x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ტორონტოს პოლიციამ მარიამ მახნიაშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები აღმოაჩინა
ტორონტოს პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მაგისტრალი ისევ გადაკეტა. მარიამ მახნიაშვილის, 17 წლის ქართველი გოგონას, იდუმალი გაუჩინარებისა და გარდაცვალების შემთხვევის გამოძიება გაგრძელდა.

პარასკევს გამომძიებლებმა, იანგის ქუჩასთან, 401-ე მაგისტრალის შესასვლელი გადაკეტეს, ის ტერიტორია, სადაც გოგონას ცხედარი იქნა ნაპოვნი. გზა ერთ საათზე მეტი ხნით იყო გადაკეტილი, თუმცა პოლიციას არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად თუ რისთვის იყვნენ ისინი იქ მისულნი.

„ჩვენი ოფიცრები ჩხრეკენ იმ ტერიტორიას, სადაც ცხედარი იქნა ნაპოვნი" - განაცხადა პოლიციის უფროსმა წარმომადგენელმა, ვენდი დრუმონდმა. სხვა დეტალებს განახლებულ ძიებასთან დაკავშირებით პოლიცია ჯერ არ ავრცელებს.

მახნიაშვილი 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა, მის გაუჩინარებას მაშტაბური გამოძიება მოჰყვა, თუმცა გოგონას ცხედარი სამი წლის შემდეგ, გასულ თვეს აღმოაჩინეს, ჩრდილოეთ ტორონტოში, ერთ-ერთ ესტაკადასთან. ცხედრის პოვნის ადგილი ესტაკადიდან გადმოვარდის ვერსიას ბადებდა.


პოლიციას ღიად არ განუცხადებია, რომ გარდაცვალების მიზეზად სუიციდი მიაჩნიათ, თუმცა მკვლელობის დამადასტურებელი ნიშნებიც ჯერ ვერსად აღმოჩნდა. ამიტომ სავარაუდო მიზეზად ჯერ-ჯერობით თვითმკვლელობა დასახელდა. უცხოეთის პრესა იმ კითხვებზე საუბრობს, რომელიც უპასუხოდ დარჩა მარიამის ბევრი ნათესავისა თუ ახლობლისათვის. მაგალითად, კანადური გამოცემა „The Globe and Mail" სვამს კითხვებს: არსებობს თუ არა მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ ეს სუიციდის შემთხვევა იყო? რატომ არ იქნა მარიამის გვამი აქამდე ნაპოვნი? როგორ ან საიდან აღმოჩნდა ის იქ? და ა.შ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას, რათა ვიპოვოთ რაიმე, რაც დაგვეხმარება იმის გარკვევაში თუ რა მოხდა სინამდვილეში" - განაცხადა გრეგ მკლაინმა, ინსპექტორმა მკვლელობების განყოფილებიდან, რომელიც დახმარებას უწევდა გამოძიებას. „ახლა ჩვენ ვიცით სად იმყოფებოდა იგი. შესაძლოა ვინმემ რამე დაინახა... არის უამრავი საგამოძიებო გზა, რომელთა გამოყენებასაც ჩვენ ვაპირებთ იმის უკეთ გასაგებად თუ რა მოხდა აქ."

თავდაპირველად, გამოძიებას გზატკეცილზე არსებული კამერების გამოყენება სურდა, რომლებსაც შეეძლოთ გოგონას ბოლო რამდენიმე წუთის დაფიქსირება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან ახლოს მდებარე კამერა მართლაც არსებობდა, ჩაწერილი ვიდეომასალა ინახებოდა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ახალი ჩანაწერის გადაწერა ხდებოდა ძველზე - განაცხადა ტრანსპორტის სამინისტროს სპიკერმა.

თავდაპირველად, პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ აქ არ იყო სუიციდის რაიმე ნიშანი. შემდგომ ოფიცრები აცხადებდნენ, რომ მიზეზებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ეს შესაძლოა გოგონას დეპრესია ყოფილიყო, რომელიც ახალ ქალაქთან, ქვეყანასთან და სკოლასთან შეგუებას გამოეწვია. იგი კანადაში ჩასვლიდან ერთი თვის შემდეგ გაუჩინარდა, ამ დღეს მარიამი ახალ სკოლაში მეხუთედ მივიდა.

მარიამის მეგობარმა - აბჟანდაძემ განაცხადა, რომ მარიამ ბედნიერი იყო კანადაში გამგზავრებით და იმით, რომ ის ისევ ოჯახს შეუერთდებოდა. „მას უნდოდა იქ წასვლა" - განაცხადა აბჟანდაძემ, რომელიც თავის მეგობარს ელექტრონული ფოსტით ეკონტაქტებოდა - „ის არ იყო დეპრესიაში. იგი იყო ძალიან ოპტიმისტი გოგო და სურდა კარგი განათლების მიღება, რათა პროფესიონალი გამოხდარიყო".

სკოლიდან იმ ადგილამდე, სადაც ცხედარი იქნა ნაპოვნი, დაახლოებით ერთი საათისა და 20 წუთის სავალი გზაა.

პოლიციამ მარიამის გაუჩინარების შემდეგ ესტაკადის ჩრდილოეთით მდებარე ეარლ ბეილის პარკიც გაჩხრიკა. ამ პარკში მარიამი ოჯახთან ერთად პიკნიკზე იყო ნამყოფი.

მახნიაშვილის, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციის მოძებნის მცდელობით, პოლიციის ოფიცრებმა დაახლოებით 6000 სახლი დაიარეს კარდაკარ. მაგრამ ისინი ორიენტირებულნი იყვნენ იმ მიდამოებზე, რომელიც გოგონასთვის და მისი ოჯახისათვის იყო ნაცნობი, ამიტომ მათი ძებნა არ გავრცელდა ესტაკადის მიდამოებზე. დეტექტივ სერჟანტ დენ ნეალონის განცხადებით: „ოფიცრებს გაჩხრეკილი ჰქონდათ ესტაკადასთან ახლოს მდებარე ხევები და ისინი სულ ახლოს იყვნენ იმ ადგილიდან, სადაც ცხედარი იქნა ნაპოვნი ორი შემთხვევითი გამვლელის მიერ."

დეტექტივმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ მისი გარდაცვალების ზუსტი დღეც არ იცის. ამგვარად, ამ შემთხვევის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის ჩათვლით, ჯერაც ბუნდოვანია.

მარიამ მახნიაშვილს 24 მარტს დაკრძალავენ. ამ დღეს გოგონას მამას დაკრძალვაზე დასასწრებად გამოუშვებენ."

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0