ვინ ვის ნიშნავს და ათავისუფლებს ფოთის მერიაში - ორ დღეში ორჯერ შეცვლილი გადაწყვეტილება
მას შემდეგ, რაც ფოთის აწ უკვე ყოფილმა მერმა დავით სარსანიამ თანამდებობა დატოვა, ფოთის მერიაში ვერა და ვერ დაადგინეს, ვინ ვისი და რისი მოვალეობის შემსრულებელია. ამ თემამ უკვე სხვა უფრო მნიშვნელოვანი და ქალაქისთვის სასიცოცხლო საკითხებიც კი გადაფარა. სარკაზმის გარეშე შეუძლებელია შეფასდეს სასამართლოს მიერ ორ დღეში ორჯერ შეცვლილი გადაწყვეტილება. საქმე ძალიან მარტივადაა და საგანგებოდ მოქსოვილ აბლაბუდაში გახვეული საჯარო მოხელეებისთვის და არა მარტო მათთვის, ამ ქსელის მქსოველთა ვინაობაც ნათელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მანამდე კი სკამის დროებით “გამთბობთა” ვინაობა ყოველდღიურად იცვლება, ვინ ვისთვის მუშაობს და რის მიღწევას ცდილობენ ამით, აშკარაა. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 14 მარტს კოალიცია “ქართული ოცნების” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის სხდომა იგეგმება, სადაც უნდა აირჩიონ ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე. სავარაუდოდ, ამ ადგილს ფოთის მაჟორიტარის ბიუროს ყოფილი უფროსი ზურაბ ჩაჩუა დაიკავებს, ხოლო ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ფოთის მერობაზე იყრის კენჭს. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ გზით შეეცდებიან მოიყვანონ საკრებულოში პარტიული სიით ნომერ პირველი - ზურაბ ჩაჩუა. მანამდე კი მოგიყვებით, როგორ იცვლება ორ დღეში ორჯერ ფოთის მერიასა და საკრებულოში მიღებული გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების უკანონოდ ცნობა და შემდეგ კვლავ კანონიერად აღიარება. ამა წლის 3 მარტს, ფოთის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო თვითმმართველობის გადაწყვეტილება –ირაკლი კაკულიას ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ და მას უფლებამოსილება შეუჩერა. 5 მარტს კი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამ, რომ ორივე გასაჩივრებული აქტი, (იგულისხმება დავით ბაბილუას მიერ გაცემული ბრძანება ვასილ თოდუას ვიცე მერის მოვალეობის შესრულებიდან გადაყენების და ვასილ თოდუას ბრძანება #60 ირაკლი კაკულიას ვიცე მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე), აღსრულებულია, რაც სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. მისთვის ეს ახალ გარემოებას წარმოადგენდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს 2014 წლის 3 მარტის განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმება მოსთხოვა. ახლად აღმოჩენილი გარემოებების ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს სსკ-ის 423-ე მუხლში. სასამართლოს ეცნობა, იმ გარემოებათა შესახებ, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, გამოიწვევდა მოპასუხე მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების გამოტანას. სარჩელზე დართულ მასალებში მოიპოვება თვითმმართველი ქ.ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ თოდუას 2014 წლის 21 თებერვლის #60 ბრძანება “დროებით არ მყოფი მოხელის თანამდებობაზე თვითმმართველი ქ.ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი კაკულიას დანიშვნის შესახებ”. ეს ბრძანება გაეგზავნა კაკულიას, ხოლო როდის ჩაბარდა, გაურკვეველია. 5 მარტის შუამდგომლობაზე დართული ცნობით (#1-07/661) ცნობილი ხდება, რომ მერის მოადგილის მოვალეობის შესრულებას ირაკლი კაკულია მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შეუდგა. ვასილ თოდუას შუამდგომლობის საფუძველზე დადგინდა, რომ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 21 თებერვლის ბრძანება #60 აღსრულებულია და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ირაკლი კაკულიას კანონიერ უფლებას. ზემოხსენებული ბრძანება დავის საგნიდან გამომდინარე უშუალო კავშირშია გასაჩივრებულ მეორე ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტთან- საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბაბილუას 2014 წლის 18 თებერვლის #82 ბრძანებასთან ვასილ თოდუას მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ორივე ბრძანების განხილვა უნდა მოხდეს ერთდროულად, მოქმედების შეჩერების გარეშე. საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ თვითმმართველი ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 მარტის განჩინების მე-3 ქვეპუნქტი.
ამჟამად ფოთის მერის მოვალეობას ისევ ვასილ თოდუა ასრულებს. მისი თქმით, აქ აღწერილ პროცედურებში არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ ყოფილა და მან სასამართლოს იმიტომ მიმართა შუამდგომლობით, რომ თავად არ სურს ორი ხელფასის აღება. როგორც ცნობილია, კაკულიასთვის საგანგებოდ მეოთხე ვიცე მერის შტატის დამატების იდეა საკრებულომ არ მოიწონა და სხვა გზით ვერანაირად ვერ ხერხდებოდა კაკულიას შეყვანა მერიაში. აშკარაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ ამიტომ გადააყენა ვასილ თოდუა მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და ეს ადგილი დაიკავა კაკულიამ. როგორც თოდუამ გვითხრა: ”არ მინდოდა ორი ხელფასი და ამიტომ გავთავისუფლდი მოადგილეობიდან და ვასრულებ მერის მოვალეობას. დღეისათვის მაქვს ერთი ფუნქცია, ვარ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო მოადგილის მოვალეობის შესასრულებლად დაინიშნა სხვა პირი. რას ხედავს ვინმე ამაში განსაკუთრებულს? ბიუჯეტს ამით ზარალი არ მიადგა, დამატებით გასათვალისწინებელი არაფერი იყო. შესაბამისად, იმ ფუნქციას, რომელსაც მე ვითავსებდი, ასრულებს ირაკლი კაკულია”.
ამ საკითხით სხვა თემების საგანგებოდ მიჩქმალვის მცდელობაზე საუბრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაგდა მენაბდე: “ ახალმა ხელისუფლებამ მთელი ფოთი დაიყვანა იმ თემამდე, ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი? ვის რომელი გუნდი უშლის ხელს და ასე შემდეგ. ეს კეთდება პრობლემების გადასაფარად. მაშინ, როდესაც წელიწადნახევარია ფოთში თითი არაფრისთვისაა დაკარებული. რაც დაწყებული იყო, ისიც დაუმთავრებელია. ასაჩივრებს ორივე კომპანია, რომელიც აკეთებდა ტროტუარს და სტადიონს. არ კეთდება არაფერი ბიუჯეტის შევსებისთვის. ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულ სიტუაციაში ვვარდებით. მივმართავ ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა თავმოყვარე ადამიანს არ უსმინონ იმათ, ვინ რას დაწერს სხვადასხვა მოგონილი შაბლონური გვარ-სახელებით ფეისბუქის გვერდზე. უმჯობესია მოქალაქეებს აწუხებდეთ ის, რომ ნაგავი დროულად არ არის გატანილი, მათი ჭიშკრის წინ ლამპიონი არ ანათებს, გზა ყოველდღიურად უარესდება და ორმული შეკეთება რომ უკვე აღარ შველის. ის, რომ ტროტუარი ვერ კეთდება ქალაქის მთავარ ქუჩაზე. ეს ის საკითხებია, რომელიც უშუალოდ თითოეულ მოქალაქეს ეხება. ხალხი დააჩლუნგეს ბესელია-სარსანია-კაკულიას თემით. დროა, მოქალაქეობრივი თავმოყვარეობის საკითხი დადგეს სიმაღლეზე, გავიხედოთ გარეთ, ფოთი უკვე აღარ არის ქალაქი”.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - 15 ივნისი. ამ დრომდე მხოლოდ სამი თვე რჩება და ვინ იცის, მანამდე კიდევ ვის რამდენჯერ და სად “გადააყენებენ” ფოთის მერიაში?!