწილებს. ასე რომ, ფინანსურად ყოველთვის თამაშგარეშე ვხვდები. როგორ გავაუმჯობესო უფროსთან ურთიერთობა? - ლილი - თქვენ ერთი უბრალო ჭეშმარიტება გადაგავიწყდათ: თუ ადამიანი თავად არ აფასებს თავის თავს, იგი გარშემომყოფთანაც ვერ მიაღწევს დაფასებას. სამსახურში საკუთარი ღირსება შეინარჩუნეთ. მოეშვით თქვენი უფროსის კეთილგანწყობის „ყიდვას” და ყველაფერში მისი გულის მოგებას. იგი ეტყობა ადამიანთა ისეთ ტიპს განეკუთვნება, რომლებიც ვერ იტანენ პირმოთნეობას. მასთან მოიქეცით უკვე ფორმულირებული პრინციპით: „არავის არაფერს არ ვთხოვ, განსაკუთრებით ჩემზე ძლიერებს...” თუ არც ამის შემდეგ გამოკეთდა ურთიერთობა, სხვაგზა არ არის, სხვა სამსახურის მოძებნაზე უნდა იფიქროთ. ჩემი დაქალი – ჩემი მტერია - ჩემი დაქალი არასდროს არ უშვებს ჩემი მისამართით რაიმე საწყენის თქმის მომენტს. იგი ყველაფერში ხედავს ჩემს ნაკლს. გარეგნობაში, ჩაცმულობაში, ჩემს მეგობარ ბიჭშიც კი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იგი ამის შესახებ სხვა ხალხის თანდასწრებით მსჯელობს. თავიდან უბრალოდ ვიბნეოდი, ახლა კი ვჩუმდები, მწყინს და განვიცდი. მას ჩემზე თუ მეტი არა – არც ნაკლები ნაკლი აქვს, მაგრამ მე ხომ არ ვეუბნები, არ ვაკრიტიკებ. როცა ვცდილობ ავუხსნა რამდენად მტკენს გულს მისი ქცევა. იგი ისე იქცევა, ვითომ ვერ ხვდება, რაშია საქმე. მერე კი ყველაფერი ისევ თავიდან მეორდება. მირჩიეთ, რა გამოსავალი ვნახო? - ქეთი, 21 წლის - დარწმუნებული არ ვართ, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობებში რამე გამოსავალს თქვენ (და არა ის) უნდა ეძებდეთ. ასეთი „ეგზემპლარები”, როგორც წესი, სხვისი დამცირებით და შეურაცხყოფით ცდილობენ თვითდამკვიდრებას, რამეთუ, უმეტეს შემთხვევებში თვითონ მათ გააჩნიათ არასრულფასოვნების კომპლექსი. ეს მათი ჩასაკიდებელი უკანასკნელი ხავსია, მაგრამ ეს „ხავსიც” წყდება. მოეშვით თქვენი დაქალის „მსხვერპლად” ყოფნას, რაკი მას თქვენი თხოვნა არ ესმის (თუ, ცხადია, თქვენ არ გსურთ მაზოხისტივით ამის მოსმენა). მასთან ურთიერთობები ფორმალურ სიბრტყეში გადაიყვანეთ („გამარჯობა” – „ნახვამდის” და მორჩა). არავითარ შემთხვევაში არ დაანახოთ ასეთ დუშმანს, რომ გწყინთ მისი გამოხტომები. შეეცადეთ თქვენი დიდსულოვნება დროებით გვერდით გადადოთ და ზუსტად ისე მოექცეთ, როგორც ის გექცევათ. ე.ი. ხალხის თანდასწრებით მიუთითეთ თავის ნაკლზე. შესაძლოა ამან მოიყვანოს გონზე თუ არადა წავიდეს, „გზას ბარაქა დააყენოს”. დედის დარიგება - მე ძალიან კარგი და კეთილი დედა მყავს. მხოლოდ იგი საშინლად მაღიზიანებს თავისი დაუსრულებელი სწავლებებით იმის შესახებ, „როგორ უნდა ვიცხოვრო, რა არ უნდა ვაკეთო”. მე კი უკვე 20 წლის ვარ და თვითონაც კარგად ვიცი ყველაფერი. ყოველთვის, როცა ვცდილობ, ავუხსნა ეს მომენტი, საქმე ჩხუბით მთავრდება. მე ვეღარ ვითმენ, ვყვირი, ვქვითინებ, დედას კი სწყინს. როგორ ავუხსნა, რომ ბავშვი აღარ ვარ? - ნათია - კი არ უნდა აუხსნათ, უნდა დაანახოთ დედათქვენს. დაფიქრდით: იქნებ იგი თქვენთან როგორც პატარა ბავშვთან ურთიერთობს (და ამიტომაც აგრძელებს თქვენს აღზრდას) იმიტომ, რომ თქვენც სწორედ ასე იქცევით – ყვირით, ტირით და გეშინიათ არ დაუჯეროთ? რითი არ ჰგავხართ ბავშვს? დაიწყეთ ზრდასრული ადამიანივით მოქცევა. დედას მადლობა მოუხადეთ რჩევისათვის, მზრუნველობისათვის, მაგრამ ამასთან, ისე მოიქეცით როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ ყვირილისა და ტირილის გარეშე. მშვიდად და აუჩქარებლად გააგრძელეთ დედისთვის თქვენი ქცევების მოტივების ახსნა. თავიდანვე არა, მაგრამ მაინც მოახერხებთ იმ აზრს შეაგუოთ, რომ თქვენ თქვენი აზრი და შეხედულებები გაქვთ, რომლებსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ამასთან, მაინც ყოველთვის კარგი (და სასარგებლოა) დედის დარიგების შესმენა. მას ხომ ყველაზე ძლიერ უყვარხართ და გულწრფელად სურს თქვენთვის ყოველივე კარგი. ესეც რომ არა, მას ცხოვრებისეული გამოცდილებაც თქვენზე მეტი აქვს. პედაგოგიური დრამა - ჩემი გოგო მეექვსე კლასის მოსწავლეა. სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მუდამ დაუმსახურებლად აკლებს ნიშანს, რითაც შეურაცხყოფილად გრძნობს ბავშვი თავს. მართალია, იგი დანარჩენ ბავშვებთანაც ზუსტად ასე იქცევა, მაგრამ სხვები არ რეაგირებენ, ჩემი შვილი კი მტკივნეულად განიცდის, ეშინია მის გაკვეთილებზე შესვლის, მთხოვს, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანო. ვერ დამირწმუნებია იგი, რომ სანერვიულო არაფერი აქვს. თან, ჩვენი სკოლა თბილისში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და არ მინდა იგი გამოვიცვალოთ. რას გვირჩევთ? - ნატო - სცადეთ შვილის თანაკლასელების მშობლებთან გასაუბრება. იქნება ყველამ ერთად შეძლოთ რაიმეს შეცვლა, ვთქვათ, ამ საგანში სხვა მასწავლებელი რომ მოითხოვოთ. თუ ეს ვარიანტი განუხორციელებელია და არ შეგიძლიათ ამ სიტუაციის მოწესრიგება, ხომ არ ჯობდა, მართლაც სხვა სკოლაში გადაყვანაზე დაფიქრებულიყავით? ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკა სკოლის მასწავლებლების მაღალ დონეზე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ მუდმივი სტრესის ფონზე ამ დონესთან გატოლება ბავშვს უფრო და უფრო გაუჭირდება. ჩემი მამაკაცი იმპოტენტია - უკვე მესამე თვეა ვხვდები კარგ მამაკაცს, რომელიც მომწონს. მაგრამ ახლახანს გამოირკვა, რომ ის პრაქტიკულად იმპოტენტია. იგი მარწმუნებს, რომ ძალიან ვუყვარვარ, ცდილობს სათანადო სიმაღლეზე იყოს, მაგრამ ნორმალური ინტიმი მაინც არ გვაქვს. იგი სექსოპათოლოგთანაც იყო მისული, ექიმმა უთხრა, რომ არანაირი ფიზიოლოგიური პათოლოგია არა აქვს. მითხარით, რა სჯობს – განშორება ხომ არ იქნება უპრიანი? - ი.ტ. - განშორება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე დახმარების გაწევისა და რაიმეს შეცვლის მცდელობა. როგორც წერილიდან ჩანს, ის ჯერჯერობით მარტო ცდილობს სიტუაციიდან გამოსვლას, თქვენ კი მხოლოდ იცდით. საინტერესოა, ვის უცდით? ვინაიდან ექიმმა არანაირი პათოლოგია არ აღმოაჩინა, სავარაუდოდ თქვენს მეგობარს მამაკაცურ შიშებზე დამყარებული ფსიქოლოგიური იმპოტენცია ტანჯავს. აქ კი ყველაფერი უკვე პარტნიორის ქცევებზეა დამოკიდებული. თქვენი ამოცანაა დაამშვიდოთ იგი, დაანახოთ, რომ მართლა გიყვართ იგი. ოღონდ ეს გულწრფელად, გაღიზიანებისა და სიყალბის გარეშე აკეთეთ. ლოგინში აქტიური პოზიცია დაიკავეთ, კარგად ეხმარება მომადუნებელი მასაჟი სასიამოვნო კლასიკური მუსიკის ფონზე და ალერსიანი სიტყვებითურთ. გამოიჩინეთ მოთმინება – თქვენს სიყვარულში დარწმუნების ფონზე მამაკაცური საწყისი გამარჯვებას მოიპოვებს. ვიწრო თეძო არ არის პრობლემა - მართალია, რომ ვიწრო თეძოების მქონე ქალებს მშობიარობა უჭირთ? - ნელი - ქალის თეძოების მოცულობა მშობიარობის პროცესზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანათ ე.წ. ტერმინმა „ვიწრო მენჯი”. აქვე ისიც უნდა განიმარტოს, რომ საუბარია მცირე მენჯის და არა თეძოების სიგანეზე. მაგრამ ორსულობის ბოლოს მენჯის ძვლების შემაერთებელი ქსოვილი იმდენად მოქნილი ხდება, რომ მშობიარობის დროს მცირე მენჯის გაზრდის საშუალებას იძლევა. ქავილი საყურადღებოა! - შიგნით ქავილის შეგრძნებები გამიჩნდა. შეიძლება, რომ ქმრის „გასტროლების” შედეგად ვიყო რაიმე სენით დაავადებული? - ლეილა - როგორც წესი, საშოში წვის და ქავილის შეგრძნება რაიმე ვაგინალური ინფექციის სიმპტომია. ცხადია, უფრო ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ გინეკოლოგი დაგისვამთ. ამიტომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, ვინაიდან უყურადღებოდ შემორჩენილმა ინფექციამ ქალის უნაყოფობაც შეიძლება გამოიწვიოს. ცხადია, სწორედ სქესობრივი კონტაქტების დროს არის დასნეულების დიდი საშიშროება, მაგრამ ეს ქმრის ორგულობის აუცილებელი დამამტკიცებელი საბუთი არ არის. დაავადების მიზეზი შეიძლება ვიწრო თეთრეული, ანტისანიტარია, ან, დავუშვათ, იმუნური სისტემის შესუსტება გამხდარიყო. 290 1-ს მოსწონს
|