ბრიტანულ პრესაში არ წყდება საუბარი კრიშტიანუ რონალდუს ინგლისში დაბრუნების შესახებ და ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა 29 წლის ფეხბურთელის ფინანსური მადაც გამოიკვლიეს.
Daily Express-ი ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” ფორვარდი აქტიურად განიხილავს “ნისლიან ალბიონზე” დაბრუნების შესაძლებლობას. “სამეფო კლუბიდან” პორტუგალიელის წასვლის ერთ-ერთ მთავარ მოტივად მადრიდელების სატრანსფერო პოლიტიკა სახელდება. რონალდუ გუნდიდან ანხელ დი მარიასა და ხაბი ალონსოს გაშვებამ დააფიქრა. თუმცა, თავად კრიშტიანუმ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
და მაინც, საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, პორტუგალიელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა “ჩელსის” და “მანჩესტერ სიტის” სურთ, ტრანსფერის ღირებულება კი 75 მილიონი ევრო იქნება.
კოლეგებს არც Daily Mail-ის ჟურნალისტი ჩამორჩა და ამტკიცებს, რომ კრიშტიანუ მზადაა ინგლისში დაბრუნდეს, თუკი ანაზღაურების სახით კვირაში 625 ათას ევროს მიიღებს (2, 5 მილიონი თვეში). “რეალში” რონალდუს ყოველკვირეული შემოსავალი 440 ათასი ევროა, ინგლისის პრემიერლიგაში კი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალშენაძენი რადამელ ფალკაოა, რომელიც ყოველკვირეულად 490 ათას ევროს იღებს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge