x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სტიმულანტები და სხვა „კლუბური ნარკოტიკები"

„ცხვირიდან სისხლდენა რომ აიცილო, სარკეზე დიდხანს ნაყავ ფხვნილს პლასტიკური ბარათით. კრისტალებს წვრილად ანამცეცებ. რაც უფრო წმინდაა ფხვნილი, მით უფრო ნაკლებად აღიზიანებს სისხლძარღვებს.
როდესაც ფხვნილს მილით იყნოსავ, თავს უკან სწევ, რომ ცხვირის ლორწოვანი გარსი ნაკლებად გააღიზიანო. როგორც კი ყელში გემოს იგრძნობ, ერთ დიდ ჭიქა „ვოდკა ტონიკს“ სვამ, რათა ატეხილი ცემინება შეიჩერო. ახალი ავადმყოფობა დაგემართა: კოკაინის ციებ-ცხელება (ნეკროზული ნესტოები, ცვირიდან სისხლდენა, ყბის უნებლიე ცახცახი). ასე ჰაერში ამაღლებული ატარებ შაბათ-კვირას"- წერს ფრედერიკ ბეგბდერი პოპულარულ რომანში „99 ფრანკი.“

კოკაინი - ნივთიერება, რომელიც მოიპოვება სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მცენარისაგან (კოკა), მიიჩნევა დღეისათვის
ცნობილ ყველაზე უფრო ძლიერ ბუნებრივ სტიმულანტად. 1865 წელს აღნიშნული ნივთიერება პირველად გამოაცალკევეს მცენარისაგან, თუმცა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა ენერგიის მომატების მიზნით ჯერ კიდევ პრეისტორიული ეპოქიდან ღეჭავდა მცენარის ფოთლებს. დამუშავებული კოკაინი არის უსუნო, თეთრი ფხვნილი და მისი მიღების ყველაზე გავრცელებულ გზას წარმოადგენს ცხვირით შეყნოსვა. უფრო ძლიერი ეფექტისათვის შეიძლება კოკაინის მოწევა ან ინტრავენური გზით მიღება.

წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ კოკაინი იწვევს მხოლოდ მცირე პრობლემებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა შეინიშნება ინტოქსიკაცია ან დროებითი ფსიქოზი. თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე
ზიგმუნდ ფროიდი საუბრობდა კოკაინის ფსიქოთერაპიულ მნიშვნელობაზეც. მკვლევარებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს კოკაინის თანმდევი უარყოფითი ეფექტების სათანადო შესწავლა, რაც საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდა ნარკოტიკების პოპულარობა და თვალსაჩინო გახდა პრობლემებიც.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 მილიონ ადამიანს ერთხელ მაინც გაუსინჯავს კოკაინი, ხოლო 2, 4 მილიონი ადამიანი რეგულარულად მოიხმარს მას. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას წარმოადგენენ თინეიჯერები და ადრეული მოზრდილობის
(20-დან 40 წლამდე) ხანაში მყოფი ადამიანები.


კოკაინი, სხვა სტიმულანტების მსგავსად, ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას, სისხლის წნევასა და გულის ცემის სიხშირეს. თუმცა, მისი ყველაზე უფრო გამოკვეთილი მახასიათებელი არის ეიფორიის,
კარგად ყოფნისა და თვითდარწმუნებულობის განცდა. კოკაინის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში სიამოვნების განცდა თითქმის უტოლდება ორგაზმის დროს მიღებულ სიამოვნებას (იგივე შეიძლება ითქვას ჰეროინზეც, რომელიც მიეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფს). სხვა სიმპტომებია: აგზნებულობა,
ენერგიის მოზღვავება, ბევრი საუბარი, პულსაციის გახშირება, ხშირი და ღრმა სუნთქვა.

აღნიშნულ ეფექტებს იწვევს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების - დოპამინის, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის აქტივობის გაზრდა .

კოკაინის გადაჭარბებული დოზა იწვევს ინტოქსიკაციას, რომელიც გამოიხატება კოორდინირებული მოძრაობის დარღვევაში, ასევე შეინიშნება სიბრაზე, აგრესია, კომპულსიური ქცევა, შფოთვა და დაბნეულობა. ზოგიერთ
შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ჰალუცინაციებიც. თანდათანობით სტიმულირებული მდგომარეობა გადადის დეპრესიულ სიმპტომებში, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი. ეს ეფექტები როგორც
წესი ქრება 24 საათის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს, გადაიზარდოს ღრმა ძილში ან კომაში.

კოკაინის რეგულარული მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, რაც უარყოფითად აისახება პიროვნების ფუნქციონირებაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და კარიერაზე. რეგულარული მოხმარება ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ხანმოკლე მეხსიერებასა და ყურადღებაზე. ნივთიერება იწყებს დომინირებას პიროვნების ცხოვრებაზე, სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო ხდება უფრო და უფრო დიდი დოზის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვლინდება დეპრესიული სიმპტომები, გადაღლილობის შეგრძნება, ძილის
დარღვევები, იზრდება შფოთვისა და გაღიზიანებულობის დონე.

წარსულში კოკაინის მოხმარებას ხელს უშლიდა მაღალი ფასი, მაგრამ 1984 წლიდან გაიზარდა კოკაინის ახალი, შედარებით იაფი, მაგრამ უფრო ძლიერმოქმედი ფორმების მისაწვდომობა. შესაბამისად, გაიზარდა
კოკაინის მომხმარებელთა რიცხვიც.

ამფეტამინები ასევე მიეკუთვნება სტიმულანტების ჯგუფს, რომლებიც ხელოვნური გზით მიიღება ლაბორატორიაში. ყველაზე გავრცელებული ფორმებია ამფეტამინი და მეტამფეტამინი.

აღნიშნული სახის ნარკოტიკები პირველად დამზადდა 1930 წელს და გამოიყენებოდა ასთმის სამკურნალოდ, მაგრამ მალე გადაიქცა წონის დასაკლებ პოპულარულ საშუალებად. ამფეტამინებს ენერგიის მოსამატებლად
მოიხმარდნენ ათლეტები, ჯარისკაცები. ასევე პილოტები, რათა შეენარჩუნებინათ სიფხზლის მდგომარეობა. სტუდენტები, რომლებიც ღამის განმავლობაში ემზადებოდნენ გამოცდებისათვის. თანამედროვე მეცნიერებაში ცნობილია, რომ ამფეტამინების ამგვარ მოხმარებას თან ახლავს
მნიშვნელოვანი საფრთხე.

ამფეტამინები ძირითადად მზადდება კაფსულის სახით, თუმცა უფრო სწრაფი და მკვეთრი ეფექტისათვის შეიძლება მისი ინტრავენური გზით მიღებაც. კოკაინის მსგავსად, ამფეტამინები ზრდის ცენტრალური ნერვული
სისტემის აქტივობასა და აგზნების ზოგად დონეს, თუმცა გადაჭარბებული დოზის მიღება იწვევს ინტოქსიკაციას და ფსიქოზურ სიმპტომებს.

ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა ამფეტამინების ერთ-ერთი სახის, მეტამფეტამინის პოპულარობა. მეტამფეტამინი ძირითადად კრისტალური ფორმისაა და მისი მიღების ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს
მოწევა. მეტამფეტამინის კრისტალებს 1960 წლიდან ამზადებენ საიდუმლო ლაბორატორიებში. 1989 წლიდან მედიამ აქტიურად დაიწყო მეტამფეტამინის კრისტალების მოწევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე საუბარი, თუმცა 2008 წლის შედეგების მიხედვით, მხოლოდ ამერიკის
შეერთებულ შტატებში 15 მილიონი ადამიანი მოიხმარს აღნიშნულ ნივთიერებას. ნარკოტიკი განსაკუთრებულად პოპულარულია მოტოციკლისტთა ჯგუფებში (ე.წ „ბაიკერებში“) და ჰომოსექსუალებში, ხოლო ბოლო წლებში ხშირად მოიხსეინება, როგორც „კლუბური ნარკოტიკი“ - იგი ხშირად გამოიყენება ღამის კლუბებში. მეტამფეტამინი აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას და იწვევს თავისუფლების განცდას. მისი მოქმედების ხანგრძლივობა დაახლოებით 6 საათია.

„კლუბურ“ ნარკოტიკებს მიეკუთვნება MDMA, იგივე ექსტაზი. მას
ასევე მოიხსენიებენ, როგორც “სიყვარულის ნარკოტიკს“.


ექსტაზი მზადდება ლაბორატორიული გზით, ტექნიკურად იგი სტიმულანტია და გავს ამფეტამინებს, თუმცა ჰალუცინოგენური ეფექტის გამო იგი ერთიანდება ჰალუცინოგენების ჯგუგფში. ექსტაზი პირველად დამზადდა
1910 წელს, თუმცა მხოლოდ ბოლო ათწლეულებში გავრცელდა ფართოდ.

როგორც სტიმულანტი და ჰალუცინოგენი, ექსტაზი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, თან ახლავს ეიფორია, კარგად ყოფნის, თავისუფლების განცდა და კლუბური ცხოვრების მოყვარულებს ეხმარება იყვნენ ენერგიულები
მთელი ღამის განმავლობაში. 1985 წელს ფედერალურმა მთავრობამ აკრძალა ექსტაზის მოხმარება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

LSD (lysergic acid diethylamide) ასევე მიეკუთვნება ჰალუცინოგენებს და ითვლება ყველაზე უფრო ცნობილ და ძლიერ ჰალუცინოგენად.

LSD პირველად დამზადდა 1938 წელს, შვეიცარიელი ქიმიკოსის, ალბერტ ჰოფმანის მიერ. 60-იან წლებში, ახალგაზრდები LSD-ს გამოცდილების მიღების მიზნით იღებდნენ. გადაყლაპვიდან ორი საათის განმავლობაში LSD იწვევს ჰალუცინოზს - ვიზუალური პერცეფციების გაძლიერებას, რომელსაც თან ახლავს ფსიქოლოგიური ცვლილებები და სხვა ფიზიკური სიმპტომები. ძლიერდება ფერების განცდა, მოსალოდნელია ფერების „გრძნობა“ ან „მოსმენა“.ობიექტები იწყებენ მოძრაობას, იცვლიან ფორმას. LSD-ს მოქმედების დროს შესაძლოა პიროვნება ხედავდეს ისეთ ადამიანებსა და ობიექტებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს. ვლინდება სმენითი ჰალუცინაციებიც.

LSD ასევე იწვევს ძლიერ ემოციებს, იცვლება დროის აღქმა (თითქოს დრო გადის ნელა), შესაძლოა მოხდეს დიდი ხნის წინ დავიწყებული ფიქრებისა და გრძნობების განახლება.

ამგვარად, თანამედროვე მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მწვავე სოციალურ პრობლემას წარმოადგენს ყოველდღიურად იზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ამიტომაც მნიშვნელოვანია
გავაანალიზოთ, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური შედეგები სდევს თან იმ ხანმოკლე სიამოვნებას, რასაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება იწვევს.





გამოყენებული ლიტერატურა:


Comer, R. “Abnormal Psychology“, The eighth edition.

0
2006
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ნეკაშვილი
თამთა ნეკაშვილი
2006
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0